Iverioni
«    მაი 2018    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
მაისი 2018 (6)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
თებერვალი 2018 (10)
იანვარი 2018 (7)
დეკემბერი 2017 (7)
8-07-2015, 10:29
ნანახია: 839

ვის ვზრდით დღეს: ბატონკაცს თუ მონა-მორჩილს?!

სულხან-საბას გაგებით, მოზარდი ასაკობრივად ცვლადი და განვითარებადი არსებაა. საბამდე და მის შემდეგაც, პედაგოგიკაში ბავშვის განვითარებასა და აღზრდაზე ნატივიზმისა და ემპირიზმის ორი საპირისპირო მიმართება ბატონობდა.

პირველი მოზარდის განვითარებაში მემკვიდრულ მონაცემებს აფეტიშებდა, მეორე- აღზრდას. ნატივიზმი სოკრატე-პლატონის სწავლებიდან მომდინარეობს, ემპირიზმი- სუფთა დაფის ქადაგებით- არისტოტელედან.

მემკვიდრულ მონაცემებს დიდ მნიშვნელობას ანჭებდა სულხან-საბა. “მე თუ რამე სიკეთე მაქვნ, შენგან, - ეუბნება “სიბრძნე-სიცრუისაში“  მამას უფლისწული, - თვარა ვინ ნახა , ქვრიმა დათესოს და ებრუნიკი მოიმკოს, ანუ ეკალი დაერგოს და ხურმა მასზე მოეკრიფოს, კეთილი ხე კეთილს მოიბამს, თვარა თავით თვისით ხილი უნერგო კარგი არ იქმნება, და არცა ალქატი ხე რწყვითა და კაზმით გაკეთდება, არაკად თქმულა: ქორი ქორსა სჩეკს და ძერა ძერუკასაო“.

მემკვიდრეობითი მონაცემები ოქროს ფონდია მოზარდის განვითარებისთვის, მაგრამ არა ყოვლისშემძლე, მთავარი აღრდაა!

“სიბრძნე სიცრუისაში“ შვილის განსწავლულობით გაოცებული მამა ეკითხება მას, თუ საიდან იცის ეგოდენი. ჯუმბერი მოახსენებს: “პირველად კარგი ნერგის ხილი ვარ, მეორედ: ხელოვანი მებაღის შეწვრთნილი, მესამედ: ფრთხილის შემნახავის ბარებული“. უფლისწული ნერგში მშობელ მამას,  მებაღეში აღმზრდელ  სედრაქ ვეზირს  და შემნახავში ლეონს გულისხმობდა.

ამრიგად, ბუნებრივი მონაცემები და აღზრდა საბას ერთ მთლიან პროცესად აქვს წარმოდგენილი, თუმცა აქ გადამწყვეტი მაინც აღზრდაა.

აღზრდის პროცესი აღმზრდელ-აღსაზრდელის ურთიერთობის რთული პროცესია. კარგი აღმზრდელი, საბას აზრით, მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე, მეტყველი, ოპტიმისტი, მოზარდის მოყვარული და საქმის წვრილმანებადე განმჭვრეტი უნდა იყოს.

სამწუხაროდ, ასეთებს ის ფეოდალურ ეპოქაში ნაკლებად ხედავდა  (ჩვენს დროში  კიდევ უფრო ნაკლებად შეგხვდებათ, ალბათ - ი.ჯ.) და წუხდა, რომ მოზარდს დამახინჯებულად ზრდიდნენ და მისგან ან მხოლოდ ბატონკაცს იღებდნენ, ან მონა-მორჩილს.

საბა დიდი ოპტიმისტი იყო: “კაცი რა არის, ვერ მოიწვრთნასო“, ყრმას ჩვილობიდან სჭირდება აღზრდაო, ამბობდა.

ცნობილია, რომ მოზარდის განვითარებაში დიდ როლს თამაშობს აქტივობა-მოქმედება. მოქმედების პედაგოგიკა ჩინეთში აღმოცენდა, არისტოტელეს პედაგოგიკაც მოქმედების პედაგოგიკა იყო. მოქმედების პედაგოგიკა საბასთან თვითგანვითარების პოზიციაზე მდგომი ლეონია, რომელიც “აქა-იქ სვლითა“ აღზრდილა.

მართალია, ამქვეყნად მოშურნეობა, ბოროტება, მრისხანება, ამპარტავნება, ტაცება, ორპირობა, ორგულობა და ზაკვაა, მაგრამ ამის გამო მოზარდს ცივილიზაციას ხომ არ ჩამოვაშორებთ? პირიქით, მოზარდი ცხოვრების შუაგულში ტრიალით მეტს ისწავლის და თავისი ცხოვრების იდეალსაც მოძებნის. ჯუმბერისთვის ასეთი მამა- მეფე ფინეზი, აღმზრდელი სედრაქ ვეზირი და ლეონია.

პიროვნების მრავალმხრივი განვითარების განვითარებისთვის იღვწოდა პონტოს უმაღლესი რიტორიკული სკოლა, პიროვნების მრავალმხრივი განვითარებისა და ფორმირების იდეალია “ვეფხისტყაოსანი“ და კაიკაცობაც ხომ ამაშია:

“მიჯნურსა თვალად სიტურფე ჰმართებს, მართ ვითა მხნეობა,
სიბრძნე, სიუხვე, სიმდიდრე, სიყმე და მოცალეობა,
ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა...“

საბაც ამ სწავლებაზე იდგა, რომელსაც “კოლიგაგატი“ ჰქვია, რომელიც ძველ საბერძნეთში ჩამოყალიბდა და პიროვნების ჰარმონიულ განვითარებას აღნიშნავს.

          მოამზადა ია ჯღარკავამ