Iverioni
«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
22-11-2012, 19:20
ნანახია: 1912

კახა კუკავა: ჩვენი გზა სოხუმში მიდის მოსკოვის გავლით!

"ივერიონს" ესაუბრება პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე კახა კუკავა.


_ კახა, როგორ მოხვედით პოლიტიკაში?


_ მართალი გითხრათ, შემთხვევით მოვედი პოლიტიკაში. იურისტი ვარ და ჩემი ნაცნობები იყვნენ თბილისის საკრებულოში. მიმიწვიეს საკრებულოს ერთ-ერთ კომისიაში სამუშაოდ როგორც იურისტი და დავრჩი მერე პოლიტიკაში.


_ საკუთარი იურიდიული კომპანიაც გქონდათ მიხეილ სააკაშვილის ძმასთან, დავით სააკაშვილთან ერთად...


_ კი, მე და დავით სააკაშვილი ვიყავით იურიდიული ფირმის დამფუძნებელი _ "სააკაშვილი და კუკავა" ერქვა. სწორედ მიხეილ სააკაშვილის საკრებულოს თავმჯდომარეობისას მიგვიწვიეს საკრებულოში. ამ პერიოდში დავუახლოვდი კიდეც მიხეილ სააკაშვილს.


_ კი, მახსოვს, ძალიან ახლოს იყავი პრეზიდენტთან და მისი ოჯახის წევრებთან, მაგრამ გავწყვიტე მათთან კავშირი. არადა ხალხი ნატრობდა მაშინ სააკაშვილებთან ახლო ურთიერთობას, თქვენ კი ღვთით ბოძებულ საჩუქარს ხელი აუკარით და ოპოზიციაში წახვედით?


_ მიხეილ სააკაშვილია ღვთის საჩუქარი? რას ლაპარაკობთ? სააკაშვილი ღვთის რისხვა და სასჯელია, რომელ საჩუქარზე მელაპარაკებით? როცა ოპოზიციაში წავედი და ძმებ სააკაშვილებთან ურთიერთობა გავწყვიტე, ჩემი არაერთი ნათესავი და მეგობარი დამემდურა _ რას აკეთებ, ხელისუფლებაში მოხვედით და ახლა უდგები მიშას კრიჭაშიო? მე პრინციპებს არ ვუღალატე და ბევრ რამეზე უარი ვთქვი. უარი ვთქვი შანსზე, რომ მილიარდერი გავმხდარიყავი.


_ მილიარდერი ნამეტანი ხომ არ არის კახა?


_ ყოველ შემთხვევისთვის, ჩვეულებრივი მილიარდერი არ ვიქნებოდი და სააკაშვილების კლანის წევრი რომ გავმხდარიყავი, რამდენიმე ასეულ მილიონს მართლა ვიშოვნიდი.


_ მერე რატომ თქვით ასე პერსპექტვაზე უარი? მე შენ გეტყვი და ხვალაც მოგეცემა ასეთი შანსი...


_ მივხვდი, საითაც მიდიოდა სააკაშვილი და მისი პოლიტიკა და უარი ვთქვი ამ პერსპექტოვაზე, სიმართლე გითხრათ, არც ვნანობ. ფული ყველანაირი გზით და საშუალებით რომ  არ უნდა იშოვნო, ეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზოგიერთი პოლიტიკოსისგან და მათთან დაახლოებული ბიზნესმენებისგან განსხვავებით, კარგად ვიცი.  მე მონოპოლისტობაზე ვთქვი უარი. სწორედ მონოპოლიებმა დააქცია ეს ქვეყანა და გააუბედურა უამრავი ადამიანი. მართლა კმაყოფილი ვარ, რომ მათ შორის არა ვარ და პირიქით, ამ მონოპოლიებს ვებრძვი დიდი ხანია.


პოლიტიკაში ყველას ეძლევა რამდენიმე შანსი მაინც, რომ დიდი ფული იშოვოს. რაც ვთქვი, იმის გარდა სხვა დროსაც მქონდა ამგვარი შანსები, მაგრამ ფულისკენ თვალი არასდროს გამქცევია. არასდროს არ მქონია იმის სურვილი, რომ "ჯიპები" მეყიდა, მრავალსართულიანი სახლი ამეშენებინა 4 მეტრიანი გალავნით და ორ დღეში ერთხელ შოპინგებზე მევლო. რა ვიცი, ეს ალბათ, აღზრდის ბრალია _ იმას ვყაბულდები, რასაც  პატიოსანი გზით და პატიოსანი შრომით ვშოულობ. ამდენი წელია პოლიტიკაში ვარ და ვერავინ დამწამებს, რომ თუნდაც პარტიაში უპატიოსნო გზით ნაშოვნი ფული მოვიტანე ან სახლში წავიღე ის, რაც მორალურად ან იურიდიულად არ მეკუთვნოდა. პოლიტიკოსმა შორსაც უნდა გაიხედოს, არაკანონიერად ნაშოვნი ფულით თუ იკვებე, ეს აუცილებლად გახმაურდება და საბოლოოდ, როგორც  პოლიტიკოსი, იმდენ ქულას დაკარგავ, რომ ეს ფული ამ პასივს ვერ გადაფარავს.  მეორეც არის _ შვილები მეზრდება და ნამდვილად არ მინდა ერთ დღესაც წამომაძახონ, რომ პოლიტიკა ხალხის სამსახურისთვის კი არა, პირადი კეთილდღეობისთვის გამოვიყენე.


_ რა პატიოსანი ყოფილხართ, კახა?


_ აბა, რა გეგონათ? (იცინის).


_ არადა, დღეს პოლიტიკა ყველაზე სარფიან ბიზნესად ითვლება ჩვენში.


_ კი, ბევრმა დღეს ის ადამიანები აღარც პოლიტიკაში ჩანან და, საერთოდ, სად არიან, კაცმა არ იცის. ე.წ. ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ვგულისხმობ, ხელისუფლების ნავში ხომ აღმოჩდნენ.


_ ვის გულისხმობთ?


_ თუნდაც გია თორთლაძეს და რამდენიმე მისნაირ პოლიტიკოსს უახლესი წარსულიდან. მე არ ვიცი, რამდენი ფული იშოვნა, მაგრამ... თითზე ჩამოსათვლელნი არ არიან ჩვენში პოლიტიკოსები, რომელთაც ხალხის ინტერესები ანაცვალეს ფულს და ეს მთელმა ქვეყანამ იცის. ძალიან ძნელია, როცა შენ ცხოვრობ ოჯახში, სადაც შენმა შვილებმა და შვილიშვილებმა იციან, რომ არაკაცი ხარ და ქონების მოხვეჭის გარდა, სხვა არაფერი გაგიკეთებია ცხოვრებაში.


_ თქვენ აცხადებთ, რომ ქართულ პოლიტიკაში "თავისუფალი საქართველო" არის მესამე ძალა, მესამე გზა. საით მიდის კახა კუკავას გზა _ მოსკოვში?


_ არა, ჩვენი გზა მიდის სოხუმში!


_ მერე შეგიშვებენ?


_ თუ სწორ პოლიტიკას განვახორციელებთ, შეგვიშვებენ. რუსეთთან ურთიერთობის დალაგების გარეშე, სოხუმში ვერ შევალთ. მე ასე ვიტყვი _ სოხუმში მოსკოვის  გავლით შევალთ, სხვა გზა, უბრალოდ არ არსებობს. აბა, გაიხსენეთ, გასული საუკუნის ოციანი წლები, როცა კომუნისტები მოვიდნენ ხელისუფლებაში. საბჭოთა კავშირის შექმნის პირველ ხანებში, აფხაზეთი დამოუკიდებელი რესპუბლიკაც კი იყო, მერე, როცა მოსკოვში პროქართული ინტერესები მომძლავრდა, კრემლმა მიიღო გადაწყვეტილება აფხაზეთი დაბრუნებოდა საქართველოს და ამჟამინდელ კონსტიტუციაშიც აისახა ეს. მე დღეს მესმის ქართველი პოლიტიკოსების უდიდესი ნაწილისგან, რომ ქართველები უნდა იყვნენ თურქების მოსამსახურეები და ამერიკის მონები. საბჭოთა კავშირის დროს, საქართველო უფრო დამოუკიდებელი იყო, ვიდრე დღეს არის, საბჭოთა კავშირის დროს უფრო დაფასებული იყო ქართული კულტურა, საერთოდ, ქართველობა საქართველო უფრო მდიდარი ქვეყანა იყო, ვიდრე დღეს არის.


_ აღვადგინოთ მაშინ საბჭოთა კავშირი.


_ აღვადგინოთ-მეთქი, მე ეს არ მითქვამს. საბჭოთა იმპერიას ჰქონდა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები, მაგრამ რასაც ახლა გვთავაზობენ, ეს საბჭოთა კავშირზე უარესია ჩვენთვის _ ვგულისხმობ ნატო-ში გაწევრიანებას.


_ მერედა ვინ გვიღებს ნატოში? ბუქარესტის სამიტზე მაპ-ზე უკეთესი რომ მოგვცეს, მას შემდეგ წინ ვერ წავედით. ის, თუ გაარკვიეთ, რა არის ეს მაპ-ზე უკეთესი? დღემდე კაცი ვერ ვნახე, რომ აეხსნა ჩემთვის.


_ ზრდილობა არ მაძლევს ნებას, რომ  ქართულ საზოგადოებას შევკადრო, რეალურად რა არის ეს მაპ-ზე უკეთესი. აი, კახელებმა ღრმაშინაარსიანად იციან მაგ სამასოიანი სიტყვის გამოთქმა.


_ მართლა ეგ მოგვცეს ბუქარესტში?


_ აბა, რა ჯანდაბა მოგვცეს...


_ აგაშენათ ღმერთმა, ძლივს არ გავიგე! ახლა მივხვდი, "ნაციონალები" რატომ გვიმალავენ დღემდე. ეგ თუ მაპ-ზე უკეთესი იყო, რას წარმოვიდგენდი...


_ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ეგრე ფიქრობენ და მათი გადარწმუნება ვერ მოხერხდა. რას ვიზამთ, სჯერათ და სჯეროდეთ.


_ კახა, ისე მესამე პოლიტიკურ ძალად ყოფნა კომფორტული იქნება, არა? ხელისუფლებაც ლანძღე, ოპოზიციაც... მიზეზ-საბაბს არ მოგცემენ სალანძღავად, თუ რა.


_ არა, კომფორტული ნამდვილად არ არის. ქართული პოლიტიკა ისეთი არასდროს არ ყოფილა. ორი დიდი პოლიტიკური ძალაა დღეს ხელისუფლებაში, არც ერთს არ აკლია ფინანსები. მეტიც, მილიარდები აქვს ორივეს. ფლობენ მედია რესურსებს, პოლიტიკურ სტრუქტურებს. 48%-ზე მეტი აქვს ერთს და, 41%-ზე მეტი მეორეს. ასეთ პირობებში გადარჩენა ნამდვილად არ არის იოლი იმ პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც არც ერთთანაა და არც მეორეთან. რომ გადარჩე, ძალიან სოლიდური რესურსებია საჭირო, რომელიც ჩვენ არ გაგვაჩნია.


_ ახალ მინისრტრთა კაბინეტზე მინდა ვკითხოთ _ ეს არის ხალხის ქართული ოცნება?


_ ყველას თავისი ოცნება აქვს და ვიღაცისთვის, ეს მინისტრთა კაბინეტი აცხადებული ოცნებაა. ჩემთვის ნამდვილად არ არის ეს ამხდარი ოცნება. ამ მთავრობის წინა მთავრობასთან შედარებით უფრო პოზიტიურად ვაფასებ. მკვლელები და მსუბუქი ყოფაქცევის ქალები რომ არ არიან მთავრობაში უწინდელივით, ეს უკვე კარგია. კლოუნების მთავრობა გვყავდა და ეს სირცხვილი ჩამოვირეცხეთ. მე შესაძლოა, არ მომწონდეს  მაია ფანჯიკიძე, მაგრამ ნამდვილად არ შემრცხვება, რომ ქალბატონი მაია საქართველოს სახელით ჩავიდეს პარიზსა და ბერლინში და იქ უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებები გამართოს. შეიძლება არ მომწონდეს ირაკლი ღარიბაშვილი, მაგრამ ის ვიცი, რომ ადამიანებს "დუბინკებს" არ გაუყრის უკნიდან.  პროგრესი იმდენად აშკარაა, რომ შედარებაც კი არ შეიძლება. თუმცა, დღევანდელი მთავრობა წინას რომ სჯობს, ეს არ ნიშნავს რომ უნაკლოა. "ქართული ოცნება" და მისი მთავრობის წევრები, მისი მხარდამჭერებიც უნდა შეეჩვიონ კრიტიკას. მახსოვს, როცა კახი კალაძის მიმართ კრიტიკული მოსაზრებები გამოითქვა, სოციალურ ქსელში და მედიითაც ატყდა ერთი ამბავი _ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები თუ ფანები კრიტიკას არ ღებულობდნენ, კალაძის კრიტიკოსებს ამუნათებდნენ _ აბა, ვერა ქობალია, სჯობდა კახასო? ქობალია რომ არ სჯობს კალაძეს, ეს მესმის, მაგრამ კალაძე რატომ არ უნდა გავაკრიტიკო, თუ საამისო საფუძველი მაქვს, ეს ვერ გამიგია. ეს ამგვარი მიდგომა სააკაშვილს ჰქონდა. თავის  მინისტრებს შევარდნაძის მთავრობის ოდიოზურ მინისტრებს ადარებდა და გვაყვედრიდა, რომ ისევ შევარდნაძის დროში არ ვცხოვრობდით. თუ სააკაშვილის ხელისუფლება შევარდნაძეზე უკეთესი იყო, ეს ხომ  არ ნიშნავდა იმას, რომ სააკაშვილი არ გაგვეკრიტიკებინა? თუმცა, სააკაშვილის ხელისუფლება მცირე ხნით კი სჯობდა შევარდნაძისას, მერე მასზე ათჯერ უარესი გახდა. ივანიშვილსა და მის მთავრობას, მოგახსენეთ უკვე, არც კი ვადრი სააკაშვილისას, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ისინი იდეალურნი არიან და მათი კრიტიკა დანაშაულია. ამ ფან-კლუბებმა და ლაქიებმა სადამდე მიიყვანა სააკაშვილი ვნახეთ _ უმცირეს კრიტიკასაც ვერ უბედავდა ვერავინ. იგივე არ უნდა დაემართოთ ახალი ხელისუფლების ლიდერებს.


_ კახა, "ნაუშნიკებზე" რომ არ გკითხოთ, არ შემიძლია. მართლა გეკეთათ "ნაუშნიკები" შევარდნაძის პერიოდში და მართლა უსმენდით მაშინდელ ოპოზიციას?


_ მკითხეთ, კაცო, მე მაგ კითხვას უკვე ვუპასუხე და იმავეს გავიმეორებ. ეგ ჭორი არაკეთილმოსინეებმა ამიგორეს _ ვითომ უშიშროებაში ე.წ. მოსმენების სამსახურში ვმუშაობდი.  სინამდვილეში სამთავრობო დაცვის სპეცსამსახურში ვმუშაობდი და მოსმენებთან არაფერი საერთო არ მქონდა. 9 წელი ვიყავი სააკაშვილის რეჟიმის ოპოზიციაში და მათ რაიმე ხელჩასაჭიდი რომ  ჰქონოდათ ამ მხრივ, ერთი კომპრომატიც რომ დაეჭირათ ხელში, რამდენიმე სატელევიზიო გადაცემას და და ჯაშუშურ ისტორიაზე დაფუძნებულ  დოკუმენტურ ფილმს ხომ მომიძღვნიდნენ? რა დამინდობდა საააკაშვილი მასთან და მის ძმასთან ძველი ურთიერთობის გამო? ხომ ნახეთ, კლასელი, ეზოს თუ ბაგა-ბაღის მეგობარი არ დატოვა დაუჭერელი. ყველა ციხეში ჩაყარა. კი, სახელმწიფო დაცვის სამსახური სპეცსამსახურების კატეგორიას ეკუთვნის, მაგრამ იქ ცუდს არაფერს ვაკეთებდი. ვამაყობ, რომ ამ სამსახურში ვმუშაობდი და ჩემს გარდა, იქ ათასობით ჯარისკაცი და ოფიცერი მუშაობს და კეთილსინდისიერად ემსახურება თავის საქმეს, თავის ქვეყანას.


_ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში "გაერთიანებული ოპოზიციის" საერთო სიით იყრიდით კენჭს. "გაერთიანებულმა ოპოზიციამ" ხმების 17% მიიღო, რის შედეგადაც 16 კაცს მიეცა პარლამენტში მოხვედრის შანსი. თქვენ კი სიაში მე-17 იყავით. ხალხი ხუმრობდა _ კახა კუკავა ტანად პატარაა და იმიტომ დაიჩაგრაო. რა იყო ეს, ბედის ირონია?


_ ენაკვიმატი ხალხი მუდამ ხუმრობს და ნამდვილად არ მწყენია ეს ხუმრობა. 2-3%-ით მეტი რომ აგვეღო, ჩემზე არ გაჩერდებოდა სია. მოხდა ის, რაც მოხდა, რაღას შევცვლიდი? სხვათა შორის, მე სხვისგან გავიგე, რომ მე-17 ვიყავი სიაში. როცა ხოცვა-ჟლეტა მიდიოდა საარჩევნო სიის შედგენაზე, "გაერთიანებული ოპოზიციის" იმ სხდომას შეგნებულად არ დავესწარი. შეიძლება ითქვას, ხელი არ გამინძრევია საიმისოდ, რომ ამ სიაში უფრო წინ მოვხვედრილიყავი. ნამდვილად არა ვარ ხამი და უზომოდ ამბიციური. ადგნენ და მე-17 ადგილას ჩამწერეს და მაინცდამაინც 16 კაცს ეყო ხმების ის 17%. თავის დროზე მილიონებზე ვთქვი უარი და ამაზე უკვე ვილაპარაკეთ და სხვათა შორის, ერთადერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი ვარ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილთან არანაირი მოლაპარაკება არ უწარმოებია ფულადი კომპენსაციის მირების თაობაზე.


_ არადა, პოლიტიკოსების ცოცხალი რიგი იდგა ივანიშვილის კართან. რატომ არ ჩადექით ამ რიგში?


_ იმიტომ, რომ იმ ფულს გარკვეული ვალდებულებებიც ახლავს თან. ეს კი თავისუფალი პოლიტიკის განხორციელების არეალს მნიშვნელოვნად შემიზღუდავს. ჩვენ "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატების მხარდასაჭერად არაერთი კანდიდატი მოვხსენით არჩევნებში და ამის სანაცვლოდ, სხვებისგან განსხვავებით, არც არაფერი მოგვითხოვია _ არც ფული და არც "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიაში კვოტები. მიმაჩნია, რომ ამით ბიძინა ივანიშვილს დავეხმარეთ "ნაციონალური მოძრაობის" მოცილებაში. ეს იყო ხალხის დაკვეთა და ჩვენც ხალხის ინტერესების საპასუხოდ ვიმოქმედეთ.


ესაუბრა, ლევან ჯავახიშვილი