დემურ გიორხელიძე: რუსეთ-თურქეთს შორის ვიღაცამ უნდა წააგოს, რაც თამაშის ახალ წესებს ჩამოაყალიბებს!

დემურ გიორხელიძე: რუსეთ-თურქეთს შორის ვიღაცამ უნდა წააგოს, რაც თამაშის ახალ წესებს ჩამოაყალიბებს!


„ივერიონს“ რუსეთ-თურქეთს შორის მიმდინარე დაძაბულობასა და არსებული ვითარების საქართველოზე შესაძლო ასახვაზე, ანალიტიკოსი, დემურ გიორხელიძე ესაუბრა.


-ბატონო დემურ, თქვენ ქართული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ხაზგასმით აცხადებთ, რომ თუ რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა გამწვავდა, ეს საქართველოზეც სერიოზულ  ნეგატიურ გავლენას იქონიებს. არადა, დაპირისპირების სიმპტომები უკვე სახეზეა...


კონკრეტულად რა საფრთხეები შეიძლება ელოდოს საქართველოს საომარი კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში?


-მართალია, დაპირისპირება საკმაოდ მწვავეა და ამას შეუძლებელია არ მოჰყვეს სერიოზული შედეგები.  თუმცა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ საქმე შეიძლება საომარ მოქმედებამდე მივიდეს - ეს ყველაზე ცუდი სცენარია, რომლის წარმოდგენაც კი არ შეიძლება.


არსებულ ვითარებაში, ცხადია, გვადარდებს და გვაწუხებს ჩვენი ქვეყანა და ის, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს. ვფიქრობ, სიფრთხილე გვმართებს. ამ შემთხვევაში, საკუთარი პრობლემების გადაჭრაზე ძალისხმევის მიმართვა ყველაზე სწორი იქნება, რადგან, ეს ძალზედ დიდი დაპირისპირებაა...


ვინაიდან, საქართველო არასწორი პოლიტიკის შედეგად მიბმულია თურქულ ეკონომიკაზე, ბუნებრივია, იქ თუ საომარი მოქმედებები განვითარდა, ამით შეიზღუდება არხები და ჩვენს ქვეყანას სასწრაფოდ მოუწევს პროდუქციის გადანაწილება. უზრუნველყოფილნი არ ვართ უსამფრთხოებით, არა მარტო საომარი, არამედ სურსათის თვალსაზრისითაც. საქართველო მთლიანად დამოკიდებულია სხვა ქვეყნებიდან შემოტანილ პროდუქციაზე. ძირითად პროდუქტებზეც კი, ქვეყანას ორი კვირის მარაგიც არ გააჩნია. შესაბამისად, საომარი მოქმედებები შეზღუდავს ამ კავშირებს. ცხადია, შეზღუდავს ტექნიკური თვალსაზრისითაც.  ამიტომ, საქართველო მზად უნდა იყოს  იმისათვის, რომ გართულების შემთხვევაში ჰქონდეს  რაღაც ალტერნატივები.


სიტუაციის არევის შემთხვევაში ჩვენ ყველაზე ნაკლებად დაცულნი ვიქნებით და გარდა ჩვენი ჭკვიანური მოქმედებისა, გადარჩენის სხვა შანსი არ გაგვაჩნია.  შეუძლებელია გლობალური დაპირისპირების შემთხვევაში ვინმეს იმედი ვიქონიოთ, რადგან, ყველა დიდი ქვეყანა ასეთ დროს საკუთარი ინტერესების ფარგლებში მოქმედებს და ბუნებრივია, კონფლიქტის შემთხვევაში ისინი ნაკლებად მოიცლიან ჩვენთვის. საერთოდაც, არ მესმის, თუ რატომ უნდა გვქონდეს ამის იმედი!


-თვლით თუ არა, რომ სირიაში რუსული ბომბდამშენის თურქეთის მხრიდან ჩამოგდება წინასწარ გამიზნული პროვოკაცია იყო?


თქვენის აზრით, როგორ განვითარდება მსოფლიოში მოვლენები, თუ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობამ დაძაბულობის პიკს მიაღწია?


-ეჭვიც არ მეპარება, რომ თურქეთის მხრიდან ეს იყო პროვოკაცია, იმიტომ, რომ თურქებს საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ. თურქეთისთვის სირია, ასე ვთქვათ - უკანა ეზოა და მას უნდოდა დაელაგებინა იქ სიტუაცია.


შეიძლება ითქვას, თურქეთმა „ნატო“ დიდი დარტყმის წინაშე დააყენა. მას შეიძლება იმედი ჰქონდა, რომ „ნატო“ მიიღებდა რაღაც გლობალურ დაპირისპირებაში მონაწილეობას, მაგრამ, როგორც ჩანს, გარკვეული რიტორიკის მიუხედავად, თურქეთი ამ მხარდაჭერას ვერ პოულობს. მე არ ვფიქრობ, რომ რუსეთი და თურქეთი თანაზომადი ძალებია, ამიტომ, ცხადია, საერთო ფონზე ამას სერიოზული გართულებები ექნება!


თუმცა, ამ კონფლიქტს სხვა მიმართულებითაც უნდა შევხედოთ - ეს არის ენერგომატარებლების ტრასებზე და რესურსებზე კონტროლის საკითხი, რომელიც შეიძლება ძალიან გამწვავდეს!..


აშკარაა, რომ სიტუაცია არაა მარტივი და რაღაც შერიგების სახით ვერ მოგვარდება. ვიღაცამ აუცილებლად უნდა წააგოს, რადგან აქ უკვე, ალბათ აღარაა ისეთი ურთიერთობები, რომელიც შეიძლება რაღაც დათმობებზე იქნას დაყვანილი.


ვფიქრობ, გლობალური დაპირისპირება ამ ეტაპზე გამორიცხულია. თუმცა, ეს მოვლენები მსოფლიო პოლიტიკის ლანშაფტს შეცვლის და თამაშის სულ სხვა, ახალ წესებს ჩამოაყალიბებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩანს, რომ შეუთანხმებელ სიტუაციაში ის წესრიგი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამყარდა, ფაქტობრივად დაშლილია და საერთაშორისო თამაშის წესები მოიშალა - არც წითელი ხაზები ჩანს და ყველამ გადაკვეთა ყველაფერი, რისი გადაკვეთაც კი შეიძლებოდა. შესაბამისად, სიტუაციიდან გამოსვლა მარტივი ვერ იქნება...


დაპირისპირება უკვე მიდის, შეიძლება ეს არაა ფართო მასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები, მაგრამ ფრონტი გახსნილია და უნდა ვიმედოვნოთ, რომ საბოლოოდ შეთანხმება ნაკლები მსხვერპლით მოხდება.


                        ესაუბრა კარინა გრიგორიანი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: