„ქართული პლატფორმა“: რატომ არ წყალობს საქართველოს მთავრობა ინტერნეტ-ბაზარს?!

„ქართული პლატფორმა“: რატომ არ წყალობს საქართველოს მთავრობა ინტერნეტ-ბაზარს?!

 

საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, ქვეყანამ, მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს რეგიონში ICT-ისა და ინოვაციების ექსპორტის, ინტერნეტ-ბაზრისა და ელექტრონული მმართველობის განვითარების მიმართულებით.

 

აღსანიშნავია, რომ ინტერნეტ-ბაზრის განვითარება სტიმულირებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ბიუჯეტის შევსების ახალი წყაროების წარმოჩენას, ეკონომიკური აქტივობის ზრდას, ახალი ბაზრების წარმოჩენას, სიღარიბის მასშტაბების შემცირებას,  ონლაინ ვაჭრობისა და ონლაინ გარიგებების გააქტიურებას.

 

აღნიშნულ ფონზე, საქართველოს ინტერნეტ-გარემოს (ინტერნეტ-ბაზარი, ელექტრონული მმართველობა, ელექტრონული კომერცია) განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას სახელმწიფოს დაფინანსება წარმოადგენს. 

 

2016 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველ ვარიანტში (ისევე, როგორც წინა წლებში) მცირეა ინტერნეტ-ბაზრისა და ელექტრონული მმართველობის განვითარების მიზნით გამოყოფილი ფინანსური რესურსები. ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა: ელექტრონული კომერციის ხელშეწყობის, მოსახლეობის კომპიუტერიზაციის დაფინანსების, ინტერნეტ-კომპანიებისა და ელექტრონული ბიზნეს-მოდელების წარმოქმნის ფინანსური რესურსები. ასევე, არასაკმარისია პოლიტიკური და სამართლებრივი მხარდაჭერის პროგრამები.

 

იმისათვის, რომ ქვეყანაში, ელექტრონული ბიზნესი განვითარდეს, საწყის ეტაპზე, საჭიროა მისი ხელშეწყობა და დაფინანსება, რომლის უზრუნველყოფაც სახელმწიფო და კერძო სექტორის პარტნიორობის საფუძველზე მოზიდული კაპიტალითა და ფინანსური ინსტრუმენტებითაა შესაძლებელი (ასევე, პროგრამებით). 

 

დღეს, ცალკეული სამინისტროების მიერ წარმოებული ელექტრონული მმართველობის ცალეკული კომპონენტების დანერგვის ღონისძიებები არაკოორდინირებული, ფრაგმენტული და უსისტემოა. შესაბამისად, მისგან მიღებული სარგებელი თვალსაჩინო არაა. 

საქართველოში, ელექტრონული გარემოს ტექნიკურ მხარდაჭერასა და ელექტრონული მომსახურების შექმნაზე იმაზე მეტი თანხა იხარჯება, ვიდრე საზოგადოების მიერ აღნიშნული ტექნოლოგიების ათვისების პროცესზე. შესაბამისად, გვაქვს ტექნოლოგიები, მაგრამ დაბალია საზოგადოების მიერ მისი ათვისების ტემპი.

 

ბაზრის კვლევისა და ანალიზის საფუძველზე, შეიძლება აღინიშნოს, რომ არსებული საბიუჯეტო დაფინანსება საკმარისი არ არის ინტერნეტ-ბაზრის განვითარების, ინფრასტრუქტურის მოდერნიზების, ინტერნეტ-კომპანიების წარმოქმნის, ინტერნეტ-პროდუქტების განვითარების, ელექტრონული ვაჭრობის ზრდის, ელექტრონული კომერციის ექსპორტის, ელექტრონული ბიზნესისა და ინტერნეტ-ეკონომიკის მოცულობის ზრდისთვის.

 

2016 წლის ბიუჯეტის პროექტში ელექტრონული მმართველობის განვითარებაზე გამოყოფილია 2,5 მლნ ლარი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებაზე - 8,5 მლნ ლარი, ერთიანი სახელმწიფო საინფორმაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერის განვითარებაზე 1,7 მლნ ლარი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურებთა განვითარებაზე 6,5 მლნ ლარი. 

 

მცირე დაფინასებისაა ცალკეულ აღმასრულებელ უწყებებში მიმდინარე ციფრული პროცესი, მართვის ელექტრონული უზრუნველყოფა, კიბერგარემოს ხელშემწყობი ღონისძიებები და სხვა ელექტრონული პროცესი. აღნიშნული პროცესისთვის ბიუჯეტის პროექტში გამოყოფილი ასიგნება დაახლოებით 50 მლნ ლარამდეა (ხოლო, ბიუჯეტით და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების/გადასახდელების ჩათვლით 105 მლნ ლარი). 

 

შედარებისთვის, შეიძლება მოვიყვანოთ სხვადასხვა ქვეყნის ბიუჯეტის დაფინანსება ICT-ის განვითარებაზე, რომელიც საკმაოდ სოლიდურია, კერძოდ: აშშ-ის მთავრობის დანახარჯი შეადგენს 75 მლრდ დოლარს, დიდი ბრიტანეთის - 10 მლრდ დოლარს, 4-5 მლრდ დოლარის ფარგლებში მერყეობს კანადის, საფრანგეთისა და ავსტრალიის ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტის დანახარჯი (2013). თურქეთის IT სექტორის განვითარებაზე იხარჯება 24 მლრდ დოლარი,  რუსეთის მიერ მხოლოდ სახელმწიფო უწყებების ინფორმატიზაციაზე იხარჯება 1,105 მლრდ რუსული რუბლი, (2015), აზერბაიჯანის მთავრობა 2020 წლამდე 3,6 მლრდ დოლარის ჩადებასა და წლიურად  1 მლრდ ინვესტიციის მოზიდვას გეგმვას ICT-სა და ტელეკომუნიკაციის სექტორში. 

 

ხაზგასასმელია, რომ IT სექტორის განვითარებაზე მოლდოვა ხარჯავს მშპ-ის 2,3%-ს, ბულგარეთი - 1,8%-ს, სლოვენია 1,9%-ს, ხორვატია - 1,9%, უკრაინა 2,2%-ს (2010), ხოლო სომხეთი - მშპ-ის 1,1%-ს (2009). 

 

სამწუხაროდ, მცირე ფინანსური რესურსების (საქართველოს ბიუჯეტის 1%-იც კი არ არის მიმართული ინტერნეტ-გარემოს გავითარებაზე) და არსებული სტრატეგიული დაგეგმვის პირობებში რთულია, რომ საქართველომ რეგიონში (ICT-სა და ინოვაციების ექსპორტის კუთხით) დაიკავოს წამყვანი ადგილი, თუ მთავრობის პრიორიტეტი გამოსახული არ იქნება განვითარების ეფექტიან სტრატეგიასა და მიზნობრივ  საბიუჯეტო დაფინანსებაში.



მრავალფეროვანია ინტერნეტ-გარემოს განვითარების უზრუნველმყოფი უწყებები, თუმცა, რეალურად ქვეყანას ერთი პასუხისმგებელი უწყება არ ჰყავს, რომელიც შედეგზე პასუხს აგებს  და კოორდინირებას გაუწევს ინტერნეტ-ბაზრის განვითარების პოლიტიკის გატარებასა და მიზნობრივ დაფინასებას. 

დაბოლოს: შეიძლება აღინიშნოს, რომ:

 

  • ინტერნეტ-ბაზრის განვითარება საჭიროებს გაცილებით მეტ ფინანსურ რესურსს (ნაციონალური ბიუჯეტის 2-3%-ს); რითაც მიღწეული იქნება მშპ-ის, დასაქმებისა და პროდუქტიულობის ზრდა;
  • ინტერნეტ-ბაზრის განვითარება საჭიროებს ნოვატორული აზროვნების მმართველობას;
  • აღმასრულებელმა უწყებებმა უნდა ითანამშრომლონ სამეცნიერო საზოგადოებასთან და დაინტერესდნენ ქართველი მეცნიერების კვლევებით (აღნიშნულ ჯგუფებს უფრო ეფექტიანად შეუძლიათ ინტერნეტ გარემოს მოთხოვნის ანალიზი,  ღირებულების შეფასება, სტრატეგიული დაგეგმვა თუ ეკონომიკური მოდელირება). 
  • პრიორიტეტული უნდა გახდეს კომპიუტერიზაციის პროცესი, ინტერნეტის ფასის ხელმისაწვდომობა, ინტერნეტ-კომპანიების წარმოქმნისა და ინტერნეტ-გარემოს განვითარების ხელშეწყობა, რაც უნდა ეფუძნებოდეს მეცნიერების მიერ შემუშავებულ სტრატეგიულ გეგმებს;

 

ნიშანდობლივია ისიც, რომ არსებული საბიუჯეტო დაფინანსების სიდიდე პირდაპირ კავშირშია აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ინტერნეტ-გარემოს შესახებ არსებულ ინფორმაციულ დეფიციტთან (ქვეყანაში შეუძლებელია ინტერნეტ-გარემოს სრული სურათის ასახვა).

 

რატი აბულაძე,

„ქართული პლატფორმის“, 

ელექტრონული მთავრობის მიმართულების ხელმძღვანელი,

ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: