უჩა ნანუაშვილი ახმედ ჩატაევთან დაკავშირებით"კურიერში" გასულ რეპორტაჟს ეხმაურება

უჩა ნანუაშვილი ახმედ ჩატაევთან დაკავშირებით"კურიერში" გასულ რეპორტაჟს ეხმაურება

სახალხო დამცველი მოუწოდებს "რუსთავი 2"-ს პატივი სცენ მათივე პროფესიულ საქმიანობას, თავი შეიკავონ არასწორი ფაქტების გავრცელებისაგან

 

სახალხო დამცველი 2015 წლის 9 ოქტომბერს, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" საინფორმაციო გადაცემა "კურიერში" გასულ რეპორტაჟს ეხმიანება, რომელიც ახმედ ჩატაევის ამერიკის შეერთებული შტატების ტერორისტთა გლობალურ სიაში შეყვანის ფაქტზე მომზადდა.

 

"რეპორტაჟის მთელი პათოსი იმაში მდგომარეობს, თითქოსდა ორგანიზაცია, რომლის ხელმძღვანელი 2012 წელს ამჟამინდელი სახალხო დამცველი იყო, "ტერორისტ" ახმედ ჩატაევს იცავდა და მის გათავისუფლებას მოითხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩატაევის ბრალზე არასამთავრობო ორგანიზაციის ახლანდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა სრული განმარტება გააკეთა, "კურიერის" ჟურნალისტი ხაზს უსვამს სახალხო დამცველის როლს ამ საქმეში და მიუთითებს, რომ თითქოს და უჩა ნანუაშვილი თავს არიდებს საუბარს.

 

სახალხო დამცველი ტელეკომპანიას ჩატაევის საქმის შესახებ სწორ ფაქტობრივ გარემოებებს შეახსენებს: საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ახმედ ჩატაევს ბრალი ტერორიზმში წაყენებული არასოდეს ჰქონია; იგი დააკავეს 2012 წლის 28 აგვისტოს სოფელ ლაფანყურში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად. დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ახმედ ჩატაევი იმ დროს საქართველოს შს სამინისტროს მაღალმა თანამდებობის პირებმა შეიარაღებული ჯგუფის წევრებთან ე.წ. "მომლაპარაკებლად" გააგზავნეს. სპეცოპერაციის დროს კი იგი დაიჭრა, რასაც მისი დაპატიმრება მოჰყვა იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებისათვის. ახმედ  ჩატაევს საადვოკატო მომსახურებას "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ადვოკატი უწევდა. საქმის განხილვის შედეგად, ახმედ ჩატაევი თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა წარდგენილ ბრალდებაში და გაათავისუფლა. ცნობილია ისიც, რომ ახმედ ჩატაევი 2003 წლიდან ლტოლვილის სტატუსით, ოჯახთან ერთად ავსტრიაში ცხოვრობდა", - წერია უჩა ნანუაშვილის განცხადებაში.

 

ამასთან, სახალხო დამცველი შეახსენებს მედიაკომპანიას, რომ იგი დღემდე მოითხოვს 2012 წლის აგვისტოში, ლოპოტას ხეობაში მომხდარი სპეცოპერაციის გამოძიებას. "გამოძიებამ, მათ შორის პასუხი უნდა გასცეს ახმედ ჩატაევის და იმ დროს შს სამინისტროს არაერთი თანაშრომლის როლს სოფელ ლაფანყურში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, თუმცა, გამოძიება უშედეგოდ გრძელდება.

 

შესაბამისად, გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება რუსთავის 2-ის მიერ სიუჟეტში გასული ცრუ ინფორმაცია. ბუნებრივია, პროფესიული საქმიანობისადმი მსგავსი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ბადებს ლეგიტიმურ კითხვებს - ემსახურება თუ არა ამ მედიის საქმიანობა მის მთავარ მიზანს საზოგადოების ინფორმირებისა და საკითხის ირგვლივ ჯანსაღი დისკუსიის გაჩენის შესახებ.

 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 1 მუხლის მიხედვით, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია, ხოლო, ქარტიის მე-5 მუხლის თანახმად, მედია ვალდებულია შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება", -წერია განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: