Iverioni
«    აგვისტო 2019    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
აგვისტო 2019 (3)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
29-05-2015, 15:34
ნანახია: 1177

„ქვეყანა, რომელიც ხიდაშელებისა და წულუკიანების დონეზე დაეცემა, ევროკავშირში კი არა, საპირფარეშოშიც არ უნდა შეუშვა!

ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ მოვლენებზე "საქართველო და მსოფლიოს" პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი ესაუბრა.

_ 21 მაისს რიგაში გამართული "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის მიმართ საქართველოში დიდი მოლოდინი არსებობდა, თუმცა საქართველომ ვიზების ლიბერალიზაციაზე თანხმობა ევროკავშირისგან ვერ მიიღო. რამ განაპირობა ეს შედეგი?

 

_ ეს არის ქვეყნის მძიმე ეკონომიკური თუ პოლიტიკური ვითარების შედეგი. ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილების შექმნა, სოციალური პირობების გაუმჯობესება, პენსიებისა და ხელფასების მომატება _ ვერც ერთი ეს დაპირება საქართველოს ვერც ძველმა და ვერც ახალმა ხელისუფლებამ ვერ შეასრულა.

 

ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლება იმაშიც კი ვერ ერკვევა, რას ნიშნავს ვიზების ლიბერალიზაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მოდლოვის მიმართ ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებას არ გააკეთებდა. თურმე მოლდოვამ ადრე დაიწყო ამ საკითხზე მუშაობა და იმიტომ მიიღო ევროპასთან უვიზო რეჟიმი. მოლდოვის მოქალაქეებმა მხოლოდ სამთვიანი ვიზის უფლება მიიღეს, დასაქმების უფლების გარეშე, ამას გარდა, წლების განმავლობაში, მოლდოვის ტერიტორიაზე რუმინეთის რამდენიმე საკონსულო იყო გახსნილი და მოლდოვის მოქალაქეების დიდ ნაწილს რუმინული პასპორტები ჰქონდა, რუმინეთი კი, მოგეხსენებათ, ევროკავშირის წევრია და ყველა ამ ფაქტორმა გარკვეული როლი ითამაშა.

 

"მნიშვნელოვანია" კიდევ ერთი რამ: კიშინიოვში უკვე ორჯერ ჩატარდა გეი-აღლუმი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისევე როგორც ევროპის, მოლდოვის მოსახლეობის დიდი ნაწილი ჰომოსექსუალებისადმი ლოიალურად არის განწყობილი.

 

_ ფიქრობთ, ეს საკითხი ერთ-ერთი მიზეზია, რომლის გამოც ვიზებზე უარი გვითხრეს?

 

_ რა თქმა უნდა, ეს სერიოზული მიზეზია. რამდენიმე დღის წინათ ირლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და მოსახლეობის 62%-მა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას დაუჭირა მხარი. როდესაც ლუქსემბურგის მამაკაცი პრემიერმინისტრი თხოვდება და ამბობს, რომ მყარ ოჯახს შექმნის, ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპა იქით მიექანება, საითაც, მიმაჩნია, საქართველოს მომავალი არ აქვს. ჩვენ სხვა გზით უნდა ვიაროთ.

 

რაც შეეხება საქართველოსა და უკრაინას, ორივე ქვეყანაში კორუფცია მძვინვარებს (ნუ გვგონია, რომ საქართველოში კორუფცია აღარ არის), დიდძალი თანხა იხარჯება სახელმწიფო ბიუროკრატიული აპარატების შესანახად. 17 მილიონი ლარი დაიხარჯა საქართველოს ბიუჯეტიდან რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის წარმომადგენლების გამასპინძლებაში. ნოდარ ხადურმა 60 ახალი "ტოიოტაც" კი შეიძინა ამ ღონისძიებისთვის. როგორ მისცემდა ევროკავშირი საქართველოს ვიზების ლიბერალიზაციას, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუნდაც ამ ერთი ფაქტის გამო?! ასეთი საქციელი ევროპელებისთვის მიუღებელია.

 

 მართალია, ევროპელი კიდეც შეჭამს და კიდეც მოილხენს, მაგრამ, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლებს ნებისმიერი საკითხისადმი ასეთი ქარაფშუტული დამოკიდებულება აქვთ, შესაბამის დასკვნებსაც გამოიტანს, როგორი მენტალიტეტის ქვეყანასთან აქვს საქმე.

 

_ როგორც ცნობილია, წელს 26 მაისის აღლუმისთვისაც დაახლოებით 2 მილიონი ლარი დაიხარჯა და მასში ქართველებთან ერთად ამერიკელი სამხედროებიც მონაწილეობდნენ. როგორ ფიქრობთ, ასეთი ღონისძებებისთვის თანხა არ უნდა იხარჯებოდეს?

