მიხეილ ჯიბუტი: 22 წლის ლარის 20 წლის იუბილე

მიხეილ ჯიბუტი: 22  წლის ლარის  20  წლის იუბილე

„ქართული პლატფორმა“

 

მიხეილ ჯიბუტი, პროფესორი

 

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის პოლიტიკურ აღდგენას ავტომატურად და მყისიერად არ მოჰყოლია სუვენერული სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი სისტემების, მექანიზმებისა და ინსტრუმენტარიების დამკვიდრება.

 

რთულად წარიმართა საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდენტობის ერთ-ერთი გამორჩეული ნიშნის - ეროვნული ვალუტის დამკვიდრების თავგადასავალი. მიუხედავად მოვლენების უახლოეს პერიოდში განვითარებისა, ეს ისტორია ხშირად არაკომპეტენტურობის, თუ პიროვნული მიკერძოებულობის გამო მახინჯდება. რატომ? კითხვები ბევრის, რომელსაც სწორი პასუხი უნდა გაეცეს.

 

კითხვა პირველი: როდის იქნა შემოღებული პოსტსაბჭოთა საქართველოს პირველი ეროვნული ვალუტა?

 

1. პოსტკომუნისტური საქართველო 1993 წლის 3 აგვისტომდე საბჭოთა და რუსეთის რუბლით სარგებლობდა.

ზვიად გამსახურდიას მმართველობის პერიოდში (1990 წლის 28 ოქტომბერი - 1990 წლის 22 დეკემბერი-1991 წლის 6 იანვრი), „საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს“ (1992 წლის 2 იანვარი - 1992 წლის 10 მარტი), „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს“ (1992 წლის 10 მარტი - 1992 წლის 11 ოქტომბერი ), ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს 1993 წლის 3 აგვისტომდე საქართველოში მიმოქცევაში იყო საბჭოთა რუბლი და რუსეთის ფედერაციის რუბლი, რომლებიც ქმნიდნენ საქართველოს ფულად სისტემას.

 

1993 წლის 5 აპრილს მიმოქცევაში გაშვებულ იქნა კუპონი, როგორც რუბლის სუროგატი. ეს იყო საქართველოს მიერ სამანეთო ზონიდან გასვლის განაცხადი, რამდენადაც ქვეყანამ ავტონომიურად ფულის ემისია დაიწყო, რაც ზონის ქვეყნების უფლებამოსილებაში არ შედიოდა და მისი განხორციელება მხოლოდ მოსკოვს შეეძლო. გასათვალისწინებელია, რომ კუპონი ეკონომიკურად იყო იგივე რუბლი , რომელიც ფაქტობრივად იყო იძულებითი ნაბიჯი შექმნილი პრობლემის გადასაჭრელად, როდესაც საქართველოში დაგროვდა  5-6 თვის მანძილზე გაუცემელი ხელფასები, პენსიები, სტიპენდიები და ა.შ. ფულადი ნიშნების არ არსებობის გამო და მეორე მხრივ, რუსეთის ფედერაცია, როგორც რუბლის ემიტენტი, უარს აცხადებდა ფულის ნიშნების მოცემაზე (ამ ნიშნებს შეუფერხებლად იღებდა ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა).

 

1991 წლის დეკემბრიდან (საბჭოთა კავშირის დაშლის გამოცხადებიდან) საბჭოთა კავშირის რუბლის  პარალელურად შემოღებულ იქნა რუსეთის ფედერაციის რუბლი და რუბლის ორივე ეს სახეობა  ამოღებულ იქნა მიმოქცევიდან რუსეთის ფედერაციის მიერ  1993 წლის ივლისში.

 

1993 წლის 17 ივლისს  რუსეთის ფედერაციამ გამოაცხადა  საბჭოთა მანეთის ზონიდან გამოსვლა (ამით დასრულდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მცდელობა ერთიანი სამანეთო ზონის შენარჩუნების თაობაზე)  და 23 ივლისიდან 7 აგვისტომდე ჩაატარა ფულის რეფორმა, რის შედეგადაც გადავიდა ეროვნულ ფულად სისტემაზე, რომელიც დღემდე არსებობს.  რუსეთის ამ ნაბიჯმა დიდი პრობლემები შეუქმნა მის „ერთგულ“ სახელმწიფოებს, რომლებიც დარჩნენ ფულის გარეშე. ვისაც ჰქონდა გამოშვებული რუბლის სუროგატები სასწრაფოდ გამოაცხადეს ის ეროვნულ ვალუტად (უკრაინა, მოლდოვეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი, საქართველო), ხოლო ქვეყნებს, რომელთაც არ ჰქონდათ დაბეჭდილი რუბლის სუროგატები, რუბლის ზონაში დარჩენა მოუწიათ, როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს,  ამ ზონიდან რუსეთის გასვლის შემდეგ. რუბლის ზონაში 1994 წლამდე იყვნენ: აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსი, უზბეკეთი, ყაზახეთი, ყველაზე ბოლო 1995 წლამდე რუბლის ზონაში იყო ტაჯიკეთი. ეს პროცესი არ შეხებია ბალტიისპირეთის ქვეყნებს (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი) რომლებმაც რუბლის ზონა დატოვეს 1992 წელს და რუბლის სუროგატების ეტაპის გამოტოვებით, პირდაპირ ეროვნულ ფულად სისტემაზე გადავიდნენ.

 

2. 1993  წლის 3 აგვისტოს შემოღებულ იქნა ეროვნული ვალუტა - კუპონი

რუსეთის მიერ განხორციელებულმა  აღნიშნულმა ქმედებებმა რუბლის ზონასთან დაკავშირებით ყველაზე ოპტიმისტურად განწყობილი ძალებიც კი დაარწმუნა მის უპერსპექტივობაში.  1993 წლის  3 აგვისტოს საქართველო გამოვიდა რუბლის ზონიდან და ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გამოაცხადა კუპონი. ამრიგად, სამართლებრივად, დე ფაქტო და დე იურე  კუპონი გახდა პოსტსაბჭოთა საქართველოს პირველი ეროვნული ვალუტა.

 

ამრიგად, 1990 წლიდან 1993 წლის აგვისტომდე საქართველოში მიმოქცევაში იყო საბჭოთა რუბლი და რუსეთის ფედერაციის რუბლი (1991 წლის დეკემბრიდან). 1993 წლის აპრილში მიმოქცევაში გამოშვებული კუპონი წარმოადგენდა მხოლოდ და მხოლოდ ნაღდი რუბლის ნიშნის შემცვლელს. ბუღალტერია რუბლებში იწარმოებოდა. 

1993 წლის 3 აგვისტოს განხორციელდა ფულადი რეფორმა, რომლის შედეგადაც რუბლი, როგორც ერთადერთი საგადამხდელო საშუალება ჩანაცვლდა. ეს ფუნქცია დაეკისრა კუპონს და განხორციელდა მისი სუროგატიდან ეროვნულ ვალუტად ტრანსფორმაცია.

 

კითხვა მეორე:  ეროვნულ ვალუტას რატომ არ ეწოდა 1993 წლის 3 აგვისტოს ლარი? თუ ამ დროისთვის არ იყო დადგენილი ეს სახელი?

 

1992 წლის მარტიდან საქართველოს მინისტრთა  კაბინეტში განახლდა ქართული ფულის შესაქმნელად მუშაობა, რომელიც ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს დაიწყო. საქართველოს უზენაეს საბჭოში ამ კომისიას ხელმძღვანელობდა ტარიელ გელანტია. კომისიის მდივანი იყო ლევან ქისტაური. აღნიშნულმა კომისიამ მნიშვნელოვანი , უფრო ინტელექტუალური მუშაობა ჩაატარა, თუმცა, კონკრეტულ გადაწყვეტილებებამდე ცნობილი მიზეზების გამო, არ მისულა. განსაკუთრებით გააქტიურდა ეს მუშაობა 1992 წლის ზაფხულში ისეთი მოვლენების ფონზე, როგორიც იყო 1992 წლის 23 ივლისს აფხაზეთის რესპუბლიკის თვითგამოცხადებისა და აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაწყებული სამხედრო მოქმედებების შემდეგ. მუშაობდა ორი ჯგუფი: ერთს კურირებდა რომან გოცირიძე და მეორეს ირაკლი სურგულაძე. პირველს ევალებოდა ფულის შექმნის საკითხების გადაწყვეტა, ფულის დამზადებისა და შემოღების  ნორმატიული და ტექნიკური უზრუნველყოფა. ამ სამუშაოს უშუალოდ მე, როგორც მინისტრთა კაბინეტის მთავარი ეკონომიკური მრჩეველი, ხოლო 1992 წლის ოქტომბრიდან, როგორც ეკონომიკის მინისტრი ვხელმძღვანელობდი. ირაკლი სურგულაძის ხელმძღვანელობით მუშაობდნენ ჰუმანიტარები, ისტორიკოსები, ენათმეცნიერები, კულტურის მუშაკები და სხვ. მათი ამოცანა იყო ფულის სახელწოდების, ფულის დიზაინის, ფულის კონცეფციის და ა.შ. დადგენა. 

 

1992 წლის 7 აგვისტოს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი სურგულაძის მიერ ჩატარებულ სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ: მზექალა შანიძე, ლალი ჯავახიშვილი, ჯანო ბაგრატიონი, ნოდარ მალაზონია, კოტე ჩოლოყაშვილი, ლევან ღვინჯილია... გადაწყდა, რომ ქართულ ფულს დარქმეოდა „ლარი“ და „თეთრა“ (შეცდომა არაა!). რომან გოცირიძემ და მიხეილ ჯიბუტმა ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს.

 

ისტორიის მისტიურობაც ისაა, რომ ეს გადაწყვეტილება ისეთი ვნებათაღელვის ფონზე იქნა მიღებული, რომ ვერც ერთი მისი მონაწილე ვერ იტყვის, რომ ის არის ფულის სახელწოდების ავტორი. სიტუაცია დაწყნარდა, როდესაც თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეებმა დაიწყეს „ლარის“ უპირეტესობების მტკიცება - კარგი ჟღერადობა, ისტორიულად გამოხატავს სიმდიდრეს, სისწორეს, თარგმანი ყველა ენაზე ადექვატური იქნება და ა.შ. „ლარს“ არ ჰყავს  ერთი ნათლია - მისი სახელწოდება მთლიანად ქართული საზოგადოებრიობის აზრის შედეგია.

 

ჩემთვის დღესაც უცნობია, როგორ და რა ეტაპზე შეიცვალა „თეთრა“ „თეთრით“. შეიძლება აქ იმ ხალხის „ხელი ურევია“ ვინც ყურმოკვრით გაიგო და ეგონა/დღესაც ჰგონია, რომ ოდესმე არსებობდა მონეტა „კოლხური თეთრი“. 

 

„სიტყვა „ლარი", რომელიც შეირჩა ქართული ეროვნული ვალუტის ძირითადი ერთეულის სახელწოდებად, ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს ზოგადად განძს, ქონებას, ხოლო,„თეთრი", რომელიც ლარის მეასედ ნაწილს ეწოდა, ასევე ძველი, XIII საუკუნიდან დამკვიდრებული ქართული სამონეტო ტერმინია.“(ხაზგასმა ჩემია-მ.ჯ.) ბანკნოტები.საქართველოს ეროვნული ბანკი.https://www.nbg.gov.ge/index.php?m=193 ; როგორც ჩანს პოზიცია „თეთრი“ მონეტის შესახებ ოფიციალურად აღიარებული უზუსტობაა. „კოლხური თეთრი“ მეცნიერებაში დამკვიდრებული „სამონეტო ჯგუფის სახელია“ (http://geonumismatics.tsu.ge/ge/catalogue/types/?type=2)  და მატერიალურად მას არასოდეს არ უარსებია.

 

ამრიგად, 1992 წლის 7 აგვისტო არის „ლარის“ ნათლობის დღე. თუმცა მისი ოფიციალურად შემოტანა დაკავშირებული იყო ლარისთვის კუპონის ბედის თავიდან აშორების მოტივით.ეს იყო მთავარი მოტივი, თორემ, სახელწოდების საკითხის დაჩქარება შეიძლებოდა, არც  3 აგვისტოს გადაწევა წარმოადგენდა პრობლემას.

 

კითხვა მესამე: თუ დადგენილი იყო ფულის სახელწოდება და ყველაფერი მზად იყო ფულის რეფორმისთვის, რატომ არ იქნა შემოღებული „ლარი“ ჯერ 1993 წლის გაზაფხულზე ან ზაფხულში?

 

1992 წელს ფულის სახელის დადგენის  პერიოდში უკვე  მიმდინარეობდა აქტიური ძიება ფულის დასაბეჭდად. ამ ძიების ინტენსივობაზე  თუნდაც ის მიუთითებს, რომ ურთულეს დღესაც კი - 14 აგვისტოს ამის შესახებ კეთდება პუბლიკაცია. ფულის დაბეჭდვას  საქართველოს მთავრობის ფაქტობრივად ცარიელი „ქისა“ ართულებდა.

 

1992 წლის ბოლოსთვის ფულის რეფორმის სრულფასოვანი პაკეტი მომზადდა. ამ საქმეს ჰყავს უამრავი „გმირი“: თენგიზ სიგუა, ოთარ ქვილითაია, ვაჟა ჯინჯიხაძე, ნოდარ კაკულია, მერაბ კაკულია, ელგუჯა მექვაბიშვილი და სხვა მრავალი, რომელთა ღვაწლი ამ საქმეში აუცილებლად უნდა დაფასდეს ისტორიის მიერ. 

 

თუმცა, როგორც ნებისმიერი პროცესი, არც ფულის ბეჭდვის საკითხი გადაწყვეტილა აზრთა სხვადასხვაობის გარეშე. საბოლოოდ 1993 წლის 9 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ქართული ფულის საპარლამენტო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ფული შეექმნა ფირმა „ბენეფს“ ნოდარ მალაზონიას ხელმძღვანელობით. ამ მოსაზრებასა და იმას, რომ ფული დაებეჭდა ფრანგულ ფირმა „ობერტურს“, მხარს უჭერდნენ: ვაჟა ჯინჯიხაძე, კახი პოპიაშვილი, თენგიზ სიგუა. ეს გადაწყვეტილება გაფორმდა პრემიერ-მინისტრის თენგიზ სიგუას 1993 წლის 15 თებერვლის №6  განკარგულებით.  მეორე ჯგუფი (პაატა კოღუაშვილი, ამირან ქადაგიშვილი, დემურ დვალიშვილი) მხარს უჭერდა ინგლისურ ფირმა „თომას დე ლა რიუს“ და ელგუჯა ამაშუკელის კონცეფციას.  იყო მესამე ჯგუფი (რომან გოცირიძე, მიხეილ ჯიბუტი)რომელსაც კონკრეტული ფავორიტი არ ჰყავდა, მაგრამ ითხოვდა, რომ ფულის მბეჭდავი ფირმა შერჩეულიყო არა პირდაპირი მოლაპარაკებების გზით, არამედ - კონკურსით.

 

მიუხედავად სრული მზადყოფნისა, როდესაც კრიტიკულ ზღვარს მიაღწია ფულის ნაღდი მასის არქონის გამო შექმნილმა პრობლემებმა, გადაწყდა რუბლის სუროგატის-კუპონის შემოღება.  საქართველოს რესპუბლიკის  მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 24 მარტის № 246 დადგენილებით „საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიმოქცევაში საქართველოს ეროვნული ბანკის კუპონების გამოშვების შესახებ“- 5 აპრილს კუპონი ფულად სისტემაში იქნა გაშვებული.

 

მსჯელობა იმის შესახებ, ხომ არ აჯობებდა, ან რა იქნებოდა  პირდაპირ სრულფასოვანი ფულადი რეფორმის გატარება დღეისათვის ინტელექტუალურად საინტერესოა და იმ სფეროს ეკუთვნის, რაც ისტორიას არ უყვარს. ფაქტი ერთია, რომ იმ პერიოდისთვის საქართველოს სახელმწიფოს სავალუტო რეზერვები ნოლს შეადგენდა. ეროვნული ბანკის საცავებში იყო მხოლოდ მორალურად გაცვეთილი რუბლის კუპიურები და ხუთკაპიკიანები.

 

კუპონის შემოღების შემდეგ გაგრძელდა ლარის გამოშვებაზე მუშაობა. 1993 წელს მომზადდა ლარისა და თეთრის მატრიცები. მატრიცებზე პირველი ფაქსიმილე  დემურ დვალიშვილის და კახი პოპიაშვილის იყო. 1993 წელს შეიქმნა ლარი და მომზადდა ყველა დოკუმენტი მის შემოსაღებად.     ქაღალდის პირველ კუპიურებს  და მონეტებს  ( ეს უკანასკნელი დღესაცაა მიმოქცევაში0 გამოცემის თარიღი „1993“ აწერია. ამასთან, ეს ის პერიოდია, როდესაც ჯერ არაა საქართველოს ახალი კონსტიტუცია მიღებული, არაა ცნობილი მომავალი გერბის საკითხი, ამიტომ  ავერსი „ბორჯღალითაა“ წარმოდგენილი. არც რევერსზეა სახელმწიფო ნიშნები. რევერსზე არსებული წარწერა „საქართველოს რესპუბლიკა“ უკვე შემოღებისთვის არსებული კონსტიტუციით დადგენილ სახელს -  „საქართველო“ არ შეესაბამებოდა (ავერსის-შუბლის ავტორია ელგუჯა ამაშუკელი, რევერსის-ზურგის ნოდარ და ბაჩანა მალაზონიები).

 

1993 წელს ლარის შემოღება არ განხორციელდა იმ მოსაზრებით, რომ საჭირო იყო ლარის უკან ყოფილიყო საკმარისი სავალუტო რეზერვი, რაც უზრუნველყოფდა მის სტაბილურობასა და აამაღლებდა ქვეყნის ფულად-საკრედიტო სისტემის სიმყარესა და ხალხის ნდობას ეროვნული ფულადი სისტემისადმი. ამ საკითხზე მიმდინარეობდა მოლაპარაკება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ამასთან, უნდა მომხდარიყო საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზების მომსახურება საქართველოს საბანკო და ფულადი სისტემით, ნაცვლად მათ მიერ რუსული რუბლის გამოყენებისა.  ფაქტობრივად რუსული რუბლის ქართული ვალუტის პარალელურად არსებობდა. საქართველოში ცალკე ყალიბდებოდა კურსი კუპონზე და ცალკე რუბლზე. საჭირო  იყო ამ კონტექსტის შეცვლა და  ოპტიმალური დროს შერჩევა.

 

კითხვა მეოთხე: 1995 წლის 2 ოქტომბერს ლარის შემოღების დროს მოხსნილი იყო ის ფაქტორები, რისთვისაც მისი შემოღება გადაიდო? 

 

საკითხს აქვს პერსონალური ასპექტი. ფულადი სისტემის რეფორმა, დაწყებული ლარის სახელწოდებითა და  შემოღების კონცეფციით მომზადდა თენგიზ სიგუა - რომან გოცირიძე - დემურ დვალიშვილი - კახი პოპიაშვილი - მიხეილ ჯიბუტი პიროვნულ ვექტორზე, რომელთა შორის იყო წინააღმდეგობა. განსაკუთრებით მიუღებელი იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დემურ დვალიშვილის (საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელები იყვნენ: გარდამავალ პერიოდში გიზო პატეიშვილი 1991 წლის ოქტომბრამდე, გია თოფურია 1992 წლის იანვრამდე, ვაჟა ჯინჯიხაძე 1992 წლის მარტამდე, ნოდარ კაკულია 1992 წლის ნოემბრამდე, დემურ დვალიშვილი 1993 წლის ოქტომბრამდე, ნოდარ ჯავახიშვილი 1998 წლის მარტამდე) ე.წ. „ლიბერალური მონეტარული პოლიტიკა“, რომელსაც მხარს უჭერდა პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე და მისი ფავორიტი პოლიტიკოსები, განსაკუთრებით ახალგაზრდები ზურაბ ჟვანიას ხელმძღვანელობით. პრეზიდენტი შევარდნაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკების პროცესის დაჩქარებისგან თავს იკავებდა. მხოლოდ სახელმწიფოს, როგორც ინსტიტუტის ავტორიტეტზე დამყარებულმა კუპონის კურსმა კუპონის ეროვნულ ვალუტად გამოცხადების დროისთვის-1993 წლის 7 აგვისტოს შეადგინა: 1 აშშ დოლარი უდრიდა  5690 კუპონს. მომდევნო პერიოდში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ტოტალური კრიტიკისა (მათ შორის პრეზიდენტ შევარდნაძის მხრიდანაც) და სოხუმის დაცემის ფონზე (1993 წლის 27 სექტემბერი) 1993 წლის  7 ოქტომბერს კურსი იყო 1 აშშ დოლარი = 17 068 კუპონი. 

 

ამ პერიოდისთვის ეკონომიკის მართვის ზემოთ მითითებული პიროვნული ვექტორი შეიცვალა ახალი ვექტორით: ოთარ ფაცაცია - ამირან ქადაგიშვილი-ნოდარ ჯავახიშვილი-დავით იაკობიძე-ვლადიმერ პაპავა. ეს ის პერიოდია, როდესაც  ხელისუფლება ახდენდა კუპონის დისკრედიტაციას იმით, რომ ყველა უბედურებას აბრალებდა კუპონს. შევარდნაძემ 1993 წლის შეჯამებისას სოხუმის დაცემის ტოლფას ტრაგედიად კუპონის შემოღება დაასახელა. კუპონს ამით ერთადერთი დასაყრდენი -ხელისუფლების წარმომადგენლობის ფუნქციის გამო არსებული ნდობა გამოეცალა: კუპონის კურსის დაცემამ მიიღო კიდევ  უფრო დრამატული ხასიათი. კუპონის კურსის დინამიკა შემდეგნაირად ვითარდებოდა:

 

1993 წ.  25 ნოემბერი  1 აშშ დოლარი= 44 550კუპონი;  30 დეკემბერი  1 აშშ დოლარი = 102 300კუპონი;  26 თებერვალი 1 აშშ დოლარი = 233 500 კუპონი; 31 მარტი 1 აშშ დოლარი = 384 000კუპონი;   21 აპრილი  1 აშშ დოლარი = 1 025 000კუპონი;

 

1994 წ.  26 მაისი 1 აშშ დოლარი = 805 000კუპონი;  25 ივნისი  1 აშშ დოლარი = 814 000კუპონი; 28 ივლისი 1 აშშ დოლარი =  915 000კუპონი;  20 სექტემბერი 1 აშშ დოლარი = 2 400 000კუპონი; 23 სექტემბერი 1 აშშ დოლარი =  2 400 000კუპონი; 29 სექტემბერი  1 აშშ დოლარი = 2 350 000კუპონი.

 

ახალმა გუნდმა ჩაიბარა კურსი 1 აშშ დოლარი = 17 068 კუპონი და ერთი წლის თავზე „გაექცა“ კურსი 1 აშშ დოლარი= 2 400 000 კუპონამდე.



საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით 1995 წლის 23 იანვრიდან „დაჭერილ“ იქნა სტაბილურად კურსი 1 აშშ დოლარი = 1 300 000კუპონი.

 

ჩამოყალიბების მანკიერი პრაქტიკა (ხაზს ვუსვამთ, რომ ეს არ იყო კროსკურსი, არამედ ეს იყო მახინჯი წანმონარქმნი, რომელიც ასაზრდოებდა ჩრდილოვან ეკონომიკას). თვალსაჩინოებისთვის ავღნიშნოთ, რომ 1994 წლის 20 და 23 დეკემბერს იყო ერთნაირი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში ( 2 400 000 კუპონი), ხოლო რუბლთან მიმართებაში იყო პირველ შემთხვევაში 1030, ხოლო მეორე შემთხვევაში 990 კუპონი. 1995 წლისთვის აშშ დოლართან უცვლელი კურსის შემთხვევაში იცვლებოდა რუბლთან მიმართების კურსი.

 

1995 წლის 2 ოქტომბრის წინ არ გადაჭრილა რუსეთის სამხედრო პერსონალის რუბლით სარგებლობის პრობლემა, ანუ არ დასრულებულა ეროვნული ვალუტის ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად დამკვიდრების პროცესი.

 

არ მომხდარა ბანკნოტებისა და მონეტების მატრიცების მოდიფიცირება ქვეყნის პოლიტიკური ცვლილებების შესაბამისად, როგორც ეს განხორციელდა 1999 წელს. შედეგად მიმოქცევაში გამოვიდა ფული, რომელსაც არ ეწერა სწორად ქვეყნის კონსტიტუციით განსაზღვრული დასახელება ( „საქართველოს რესპუბლიკის“ ნაცვლად უნდა ყოფილიყო „საქართველო“), ფულზე არ არის საქართველოს გერბი და პირველ გამოშვებას, რომელიც მიმოქცევაში გამოვიდა 1995 წლის ოქტომბერში აწერია „1993“. პირველი გამოშვების ქაღალდის კუპიურები   უკვე აღარ არის(იმავე პერიოდში დაიბეჭდა 500 ლარიანი კუპიურები,  შოთა რუსთაველის გამოსახულებით,რომელიც მიმოქცევაში არ გასულა და რომელსაც იგივე წარწერები აქვს, რაც სხვა 1993 წლის კუპიურებს)მიმოქცევაში, თუმცა ხურდა ფული აღნიშნული ნაკლოვანებებით დღესაც მიმოქცევაშია.

 

რა იყო იმ სისწრაფის მიზეზი, რომ მხოლოდ პოპიაშვილ-დვალიშვილის ფაქსიმილეები შეცვალეს იაკობიძე-ჯავახიშვილის ფაქსიმილეებით და შემოღებისთვის არც საუკეთესო პირობების შექმნას დალოდებიან  და არც ფულზე წარწერების კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა უცდიათ? რა იყო საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 7 სექტემბრის №344 ბრძანებულების მთავარი მოტივი 1995 წლის 2 ოქტომბრიდან ლარის შემოღების გადაწყვეტილების მიღების დროს?

 

1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული საქართველოს კონსტიტუციით განისაზღვრა 5 ნოემბრის საპარლამენტო  და საპრეზიდენტო არჩევნების ერთად ჩატარება. „მოქალაქეთა კავშირმა“ და ედუარდ შევარდნაძემ საარჩევნო კამპანია დააფუძნეს ლარის შემოღებაზე. ამიტომაც იქნა დაჩქარებული ეს პროცესი და  ტექნიკური საკითხი -კუპონის დენომინაცია-აყვანილ იქნა „წარმატებული ფულადი რეფორმის რანგში“.  ის ფაქტი, რომ  1995 წლის 2 ოქტომბერს მოხდა კუპონის დენომინაცია,  შემცირდა მისი მაშტაბი მილიონჯერ და დადგინდა გადაცვლის კურსი 1 აშშ დოლარი = 1, 3 ლარი, არ იყო საკმარისი საარჩევნო პროპაგანდისთვის. მოხდა ლარის, როგორც წარმატებული პოლიტიკის მაჩვენებლად წარმოჩენა. წარმოდგენილ იქნა ლარით კუპონის დამარცხების ლეგენდა, რომელშიც მოიძებნა ადგილი იმ ადამიანთა ჰეროიკისადმი, ვინც ამ პერიოდში ხელმძღვანელობდა ეკონომიკის ვექტორს (ოთარ ფაცაცია-ამირან ქადაგიშვილი-ნოდარ ჯავახიშვილი-დავით იაკობიძე-ვლადიმერ პაპავა) და რომელთაც ლართან დაკავშირებით ყველა საკითხი მომზადებული დახვდათ (პოლიტიკური ბედის მაგალითი, თუ პროფესიული კომპრომისი, როდესაც ზემოთ აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრის გარეშე, გზა მისცეს ლარის შემოღებას?).  მოქალაქეთა კავშირმა 1995 წლის საპარლამენტო არჩევნები მოიგო , შევარდნაძეც გახდა პრეზიდენტი. დღეს არც მოქალაქეთა კავშირია და არც შევარდნაძე, მაგრამ მათ მიერ დამახინჯებული ისტორია ჯერ კიდევ ცოცხლობს, მათ მიერ ლარის პოლიტიზება მისი შემოღებისთანავე, შემოღებიდან 20 წლის შემდეგაც ვერ გათავისუფლდა ამ სენისგან!

 

რეალური ისტორია კი ასეთია: პოსტსაბჭოთა პერიოდში პირველი ქართული ვალუტა იყო კუპონი  1993 წლის 3 აგვისტოს მისი ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადების შემდეგ. 1993 წელს მომზადდა კუპონის შესაცვლელად ფულის სისტემის ცვლილების პაკეტი, განისაზღვრა ფულის ერთეულის სახელად „ლარი“ და „თეთრი“, დამზადდა ფულის მატრიცა. 1995 წლის 2 ოქტომბერს დენომინირებული მაშტაბითა და ახალი სახელწოდებით- ლარი იქნა ბრუნვაში გაშვებული. თუ ვიმსჯელებთ საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკის მიხედვით, როდესაც ბავშვს (განსაკუთრებით ვაჟებს) სხვადასხვა მოსაზრებით (ჯარში წაყვანა) დაბადებიდან დაგვიანებით ატარებდნენ  რეგისტრაციაში, ლარის საქმეც ასეა: ლარი დაიბადა 1993 წელს, ხოლო „მეტრიკაში“ მას დაბადების წლად უწერია 1995 წელი.

 

კითხვა მეხუთე: რა დრო დასჭირდა ლარის პოლიტიზირებული შემოღების გამო დაშვებული კომპრომისების გამოსწორებას?

 

როგორც აღინიშნა, დღემდე არ არის აღმოფხვრილი ის შეხედულება თითქოს ლარი იყოს პოსტკომუნისტური საქართველოს პირველი ეროვნული ვალუტა და მისი შემოღება წარმოადგენდა საქართველოს ავტონომიური ფულადი სისტემის შემქმნელ რეფორმას.

 

დღემდე არ არის აღმოფხვრილი ის ფაქტი, რომ საქართველოში მიმოქცევაშია ფული, რომელზეც ქვეყნის დასახელება არ შეესაბამება მის კონსტიტუციურ სახელწოდებას, გამოშვების თარიღი არ ემთხვევა მიმოქცევაში გაშვების თარიღს, მონეტის ავერსზე არ არის ქვეყნის ღერბი.

 

2001 წლამდე, ანუ მთელი 6 წლის მანძილზე გრძელდებოდა რუსული რუბლის მიმართ კურსის ავტონომიურ რეჟიმში დადგენა.

 

მხოლოდ მეექვსე წელიწადს  2001 წლის 23 მაისს მიიღო საქართველოს პარლამენტმა დადგენილება „საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული ვალუტის – ლარის ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გამოყენების შესახებ“. დადგენილებაში ნათქვამია, რომ „საქართველოს პარლამენტი ქვეყნის ტერიტორიაზე ეროვნული ვალუტის – ლარის ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გამოყენების უზრუნველყოფას საქართველოსათვის სასიცოცხლო მნიშვნელობას ანიჭებს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად ხელისუფლების არაერთი მცდელობისა, საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზები არ იცავენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნას საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული ვალუტის – ლარის, როგორც ერთადერთი კანონიერი საგადამხდელო საშუალების, გამოყენების შესახებ. (ხაზგასმა ჩვენია-მ.ჯ.).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართვლოს პარლამენტი ადგენს: 1. საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულმა რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზებმა (ქვეყნის ტერიტორიაზე დისლოცირებული მათი ცალკეული ნაწილებისა და ქვედანაყოფების სახით) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საგადამხდელო საშუალებად გამოიყენონ მხოლოდ საქართველოს ეროვნული ვალუტა“. 

 

თუ რა ზიანი მოუტანა მოვლენების ზემოთ მითითებულმა ფაქტებმა ქვეყანას ამჟამად აქ არ შევეხები, რადგან, ის არ წარმოადგენს მოცემული სტატიის მიზანს - ცალკე შესწავლის საგანი უნდა გახდეს. თუმცა, ფაქტია, რომ ლარმა ვერ მოიშორა დაბადებიდან არსებული პოლიტიკური ნიშანი და მასთან დაკავშირებული საკითხები  დღესაც - 2015 წლის შემოდგომაზე, საქართველოში  პოლიტიკური დებატების უცვლელ თემად რჩება! 

 

„ქართული პლატფორმა“

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: