რატომ ვერ გაუგეს პატრიარქს?!

რატომ ვერ გაუგეს პატრიარქს?!

„ვშიშობ, უწმინდესის კეთილი ნება გამოიყენონ და პილატე პონტოელივით ხელები მას შეახოცონ“ - განაცხადა გუშინ „ივერიონთან“ საუბრისას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზმა პეტრე (კვარაცხელიამ) საქართველოს პატრიარქის ინიციატივაზე - მიეცეს მას პატიმართა შეწყალების უფლება!

 

თუ გავითვალისწინებთ საზოგადოების ურთიერთგამომრიცხავ დამოკიდებულებას პატრიარქის აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით, სასულიერო პირის ეს განცხადება საკმაოდ ორიგინალურ და მიზანსწრაფულ ნააზრევად შეიძლება მივიჩნიოთ...

 

სამწუხაროდ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ბევრმა მისი უწმინდესობის კეთილი ნება (ხაზს ვუსვამ: კეთილი ნება და არა კატეგორიული მოთხოვნა) სათავისოდ ხელზე დაიხვია და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ერის სულიერი ლიდერის დაცინვისა და ზოგადად ეკლესიის დისკრედიტაციის ფონზე მოინდომა.

 

ვიდრე ამ ინიციატივის გააზრებას შევუდგებოდეთ, საჭიროა დავსვათ კითხვა: რა იგულისხმებოდა მისი უწმინდესობის სიტყვებში: პატიმართა შეწყალების უფლება პატრიარქსაც უნდა ჰქონდეს!

 

როგორც ჩანს, ბევრმა პატრიარქის სიტყვები პირდაპირ გაიგო და ამ სურვილში თეოკრატიული სახელმწიფოსკენ სწრაფვის ელემენტები დაინახა, რაც არასწორია.

 

შეწყალება სამართლებრივი აქტია და შეუძლებელია იგი ეკლესიის პრეროგატივად ვაქციოთ. ამ პრინციპით ციხე საერთოდ დაცარიელდება (პატრიარქს თავისი სტატუსიდან გამომდინარე, გაუჭირდება შესაწყალებელი პატიმრების გამორჩევა) და საერო ხელისუფლებაც ამ ნაწილში მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას დაკარგავს, რაც სრული აბსურდია.

 

ვფიქრობ, პატრიარქის მხრიდან პატიმრების შეწყალების უფლებაში უნდა ვიგულისხმოთ მისი თანამშრომლობა (დღევანდელი ტერმინოლოგიით თუ ვიტყვით, ჩართულობა) ხელისუფლების შესაბამის შტოსთან და მისი მხრიდან საზოგადოებისთვის ნაკლებადსაშიში პატიმრების შეწყალებაზე რეკომენდაცია.

 

მტკიცება არ უნდა, რომ პატიმრების შეწყალება საერო ხელისუფლების საქმეა და შეწყალების კომისიაც ხელისუფლებასთან უნდა არსებობდეს, მაგრამ კეთილი ნების შემთხვევაში, შესაძლებელია კომისიის შემადგენლობის გაზრდა პატრიარქის სპეციალური წარმომადგენლებით, რომლებიც პატიმრების სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე (მონანიება, სულიერი კათარზისი, ახალი ცხოვრების დაწყების სურვილი), მისცემენ რეკომენდაციას პატრიარქს მათ შესაწყალებლად.

 

თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება მაინც ერთობლივმა კომისიამ უნდა მიიღოს და საბოლოოდ პრეზიდენტმა დაადასტუროს!

 

ვიზიარებ ოპონენტთა აზრს, რომ პატრიარქს ექსკლუზიურად პატიმართა შეწყალების უფლება არ უნდა ჰქონდეს, რადგან ეს მის უფლებამოსილებას აღემატება.

 

ვფიქრობ,  პატრიარქის ემოციურ ფონზე ნათქვამი სურვილი სათანადოდ ვერ შეაფასეს ან ერის სულიერი მოძღვარი შეგნებულად შეცდომაში შეიყვანეს და ამით ეკლესიის დისკრედიტირება მოინდომეს! ეს ეჭვი არ არის საფუძველს მოკლებული, რადგან დეკანოზ პეტრე კვარაცხელიას ნათქვამისა არ იყოს, შეიძლება ვიღაცამ, პატრიარქის ზურგს უკან ამოფარებულმა, ე.წ. „ფულის სტანოკი“ გააკეთოს და მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით, პილატესავით ხელები პატრიარქს შეახოცოს!

 

არსებობს სხვა ვერსიაც: კერძოდ, ინიციატივა ხელისუფლებისგან მოდის და ამით წინასაარჩევნოდ ეკლესიის გულის მოგება სურთ.

 

ასეა თუ ისე, ორივე შემთხვევაში პატრიარქს ბეწვის ხიდზე გავლა მოუწევდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, მას პატიმრების (განსაკუთრებით უდანაშაულო პატიმრების, რომლებიც წლების მანძილზე არიან გამოკეტილი ცხრაკლიტულში და უდრტვინველად იხდიან დაუმსახურებელ სასჯელს) ბედი არ აწუხებდეს. ბუნებრივია, საჭიროა მათი დიფერენციაცია _ პატრიარქის რეკომენდაცია არ უნდა ეხებოდეს რეციდივისტებს და განსაკუთრებული სიმძიმის დამნაშავეებს, რომლებიც საშიშნი არიან საზოგადოებისთვის.

 

ცალკე საუბრის თემაა ე.წ. უვადო პატიმრები.

 

მახსენდება რამდენიმე კვირის წინანდელი შეხვედრა მის უწმინდესობასთან, რომელიც მამა გურამ ოთხოზორიას ძალისხმევით მოხერხდა. მაშინ საუბარი იყო სწორედ უვადო პატიმრებზე.

 

როგორც პატრიარქმა ბრძანა, ამ სოფელში (სამყაროში) უვადო არაფერი არ არსებობს და არც  უვადო პატიმრებიც უნდა გვყავდეს. თუ ადამიანმა მძიმე დანაშაული ჩაიდინა, შეიძლება მიესაჯოს სასჯელის უმაღლესი ზომა (მადლობა ღმერთს, სიკვდილით დასჯა გაუქმებულია საქართველოში), რასაც ქართული კანონმდებლობა ითვალისწინებს, მაგრამ არა უვადო პატიმრობა.

 

სხვათა შორის, მაშინაც იგრძნობოდა, რომ ერის სულიერი მოძღვარი სერიოზულად ფიქრობდა პატიმრებზე!

 

ვისაც პატრიარქის ინიციატივა პატიმრების შეწყალებაზე საქილიკოდ არ ყოფნის, შევახსენებ: შეწყალება ჰუმანური აქტია და მისასალმებელია, რომ ამის ინიციატივა ერის სულიერი მესაჭისგან მოდის. რაც შეეხება ამ პროცესში ეკლესიის მონაწილეობის ფორმას, ეს განსაკუთრებული მსჯელობის საგანია და იმედია, ოპტიმალური ვარიანტი გამოიძებნება.

 

 

ბოლოთქმა: როგორც ჩანს, პატრიარქის ემოციური განცხადება სწორად ვერ გაიგეს მთავრობაშიც. ამის დასტურია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ აღნიშნული წინადადების განხილვის თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს მიმართავს. ზოგმა ღარიბაშვილის განცხადება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნად გაიგო და უკვე დაიწყეს საუბარი თეოკრატიული სახელმწიფოს ჩანასახზე, რაც აბსურდია. მთავრობამ და პარლამენტმა უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე, მაგრამ არა პატრიარქისთვის შეწყალების ნებართვის მიცემაზე, არამედ, მისი რეკომენდაციების მაქსიმალურად გათვალისწინებაზე.

 

ზაურ ნაჭყებია

 

 

საპატრიარქო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

 

საქართველოს საპატრიარქო პატიმრების შეწყალების უფლების შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს თხოვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

“5დეკემბერს რუსთაველის თეატრში შედგა სპექტაკლი პატიმარი ქალების მონაწილეობით. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო თეატრის სცენა და დარბაზი მჯავრდებულებს დაეთმო. წარმოდგენაც და შექმნილი გარემოც მეტად ემოციური იყო; მისმა უწმინდესობამ სწორედ ამ ფონზე ბრძანა, რომ კარგი იქნებოდა, პატრიარქსაც ჰქონოდა პატიმრების შეწყალების უფლება. ეს იყო მათდამი სოლიდარობის, მათი დახმარებისა და თანადგომის სურვილით ნათქვამი აზრი და არა მოთხოვნა საკანონმდებლო დონეზე ამ წინადადების განხილვისა” – აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: