"საქართველოს ბანკი" და "თიბისი ბანკი" სერიოზულ სკანდალში ეხვევიან

"საქართველოს ბანკი" და "თიბისი ბანკი" სერიოზულ სკანდალში ეხვევიან

"საქართველოს ბანკი" და "თიბისი ბანკი" სერიოზულ სკანდალში ეხვევიან. ამჯერად საქმე ეხება არა  მხოლოდ უშუალოდ საბანკო სფეროს, არამედ ქვეყნის ფინანსურ და პოლიტიკურ უსაფრთხოებას.

თუ აღნიშნული ეჭვები დადასტურდა, საქმე გვექნება სერიოზულ დანაშაულთან, ამიტომ სახელმწიფო ვალდებულია ეს საკითხი გამოიძიოს და ან უარყოს ეს ფაქტი, ან დაადასტუროს და რეგირება მოახდინოს.

დღემდე ლარის გაუფასურებაში აღნიშნული ბანკების მონაწილეობის შესახებ ზოგიერთი ექსპერტი მხოლოდ კულუარულად საუბრობდა. ახლა კი ასეთ სკანდალურ ეჭვებს უკვე მაღალი თანამდებობის პოლიტიკური ფიგურა გამოთქვამს.

სფეროს სპეციალისტები - მათ შორის ყველაზე სკეპტიკოსებიც კი - ჩვენთან საუბარში კატეგორიულად ვერ გამორიცხავენ აღნიშნული ბანკების შესაძლო მონაწილეობას ლარის გაუფასურებაში, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ეს ოპერაციები კანონმდებლობით კონფიდენციალურია, ამის დასაბუთება ამ ეტაპზე შეუძლებელია.

ვიცეპრემიერ კახა კალაძის განცხადებით, კანონმდებლობის გათვალისწინებით, დეტალური ინფორმაციის მიღება სავალუტო ბაზარზე მიმდინარე პროცესების შესახებ შეუძლებელია, თუმცა ამ კონტექსტში ის ორ კონკრეტულ ბანკს ახსენებს, რასაც შემთხვევითობას ვერ მივაწერთ და სახელისუფლებო წრეებში ამ ბანკებისადმი სერიოზული ეჭვების არსებობაზე მიანიშნებს.

"რაც შეეხება ქადაგიძის უწყებას, ჩვენ არა ერთხელ გავაკეთეთ განცხადება, უბრალოდ დეტალურ ინფორმაციას ვერ ვიღებთ, კანონმდებლობით არ გვაქვს ამის საშუალება. ამასთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრმაც ისაუბრა, რომ უჭირს რაიმე დეტალებზე ისაუბროს, კონკრეტულ ამ ფაქტთან დაკავშირებით, თუნდაც ავიღოთ დიდი ბანკების ტრანზაქციები, არ ვიცით ბოლო კვირების განმავლობაში რა ტრანზაქციები განხორციელდა ,,საქართველოს ბანკის"", თუ ,,თი-ბი-სი"" ბანკის მიერ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ამ ყველაფრის ბერკეტი ნამდვილად გააჩნია. მას შეუძლია ჩაერიოს ამ კონკრეტულ პროცესში და დაეხმაროს ხელისუფლებას იმ პრობლემის მოგვარებაში, რაც დღეს არის საქართველოში," - განაცხადა კალაძემ.

 

მისივე თქმით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან, თუ ამას დავამატებთ იმას, თუ როგორ აშუქებს ყველაფერს ,,რუსთავი 2"",  მას შეუძლია ივარაუდოს,  რომ ეს არის ხელოვნური პროცესი და უკვე პოლიტიკურიც.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი,  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ ღრმად უნდა იქნას შესწავლილი კონკრეტული ბანკების გავლენის საკითხი ქვეყანაში არსებულ სავალუტო კრიზისზე.

ჟორჟოლიანის განცხადებით, მისთვის უცნობია,  რა როლს ასრულებენ კონკრტულად დასახელებული ბანკები ამ პროცესში, მაგრამ, როგორც ამბობს, ის, რომ საფინანსო სპეკულაციებს, ფინანსურ სექტორს და მათ შორის ბანკებს გარკვეული და ხშირად უარყოფითი ზეგავლენა აქვთ სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკაზე და სავალუტო პროცესზე, რაც შესაძლოა კერძო ინტერესებიდან გამომდინარეობდეს, ახალი არ არის, არც კახა კალაძის აღმოჩენაა და ამ საკითხს სერიოზული შესწავლა სჭირდება.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის თქმით კი, საფუძველი ყველა მოსაზრებას აქვს, თუმცა ვიდრე ამას არ შევისწავლით, ამის დადასტურება ან უარყოფა არ შეუძლია.

"ყველა იმუშავებს, თუ შეიქმნა კომისია და ის ყველა კითხვას გასცემს პასუხს. კომისიის შექმნის აუცილებლობა  საკომტიტეტო მოსმენებზე იქნება განხილული. საბოლოო გადაწყვეტილება კი სავარაუდოდ 22 მაისს მიიღება. ეროვნულ ბანკს აქვს მონიტორინგის ფუნქცია, თუმცა როგორ იყენებს არ  ვიცი. ამ თემითაც დაინტერესდები თუ კომისია შეიქმნა,"– განუცხადა მეჭიაურმა "კომერსანტს." 

არაერთი ექსპერტი გამოთქვამს ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ  2014 წლის ნოემბრიდან დღემდე ეროვნულმა ბანკმა სარეზერვო ფონდიდან დაახლოებით 280 მილიონი დოლარი გამოიტანა. საუბრობენ, რომ ეს რეზერვები მხოლოდ ორმა ბანკმა შეიძინა და იმის მაგივრად, რომ მიმოქცევაში გაეშვა, დაარეზერვა.

"კომერსანტი" დაინტერესდა, რამდენად აქვს საფუძველი მსგავს ეჭვებს. მით უფრო, რომ მსოფლიო პრაქტიკაში ვალუტის ხელოვნური გაუფასურების მაგალითები მოიძებნება. ერთერთი ყველაზე გახმაურებული ასეთი ფაქტი ჯორჯ სოროსს უკავშირდება. 1992 წელს ფუნტთან დაკავშირებულმა თაღლითობებმა სოროსს ერთ დღეში მოუტანა დაახლოებით მილიარდი დოლარი მოგება. რამაც გამოიწვია ლონდონის სავალუტო ბირჟის დაცემა და ინგლისური ფუნტის გაუფასურება.

1997 წელს ჯორჯ სოროსმა ტაილანდის და მალააზიის ფული გააუფასურა, რამაც ამ ქვეყნების მეურნეობის დაცემა გამოიწვია.

ამისათვის ჯორჯ სოროს "დრაკულაც" კი შეარქვეს.

ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით გარკვეული ხელოვნური ფაქტორების არსებობას ექსპერტებიც არ გამორიცხავენ, თუმცა შესაბამისი ინფორმაციის არარსებობის გამო, ისინი მხოლოდ ვარაუდების გამოთქმით შემოიფარგლებიან.

ანალიტიკოს ვაჟა კაპანაძის თქმით, ჩვენთვის უცნობია, ვინ ყიდულობს საბანკო აუქციონებზე დოლარებს და სად მიდის ეს თანხა.

"ეჭვს გამოვთქვამდი და ახლაც გამოვთქვამ, რომ ეროვნულ ბანკს მხოლოდ თვეში ერთხელ გამოჰქონდა და მხოლოდ 40 მილიონი. ეს იძლეოდა იმის ინტერპრეტაციის საშუალებას, რომ ამას ვიღაც ელოდებოდა. მე არ ვიცი რომელი კომერციული ბანკები იყო, თუმცა ამის ალაბათობა არსებობდა. ეს საკითხებია შესასწავლი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის საქმიანობაში. რატომ აკეთებდა ასე, რა გათვლებს ემყარებოდა ის, რომ ყოველი თვის შემდეგ გამოჰქონდა 40 მილიონი და არა ვთქვათ, 30 , ან 35 ან 45 მილიონი. ამავე დროს, კომერციულ ბანკებს აძლევდა რეფინანსირების სესხებს. ეს არის მის საქმიანობაში პარადოქსული ქმედებები. სავალუტო ფონდის წარმომადგენლები კლიშეებით  რომ გევლაპარაკებიან, თავი გაანებონ, სანამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ქვეყანა არ დაგვაქცია," – აცხადებს კაპანაძე.

ექსპერტ ემზარ ჯგერენაიას შეფასებით კი, საბანკო სფერო საკმაოდ სენსიტიური თემაა, საქართველოში ეს სისტემა წლების განმავლობაში შენდებოდა ნაბიჯნაბიჯ, EBღD-ის პოზიციაც ცხადყოფს, რომ ევროპის მხრიდანაც გარკვეულწილად აღიარებულია საქართველოს საბანკო სისტემის სიმყარე.

"ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია გვქონდეს გარკვეული პრეტენზიები ბანკების, განსაკუთრებით კი დიდი ბანკების მიმართ, მაგრამ ფაქტების გარეშე ლაპარაკი აბსოლუტურად მიუღებელია. მეორეც – ეროვნულმა ბანკმა წარადგინა პარლამენტში დასკვნა და პარლამენტს შეუძლია, გააკეთოს კონტრდასკვნა, რომელშიც პროფესიულ შეფასებას და ფაქტებს ჩადებს," – აღნიშნავს ექსპერტი. 

მისი თქმით, საბროკერო ვაჭრობის დროს შესაძლებელია გავიგოთ რომ მაგალითად 800 მილიონი გაიყიდა, მაგრამ ვის მიერ იქნა ნაყიდი, ეს კომერციული საიდუმლოებაა, რაც მსოფლიო სავაჭრო წესია და არა საქართველოსი. იმის გამო, რომ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს და ამას ვერავინ გადაამოწმებს, ჯგერენაიას თქმით, პოლიტიკურ ფიგურას არ აქვს უფლება აჟიოტაჟი და დესტაბილიზაცია შეიტანოს საფინანსო სფეროში.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა კალაძის განცხადებამ აჟიოტაჟი შეიტანოს საფინანსო სფეროში, ჯგერენაიას ასეთი პასუხი აქვს: "არა. იმიტომ რომ მომხმარებელი არ ენდობა არაექსპერტ ადამიანებს."

გაზეთ "ბანკები და ფინანსების" რედაქტორის ზურაბ კუკულაძის განცხადებით, მსგავსი ინფორმაცია არ შეიძლება ოფიციალური იყოს გამომდინარე იქიდან, რომ სავალუტო ბაზარი დახურულია.

"ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ იყიდა და რა რაოდენობით, უნდა იყოს ღია. როდესაც ეროვნული ბანკი ინტერვენციას აკეთებს, კომერციულ ბანკებს აქვთ ვალდებულება, რომ გარკვეული სტანდარტები დაიცვან. თუმცა ამ სტანდარტებს იცავენ თუ არა, ეს არ არის ცნობილი. რაც ყველაზე მთავარია, სავალუტო ბაზარი ღია არ არის," –ამბობს კუკულაძე.

მისი თქმით. სასწრაფოდ გასახსნელია ინფორმაცია, ვის რა მოთხოვნები ჰქონდა სავალუტო ბაზარზე. ძალიან დიდი ეჭვი არსებობს იმის, რომ ადგილი აქვს სპეკულაციებს.

 

280 მილიონთან დაკავშირებული ეჭვები ძალიან მძიმე ბრალდებებია – ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, თუმცა ამბობს, რომ ასეთ შეთქმულების თეორიებს თავად არ მიყვება.

"ნამდვილად არ მაქვს საკმარისი საფუძველი, რომ ასეთი მძიმე ბრალდებები წავუყენო ვინმეს, და არც მგონია, რომ დღევანდელ საქართველოში ასეთი ოპერაციების დაუსჯელად ჩატარება შესაძლებელია. ეს შეიძლება ძალიან მოკლე ვადით დაფარო, მაგრამ საბოლოო ჯამში არ იმალება და აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ ვინმე ასეთ მანიპულაციაზე წავიდეს. ხელისუფლების ნებართვის გარეშე ასეთი რამის გაკეთება ძალიან სახიფათოა და სრული სიგიჟეა, ვინმეს ასეთი რამ გაებედა. მე არ ვარ მაღალი აზრის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბიოგრაფიაზე, მაგრამ გასაგებია აღმასრულებელი ხელისუფლების ინტერესი – მისთვის ძალიან მომგებიანია ხელის გაშვერა ეროვნული ბანკის მმართველისკენ. არ გამოვრიცხავ, რომ გიორგი ქადაგიძის მხრიდან რაიმე შეცდომები იყო დაშვებული ამ პროცესში, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეროვნულ ბანკს აქვს მოკლევადიანი ინსტრუმენტები და ამ ინსტრუმენტების გამოყენებას აზრი არ აქვს, თუ მთავრობამ სტაბილიზაციის გრძელვადიანი ეკონომიკური საფუძველი არ შექმნა. მე ვფიქრობ, რომ დღეს პრობლემა უფრო აღმასრულებელ ხელისუფლებაში გვაქვს, ვიდრე ეროვნულ ბანკში. საერთოდ ვურჩევდი. ერთმანეთისკენ ხელის გაშვერის ნაცვლად ერთად დასხდნენ და იფიქრონ ქართულ სახელმწიფოზე," – აცხადებს ხუხაშვილი.

არგუმენტებზე იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებას არ აქვს წვდომა სავალუტო ბაზარზე მიმდინარე პროცესებზე, ექსპერტი ამბობს, რომ, შესაძლოა ხელისუფლებას მართლაც არ აქვს ყოველწუთიერი წვდომა ამ პროცესებზე და არც უნდა ჰქონდეს, თუმცა მას არასერიოზულად მიაჩნია განცხადებები იმის შესახებ, რომ, სურვილის შემთხვევაში ხელისუფლებას პრობლემები აქვს ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით. ხუხაშვილის თქმით, ძალიან ადვილია კრიტიკა "უკანა რიცხვით".

მისი თქმით, მთავრობას გააჩნია ბევრი მაკონტროლებელი მექანიზმი, საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში შეისწავლოს ეს საკითხები და გამოითხოვოს ინფორმაცია. 

"იმაში, რომ ამ პერიოდში ყველაზე აქტიურები იყვნენ თიბისი და საქართველოს ბანკი. არის ლოგიკა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ესაა ორი უმსხვილესი ბანკი და ნებისმიერ პროცესში მათი აქტივობა სხვა ბანკებთან შედარებით ჯამურად უფრო მაღალია," – ამბობს ხუხაშვილი.

რაც შეეხება ბანკების მიერ მოგების მიღებას ლარის დევალვაციის ფონზე, გია ხუხაშვილის თქმით, ეს პროცესი აზარტულ თამაშებს გავს, რომლისგანაც ვიღაც სარგებელს იღებს, ვიღაც კი ზარალდება.

"გრძელვადიან ჭრილში ბანკებს ეს ხელს არანაირად არ აძლევს. არცერთი სერიოზული ბანკი მოკლევადიან შემოსავალზე ორიენტირებული არ არის. გრძელვადიან პერსპექტივაში კი, საბოლოო ჯამში, ასეთი პროცესები ნებისმიერ საბანკო და საფინანსო დაწესებულებას აზარალებს, რაც არ უნდა "იხეიროს" ასეთი მოკლევადიანი რყევების დროს გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკური აქტივობა იკლებს, საპროცენტო განაკვეთები იზრდება და შესაბამისად, საკრედიტო აქტივობა მცირდება. საბოლოო ჯამში ფინანსური ინსტიტუტები უფრო ზარალობენ, ვიდრე "ხეირობენ"," – აცხადებს ხუხაშვილი.

"კომერსანტი" თემაზე მუშაობას არ წყვეტს და მასზე დაინტერესებული უწყებისა და მხარის პოზიციებს შემოგთავაზებთ. მათ შორის პარლამენტის წევრების, მთავრობისა და სამართალდამცველი სტრუქტურების წარმომადგენლების შეფასებებს. ჩვენ შევეცდებით გავარკვიოთ, რამდენად რეალისტურია ბანკების მოქმედების ამგვარი სქემა და შესაძლებელია თუ არა სამართალდამცველების დაინტერესება ამ საკითხით, რადგან თემა ეხება მძიმე ბრალდებებს.

ასევე – რა ბერკეტები აქვს ხელისუფლებას იმ შემთხვევისთვის, თუკი ბანკები ოპერაციების კონფიცენდიალობას იყენებენ იმისთვის, რომ ქვეყნის ფინანსურ სისტემას საფრთხე შეექმნას.

წყარო: „კომერსანტი“

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: