...და იქმნა უკუნი იგი...

...და იქმნა უკუნი იგი...

...იყო ნათელი და არ იყვნენ „იმისტები“ და „ამისტები“!

ცხოვრობდნენ თბილისურ ეზოებში ძენი ადამისანი... და ამ ეზოებს მოგვიანებით, მაკლერებმა რატომღაც „იტალიური ეზოები“ უწოდეს და შემორჩათ ეზოებსა სახელი ესე!

..და ცხოვრობდნენ მეზობლები: ქართველნი, ქურთნი, სომეხნი, რუსნი და იეზიდნი შეხმატკბილებულად, დიდის სიყვარულით, გაგებითა, მეობითა, ჩახუტებითა, წელში შევარდნითა... ქინძისა და კარაქის გაყოფითა და უანგარო შეთავაზებითა, მცირედი გაჭირვებისა ჟამსა!...

და იყო ქალაქის მთავარ პროსპექტზე, წყლები ლაღიძისა, ჭიქებითა და „გრაფინებითა“, აგრეთვე შინ წაღებითა ჩინური თერმოსებითა, პორცია 5 კაპიკად და ორმაგი 10 კაპიკადა!

...და იყო წყალი, ბორჯომისა, მუნ გასაგიჟებელი და აღტაცებითა სასმელი, რაიცა იზიდავდა მომსვლელსა და წამსვლელსა ქუეყანასა შინა, ნათალი ჭიქა კაპიკადა 5-ითა! დიდის ნეტარებით ესწრებოდნენ კინოსეანსებსა 30-40 კაპიკად ქალნი, ვაჟნი, მოზრდილნი და ჭაღაროსანნი,15 კაპიკიანი „სტაკანჩიკით“ ან 20 კაპიკიანი „ესკიმო-შიკალადნით“ დიდის ნეტარებითა ლოკვითა და ტლეკვითა ფილმის ცქერისა ჟამსა (ფილმები: „მეიდ ინ ინდია“)!

...და იდგა რიგები გაზეთების ჯიხურებთანა და სწამდა და სჯეროდა „საკენკი“ იგი იდეოლოგიური უხვად მოყრილი და მობნეული, გამაბრუებელ-გამაოგნებელ „მასმედიურ“ საშუალებათა შინა, რაითაცა ნეტარ იყვნენ მოქალაქენი და ყოველნი თბილისელნი, ასევე სოფლელნი და მიმსვლელ-მომსვლენნი სასტუმროებსა დამკვიდრებულნი, მივლინებითა და „სუტოჩნითა“ საყოველთაოითა!

...და იქმნა უკუნი და მოვიდა იგი გორბაჩოვი მიხეილ - დაღიანი, რომელმაც მოიტანა, ტალონები, კუპონები, დახლები უბადრუკნი და ცარიელნი, უხორცონი, უთევზონი... „უსასისკონი“, უძეხვონი...

და იქმნა ბოროტებანი გაუგონარი და ენით აუწერელნი ქვეყანასა შინა და გაქრა წყალნი ლაღიძისანი და ბორჯომისანი, ისევე როგორც გაქრა უზრუნველი და მომხიბლავი ღიმილნი სახეთაგან თბილისელთა და ყველა ქალაქისა და სოფლის მცხოვრებთა ბაგე-პირთაგან...

და იქმნენ „იმისტები“ და „ამისტები“ გახლეჩილსა და დაფლეთილსა ქუეყანასა ზედა...

და იქმნენ პოლიტიკოსები, ექსპერტნი და მათნი ლობისტ-წამქეზებელნი პარლამენტსა შინა, თუქსუსნი სულით!

...და დაიძრა ურიცხვი კაცი და ქალი ამერიკასა, ევროპასა და სხვათა ქვეყანასა შინა, მოხუცთა და დავრდომილთა სათრეველად და დასაბან-გამოსაბანადა ფულისა კეთებისა და ოჯახთა შენახვისა გამოისობითა...

და იქმნა ქვეყანა იგი, ოდესღაც მზიური, სტუმრიან-პურმარილიანი, დაჩმორებულ-დაკნინებული დარჩენილი „ოცნებისა“ და ფიქრების ამარადა უკუნითა უკუნისამდე...

არ თქვათ ამინ... არ ეგების!

თამაზ ჭეიშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: