Iverioni
«    სექტემბერი 2018    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სექტემბერი 2018 (9)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
28-10-2015, 11:21
ნანახია: 651

რატომ ვკლავთ საქართველოს მომავალს?!

ერთ დროს გაჩანაგებულმა იაპონიამ, დღეს ერთ-ერთმა წარმატებულმა ქვეყანამ (და არა მარტო იაპონიამ), პრიორიტეტულ  სფეროდ  განათლების დარგი გამოაცხადა და რეალური ღონისძიებები განახორციელა მის განსავითარებლად. საქართველოში, სამწუხაროდ, დეკლარაციებით შემოვიფარგლებით ხოლმე. 

 

შედეგი აშკარაა- იაპონია ურთულესი კომპიუტერული ტექნიკის ავტორია და მსოფლიოს განვითარებულ, ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანათა სიაში მოწინავეა. 

 

რა ხდება ჩვენთან?

 

საქართველოში, ყოფილ საბჭოთა სივრცეში, ოდითგანვე დომინირებდა ფორმულა- ახალგაზრდის (ყმაწვილის) სულიერი და ინტელექტუალური სრულყოფილების მთავარი კომპონენტი  იყო: ოჯახი, სკოლა და საზოგადოება. იქ, სადაც, თუნდათ ერთ-ერთი ფაქტორი იგნორირებულია, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი უშედეგო, ან ნაკლებად ეფექტურია. 

 

დავიწყოთ ოჯახით: სამწუხაროდ, საქართველოში, სადაც ეს ინსტიტუტი უაღრესად მძლავრი ფაქტორი იყო ყმაწვილის ზნეობრივად ფორმირებისთვის, დღეს საერთოდ მოშლილია. სკოლებში მრავალწლიანი მოღვაწეობის საფუძველზე ჩამომიყალიბდა აზრი, რომ ქართული ოჯახების ნახევარზე მეტი (მხედველობაში მაქვს სკოლის მოსწავლეთა მშობლების ოჯახები) საერთოდ  ვერ ან არ იცლის ბავშვის ნორმულურ გზაზე დაყენებისათვის. მათთვის უმთავრესია (სამწუხაროდ), როგორ გამოკვებონ შვილები. მეტიც, 100-მოსწავლიან სკოლაში 40-50 -ის  მშობელთა ოჯახი დანგრეულია, დედა ლუკმაპურის საშოვნელადაა გადახვეწილი, მამა გალოთებულია და ბავშვის ბედი ნაკლებად აღელვებს. უკეთეს შემთხვევაში, თუ ორივე მშობელი ერთადაა, ოჯახში ყოფიერების ნიადაგზე აღმოცენებული დაუსრულებელი ჩხუბი და აყალმაყალია, რომლის თანამონაწილე ბავშვი სწავლისთვის ვერ იცლის. 

 

ჩემი აზრით, ეს მცირეოდენი ახსნა-განარტება გვაძლევს წარმოდგენას იმის შესახებ, რომ დღეს საქართველოში მოსწავლის (ბავშვის) სწავლა-აღზრდის პროცესში ოჯახის როლი უსუსურად გამოყურება. 

 

საზოგადოება - ეს იყო და არის ის გარეფაქტორი, რომელიც ერთ-ერთ წამყვან როლს თამაშობდა მოზარდის ფორმირებაში. აბა, გაიხსენეთ, ჩვენი თუნდაც 20-30 წლის წინანდელი  გარემო: 10-15 წლის ბიჭი გაბედავდა სიგარეტი ეთხოვა მასზე ბევრად უფროსისთვის? თუ გაბედავდა, ან უარს მიიღებდა, ან დარიგებას: შვილო, რა დროს შენი სიგარეტია... რატომ იკლავ თავს... და ა.შ. დღეს? ან მიაწოდებს, ან, უბრალოდ, ეტყვის, რომ არ ეწევა. 

 

საზოგადოებრივ ტრანსპორტში (მეტროსა და ავტობუსებში)  ყოველდღიურად ვაწყდებით ფაქტებს, თუ რა თავხედურად, ცინიკურად და აბუჩად ამგდებივით იქცევიან ჩვენი შვილების ან შვილიშვილების ტოლები და ამის შემსწრე არცერთი ადამიანი ხმას არ იღებს და შენიშვნას არ იძლევა - არ დატუქსავს ამ აღვირახსნილი საქციელის ავტორს. საზოგადოების მხრიდან ასეთი ინდიფერენტული დამოკიდებულება (მე არ მეხება) კიდევ უფრო ათამამებს და ახალისებს ამ ღლაპებს და უბიძგებს ზღვარგადასული ქმედებებისკენ. 

 

სკოლა - სამწუხაროდ, სკოლა გასაწყლებული განტევების ვაცია, რადგან ზემდგომსაც და ქვემდგომსაც (ოჯახს, მშობელს) მიაჩნია, რომ სკოლამ უნდა შეძლოს ყველაფერი; მან უნდა იტვირთოს ოჯახისა და  საზოგადოებისთვის განკუთვნილი ფუნქციების შესრულება და, როგორც მავანნი გვმოძღვრავენ, ინტელექტუალური, იდეურად და ზნეობრივად ჩამოყალიბებული ახალგაზრდის  ფორმირება. სამწუხაროდ, დღეს ამ მისიის შესრულება სკოლას არ ძალუძს. 

 

განათლების მესვეურები დღევანდელი სკოლის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთ  მთავარ ინსტრუმენტად მასწავლებლის ხელფასის ზრდას მიიჩნევენ და თავს გვახვევენ აბსურდულ “მასწავლებელთა კარიერული წინსვლისა და განვითარების სქემას“. 

 

ამ სქემის მიხედვით, სკოლის პედკოლექტივი, კათედრის ხელმძღვანელები და დირექცია მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ ამ საქმით უნდა დაკავდნენ  და  მთავარი-გაკვეთილის ხარისხი - უყურადღებოდაა დატოვებული. 

 

მოიშალა საბჭოთა პერიოდიდან გადმოყოლილი (არ დაგვავიწყდეს, საბჭოთა განათლების სისტემა ერთ-ერთი უძლიერესი იყო მთელ მსოფლიოში. საბჭოთა ფიზიკოსის, მათემატიკოსის, მათ შორის, საქართველოს მეცნიერების წვლილი განუზომელია კოსმოსის ათვისების, კობერნეტიკისა და ფიზიოლოგიის განვითარებაში) სასკოლო ინსპექტორისა და მეთოდისტის სამსახური. 

 

სკოლის ინსპექტორისა და მეთოდისტის სამსახური  (ინსტიტუტი) დაკომპლექტებული იყო კვალიფიციური, სასკოლო გაკვეთილების პროცესის წარმართვის მცოდნე კადრებით. მათი სკოლაში სტუმრობა მასწავლებლის, ძირითადად, დამწყები პედაგოგის მეთოდურ დახელოვნებას ემსახურებოდა. დღეს კი ამ ფუნქციის შესრულება სკოლასა და კათედრას დაევალა. არადა, კათედრის ხელმძღვანელი იმავე სკოლის პედკოლექტივის წევრია და ის თავისი კოლეგის მიმართ ვერ იქნება ისეთი მოთხოვნების წამყენებელი, როგორიც განათლების ორგანოებიდან მოვლენილი კომპეტენტური წარმომადგენელი იქნებოდა! 

 

საქართველოს თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებელი უშვებს დიპლომიან მასწავლებელს, რომელსაც არცერთი გაკვეთილი არ აქვს ჩატარებული. ასეთი პედაგოგის დახელოვნებას რომელი სკოლა ან სკოლაში არსებული სქემა თუ კათედრა უზრუნველყოფს?!

 

ახელმწიფო, სამწუხაროდ, არ ერევა საინფორმაციო საშუალებების, პირველ რიგში, ტელევიზიების, როგორც კერძო საკუთრების, საქმიანობაში, რის გამოც, იმ საათებში, როცა მოზარდ-მოსწავლე გაკვეთილებს უნდა სწავლობდეს, ეთერი დაკავებული აქვს ათასგვარ არაფრისმომცემ სერიალებს,  გადაცემებს ძალადობისა და სექსუალური აღვირახსნილობის თემებზე. 

 

მე-8-მე-10 კლასის ბიოლოგიური მომწიფების ასაკში მყოფი  მოზარდი- ამ გადაცემების აქტიური მაყურებელი ან მსმენელი- მეორე დღეს  “ნახევრად გამოშტერებული“ ზის გაკვეთილზე და მასწავლებელი უძლურია მას რაიმე ასწავლოს! 

 

ნუთუ ასე შეუძლებელია თუნდაც ერთი, ყველასთვის ხელმისაწვდომი პოპულარული ტელეარხის ეთერი დაეთმოს საჯარო ლექციებს ქართულ ლიტერატურაზე, ფიზიკაში, ქიმიაში, ისტორიაში!...

 

სამწუხაროდ, მავანნი და მავანნი, ვისაც დღეს ხელი მიუწვდება განათლების ბერკეტების მართვაზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივად ხსნიან (ან ხელს უწყობენ) “აბიტურიენტთა და სკოლის მოსაწვლეთა მისამზადებელ ცენტრებს“. იმას, რასაც სახელმწიფო უკრძალავდა პედაგოგებს (რეპეტიტორობას ვგულისხმობ), ახლა თვითონ ახალისებს და აკანონებს,  პედაგოგთა პრაქტიკული დახელოვნების მძლავრი ცენტრის შექმნის ნაცვლად!

 

გიორგი ქობულია