რა წარადგინა საქართველოს მთავრობამ ბრიუსელში?

რა წარადგინა საქართველოს მთავრობამ ბრიუსელში?

საქართველოს ხელისუფლებამ, ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მეორე სხდომაზე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების შესახებ სრული ანგარიში წარადგინა. 

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიმდინარეობა, ეკონომიკური და სექტორული თემები, ვიზალიბერალიზაციის პროცესი, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, რეგიონში არსებულ ვითარება და ახალი გამოწვევები განიხილეს. 

 

სხდომას ევროკავშირის მხრიდან _ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, საქართველოს მხრიდან კი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უძღვებოდნენ. 

 

პრემიერ-მინისტრმა, საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით, საფრანგეთში მომხდარი ტერაქტების გამო თანაგრძნობა და მწუხარება კიდევ ერთხელ გამოხატა და მომხდარს საერთო ტრაგედია უწოდა. 

 

ირაკლი ღარიბაშვილმა, მისასალმებელ სიტყვაში  საქართველოს ევროპულ მომავალზე და ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

 

"საქართველოს განზარახული აქვს წარმატებით წავიდეს წინ ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ დავიწყეთ ასოცირების შეთანხმების განხორციელება, გვაქვს მთელი რიგი შედეგები და მზად ვართ კიდევ უფრო მივუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტებს. ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქეებსაც უნდა ვაჩვენოთ პროგრესი. უვიზო მიმოსვლა იქნება მთავარი შედეგი ამ მიმართულებით. ჩვენ თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს, რათა საქართველოს პროგრესი შეფასდეს სათანადოდ", -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ფედერიკა მოგერინიმ საქართველოს მთავრობის მეთაურს თბილისში ვიზიტის დროს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, საქართველომ წარმატებით განახორციელა რეფორმები და იმედი გამოთქვა, რომ პროგრესი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება. 

 

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: