Iverioni
«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
ოქტომბერი 2019 (2)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
26-04-2015, 13:24
ნანახია: 1484

გიორგი ტიგინაშვილი: „დღესაც სავსეა ჯვარმცმელი „ღვთისმადიდებლების“ ბრბოთი ეს ქვეყანა“!

ახალგაზრდა თეოლოგი და მწერალი გიორგი ტიგინაშვილი „ივერიონის“ მკითხველს თანმედროვე მართლმადიდებელ ქრისტიანთა სულიერ მდგომარეობაზე და ზოგად ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე საკუთარ მოსაზრებებს სთავაზობს:

 

„გულდაწყვეტით მინდა აღვნიშნო, რომ რაც დრო გადის საქართველოს სამოციქულო ავტეკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიაში ძალუმად მკვიდრდება და ძლიერდება აბსოლუტურად არაორთოდოქსული განწყობები, ერესები, ღვთივდადგენილი ინსტიტუტისათვის სრულიად უცხო და არასულიერი სწავლებები, ინკვიზიციური და ექსტრემისტულ–ფუნდამენტალისტური შეხედულებები, თვითკმარი ფანატიზმი და ათეიზმამდე დასული ფსევდოლიბერალიზმი. 

 

სახეზეა "ხალხური ღვთისმეტყველება", წარმართობა, ეთნო–ნაციონალისტური, ფილეტისტური, შოვინისტური, ქსენოფობიური და იდეოლოგიზირებული რწმენა, რომელიც მხოლოდ გარეგნულ ფორმაში, რიტუალურად აისახება როგორც "ჭეშმარიტების დიდება" და დაცლილია შინაგანი არსის წვდომისა და გააზრებისაგან. 

 

სამწუხაროდ ცოტას თუ სწადია ცოცხალი და პიროვნული ღმერთის ძიება, საკუთარ ეგოზე მაღლა დგომა, სხვისი ინდივიდუალური გამოცდილების პატივისცემა და გაზიარება, სიყვარულში ზეაღსვლა და დიდსულოვნება. 

 

სამაგიეროდ ხშირად ვხვდებით მოწყენილ და მკაცრ სახიან "მორწმუნეებს", (ხანაც მოქირქილე და ცინიკოს ლიბერტარიანელებს) სიხალასის ნაცვლად სიმძიმეს, რომ დაატარებენ გულით (ესეც არასწორი თვითშეფასებიდან მომდინარე სნეულებაა) და ნაცვლად ნუგეშისა და სიხარულის მონიჭებისა, თავიანთი დამახინჯებული ფანტაზიით გამოძერწილი "ქრისტეთი" რომ დაგაშინებენ და მხოლოდ საფრთხეებზე, აღსასრულსა და დასჯაზე რომ შთაგაგონებენ დღენიადაგ. ეს ყოველივე კი შიზოფრენიისა და ხიბლში განხურვებული ამპარტავნების ისტერიული გამოვლინებაა, რომელსაც ურჩევნია რომ ღმერთი იყოს დესპოტურად მბრალდებელი, ვიდრე მოწყალე და თუ გაწბილდებიან და დაინახავენ, რომ ქრისტე სინამდვილეში ჭეშმარიტად კაცთმოყვარე და მიმტევებელია, გულიც კი დასწყდებათ ამაზე და იმედგაცრუებულნი უმალ დაგმობენ მის საქციელს (ზოგი, ნებით თუ უნებლიედ რომელიმე წმ. მამის გამონათქვამითაც კი კონტექსტიდან ამოგლეჯილად, საკუთარი ინტერპრეტაციით "ამხელს" თვით მაცხოვარსაც) და გმობაში ჩავარდებიან. ესეც იმის ბრალია, რომ ფსალმუნსაც უგულისყუროდ, სიღრმისეული დაკვირვების გარეშე კითხულობენ, არადა "შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე, არა სრულიად განრისხნეს, არცა უკუნისამდე ძვირი იხსენოს, არა ცოდვათა ჩვენთაებრ გვიყოს ჩვენ, არცა უსჯულოებათა ჩვენთაებრ მოგვაგოს ჩვენ" – ამბობს დავით მეფსალმუნე. 

 

ალბათ, როგორ არ სიამოვნებთ ძე ღვთისას სიტყვები: "წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი", როგორ არ აინტერესებთ იგავები: "მოწყალე სამარიტელზე", "უძღებ შვილზე", "მეთერთმეტე ჟამის მუშაკზე". ასევე, მემრუშე დედაკაცისადმი გამოჩენილი ყურადღება და პატიება, სასუფეველში უპირველესად მონანული ავაზაკის შეყვანის აქტი და ა.შ. 

 

ასეთ ნომინალურ, ვაიმორწმუნეებს ყველაზე უფრო დიდი ზიანის მოტანა შეუძლიათ ეკლესიისათვის. დაკომპლექსებულ, დაშტამპული კლიშეებით მოაზროვნე კასტაზე საშიში არავინაა თვით ღმერთისთვისაც კი. განა გარეგნული წესებისა და კანონების მიმდევარმა ფარისევლებმა და პრინციპულად შეუვალმა სადუკევლებმა არ გაასამართლეს მაცხოვარი?! დღესაც სავსეა ჯვარმცმელი "ღვთისმადიდებლების" ბრბოთი ეს ქვეყანა. 

 

მუცლად მოწყვეტილ ჩვილ ბავშვებს, ბიომეტრიულ პასპორტებსა და შტრიხ კოდებს კი არა, სიცოცხლის საზრისსა და საკუთარ დაცემულობას უნდა ჩავუღრმავდეთ და მერე გაგვეხსნება ჭვრეტისა და წვდომის უნარიც. უკუღმა კი ნუ ვიწყებთ შემეცნებას. 

 

ვიდრე მრევლი არ გათავისუფლდება პროვინციული კლერიკალიზმისა და მონური სულისკვეთებისაგან, ის ვერასოდეს გაიცნობს იესო ქრისტეს მისიას, მის მოწოდებას, მოხმობასა და ცხონების შინაარსს.

 

პ.ს. ახლა უსუსურ ბრალდებებსა და ცილისწამებებს არ ვართ, შემდეგი სახის მიზანტროფიული შეძახილები, როგორებიცაა: მოდერნისტი, ნოვატორი და ჰუმანისტი – დაგიძველდათ მორწმუნენო! 

 

გიორგი ტიგინაშვილი (ივრისპირელი), მწერალი.