ვიხილავთ თუ არა ივანიშვილ-სააკაშვილს წინასაარჩევნო რინგზე?!

ვიხილავთ თუ არა ივანიშვილ-სააკაშვილს წინასაარჩევნო რინგზე?!

ამ ბოლო დღეებში უკვე აქტიურად საუბრობენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე. კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, დღევანდელი თავდაცვის მინისტრი, რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი სასურველად მიიჩნევს ექს-პრემიერის პოლიტიკაში დაბრუნებას.

 

ხიდაშელის განცხადებას ოპერატიულად ეხმაურება ექსპარლამენტარი, იურისტი ვალერი გელბახიანი, რომელიც „აშიშვლებს“ თავდაცვის მინისტრის ეშმაკობას და აცხადებს, რომ მას რეალურის სასურველად წარმოჩენა სურს, ანუ, მისი აზრით, ივანიშვილი იძულებულია შემოვიდეს პოლიტიკაში, რაც სასურველი არ იქნება დღევანდელი კოალიციის წევრებისთვის.

 

გელბახიანი მიიჩნევს, რომ არ არის გამორიცხული, კოალიცია დაიშალოს, ან პირიქით „ქართული ოცნება“ გავიდეს კოალიციიდან და დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.

 

ხიდაშელისგან განსხვავებით, რომელიც არ აკონკრეტებს რა სტატუსით შემოვა ივანიშვილი პოლიტიკაში, გელბახიანი არ გამორიცხავს, რომ იგი მომავალ არჩევნებში „ქართული ოცნების“ სიის სათავეში მოექცეს და ამით ლოკომოტივის ფუნქცია შეასრულოს!

 

მეორე ვერსიით, ივანიშვილი პრემიერ-მინისტრად დაბრუნდება, იგი მთლიანად გაწმენდს დღევანდელ მთავრობას „რესპუბლიკელებისგან“ და სხვა უნიათო მინისტრებისგან და ამით შეეცდება მისი გუნდის მიმართ საზოგადოებაში დაკარგული ნდობის აღდგენას.

 

ორივე შემთხვევაში ექს-პრემიერი ლიდერის ფუნქციას ითავსებს და არჩევნების პერიოდში სწორება სწორედ მასზე იქნება!

 

ვიზიარებ გარკვეული ჯგუფის მოსაზრებას, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება იძულებითი ღონისძიებაა და მას სხვა გამოსავალი არ დაუტოვეს!..

 

 „იძულებით ღონისძიებაში“ იგულისხმება დღევანდელი ხელიოსუფლების არაეფექტური საქმიანობა(რამაც მის მიმართ ბრალდებათა კასკადის წარმოქმნას შეუწყო ხელი) და მთავარი პრობლემა - არაფორმალური (კულუარებიდან) მართვის ბრალდება, რომელიც ამ ბოლო ხანებში საერთაშორისო სტრუქტურების მსჯელობის საგანიც გახდა.

 

ორივე ბრალდებას აქვს არსებობის საფუძველი. ის, რომ მთავრობა მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევს, საკამათო არ არის. არც ის არის საკამათო, რომ ივანიშვილი პასუხს აგებს მის მიერ დანატოვარ გუნდზე.

 

რაც შეეხება არაფორმალურ მართვას, მას სურს, თუ არ სურს, ასეც უნდა მოიქცეს, რადგან, მის მიერ დანატოვარი გუნდის ყველა წარმატება თუ წარუმატებლობა ყოველთვის ივანიშვილთან ასოცირდება!

 

              როგორ შეიძლება დააღწიოს თავი ხაფანგს ივანიშვილმა?!

 

ივანიშვილი რომ ხაფანგშია, ამის მტკიცებას დამატებითი არგუმენტები არ სჭირდება. სხვა თემაა, ის ნებაყოფლობით აღმოჩნდა ხაფანგში, თუ აიძულეს ასე მოქცეულოყო!

 

მავანნი ფიქრობენ, რომ იგი აიძულეს შემოსულიყო პოლიტიკაში და აუტკივარი თავი ძალით აეტკივებინა. თუ მეორე ვერსიას ვერწმუნებით (იგულისხმება რომ ივანიშვილს ამ ნაბიჯის გადადგმა ქვეყანაში შექმნილმა ურთულესმა ვითარებამ გადაადგმევინა) ჩანს, რომ იგი საკმაოდ მოუმზადებელი შემოვიდა პოლიტიკაში, რისი დასტურიც ის ეკლექტიკური გაერთიანებაა, რომელსაც კოალიცია „ქართული ოცნება“ ჰქვია!

 

არის სხვა ვერსიებიც - თუმცა, ამაზე დღეს საუბრის გაგრძელება არ ღირს...

ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ ოქტომბრის შემდგომმა პერიოდმა დაამსხვრია ის მოლოდინები, რაც ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლას უკავშირდებოდა - წინასაარჩევნო დაპირებები მინიმალურად არ შესრულებულა - რაც მთავარია, საზოგადოებას არა აქვს სამართლიანობის დამკვიდრების განცდა, რომელიც მაშინ ყველაზე დიდი კოზირი იყო ქართველი მილიარდერისთვის. სამწუხაროდ, არც დაპირებული ეკონომიკური აღმავლობა დაწყებულა - პირიქით, დღითიდღე ღრმავდება მოსახლეობის გაღატაკების პროცესი!

 

აქედან გამომდინარე, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება იქნება, მაგრამ, მთავარია როგორ შეძლებს იგი დაკარგული დივიდენდის დაბრუნებას და რამდენად ენდობა მას ისევ ქართველი ამომრჩეველი?!

 

ემოციური გადაძახილები, რომ ისევ ივანიშვილი გახსნის „გორდიას კვანძს“ და თავის (თავისი გუნდის) გაფუჭებულ საქმეს თვითონვე გამოასწორებს, საკმარისი არ იქნება საზოგადოებაში ნდობის მოსაპოვებლად.

 

ხაფანგიდან გამოსვლის რეალური ბერკეტი კი ივანიშვილის გადაწყვეტილებაში იმალება - რა გუნდით წარსდგება იგი ხელახლა ამომრჩევლის წინაშე, შეელევა თუ არა გაცვეთილ „სახეებს“ და რა კრიტერიუმით ისარგებლებს თანაგუნდელების შერჩევისას?!

 

გუნდის შერჩევის კრიტერიუმი ვახსენე და აქვე დავამატებ: მან ორიენტაცია ადამიანთა იმ კატეგორიაზე კი არ უნდა აიღოს, ვინც „ცივ ნიავს“ არ აკარებს და მის მზეს ფიცულობს, არამედ, იმათზე, ვინც კონსტრუქციულ ოპონირებას უწევს და საქმიანი თვისებებითაც გამოირჩევა. ამის ცოცხალი მაგალითია დღევანდელი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი ბატონი კახა კახიშვილი, რომელიც კონსტრუქციული კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდა დღევანდელ ხელისუფლებას, მაგრამ მთავრობაში მოსვლისთანავე საქმიანი და პრინციპული სახელმწიფო მოხელის იმიჯი დაიმკვიდრა!

 

თუ ივანიშვილი „ახალი სისხლის“ გადასხმას არ ისურვებს და ახალ გუნდს პროფესიონალიზმისა და საქმისადმი დამოკიდებულების ნიშნით არ შეარჩევს, მისი ცდა განწირულია კრახისთვის - ამომრჩეველი „ძველ“, საკუთარ კომფორტზე დახარბებულ სახეებს უკვე არ მიიღებს. „ძველი სახეები“ კი, ვინც კარგად „მოძოვა“, იმის შიშით, რომ არაფერი დაბრალდეთ, უპრობლემოდ გაეცლებიან!

 

მეორეც, ივანიშვილი წინასაარჩევნო დაპირებებშიც უფრო მოზომილი და თვითკრიტიკული უნდა იყოს - ადრე შეპირებულ „რძის მდინარეებს“ ხალხი უკვე აღარ დაიჯერებს!..

 

თუ საზოგადოებაში მოარულ ხმებს ვირწმუნებთ, „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ კოალიციას დატოვებს და დამოუკიდებლად გავა საპარლამენტო არჩევნებზე. ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება - თუ ამას „სატელიტი“ პარტიების პრაქტიკაც დავუმატეთ, შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ მმართველი პარტიის ფუნქცია შეინარჩუნოს და ივანიშვილი მის მიერ დაგებული ხაფანგიდან უვნებელი გამოვიდეს!

 

 

                   მოხდება თუ არა ისტორიული შერკინება?!

 

არსებობს აზრი, რომ ივანიშვილი „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი იქნება. სხვათაშორის, არ არის ეს ვერსია საფუძველს მოკლებული, რადგან მომავალ არჩევნებში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ძირითადად ივანიშვილის ფაქტორი ითამაშებს - სწორედ მან უნდა შეასრულოს ლოკომოტივის ფუნქცია და მის სახელთან ასოცირებული გუნდი სამშვიდობოს გაიყვანოს.

 

ამ ფონზე ბუნებრივად ისმება კითხვა: რა შანსი აქვს დღევანდელ „ერთადერთ ოპოზიციას“ – „ნაციონალურ მოძრაობას“?

 

შეიძლება პირდაპირ ითქვას, მინიმალური, რადგან მოქმედ ხელისუფლებაზე გამწარებული ამომრჩეველი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ მაინც არ მისცემს - „ნაციონალების“ რეალური ელექტორატი კი შთამბეჭდავი შედეგების გარანტიას არ იძლევა. ოღონდ, არის ერთი მაგრამ... რომელმაც შეიძლება აჟიოტაჟი შეიტანოს საარჩევნო კაკაფონიაში, თუმცა, არსებითი გარდატეხის მოხდენა მაინც არ შეუძლია.

 

მხედველობაშია მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ სიის სათავეში მოქცევა, რომელიც უკვე დაანონსდა. არ არის გამორიცხული, ეს ასეც მოხდეს და საქართველო „ისტორიული შერკინების“ მომსწრე გახდეს - ივანიშვილი სააკაშვილის წინააღმდეგ.

 

ეს ავანტიურა არ გამოირიცხება იმდენად, რამდენადაც სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჯერაც არ მიუღია. ასევე საუბარია მის გაპრემიერებაზე, რაც, თუ ეს რეალურად მოხდება უდაოდ დიდი „ნახტომი“ იქნება ქართულ საზოგადოებაში შოკის მისაღებად. ძებნილი პრეზიდენტყოფილის უცხო ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა საკმაოდ მტკივნეული შემოლაწუნება იქნება დღევანდელი ხელიოსუფლებისთვის, რომელიც ხალხს სამართლიანობის დამკვიდრებასა და „ნაციონალური“ რეჟიმის გასამართლებასაც კი ჰპირდებოდა. ამან შეიძლება გაორება გამოიწვიოს ქართულ ელექტორატში და კითხვის ნიშნებიც წარმოშვას. რაც შეეხება სააკაშვილისთვის ძებნილის სტატუსის მოხსნას, ამაზე ალბათ მისი „პატრონები“ იზრუნებენ და ხელისუფლებას ხელსაც მოაკაკვინებენ!

 

ფაქტი ერთია: სააკაშვილი ჯერ კიდევ „სახმარ ღირებულებად“ რჩება!!!

 

თუმცა, მარჩიელობას სჯობს მოვლენების განვითარებას დაველოდოთ.

 

რაც შეეხება ქართველ „მახრჩობელად მონათლულ“ ბიძინა ივანიშვილს, მან შეიძლება  სათადარიგო ილეთები გამოიყენოს და ამ შესაძლო შერკინებიდანაც გამარჯვებული გამოვიდეს!

 

და ბოლოს: თუ მოარული ხმები გამართლდა და ივანიშვილი წინასაარჩევნო ბატალიებში ჩაერთო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი არჩევნების შემდეგ დიდხანს დარჩება პოლიტიკაში! უბრალოდ, მას ეს არ სჭირდება.

 

ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენების შესაძლო განვითარებას!

 

მინაწერი: ივანიშვილს ამომრჩეველთან წარდგომისას ბევრ საჩოთირო კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა - ეს იქნება არასწორი საკადრო პოლიტიკა, ანტიდისკრიმინაციული კანონი, საყდრისის აფეთქება, ლარის კურსის კატასტროფულად დაცემა, უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის შეუზღუდავად მიყიდვის კანონპროექტის ინიცირება თუ სხვა.

 

ცხადია, ეს ის კითხვებია, რომელიც მას მინიმუმ უხერხულობას მაინც შეუქმნის, რომ არაფერი ვთქვათ ელექტორატის შემცირებაზე. თუმცა, მთავარი მაინც ის იქნება, როგორი პროგრამით და როგორი გუნდით წარსდგება იგი ქართველი ამომრჩევლის წინაშე, რამდენად ითავისებს ადრე დაშვებულ შეცდომებს და როგორ ეცდება მის გამოსწორებას!

 

ზაურ ნაჭყებია

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: