Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (7)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
16-10-2015, 12:14
ნანახია: 1010

რატომ „გაგვანაწყენა“... პატრიარქმა?!

საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოველში საზეიმო ქადაგებისას ტკივილით აღნიშნა:

 

„ჩვენ გადავეჩვიეთ შრომას, ინტელექტუალურ შრომას, გონებრივ შრომას, ფიზიკურ შრომას და გვინდა, რომ ყველაფერი შრომის გარეშე მოვიდეს - ეს არ არის სწორი...

 

ჩვენ ლოცვით უნდა დავიწყოთ შრომა - ჯერ უნდა ვილოცოთ, უნდა ვთხოვოთ უფალს ლოცვა-კურთხევა და მერე ის შრომა, რომელსაც შენ გასცემ, იქნება დალოცვილი და კურთხეული“.

 

„კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდა“-ო, ნათქვამია. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, კარგი გამგონი ნაკლებად აღმოჩნდა - ბევრს ეყო თავხედობა და უწმინდესს ქადაგების მოტივი დაუწუნეს - როგორ ბედავ და გვსაყვედურობ, სად გვაქვს სამუშაო (გავწყდით უმუშევრობით), თორემ ხელებზე მაზოლი გაგვიჩნდებოდაო.

 

შრომას რომ გადაეჩვია ქართველი კაცი, ამას დღეს მტკიცება არ სჭირდება - სწორს ბრძანებს პატრიარქი: „გვინდა ყველაფერი შრომის გარეშე მოვიდეს“, მაგრამ, რატომღაც არ მოდის და ამას სხვას ვაბრალებთ: ვაბრალებთ ხელისუფლებას, რომელიც სამუშაო ადგილებს არ ქმნის (რა თქმა უნდა, ეს მის ინტერესში არ შედის, რადგან გარედან თავსმოხვეული დირექტივებს ვერ დაარღვევს), რადგან, დაუსაქმებელი და ყოველდღიურ სარჩო-საბადებელზე მოწანწალე ხალხის მართვა გაცილებით იოლია.

 

მეორეც, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საღატაკის ზღვარს უახლოვდება (ბევრიც სიღატაკის ზღვარს მიღმაც ცხოვრობს), ხელისუფლება ყოველთვის განცხრომაშია - ადრინდელი მაქინაციები და სახელმწიფო აპარატის კორუფციაში ჩაფლობა ლეგალურმა პრემია-ხელფას-დანამატებმა შეცვალა. არც მაქსიმალურ კომფორტს (ძვირადღირებულ მანქანებს, ასევე ძვირადღირებულ უაზრო საზღვარგარეთულ ვოიაჟებს, უმაღლესი კლასის რეზიდენციებს) იკლებენ ამ კატასტროფული ინფლაციის პერიოდში პენსია 20 ლარით რომ მოუმატონ, ხელისუფლების მზეს უნდა ფიცულობდე და ათასი მადლობაც უნდა გადაუხადო. თუ გზები შეკეთდა, ან ელემენტარული ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა, სულ უნდა აქო და აქო!

 

შეიძლება ვცდები და ხელისუფლები ჩვენგან ამას არ ითხოვს - არც აინტერესებს, ჩვენ რას ვფიქრობთ მასზე, მაგრამ ჩვენ ხომ გვაქვს „მადლიერების“ მოჭარბებული გრძნობა _ „ამაგი“ ათმაგად უნდა დავუფასოთ.

 

იშვიათად თუ ვიტყვით, რომ ნებისმიერი ხელისუფლება წურბელასავით გვაზის თავზე და ჩვენს „სისხლს“ წოვს და წოვს - ჩვენს მიერ ავად თუ კარგად შექმნილით იკვებება და თუ უკმაყოფილების მსგავსი რამ წამოგცვდა, უარესი პერსპექტივის (უარესი ხელისუფლების) ილუზიას გვიქმნის.

 

ახლა ისევ თემას დავუბრუნდეთ: რატომ გადაეჩვია ქართველი კაცი შრომას?

 

გვახსოვს, იმ ავადსახსენებელ კომუნისტურ ექპოქაში შრომა ყველასთვის სავალდებულო იყო: უმუშევრობა არა მარტო სირცხვილად ითვლებოდა, არამედ, კანონითაც ისჯებოდა კიდეც! დღეს, მართალია კანონი უმუშევრობის გამო არ გვსჯის, მაგრამ არც გვავალდებულებს!

 

ასე და ამგვარად, შრომამ დაკარგა მოთხოვნილების „მაგიური“ ძალა და იგი წუწუნისა და სიღატაკის სინონიმად იქცა - ადამიანი უმუშევრობას მიეჩვია და თავისი უილაჯობით მხოლოდ უფლის შემყურედ დარჩა.

 

უფროს თაობას კარგად ახსოვს, სოფლებში როგორ ნადგურდებოდა საბჭოთა კოლმეურნეობები და მეურნეობები, როგორ იძარცვებოდა ხალხის შრომით და ჯაფით შექმნილი ქონება, აგურ-აგურ როგორ შლიდნენ შენობა-ნაგებობებს... გვახსოვს უპატრონობისგან, ჟანგად ქცეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაც, რომელიც შემდგომში მხოლოდ ჯართის ფუნქციას ასრულებდა. ანალოგიურად დავშალეთ (ჩალის ფასად ჩავუგდეთ ხელში მაქინატორებს) რაიონებში და ქალაქებში არსებული საწარმოები, ათეულ ათასობით კვალიფიციური სპეციალისტები ქუჩაში დავტოვეთ. მაშინ პროტესტის არანაირი გრძნობა არ გაგვაჩნდა და არც იმაზე გვიფიქრია, რომ ქუჩაში გაყრილი ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც ოჯახს პატიოსანი შრომით ინახავდნენ, უმუშევართა არმიას შეუერთდებოდნენ და ქვეყანაც თავზე დაგვექცეოდა!

 

ცალკე საუბრის თემაა ყოფით ნიადაგზე დანგრეული ოჯახები, რომელმაც ლამის სიმტკიცის ბალავარი გამოაცალა ქართულ ოჯახურ ტრადიციებს.

 

სამწუხაროდ, არ გვინდა ვაღიაროთ, რომ შრომას მართლაც გადავეჩვიეთ. წარამარა ვწუწუნებთ, რომ გაუსაძლის პირობებში ვიმყოფებით, მაგრამ არ გვინდა გამოვტყდეთ, რომ ამაში ცოტაზე მეტი ჩვენი „დამსახურებაა“ - დიახ, ეს მწარე რეალობა შემგუებლური ინსტინქტის ჩამოყალიბების, ბრძოლის უნარის გაქრობის ბრალიცაა!

 

მართალია, უმუშევრობამ წალეკა საქართველო, მაგრამ გულზე ხელი დავიდოთ და ვაღიაროთ: ვინც მუშაობს, ის მაქსიმალურად იხარჯება (არა აქვს მნიშვნელობა კერძო სტრუქტურაშია თუ სახელმწიფო)?

 

ვართ კი დაინტერესებული, ყოველთვის მაქსიმალური შედეგებით? რამდენად გულიანად ვეკიდებით მინდობილ საქმეს თუ არჩეულ პროფესიას?

 

ეს ის კითხვებია, რომელზეც პირდაპირი პასუხი არ გვაქვს, ან არ გვინდა ვუპასუხოთ!

 

რაც შეეხება უწმინდესის ფორმულას, რომ ლოცვით უნდა დავიწყოთ შრომა და უფალს ვთხოვოთ ლოცვა-კურთხევა, რომ ჩვენი შრომა იყოს დალოცვილი და კურთხეული, სწორი ბრძანებაა, მაგრამ უფალს ისიც უნდა ვევედროთ, რომ შრომის უნარი მოგვმადლოს!.. და მერე იმის უნარიც, რომ ვაიძულოთ ხელისუფლება შექმნას ქვეყანაში სამუშაო პირობები, რომელსაც ის შეგნებულად გაურბის!

 

 

საბა საბახტარაშვილი