Iverioni
«    მაი 2018    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
მაისი 2018 (6)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
თებერვალი 2018 (10)
იანვარი 2018 (7)
დეკემბერი 2017 (7)
17-07-2015, 10:02
ნანახია: 1096

გიორგი ტიგინაშვილი: ქართული ეკლესია იქ უნდა იდგეს, სადაც ერს უჭირს!

ახალგაზრდა მწერალი და თეოლოგი, გიორგი ტიგინაშვილი (ივრისპირელი) სოფელ ხურვალეთთან შექმნილ კრიტიკულ სიტუაციას ეხმიანება და საქართველოს ეკლესიისგან უფრო მტკიცე პოზიციის დაფიქსირებას ითხოვს.

 

 

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კარგი იქნება თუკი წმ. სინოდი რიგგარეშე სხდომას მოიწვევს და საპროტესტო პეტიცია-მემორანდუმს შეიმუშავებს რუსეთის სახელმწიფოს აგრესიული და ოკუპაციური პოლიტიკის წინააღმდეგ, სადაც უნდა დაიგმოს არა მხოლოდ საზღვრის გადმოწევის ფაქტი, არამედ ის ყრუ დუმილი და არაძმადმოყვრული დამოკიდებულება, რომელსაც მოსკოვის საპატრიარქო იჩენს. აღარაფერს ვამბობ თავად პატრიარქ კირილეს მხრიდან სეპარატისტული მთავრობების მიღება-დალოცვაზე და მათთვის “დამოუკიდებლობისა” თუ სხვა “სუვერენული” დღესასწაულების საზეიმოდ მილოცვაზე, სადაც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიები მოხსენიებულია ორ, საქართველოსაგან თავისუფალ სუბიექტებად.

 

ამასთან, ჩემი აზრით, ევქარისტიული კავშირის გაწყვეტით უნდა შემოიფარგლოს ოფიციალური საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესია, რამეთუ მრავალგზის გაფრთხილებისა თუ ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ხსენებულ ეპარქიებში (რომლებიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური იურისდიქციაა) ირღვევა, როგორც საეკლესიო სამართლით გათვალისწინებული ნორმები, ისე საპატრიარქოთა შორის ნაკისრი ვალდებულებები. ამას გარდა, ვფიქრობ, რომ ფუფუნებას, განცხრომასა თუ კომფორტს არ უნდა მიეძალონ იერარქები და მარტოოდენ ამბიონიდან (ისიც კანტი-კუნტად და ზერელედ) მხილების ნაცვლად, რეალურად, სრული კონსოლიდაციით, მშვიდობიანი მანიფესტაცია უნდა მოაწყონ დროებითი სადემარკაციო ხაზის წინ და ჩაგვიყვანონ მრევლისა თუ უბრალო გულშემატკივრების შემადგენლობა იმისათვის რათა მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ დაინახოს ჩვენი ერთსულოვნება და სიმტკიცე. იქვე ადგილზე, სავედრებელი პარაკლისი უნდა აღვავლინოთ საქართველოს ერთიანობის, მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის. ეს იქნება სამღვდელოების პატრიოტიზმიც და მოქალაქეობრივი სიმწიფეც. მიმაჩნია, რომ სადღეისო სიტუაცია ერთობ საგანგაშო და ფეთქებად საშიშია, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი საპატრიარქო ღიად არ აღუდგება კრემლის ბოროტებას, მაშინ საზოგადოების რელიგიურად ნეიტრალურ ნაწილს (და არა მხოლოდ მათ) დარჩებათ სავსებით ლოგიკური ეჭვი იმასთან დაკავშირებით რომ ჩვენი ეკლესია (იგულისხმება საპატრიარქოს ადმინისტრაცია) რუსეთის დომინანტობის ხელშემწყობი ინსტრუმენტი და პროპაგანდისტული საყვრია, რომელსაც “ერთმორწმუნეობის” ყავლგასული იდეა ასაზრდოვებს. ამ ფარული ორკესტრის დირიჟორად კი თავისთავად კგბ-ს “ძერჟავნიკულ” ხელს მოიაზრებენ.

 

P.S. მართალია საპატრიარქომ განცხადება უკვე გააკეთა და გამოთქვა წუხილი და შეშფოთება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით (რაც ძალზე პოზიტიური ნაბიჯია) თუმცა ვგონებ არ არის საკმარისი მხოლოდ მოკრძალებული წერილის გამოქვეყნება საკუთარი მოსახლეობისადმი. დედა-ღვთისმშობელმა დალოცოს, სულიერად ააღორძინოს და დაიცვას სრულიად საქართველო. ამინ!“