Iverioni
«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
18-11-2015, 10:43
ნანახია: 1934

„ცისკრის ვარსკვლავი“ ხარაგაულიდან, ანუ რატომ დასჭირდა იზა ვეფხვაძეს „რკინის ქალამნები?!

მას ძალიან ბევრი იცნობს - ზოგი ახლოს მისვლას და გაშინაურებასაც ახერხებს, ზოგიც მისი შემოქმედებით დატყვევებულია და ერთი სული აქვთ, როდის იხილავენ სცენის ნამდვილი ვირტუოზის ახალ რეპერტუარს, რომელიც სახელოვანი თანამემამულეების ცხოვრებას წიგნივით გადაგიშლის და სულიერ საგზლად გაგაყოლებს!

 

...მასზე ლეგენდებსაც ყვებიან. უკვირთ, როგორ თავსდება ერთ ადამიანში ასეთი არაბუნებრივი, ხალასი ნიჭი, სწორუპოვარი შრომისმოყვარეობა და უშრეტი ენერგია.

 

ბევრს მუშაობს - ნებისმიერ საქმეს, რომელსაც ხელს ჰკიდებს, რუდუნებითა და პასუხისმგებლობით აკეთებს და არაორდინალურ შედეგსაც აღწევს, რაშიც ფენომენალურ მეხსიერებასთან ერთად თავისი გმირის ტკივილისა და სიხარულის იმპროვიზაციის საოცარი უნარიც ეხმარება.

 

ბუნებით მშვიდი და კომუნიკაბელურია. პირველივე შეხვედრაზე გაგრძნობინებს, რომ საქმე გაქვს ჭეშმარიტ ინტელიგენტთან, რომელიც სიღრმითა და მრავალმხრივობით გამოირჩევა.

 

საუბრობს დახვეწილი ქართულით - მშობლიური ენისადმი ღრმა პატივისცემა მის მიერ განსახიერებულ სპექტაკლებში და მისივე ავტორობით გამოცემულ წიგნებშიც იგრძნობა. თვლის, რომ სერიოზული წარმატების მიღწევა პროვინციაშიც შეიძლება - მთავარია გულით მიუდგე საქმეს!

 

 ამიტომაც საასპარეზოდ დედაქალაქი არ აურჩევია - ინსტიტუტდამთავრებული მშობლიურ რაიონს დაუბრუნდა და დაიწყო და დაიწყო...

 

დღეს იგი იმერეთის ერთ-ერთი ულამაზესი კუთხის სავიზიტო ბარათია. პოპულარობისთვის არასდროს უბრძოლია, მაგრამ იგი თავისით მოვიდა - უკვე მთელმა საქართველომ იცის, ვინ არის იზა ვეფხვაძე!

 

დიახ, ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის დირექტორზე, სცენარისტზე, რეჟისორზე  და მსახიობზე, იზა ვეფხვაძეზე მოგითხრობთ.

 

მინი-დოსიე: დაიბადა ხარაგაულის რაიონის სოფელ ბაზალეთში. დაამთავრა ხარაგაულის #3 საჯარო სკოლა და სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი. მეორადი პროფესიით ჟურნალისტია.

 

მუშაობდა ხარაგაულის რაიონულ გაზეთში ჟურნალისტად და პასუხისმგებელ მდივნად. იყო გაზეთ „აღმზრდელის“ რედაქტორი.

 

10 წელზე მეტი იმუშავა ხარაგაულის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორად. იყო რაიონის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი.

 

ამჯერად რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის დირექტორია.

არის არასამთავრობო ორგანიზაცია „სხივის“ თავმჯდომარე და არაერთი პროექტის დირექტორი.

ჰყავს ერთი ქალიშვილი და შვილიშვილი.

 

 

          „ჩემს ხარაგაულს ვერ ვუღალატე!“

 

დაახლოებით ასეთ პერიფრაზით შეიძლება შეფასდეს იზა ვეფხვაძის განვლილი ცხოვრების გზა. ბევრისგან განსხვავებით, დედაქალაქს, სადაც თვითდამკვიდრებისა და საქვეყნო პოპულარობის მეტი საშუალება არსებობს, ზურგი აქცია და საკუთარ ფესვებს - მშობლიურ ხარაგაულს დაუბრუნდა.

 

იზა ვეფხვაძე: „მიუხედავად იმისა, რომ თბილისში დარჩენა შემეძლო, გული მაინც ხარაგაულისკენ მიწევდა. ჯერ კიდევ პირველ კურსზე ყოფნისას ვაგროვებდი მასალებს მშობლიურ რაიონზე. დღეს უკვე ოთხტომეულის ავტორი ვარ, სადაც შევეცადე მკითხველისთვის წარმომეჩინა იმერეთის ამ ულამაზესი რაიონის სიდიადე თვალწარმტაცი ბუნებით და სახელოვანი ადამიანებით. მოთმინებითა და რუდუნებით ვეძებდი მასალებს და მიხარია, რომ მიზანს მივაღწიე - ოთხტომეული დიდი ინტერესით მიიღო მკითხველმა!

 

თანდათან ვრწმუნდები, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, როცა მშობლიურ რაიონს დავუბრუნდი - მივხვდი, რომ პროვინციაშიც შეიძლება საქვეყნო საქმეების გაკეთება. მიუხედავად მრავალმხრივი წარმატებული საქმიანობისა, ჩემს სავიზიტო ბარათად მაინც ლიტერატურული თეატრი მიმაჩნია, რომელიც დღეს სახელოვანი თანამემამულის, რეზო თაბუკაშვილის სახელს ატარებს და რომელმაც არსებობის 20 წლის მანძილზე 53 ლიტერატურული სპექტაკლი დადგა. ნიშანდობლივია, რომ ეს სპექტაკლები დაახლოებით 700-ჯერ იქნა ნაჩვენები თბილისში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. საკმაოდ მრავალფეროვანია რეპერტუარი - იგი მოიცავს ლიტერატურულ სპექტაკლებს სახელოვან მწერლებზე, მეცნიერებზე და ხელოვნების მოღვაწეებზე. დიდი პასუხისმგებლობით ვარჩევ სპექტაკლის გმირებს - ბოლომდე ვუღრმავდები მათი ცხოვრების და მოღვაწეობის ისტორიას და ვცდილობ, მეც „უნაკლოდ“ გავიარო ეს გზა!

 

მადლობა უფალს, შეძლებისდაგვარად ვახერხებ მაყურებლამდე მივიტანო მათი ცხოვრებისეული ტკივილი და სიხარული და ისინი რამდენიმე საათი ჩემი სპექტაკლის გმირების ცხოვრებით ვაცხოვრო!“

 

           * * *

იზა ვეფხვაძემ სცენაზე ბევრი სახელოვანი თანამემამულე გააცოცხლა. თუმცა, ბევრ ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თემასაც შეეხო, რომელსაც დღეს, სამწუხაროდ, გაურბიან. მათ შორის, რამდენიმეს გამოვარჩევ: „საქართველოს შიშველი სატევარი“ (მერაბ კოსტავა), „ამ მიწის ბედი ჩემი ბედია“ (გოდერძი ჩოხელი), „მე წავალ, მაგრამ სამუდამოდ თქვენთან დავრჩები“ (რეზო თაბუკაშვილი), „გალაკტიონის ნატერფალები“ (გალაკტიონ ტაბიძე), „და ჯადოქრობას უფრო ჰგავდა მისი ცხოვრება“ (უშანგი ჩხეიძე), „სიყვარულის სამოსელი“ (გურამ დოჩანაშვილი), „ო, ენავ, ჩემო“, „ჩემი ბაგრატი და ქუთაისი“, „ამ მეგობრობით შევცვლით სამყაროს“ (ეძღვნება ქართულ-ებრაული ურთიერთობის 26-საუკუნოვან ისტორიას)...

 

ნიშანდობლივია, რომ იზა ვეფხვაძის ლიტერატურული სპექტაკლები იდგმება არა მარტო ხარაგაულში და საქართველოს სხვადასხვა რაიონში, არამედ, თბილისშიც - მარჯანიშვილისა და რუსთაველის სახელობის თეატრების სცენაზეც. მას ხშირად მასპინძლობს თსუ-ს სააქტო დარბაზი და თბილისის მსახიობის სახლიც.

 

თეატრი 2013 წლამდე ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკასთან არსებობდა, ხოლო შემდეგ დამოუკიდებელ აიპ-ად ჩამოყალიბდა და როგორც ვთქვით, დღეს „რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის“ სახელს ატარებს...

 

აუცილებელია იმის აღნიშვნაც, რომ „ნაციონალების“ ზეობის პერიოდში, კერძოდ, 2010 წელს, იზა ვეფხვაძის იდილია დაირღვა... თუმცა, მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამის გამო თეატრს ფუნქციონირება არ შეუწყვეტია...

 

 

          რატომ დასჭირდა იზა ვეფხვაძეს „რკინის ქალამნები“?!

 

2007 წელს ქალბატონი იზა ხარაგაულის კულტურის , სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსად დაინიშნა. თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად აეწყო, მაგრამ შავმა კატამ რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და მას შორის მაშინ გაირბინა, როცა მაშინდელმა გამგებელმა თორნიკე ავალიშვილმა რაიონის ერთადერთი კინოთეატრის გაყიდვა გადაწყვიტა. ბუნებრივია, ქალბატონი იზა ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა, რამაც მათ შორის ურთიერთობა დაძაბა.

 

იზა ვეფხვაძე: „ნაციონალებმა“ 2010 წელს სამსახურიდან გამანთავისუფლეს, მაგრამ იმდენი ვიბრძოლე, კინოთეატრი გაყიდვას მაინც გადავარჩინე. სასამართლო პროცესი 2 წელიწადს გრძელდებოდა. მე მგონი, ერთადერთი გამამართლებელი განაჩენი ჩემს სარჩელზე გამოიტანეს - განაცდურიც ამინაზღაურეს და სამსახურშიც დამაბრუნეს, მაგრამ მხოლოდ ერთი დღით გამოვცხადდი და ისევ წამოვედი... შეიძლება ითქვას, ორწლიანი ჯოჯოხეთი გამოვიარე: იყო მუქარები, დაშინებები - მეუბნებოდნენ დაგიჭერთო, მაგრამ არ გავტყდი. მახსოვს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ პროცესზე ღიად განაცხადა: ასეთ კადრს ქვეყანა პირიქით უნდა ეძებდესო.

 

მეამაყება, რომ მაშინ გვერდში დამიდგნენ მწერლები: რეზო ჭეიშვილი, გურამ დოჩანაშვილი და მსახიობი გურამ საღარაძე. ისინი მამხნევებდნენ... დღეს ლიტერატურული თეატრი სწორედ იმ კინოთეატრის შენობაში ფუნქციონირებს.

 

 

           * * *

- ქ-ნო იზა, რამ გიბიძგათ ხელი მოგეკიდათ  ასეთი ფაქიზი და სარისკო საქმისთვის, როგორ არჩევთ სპექტაკლის გმირებს?

 

- უპირველესად, ჩემს ჩანაფიქრს საფუძვლად უდევს საკუთარი ქვეყნის სიყვარული. სპექტაკლის გმირებს ჯანსაღი, ქართული სულის და მათ მიერ გაკეთებული საქვეყნო საქმეების ნიშნით ვარჩევ. ჩემი მიზანია ქართული სული გავაღვიძო მაყურებელში - წარსული შევაყვარო. კვალი, რომელიც დატოვეს ჩვენმა ღირსეულმა წინაპრებმა, უნდა გაცოცხლდეს...

 

- რამდენადაც თავად დავრწმუნდი, თქვენს სპექტაკლებს მაყურებელი არ აკლია. მაინც სად გრძნობთ, რომ თქვენს წინაშე თქვენივე შემოქმედების ჭეშმარიტი დამფასებლები ზიან?

 

- ყველაზე კარგი შემფასებელი მაინც თბილისშია, ხოლო, ყველაზე დიდი სიყვარული მთაში იგრძნობა, სადაც გასვლითი სპექტაკლები გვქონდა.

 

-  როგორც სცენარის ავტორი და მსახიობი, რომელ სპექტაკლს გამოყოფდით. როგორც იტყვიან, მაინც რომელმა გამოიწვია ფურორი?

 

- მე ყველა სპექტაკლზე ერთნაირი პასუხისმგებლობით ვმუშაობ. აქედან გამომდინარე, გამიჭირდება რომელიმე მათგანის გამოყოფა. თუმცა, განსაკუთრებით ემოციურია რეზო თაბუკაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სპექტაკლი: „მე წავალ, მაგრამ სამუდამოდ თქვენთან დავრჩები“, ასევე „საქართველოს შიშველი სატევარი“, რომელიც მერაბ კოსტავას ცხოვრებისა და მოღვაწობის ტრაგიკულ ისტორიას მოგვითხრობს. მაყურებელმა დიდი ინტერესითა და ემოციებით მიიღო სპექტაკლი „მთების ბალადა“, სადაც გაცოცხლებულია ლეგენდარული მთამსვლელების: ალექსანდრე, ალიოშა და სიმონ ჯაფარიძეების გმირული ეპოპეა. საკმაოდ აჟიტირებული იყო ლიტერატურული სპექტაკლი „ამ მეგობრობით შევცვლით სამყაროს“. სპექტაკლი ეძღვნება ქართულ-ებრაული ურთიერთობების 26 საუკუნოვან ისტორიას. იგი წარმოვადგინეთ ყველა იმ ქალაქსა და რაიონში, სადაც ქართველი ებრაელები კომპაქტურად ცხოვრობდნენ.

 

 

          „მე ჩემი გმირის ცხოვრებით ვცხოვრობ“!

 

შეიძლება ასე შეფასდეს იზა ვეფხვაძის დამოკიდებულება საკუთარი სპექტაკლების გმირების მიმართ. იგი  შესანიშნავად ახერხებს უნაკლოდ გაიაროს მათ მიერ გაკვალული ცხოვრების გზა - თან ისე, რომ სცენაზე ერთხელაც არ წაიბორძიკოს. ქალბატონი იზა მაყურებელს აოცებს არა მარტო მსახიობური გარდასახვითა და ჟესტიკულაციებით, არამედ ფენომენალური მეხსიერებითაც.

 

 

- რამდენად რთულია ეს ავტორისთვის?

 

იზა ვეფხვაძე: რა თქმა უნდა რთულია, მაგრამ, როცა სცენარზე ვმუშაობ, 5-6 თვე ვაგროვებ მასალებს. თუ თანამედროვეა, მივდივარ ახლობლებთან და მეგობრებთან ვცდილობ, შევიდე სულის სიღრმეებში. მიყვარს ჩემს მიერ არჩეული გმირი, მას ჩემი ცხოვრების ნაწილად ვაქცევ და ასე გამომაქვს მაყურებლამდე.

 

სპექტაკლის წარმატებას სხვა აუცილებელ თვისებებთან ერთად მსახიობური ნიჭიც უწყობს ხელს... მოკლედ, ჩემს გმირებთან ერთად ვიბადები და მათ მიერ განვლილ გზას გავდივარ...

 

 

          საით მიდის ქართული ლიტერატურა და ხელოვნება?

 

ის, რომ დღეს თანამედროვე ქართულ ლიტერატურას და ხელოვნებას უჭირს, საკამათო არ არის. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: დღეს არც ჭეშმარიტი ლიტერატურა და ხელოვნება გვაქვს (გამონაკლისებს არ ვგულისხმობ) და არც ჭეშმარიტი მკითხველი და მაყურებელი გვყავს. საინტერესოა, რას ფიქრობს ამაზე ქალბატონი იზა ვეფხვაძე, რომელიც შესანიშნავად იცნობს ქართულ ლიტერატურას და ხელოვნებას და მისი ობიექტური შემფასებელია.

 

იზა ვეფხვაძე:  ის, რომ უკან მიდის ყველაფერი, მათ შორის, ქართული მწერლობაც, ცხადია. სამწუხაროდ, გვეცლებიან ჭეშმარიტი მწერლები... რაც შეეხება თანამედროვე ლიტერატურას (მხედველობაშია როგორც პროზა, ისე პოეზია) იგი დეგრადაციის გზას ადგას. დიახ, ჭეშმარიტი ლიტერატურის დეფიციტია და არც იქნება, რადგან, ამაზე შინაგანი მოთხოვნილება არ არსებობს - საზოგადოება უკრიტიკოდ ღებულობს იმას, რასაც აწვდიან და საკუთარ სულს ანაგვიანებს.

 

ჩვენ ეროვნულ ფესვებს მოვწყდით. არადა, რად გვინდა ის შემოქმედება, რომელიც არ აგანთებს, არ აგაფორიაქებს, ქვეყანას არ შეგაყვარებს. სულს ვერ ვხედავ - ბოლომდე უნდა გავიხარჯოთ, რომ მიძინებული სული გავაღვიძოთ.

 

დიახ, მწერალმა, პოეტმა ერის გამოღვიძების მისია უნდა იკისროს - საყვირი უნდა ეკავოთ და პულსზე უნდა ეჭიროთ ხელი, ეს მათი პირდაპირი მოვალეობაა. ვერ ვხედავ მწერალს, ვერც პოეტს, ამას რომ აკეთებდეს - ქვეყნისთვის ყვიროდეს, ერს აფხიზლებდეს. დღეს ვინც მთავრობას ეფერება და დითირამბებს უძღვნის, წიგნებსაც ის გამოსცემს. ერთ-ერთი ნაპერწკალია გურამ დოჩანაშვილი - კაცი, რომელიც საკუთარი ერის ცხოვრებით ცხოვრობს, ერის სატკივარი აწუხებს!

 

დაახლოებით იგივე სიტუაციაა ხელოვნებაში - ქართული ტრადიციული ხელოვნება თანდათან უსულო, უგემოვნებო ნაწარმოებებმა ჩაანაცვლა!

 

 

          * * *

ქ-ნ იზას ძალიან აწუხებს, რომ თანამედროვე ახალგაზრდები გაუცხოებულნი არიან. მათთვის უცხოა ის ტრადიციები და ფასეულობები, რომელიც ქართულ სულს ასაზრდოებს. ფრიად საინტერესოა მისი მოსაზრება, თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ ახალგაზრდებთან, რომ ისინი „უცხო სხეულებს“ გამოვტაცოთ:

 

იზა ვეფხვაძე: დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ ახალგაზრდები ჭეშმარიტების გზაზე დავაყენოთ. მათ უნდა შევაყვაროთ ის ღირსეული ტრადიციები, რითაც ყოველთვის გამორჩეული იყო ქართველი ერი - ტრადიციულ ოჯახებში, ცხადია ტრადიციული ახალგაზრდები იზრდებიან, ხოლო, სადაც თავად აქვთ მიდრეკილება ე.წ. ევროპულობისკენ (არ ვგულისხმობ ჭეშმარიტ ევროპულ ფასეულობებს), იქ ქართული სულის მატარებლები ვერ გაიზრდებიან. დღეს, სამწუხაროდ ახალგაზრდობა ორადაა გაყოფილი - ნაწილი, რომელიც ქართულ ფესვებზე დგას და მეორე ნაწილი (ალბათ, უფრო მეტი), რომელსაც ქართულს ის ე.წ. ევროპული ურჩევნია.

 

სცოდავს სახელმწიფო (უპირველესად, საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც უკუღმართადაა მოწყობილი), სცოდავენ მშობლები, ბებიები და ბაბუები, რომლებიც არ ზრუნავენ გააღვივონ ახალგაზრდებში ეროვნული თვითშეგნება და ეროვნული ფასეულობებისადმი პატივისცემა.

 

მოგეხსენებათ, საქართველოში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა სულიერი დეგრადაცის გზაზე დააყენეს ქვეყანა. მედიასაშუალებებმა კი გახრწნეს და დაასახიჩრეს ახალგაზრდების სული - ბუნებრივ მოვლენად იქცა უზნეობის პროპაგანდა... ეს ყველაფერი ახალგაზრდების სულში ილექება და მიმბაძველობის სურვილიც უჩნდებათ!

 

მე ვცდილობ ჩემს სპექტაკლებში აქცენტი გადავიტანო ცხოვრებაზე და არა ფილოსოფიაზე, რადგან, მათ ეს არ აინტერესებთ და ამით ადვილად მივდივარ მათ გულებამდე...

 

 

- ქ-ნო იზა, როგორ გესმით სიტყვა: „თანამედროვე ადამიანი“?

 

- ადამიანი ყოველთვის თანამედროვე უნდა იყოს. ჩვენთან უკუღმართი გაგებაა - მავანთა აზრით, „თანამედროვე ადამიანი“ აუცილებლად უნდა იყოს ე.წ. ევროპული განათლებით, რაც იმას ნიშნავს, რომ რაც ქართული ტრადიციისთვის მისაღები და სავალდებულოა, მისთვის მიუღებელია და პირიქით, რაც ქართული ტრადიციით მიუღებელია, მისთვის მისაღებია. ფორმულა ასეთია: „მე-14 საუკუნეში ხომ არ ვართ, „თანამედროვე“ ადამიანს ყველაფერი ეპატიება!“

 

- რას ნიშნავს თქვენთვის ღირსება?

 

- ყველაფერს. ვფიქრობ, ღირსება არის ხერხემალი, რომელზეც აწყობილია ყველა ადამიანური გრძნობა. ამის გარეშე ვერც სიყვარულში, ვერც მეგობრობაში, ვერც ერთგულებაში ვერ იქნები ფასეული, რადგან, სწორედ ღირსება განსაზღვრავს ყველა გრძნობის სიძლიერეს და ხარისხს. რაც უფრო ღირსეულია ადამიანი, მით უფრო ძლიერია. პატიოსნება და ღირსება იდენტური ცნებებია - სადაც ღირსებაა, იქ არის პატიოსნება. კიდევ ვიმეორებ: თუ ადამიანს ღირსება არ გააჩნია, იგი მაღალი იდეალების მატარებელი ვერ იქნება.

 

- რა არის ქალის უმთავრესი მოვალეობა თანამედროვე ეპოქაში? როგორ უყურებთ ქალების გააქტიურების ფონზე მამაკაცების როლის შესუსტებას და ლტოლვას მატრიარქატის დამკვიდრებისთვის? რამდენად სწორია ქალების მაქსიმალურად გაპოლიტიკოსების მცდელობა და კვოტების დაწესება?

 

- ქალის ძირითადი მოვალეობა დედობა და ღირსეული შვილის გაზრდაა. ქალი უნდა იყოს აქტიური, მაგრამ ქალური - ქალმა მამაკაცის ფუნქციები არ უნდა შეითავსოს და არ უნდა დააკნინოს მამაკაცის ღირსება. მისი აქტიურობა მისაღებია საზოგადოებრივ ასპარეზზე, საქველმოქმედო სფეროში, იმ სფეროში, რომელიც მომავალი თაობების აღზრდა-გაკეთილშობილებას, ერის სულიერების ზრდას ემსახურება.

 

რაც არ უნდა გამკიცხონ, ვიტყვი: ქალმა შვილი არ უნდა დატოვოს და ცხრა მთას იქით ფულის საშოვნელად არ უნდა გადაიხვეწოს... როგორ შეიძლება საკუთარი შვილი უპატრონოდ დატოვო და სხვის შვილებს უვლიდე?! ქალმა უნდა შეძლოს მამაკაცი მამაკაცად აქციოს და გაააქტიუროს. არ ვისურვებდი ჩემი მეუღლე მერჩინა იმის ფასად, რომ უცხოეთში მოსამსახურედ წავსულიყავი...

 

რაც შეეხება ქალის გაპოლიტიკოსებას, ქალი პოლიტიკაში უნდა იყოს, რადგან ბუნებით ლიბერალია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, ყოველი მეორე იყოს პოლიტიკაში და ამაზე კვოტები დავაწესოთ. დააკვირდით: დღეს ქართულ პოლიტიკაში ქალები ვერ ამართლებენ - საზოგადოებაში ისინი არ უყვართ!

 

კვოტების ხელოვნურად დაწესება მეც მატრიარქატის დამკვიდრების მცდელობას მაგონებს, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმები...

 

- როგორია იზა ვეფხვაძე პირად ცხოვრებაში?

 

- ისეთი, როგორიც საზოგადოებრივ ცხოვრებაში - ძალიან აქტიური, მოუსვენარი. საოჯახო საქმე კარგად მეხერხება, ხშირად ოჯახში მამაკაცის ფუნქციასაც ვასრულებ. ძალიან დაძაბული რეჟიმი მაქვს, ხანდახან 2-3 საათზე მეტი არ მძინავს. რაც შეეხება თავისუფალ დროს, ვცდილობ ჩემი დროის ბიუჯეტი გადავანაწილო და მეგობრებში „გავინავარდო“, თუმცა, მაშინაც სულ საქმეზე ვსაუბრობთ.

 

 

          * * *

იზა ვეფხვაძე მრავალმხრივი მომართულების შემოქმედია. გარდა ლიტერატურული სპექტაკლებისა, იგი ხელმძღვანელობს ყოველწლიურ ლიტერატურულ კონკურსს „ოდეონი“ - ორი დღის განმავლობაში ადგილზე იქმნება ნაწარმოებები. ჟანრი შეუზღუდავია. კონკურსში ცნობილი მწერლები და პოეტები მონაწილეობენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან და დედაქალაქიდან... წელს ხარაგაულში ჩატარდა „პლენერიც“ რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა და ჩამოსულმა მხატვრებმა.

 

იზა ვეფხვაძე:„ოდეონი“ 10 წლის წინ დაფუძნდა და თამამად ვიტყვი, რომ გაამართლა. თანდათან იზრდება ინტერესი და შესაბამისად მონაწილეთა კვალიფიკაციაც. ჟიური საკმაოდ კომპეტენტურია. პირველ სამ ადგილზე გასულები ფულადი პრემიითა და ფასიანი საჩუქრებით ჯილდოვნებიან. ბოლოს ყველა ნაწარმოები იკინძება და წიგნად გამოდის. სპონსორობას კულტურის სამინისტრო და თბილისის მერია გვიწევენ. მონაწილეობენ ადგილობრივი და უცხოელი ბიზნესმენებიც.

 

რაც შეეხება „პლენერს“, წელს 30 მხატვარი მონაწილეობდა. საინტერესო ნახატები შეიქმნა, რომელიც თეატრს გადაეცა. გაისად 70 მხატვარი მიიღებს მონაწილეობას და ლამაზი ხარაგაული მთლიანად მოიხატება. სამხატვრო გალერეაში მოვაწყობთ გამოფენასაც.

 

 

რით ახერხებს იზა ვეფხვაძე ცხოვრებას და ასეთი გრანდიოზული პროექტების დაფინანსებას?

 

- საკუთარი შრომით და მეგობრების თანადგომით. ჩემმა საქმიანობამ ბევრი სულიერი მეგობარი შემძინა - ისინი მაძლიერებენ და უფრო მეტ სტიმულს მაძლევენ. ბევრი აქეთ მეუბნება, ოღონდ რამეში დაგჭირდე და გვერდში დაგიდგებიო... შემიძლია ბატონი პაატა იოსებაშვილი დავასახელო. იგი ქართველი ებრაელია და ისრაელში ცხოვრობს. როგორც კი ნახა სპექტაკლი რეზო თაბუკაშვილზე, იმავე დღესვე აღმომიჩინა დახმარება. დიდ დახმარებას მიწევს ქართველი ებრაელი, მხატვარ-დიზაინერი  მაქს-შავიცი, რომელსაც საქართველოში აქვს სტუდია.

 

 

მხარში მიდგას ადგილობრივი ხელისუფლებაც. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, მის გამგებელს ბ-ნ კობა ლურსმანაშვილს. მეხმარება ადგილობრივი ბიზნესიც. განსაკუთრებით ბ-ნ პავლე ჯიბუტს გამოვყოფ - ეს გახლავთ ღორეშას მუზეუმის მესაკუთრე, რომელსაც ლომის წილი უდევს კონკურსების ჩატარებაში. ერთი სიტყვით, კეთილი ადამიანების მხარდაჭერით დიდი საშვილიშვილო საქმე კეთდება!

 

ბოლოთქმა: გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ იზა ვეფხვაძე ხარაგაულის (და არა მარტო ხარაგაულის) სავიზიტო ბარათია. იგი თავისი ხალასი ნიჭით და დაუშრეტელი ენერგიით ბუნებრივად ახერხებს ადამიანების სიყვარული და პატივისცემა დაიმსახუროს. მართალია, მას აღიარება არ აკლია, მაგრამ ყველაზე დიდი ჯილდო მისი ხელდასხმით გაკეთებული საქმეებია, რომელშიც სულსა და გულს დებს.  დარწმუნებული ვარ, მომავალშიც მიდგან ბევრი სიურპრიზი გველოდება!

 

 

დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ამ არაორდინალური ქალბატონის საშვილიშვილო საქმეებზე წიგნიც დაიწერება. ბედნიერად ჩავთვლი თავს, სხვა ავტორებთან ერთად ეს მისია მეც თუ დამეკისრება!

 

 

ზაურ ნაჭყებია