 

_ ამერიკელები ისედაც აქ არ არიან ამ ერთობლივი წვრთნების ფარგლებში და მიიყვანდნენ ამ აღლუმზე, აბა, რას იზამდნენ. ქვეყანა, რომელიც ხიდაშელებისა და წულუკიანების დონეზე დაეცემა, ევროკავშირში კი არა, ტუალეტში არ უნდა შეუშვა!

 

_ გამოქვეყნდა აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტის დეკლარაციის საბოლოო ვარიანტი, რომელშიც საქართველოსა და უკრაინის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ ჩანაწერი, მართალია, არ არის, მაგრამ აღნიშნულია ამ ქვეყნების სწრაფვა და ძალისხმევა ევროპისკენ; ნათქვამია, რომ ისინი მოუთმენლად ელოდებიან ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ეტაპის დასრულებას, "როდესაც მოთხოვნილი რეფორმის ყველა პუნქტი შესრულდება". რა მოთხოვნები უნდა შეასრულოს საქართველომ, ევროპის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ნებართვა რომ მიღოს?

 

_ საქართველომ უნდა შეასრულოს ის მითითებები, რომლებსაც ევროკავშირი ითხოვს. უპირველეს ყოვლისა კი, საქართველოს ეკონომიკა ისეთ დონეზე მაინც უნდა იყოს, რომ მოსახლეობას ევროკავშირის ქვეყნებში სამუდამოდ გაქცევა არ მოუწიოს.

 

მაგალითად, ჩეხეთში უკრაინელებს ხუთას ევროს აძლევდნენ და ბილეთსაც უღებდნენ, ოღონდ ქვეყნიდან მოეშორებინათ და წარმოიდგინეთ, როდესაც უკრაინელების მიმართ ასეთი განწყობაა, ჩვენ რას უნდა ველოდოთ? ანალოგიური დამოკიდებულება აქვთ ქართველების მიმართაც. გვითხრეს, რომ კარგები ხართ, კარგად იმუშავეთ, მაგრამ გასაკეთებელი ბევრი გაქვთ და წლის ბოლოს ამ საკითხზე კიდევ ვიმსჯელებთო.

 

საერთოდ კი, მიმაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა, მიიღოს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, ქვეყნის ღალატია. საქართველოს მთავრობა იმაზე კი არ უნდა ფიქრობდეს, მოსახლეობა ქვეყნიდან გარეკოს და ისედაც დაცარიელებული ქვეყანა უარესად დაცარიელდეს, როგორც ეს ბალტიის ქვეყნებში მოხდა, არამედ საქართველოში ნორმალური სამუშაო პირობების შექმნას უნდა ცდილობდეს.

 

_ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებით, საქართველო უვიზო რეჟიმისთვის ჯერჯერობით მზად არ არის. ევროკომისია პროგრესის შედეგების შეფასებას წლის ბოლომდე გეგმავს. როგორ ფიქრობთ, ამ პერიოდისთვის მზად იქნება ქვეყანა თუ ეს გარკვეული სიგნალია, რომ არც ნატოში და არც ევროკავშირში მიღების პერსპექტივა არ გვაქვს?

 

_ საქართველო ნატოსა და ევროკავშირის წევრი რომ ვერ გახდება, ლამის ათი წელიწადია, ვამბობ და არც ვიზების ლიბერალიზაციას მოგვცემენ. ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, რომელიც "ვარსკვალებს წყვეტდა" თავისი სისულელეებით, როცა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი მოაწერეს, ბრძანა, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი, ეს ხელშეკრულებაში წერიაო, რაც წარმოუდგენელი უაზრობაა. რიგის სამიტამდე ცოტა ხნით ადრე გამოვიდა ევროპის საბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკი და განაცხადა, აღმოსავლეთის პარტნიორობა ევროკავშირის წევრობის პერსპექტივას არ ითვალისწინებს და ვინ გითხრათ, რომ ასოცირებული წევრობა ევროკავშირში შემოსვლის გარანტიააო. იგივე გაიმეორა მერკელმაც, მაგრამ ამ ხელისუფლებას რაც მოელანდება, თავს ახვევს მთელ ქვეყანას და ამ ხალხმაც აღარ იცის, ვის დაუჯეროს.

 

არანაირი ცვლილება წლის ბოლომდე არ იქნება, რადგან საქართველო ვერ შეასრულებს ყველა პუნქტს, რომლებიც ევროკავშირის დოკუმენტშია მითითებული.

 

რაც შეეხება აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტს, ვფიქრობ, შესაძლებელია, მომავალში ის საერთოდ აღარ გაიმართოს, ვინაიდან იმ ექვსი კანდიდატი ქვეყნიდან, ასე თუ ისე, პროდასავლური მხოლოდ სამი აღმოჩნდა. სომხეთმა უარი განაცხადა, ბელარუსი და სომხეთი ევრაზიული კავშირის წევრები არიან, ხოლო აზერბაიჯანს სულაც არ ადარდებს აღმოსავლეთის პარტნიორობა, ალიევი რიგაშიც კი არ ჩავიდა.

 

_ ლატვიის წარმომადგენელმა აღმოსავლეთ სამიტის მონაწილე ექვსი ქვეყნის წარმომადგენლებს ხის სასტვენები დაურიგა, რამაც გააოცა და გაამხიარულა სამიტის მონაწილეები...

 

_ ეს სისულელეები ადასტურებს, რომ ბალტიის ქვეყნებს სერიოზული პრობლემები აქვთ. მხოლოდ ის რად ღირს, რომ დამოუკიდებლობის მიღებისას ბალტიის მოსახლეობა 8 მილიონზე მეტი იყო, დღეს კი ექვსი მილიონია. სად გაქრა ეს ხალხი? უვიზო მიმოსვლის შედეგად, ევროკავშირში შესვლის შემდეგ, მოსახლეობის დიდი ნაწილი ქვეყნიდან წავიდა. ბალტიის ქვეყნები, ფაქტობრივად, დაცარიელდა. ნაცვლად ამ სასტვენების დარიგებისა, სჯობს, ჭკუას მოუხმონ და ქვეყნის კეთილდღეობისთვის რეალური ნაბიჯები გადადგან. ბალტიისპირეთს საკმაოდ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა აქვს, არადა, საბჭოთა კავშირის პერიოდში მსოფლიოსთვის სამაგალითო იყო.

 

_ ევროვიზიის კონკურსს საქართველოში მწვავე შეფასებები მოჰყვა. საქართველომ, ფაქტობრივად, ვერც ერთი მაღალი ქულა ვერ მიიღო. იყო თუ არა ეს ერთგვარი პოლიტიკური გზავნილი საქართველოსთვის?

 

_ ჩვენ უფრო მეტი წარმოდგენა გვაქვს საკუთარ თავზე, ვიდრე რეალურად ვართ. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც არაფერი გააჩნია. ამიტომ ვფიქრობ, მე-11 ადგილი საქართველოსთვის ამ მრავალრიცხოვან მონაწილეებს შორის, ცუდი არ არის. ეს ჩვენ გვგონია, რომ საქართველოზე ფიქრში აღამებენ და ათენებენ ევროპელები და ამერიკელები და ჩვენ გარშემო ტრიალებს მსოფლიო, სინამდვილეში, საქართველო არც არავის ახსოვს და არც არავის აინტერესებს.

 

_ "ნაციონალური მოძრაობა" რამდენიმე აქტიურმა "ნაციონალმა" დატოვა. როგორ ფიქრობთ, ეს ცვლილებები ნიშნავს, რომ პარტიაში სერიოზული განხეთქილებაა თუ ეს ყველაფერი ახალი, გადახალისებული "ნაციონალური მოძრაობის" შექმნის გეგმას უკავშირდება?

 

_ ეს უფრო გეგმაა, ვიდრე განხეთქილება პარტიაში. ყოფილი "ნაციონალებისგან" რამდენიმე პარტია შეიქმნება, რომლებიც ვითომ დამოუკიდებლად იმოქმედებენ. ისეთივე ვითარება შეიქნება, როგორც, მაგალითად, რესპუბლიკელების შემთხვევაში, რომლებიც ყოველთვის "ნაციონალებთან" ერთად იყვნენ. 2003 წელს პარლამენტის დარბაზში ვიჯექი და კარგად მახსოვს, როდესაც სააკაშვილი შემოვარდა, მის გვერდით იყვნენ ხიდაშელი და ის ნაძირლები, რომლებიც დღესაც რესპუბლიკურ პარტიაში არიან.

 

"ნაციონალური მოძრაობა" დარჩება, მაგრამ, მის გარდა, იქნება ორი-სამი სატელიტი პარტია, რომლებიც ნელ-ნელა მომძლავრდებიან და ჩაანაცვლებენ ისეთ სატელიტებს, როგორიც იყო, მაგალითად, გიორგი თარგამაძისა და პაატა დავითაიას პარტიები. ეს იქნება იგივე "ნაციონალური" მოძრაობა და დარწმუნებული ვარ, "ნაციონალები" ახლაც ამერიკელების რჩევითა და მითითებით მოქმედებენ. "ნაციონალურ მოძრაობას" ამერიკელები დიდ ფინანსურ და იდეოლოგიურ დახმარებას უწევენ. უკრაინაში ქართველების თანამდებობებზე დანიშვნაც ხომ ამერიკელების გადაწყვეტილება იყო და სურთ, მომავალში ეს ხალხი ისევ საქართველოს ხელისუფლებაში დააბრუნონ, რადგან ამერიკელები "ნაციონალებს" ენდობიან.

 

ვინ დაკარგავს ასეთ ამერიკულ კადრებს, როცა მათზე ამდენი ფული დახარჯეს?!

 

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი