Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (5)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
24-11-2015, 15:54
ნანახია: 879

სოსო ცინცაძე: პაატა ბურჭულაძეს შეუძლია ფინანსების აკუმულირება, მაგრამ პოლიტიკაში ეს საკმარისი არ არის!


„ივერიონს“ ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ,  შიდა პოლიტიკურ საკითხებზე, პოლიტიკური ექსპერტი, სოსო ცინცაძე ესაუბრა.


-ბატონო სოსო, ამ ბოლო დღეებში ძალიან აქტუალურია პაატა ბურჭულაძის გარშემო აგორებული აჟიოტაჟი. საზოგადოებას აღიზიანებს ის პერსონები, ვისთან ერთადაც მან დააფუძნა „საქართველოს განვითარების ფონდი“.


მიუხედავად იმისა, რომ ბურჭულაძე ამტკიცებს, ის მზად არის ყველასთან გაიაროს კონსულტაციები, უკვე ეჭვობენ, რომ მან ასეთი კონსულტაციები გაიარა „ნაცმოძრაობასთანაც“.


საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ბურჭულაძეს შეხვედრა ჰქონდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან.


როგორ ფიქრობთ, იქნება თუ არა ეს პოლიტიკური წარმონაქმნი, ის ახალი პოლიტიკური ძალა, რომელსაც კარგახანია ელოდება საზოგადოება?


-რასაკვირველია ეს იქნება პოლიტიკური წარმონაქმნი, მაგრამ იქნება თუ არა ეს ძალა, ამაზე ვერაფერს ვიტყვი. ამ ახალი წარმონაქმნის მთელი რესურსი პერსონიფიცირებულია თვითონ პაატა ბურჭულაძეში. ეს უკვე ჩვენი ისტორიის აქილევსის ქუსლადაა ქცეული, რომ პერსონიფიცირება ხდება არა რაიმე ძლიერი პოლიტიკური პარტიის, მიმდინარეობის ირგვლივ, არამედ ერთი კონკრეტული პიროვნების გარშემო. ეს ცხადია, სხვა არაფერზე მეტყველებს, გარდა,  ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების , ზოგადად კულტურის ინდეფერენტიზმზე და ჩამორჩენილებაზე.


აღსანიშნავია, რომ ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ, მკვეთრი კოსმოსური სისწრაფით გაიზარდა ფულის გავლენა და როლი - ჩვენს ქვეყანაში ფული წყვეტს ყველაფერს! ეს ტენდენცია კი არ სუსტდება, როგორც დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება, არამედ ძლიერდება, როგორც  კორუმპირებულ ქვეყნებში!


სახელს, - პაატა ბურჭულაძე, შეუძლია ფინანსების გარკვეული დონის აკუმულირება. მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ფინანსებთან ერთად საჭიროა ინტელექტუალური, ადამიანური რესურსები. ამ მხრივ კი, ჩემი შეხედულებით, ბურჭულაძის გარშემო სრული კოლაფსია. ის პიროვნებები, რომლებიც ჯერ-ჯერობით ცნობილი არიან, რომ ამ ახალი პოლიტიკური პროექტის დიდ კონსტრუქციად უნდა იქცნენ, ვერ ტოვებენ საზოგადოებაში დიდ ენთუზიაზმს. ეს ხალხი უკვე ცნობილია საზოგადოებისთვის, ვიცით მათი რესურსები და გავლენა, მათ უკვე მიაღწიეს თავიანთი შესაძლებლობების პიკს. ამიტომ, ჩემი მათდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად, არ წარმოადგენენ იმ ინტელექტუალურ ძალას და იმ ავტორიტეტს, რაც ახალ ძალას სჭირდება!


მეეჭვება, ამ ახალმა ძალამ გადამწყვეტი მნიშვნელობის კონკურენცია გაუწიოს „ქართულ ოცნებას“.


-თქვენი აზრით, არის თუ არა პაატა ბურჭულაძე „წმინდა რუსული პროექტი“, რომელზეც ხშირად აპელირებენ ქართულ მედიაში?


-გამორიცხულია. საერთოდ არ მესმის რას ნიშნავს „რუსული პროექტი“. ნებისმიერი პროექტი წარმატებულია, თუ მას მხარს უჭერს ელექტორატის დიდი ნაწილი. ივანიშვილზეც იყო საუბრები, რომ ის - „რუსული პროექტია”, და თუ მართლაც იყო, ე.ი. საზოგადოება „რუსული პროექტის“ მომხრე ყოფილა. ვთქვათ, სააკაშვილი იყო „ამერიკული პროექტი“, მაგრამ რა, ამერიკელებმა გადაარჩინეს დამარცხებისგან?..


პროექტის წარმოშობას, მისი ავტორების ვინაობას მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, როგორ მიიღებს მას ქართველი ელექტორატი. შესაბამისად, რუსული იქნება, ამერიკული თუ სხვა პროექტი ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ გააჩნია, მთავარია,  როგორ შეხედავს მას ქართველი ამომრჩეველი.


-ბატონო სოსო, რა არსებით ცვლილებებს ვარაუდობთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში?


ხმამაღლა ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ მაქსიმალურად გამოიყენებს ადმინისტრაციულ რესურსებს, რათა ერთი საპარლამენტო ვადით მაინც შეინარჩუნოს ხელისუფლება.


თქვენი აზრით, ვინ იქნება მეორე? აქვს თუ არა „ნაცმოძრაობას“ შანსი დარჩეს „ერთადერთ“ ოპოზიციურ პარტიად და საერთოდ რა პერსპექტივა აქვს მას?


-პირადად ჩემთვის, საგარეჯოს არჩევნები უკანასკნელი იმედების გაცრუება იყო. ეს იყო ერთგვარი რეპეტიცია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისა. აქ მოხდა „რეანიმაცია“ თითქოს უკვე დავიწყებული, უარყოფილი ფენომენისა, რომელსაც ადმინისტრაციული რესურსი ჰქვია!


როგორც ჩანს, ადმინისტრაციული რესურსი საქართველოში, „უკვდავი კაშეია“, რომელსაც დროდადრო სკივრიდან ამოიღებს, მტვერს ჩამოფერთხავს და კვლავ მოირგებს ხოლმე ტანზე მმართველი პარტია, როდესაც მას უჭირს პატიოსან არჩევნებში დაამარცხოს თავისი მოწინააღმდეგე.


ის, რაც მოხდა საგარეჯოში, თავისუფალი არჩევნების ნებისმიერი ქომაგისთვის, მხოლოდ პესიმიზმის განწყობილებას იწვევს.


მთავარი  ის არაა, თუ ვინ იქნება მეორე ძალა. საქართველოში - მეორე კაცს არავინ არაფერს არ ეკითხება. ჩვენთან არსებობს მხოლოდ ერთი წამყვანი ძალა, რომელიც მეორეს არ უწევს ანგარიშს. შესაბამისად, ნაკლებად მაინტერესებს, თუ ვინ იქნება მეორე პარტია. მე მაინტერესებს ის, რომ რაც შეიძლება მეტი მეორე, მესამე, მეოთხე პარტიები იყოს წარმოდგენილი პარლამენტში, რათა არ იყოს კიდევ ერთი პარტიის ჰეგემონია.


თუ არ შეიქნება ისეთი ოპოზიციური კოალიცია, რომელიც გააწონასწორებს და მმართველ პარტიას აიძულებს ოპოზიციას გაუწიოს ანგარიში, მანამდე სხვა პარტიას, ოპოზიციას არანაირი გავლენა არ ექნება და ვიქნებით ისევ ერთი პარტიის ჰეგემონიაში!


  ესაუბრა კარინა გრიგორიანი