პროფესიული განვითარების სქემა, ანუ მასწავლებლების 44-ლარით გაზრდილი ხელფასი

პროფესიული განვითარების სქემა,  ანუ მასწავლებლების 44-ლარით გაზრდილი ხელფასი

განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს "საგანმანათლებლო ალიანსის" თანათავმჯდომარე მარიამ რამინაშვილი:

„საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების მინისტრი ბოლო რამდენიმე კვირაა აქტიურად სტუმრობს რეგიონებს და არწმუნებს სასკოლო საზოგადოებას მასწავლებელთა პროფესიაში შესვლის, კარიერული ზრდისა და პროფესიული განვითარების სქემის სასიკეთო და გარდაუვალ აუცილებლობაში. შეხვედრების მთავარ თეზისად მოჰყავს, რომ ცვლილებები კადრების სერტიფიცირებას, მათ პროფესიულ გადამზადებასა და სახელფასო ანაზღაურების განსაზღვრას ითვალისწინებს. მინისტრის შეფასებით, მასწავლებელთა სერტიფიცირების არსებული მეთოდით სასურველი შედეგის მიღება ვერ მოხერხდა, რის გამოც უწყებამ ახალი წესი შეიმუშავა.

 

წარმოუდგენელ უაზრობასთან გვაქვს საქმე, როცა მასწავლებელთა პროფესიაში შესვლის, კარიერული ზრდისა და პროფესიული განვითარების სქემის დეტალებს ვაანალიზებთ. ერთი მხრივ, მინისტრი ხაზს უსვამს პედაგოგთა სერტიფიცირების პროცესს, როგორც მეთოდს, რომლითაც შედეგის მიღება ვერ მოხერხდა, თუმცა, ამავე დროს, ახალ სქემაში სერტიფიცირებას ანიჭებს გადანაწილების ერთადერთი კრიტერიუმის სტატუსს. ვინც საერთოდ იაზრებს საგანმანათლებლო სფეროში პროფესიული განვითარების გზას, ისეთი წარსულით, როგორიც ჩვენ გვქონდა, ზუსტად ხვდება, რომ დასაწაყისის  პირველი ეტაპი ვერ ასცდებოდა სერტიფიცირებას, როგორც თეორიული ცოდნის შემოწმების ნაწილს, რომელსაც ლოგიკურად უნდა მოჰყოლოდა ისეთი აქტივობები, რომლებიც პრაქტიკული ნაწილის განვითარებისა და შემოწმებისკენ იქნებოდა მიმართული - ეს ნაბიჯები იყო კიდევაც გათვლილი, სკოლების ავტორიზაცია/აკრედიტაციის ეტაპი თავისთავად გულისხმობდა პრაქტიკული მუშაობის შეფასებას, რითაც, ერთი რომ, შემოწმდებოდა სკოლების შესაბამისობა ზგემ-ის მისაღწევად არსებულ მზაობასთან დაკავშირებით თითოეული სკოლის ინდივიდუალური და განსაკუთრებული მოთხოვნების გათვალისწინებით, რაც თავის მხრივ საჯარო სკოლებს შორის შექმნიდა ჯანსაღ კონკურენტულ გარემოს.

 

თუმცა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საჯარო სკოლების ავტორიზაცია/აკრედიტაციის პროცესის დაწყება კიდევ 5 წლით გადაევადებიანა, რითაც, მინიმუმ, ამავე პერიოდით დააშორა ქართული სკოლა რეალურ, ხარისხზე ორიენტებულ საგანმანათლებლო პროცესს. სანაცვლოდ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეაფასოს საქართველოს ყველა მასწავლებელი ინდივიდუალურად და მიუჩინოს ადგილი სქემის სამი კატეგორიიდან ერთ-ერთში. რატომ სამი? პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მილევად რეჟიმში იმუშავებს 2018 წლამდე და მასწავლებელთა ის ჯგუფი, რომელიც ვერ მოახერხებს ამ კატეგორიიდან გადასვლას, დაკარგავს მოქმედი მასწავლებლის სტატუსს და შეუწყდება ხელშეკრულება. 

 

ყოვლად შეუძლებელია იმ რესურსით, რომელიც ქვეყანას გააჩნია, აღნიშნული პროცესი წარიმართოს სრულყოფილად, ობიექტურად . ამიტომ ის ან ფორმალური ხასიათის იქნება და სასწავლო ხარისხს ვერაფერს შემატებს, ან გამოიწვევს მასწავლებლებში პროცესის მიმართ ინდიფერენტულ დამოკიდებულებას და გასაქილიკებელ აქტივობად გადაიქცევა.

 

განსაკუთრებით უაზრო ხდება ეს პროცესი, როცა ის მოიაზრება, როგორც  სახელფასო ბენეფიტი, რომელიც მინისტრის მხრიდან ყოველთვის პროცენტული მიმართებითაა გაჟღერებული და შეადგენს 17%-იან სახელფასო დანამატს, თუმცა თუ მას რიცხვებში გადავიყვანთ  - 17% -იანი დანამატი 40000 მასწავლებლისთვის 44 ლარია. 

 

განათლების სამინისტრო ვერ იაზრებს ამ პროცესის მნიშვნელობას , რომ არაფერი ვთქვათ მისი განხორციელების არამარტო სირთულეზე, არამედ აბსურდულობაზე. თუ გადაწყვეტილება არ შეიცვლება და სამინისტროს მესვეურნი ჯიუტად გააგრძელებენ ამ პროექტის უნიკალობის მტკიცებას, მივიღებთ კატასტროფულ შედეგს - პროფესიაში არათუ შემომსვლელი აღარ გვეყოლება, დავკარგავთ იმ ადამიანებსაც, რომლებიც მეტნაკლები სიძლიერით გააცნობიერებენ სიტუაციის აბსურდულობას. დარჩენილი ნაწილი იძულებული გახდება, სამსახურის შენარჩუნების მიზნით, მთელი ძალა, ენერგია და დრო მოახმაროს ,,თვითგადარჩენისთვის" საჭირო პროცესს, რომელიც არაფერს შემატებს მის პროფესიულ დონეს და მთავარი, სკოლებში სწავლის ხარისხთან მიმართებაში ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში არაფერი შეიცვლება, თუმცა, დიდი ალბათობით, გამოიწვევს არსებული სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესებას.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: