Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (7)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
25-11-2015, 17:13
ნანახია: 833

ირმა ინაშვილი: თუ ხელისუფლებამ დანაპირები არ შეასრულა, საპროტესტო აქციებს ისევ განვაახლებთ!

 

„ივერიონს“„ პატრიოტთა ალიანსის“ საპროტესტო აქციის შედეგებზე  „ პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილი ესაუბრა.

 

-ქალბატონო ირმა, რამდენადაც ვიცით, თქვენ და თქვენმა მხარდამჭერებმა პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტეთ.

 

რას ნიშნავს ეს: ხელისუფლებისგან მყარი გარანტიები მიიღეთ, რომ თქვენი მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება, თუ უბრალოდ კომპრომისზე წახვედით და იგივე ხელისუფლება ნამუსზე ააგდეთ?

 

მომავალში რა ღონისძიებებს მიმართავთ თქვენი მოთხოვნები თუ არ შესრულდა?

 

-ჩვენი მთავარი მოთხოვნა უკავშირდებოდა და უკავშირდება ქვეყანაში საარჩევნო გარემოს შეცვლას. 

 

საგარეჯოს არჩევნების შემდეგ, ჩვენ გაგვიჩნდა  სერიოზული კითხვის ნიშნები 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებით. ხაზგასმით ავღნიშნავთ: საგარეჯოს არჩევნები გაყალბდა! ხელისუფლებისგან ჩვენ ვითხოვდით მკაფიო პასუხს, - მზად იყო თუ არა დაგვეწყო საკანონმდებლო ცვლილებები. 

 

მოვითხოვთ გამკაცრდეს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება - გამგებლებს, მერებს, პოლიციის უფროსებს აეკრძალოთ არჩევნების პროცესში პირდაპირი ჩართვა. ეს ქმედება უნდა გახდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ტოლფასი! ქვეყანაში უნდა შეიქმნას სამართლიანი, თანასწორი საარჩევნო გარემო!

 

16 დღიანი შიმშილობის მე-15 დღეს, ჩვენს მოთხოვნებს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ქალბატონი მანანა კობახიძე. სხვათაშორის,  „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებიც გამოგვეხმაურნენ - მაგალითად, ზვიად ძიძიგური, ასევე, კახი კალაძემაც გაავრცელა მოწოდება შიმშილობის შეწყვეტის თაობაზე. მაგრამ ჩვენი პასუხი იყო, რომ  შიმშილობას მხოლოდ მაშინ შევწყვეტდით, როცა დაიწყებოდა ამ კონკრეტული მოთხოვნების შესრულება.

 

ქალბატონ მანანასთან, გუშინ გამართულ შეხვედრაზე, მივაწოდეთ მას ცვლილებების პაკეტი, რომელსაც უკვე საკანონმდებლო წინადადების სახე აქვს.  შეხვედრაზე ითქვა, რომ  საპარლამენტო ნაწილი მზადაა დავიწყოთ მუშაობა და გადავიტანოთ ეს პროცესი პარლამენტის შესაბამის კომიტეტებში.

 

შეგვპირდნენ, რო საქართველოს პარლამენტში ეს პროცესი ამ კვირიდან დაიწყება.

 

ხელისუფლებამ გადმოდგა კონსტრუქციული ნაბიჯი და თქვა, რომ მზადაა დავიწყოთ ცვლილებებზე საუბარი. მე ამას ვაფასებ! 

 

ჩვენი მიზანია დავიცვათ 2016 წლის არჩევნები გაყალბებისგან. მაგრამ თუ ხელისუფლებამ არ განახორციელა ეს ცვლილებები, ჩვენ ისევ აღვადგენთ საპროტესტო კამპანიას!

 

-პროტესტის უკიდურესმა ფორმამ - შიმშილობამ, დაგარწმუნათ თუ არა იმაში, რომ საზოგადოება მხარს გიჭერთ თქვენს მოთხოვნებში?

 

არადა, თანამოაზრეთა ისეთ აქტიურობას ვერ ვატყობდით, რასაც თქვენ ალბათ ვარაუდობდით...

 

ხომ არ მიგაჩნიათ, რომ თქვენ დაუშვით შეცდომა, როცა ჯერ მრავალათასიანი აქცია ჩაატარეთ და შიმშილობის გადაწყვეტილება შემდგომ მიიღეთ?

 

-ჩვენი ტაქტიკაც და სტრატეგიაც აბსოლუტურად სწორი იყო. 16 000-ზე მეტი ადამიანი შემოუერთდა ამ მოთხოვნას 8 ნოემბრის აქციაზე. 

 

100-ზე მეტი ადამიანის შიმშილობა - ეს არაა თანამოაზრეთა მცირე რაოდენობა. გარწმუნებთ, მსოფლიოში არ მოიძებნება ქვეყანა, სადაც ერთდროულად ამდენი ადამიანი შიმშილობდეს და ხელისუფლება ამაზე 16 დღის მანძილზე არ რეაგირებდეს!

 

თუნდაც 16 დღის შემდეგ, ვაფასებ, რომ ხელისუფლებამ გადმოდგა ნაბიჯი და დავიწყეთ საუბრები ცვლილებებზე და ჩვენს მოთხოვნებზე.

შიმშილობა - ეს უკიდურესი ფორმაა, მაგრამ მშვიდობიანი. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩვენს გვერდით იდგა!..

 

საქართველოში არ მეგულება პოლიტიკური პარტია, რომელიც საარჩევნო გარემოს შეცვლის თემასთან დაკავშირებით 16 000-ზე მეტ თანამოაზრეს დაიყენებს გვერდში. ვაფასებ მათ და ხაზგასმით ვამბობ, რომ სწორედ ასეთ ადამიანებზე დგას ქართული დემოკრატია!

 

-ამ ბოლო დღეებში, თქვენი მხრიდან არ ისმოდა კატეგორიული მოთხოვნა რესპუბლიკელი მინისტრების, თინათინ ხიდაშელისა და გიგლა აბულაშვილის გადადგომის თაობაზე...

 

როგორც ჩანს, არჩევნების გაყალბებასაც უკვე შეეგუეთ... რას ელოდებით მომავალი საპარლამენტო არჩევნებისგან? 

 

-თავდაცვის და გარემოს დაცვის მინისტრები ორგანიზებას უწევდნენ საგარეჯოში არჩევნების გაყალბებას.  ჩვენ მათი გადაყენების მოთხოვნა დღის წესრიგიდან არ მოგვიხსნია და არც მოვხსნით! მაგრამ მათთვის დიდი პატივი იქნებოდა, მათ გამო 100-ზე მეტმა ადამიანმა, რომ იშიმშილოს! მათ მხილებას არ სჭირდება შიმშილობის აქცია. ჩვენ მათ მოვერევით და ვამხელთ იმ გაყალბებაში, რაც მათ საგარეჯოში ჩაიდინეს.

 

როგორც კი პარლამენტი დაამტკიცებს მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას, ჩვენ მას მივმართავთ, რომ დაიწყოს გამოძიება საგარეჯოში არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით.

 

რაც შეეხება თქვენი კითხვის ბოლო ნაწილს,  შევეგუეთ თუ არა საგარეჯოში არჩევნების გაყალბებას - გეტყვით: არა, ამას არ შევგუებივართ! თუმცა, ყველა სასამართლო პროცესი, რომელიც წარიმართა და მიმდინარეობს, მიგვანიშნებს, რომ სასამართლო არაა თავისუფალი!

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიაც იღებს მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიისთვის მისაღებ გადაწყვეტილებებს და შესაბამისად, არც ისაა თავისუფალი და ისიც დღევანდელი ხელისუფლების, პოლიტიკური ბერკეტია. უფრო სწორად - რესპუბლიკური პარტიის ხელშია!

 

        ესაუბრა კარინა გრიგორიანი