ირაკლი ღარიბაშვილი: შარშან საქართველოს ეწვია დაახლოებით ხუთი მილიონი ტურისტი

ირაკლი ღარიბაშვილი: შარშან საქართველოს ეწვია დაახლოებით ხუთი მილიონი ტურისტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნიუ-იორკში საინვესტიციო ფორუმზე - Georgia-Making Business Easy შეკრებილ მსოფლიოს წამყვან ინვესტორებს მიმართა. მთავრობის მეთაურმა ისაუბრა იმ მნიშვნელოვან შესაძლებლობებზე, რომლებსაც საქართველო ინვესტორებს წარმოების სექტორში ინვესტირების კუთხით სთავაზობს და ბიზნესმენებს ევროკავშირთან, თურქეთსა და რეგიონის სხვა ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გათვალისწინებისკენ მოუწოდა.

 

ირაკლი ღარიბაშვილი ასევე შეეხო სახელმწიფო პროგრამას - "აწარმოე საქართველოში", რომელიც სოფლის მეურნეობაში ინვესტირებით დაინტერესებულ პირთათვის 2014 წლის ივნისიდან მოქმედებს.

 

მზარდი ტურისტული პოტენციალი იყო კიდევ ერთი თემა, რომელზეც მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა.

 

"მართალია, საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ტურისტული აქტივობების ფართო ასორტიმენტი, მათ შორის პლაჟები, სათხილამურო კურორტები, ვენახები, უძველესი ქვაში ნაკვეთი ქალაქები, დიდებული მთები და ნაკრძალები, ასევე ძველი თბილისის ისტორიული ნაწილი. საქართველო ტურისტებისთვის მიმზიდველია მთელი წლის განმავლობაში. ჩვენი ქვეყნის, როგორც ღვინისა და სამზარეულოს აკვნის, ისტორიას აქვს ღვინისა და კულინარიული ტურიზმის შემდგომი განვითარების პოტენციალი. შარშან საქართველოს ეწვია დაახლოებით ხუთი მილიონი ტურისტი, ანუ ქვეყნის მოსახლეობაზე მეტი. აღმოსავლეთ ევროპიდან, რუსეთსა და შუა აზიიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა გაორმაგდა. სასტუმროები, როგორც წესი, 75-პროცენტიანი დატვირთვით მუშაობენ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

რაც შეეხება ლოგისტიკას, მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე, რომელიც დააკავშირებს აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს, ასევე უზრუნველყოფს კონტეინერების, ტვირთისა და მგზავრთა ეკონომიურ ტრანსპორტირებას აზიიდან ევროპაში 45 პროცენტით უფრო სწრაფად.  ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პირველ წელიწადს, სრულად ამოქმედების შემდეგ, სარკინიგზო მაგისტრალის ტვირთბრუნვა და მგზავრთა ტრანსპორტირების ოდენობა იქნება ხუთი ტონა და მილიონი მგზავრი, ხოლო მომდევნო წლებში ეს მაჩვენებელი გასამმაგდება.

 

"ავტობანების რეაბილიტაციასა და მშენებლობასთან ერთად, ეს ინიციატივები ავსებენ და მხარს უჭერენ სხვა პროექტებს, რომელთა მიზანიცაა ევროპისა და აზიის დაკავშირება. მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა საქართველოს პორტებზე, რაც ასახავს კიდეც მოსალოდნელ ეკონომიკურ ტენდენციას. მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა შავ ზღვაზე ახორციელებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას. ეს პროექტი მოიცავს შვიდ ფაზას. პორტი, რომლის ყოველწლიური ტვირთბრუნვა იქნება 100 მილიონი ტონა, ახალ დონეზე აიყვანს საქართველოს ლოგისტიკურ შესაძლებლობებს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: