დავით ასლანიშვილი: ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მთავრობაც და „ეროვნული ბანკიც“ ლარის კურსის წინააღმდეგ მოქმედებენ!

დავით ასლანიშვილი: ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მთავრობაც და „ეროვნული ბანკიც“ ლარის კურსის წინააღმდეგ მოქმედებენ!

„ივერიონს“ ლარის კურსის კატასტროფულ ვარდნასა და მოსალოდნელ სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისზე, პროფესორი დავით ასლანიშვილი ესაუბრა.

 

-ბატონო დავით, დღეს მთელი საქართველო ლარის კურსის კატასტროფულ დაცემაზე საუბრობს. ზოგიერთი ამას მეზობელ ქვეყნებში, ზოგადად კი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებით ხსნის. ხოლო, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ხელს საქართველოს მთავრობისკენ იშვერს და აცხადებს, რომ მთავრობამ, კონკრეტულად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, არაფერი გააკეთეს ლარის კურსის სტაბილიზაციისათვის...

 

როგორია თქვენი კომენტარი?!

 

-რა თქმა უნდა, საგარეო და საშინაო ფაქტორების ერთობლიობა სავალუტო კურსზე მოქმედებს. ამ ეტაპზე, ლარის კურსზე რაც მოქმედებს, ეს არის ის, რომ ლარის მასა მიმოქცევაში გაზრდილი არ არის, აქ უფრო ნდობის ფაქტორის არ ქონაა.

 

„საქართველოს ეროვნულმა ბანკმა“ და მთავრობამ ერთობლივად უნდა გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომ ლარს ნდობა დაუბრუნონ. 

 

რას ნიშნავს ლარისთვის ნდობის დაბრუნება? ფულს გაცვლის, გადახდისა და დაგროვების ფუნქცია გააჩნია. მას ამ ეტაპზე დაგროვების ფუნქცია დაკარგული აქვს. გადახდის და გაცვლის საშუალება ლარს შენარჩუნებული აქვს და ეს უნდა გაძლიერდეს, ანუ, თუ გვინდა, რომ ლარის მიმართ ნდობა აღდგეს, ეს ფაქტორი მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული და ლარის სხვა ვალუტით ჩანაცვლება არ მოხდეს.

 

ამ ეტაპზე მთავარია, როგორმე კურის სტაბილიზაციის მექანიზმები ამოქმედდეს. ეს იქნება ხარჯვით ნაწილში ფინანსთა სამინისტროს მხრიდან და მთავრობის მხრიდან, ხარჯების შემცირების პოლიტიკა. 

 

რაც შეეხება ვალუტის ხარჯვა- არხარჯვას, აქ არის არაკოორდინირებული მუშაობა, რადგან ერთის მხრივ „ეროვნული ბანკი“ აცხადებს, რომ ინტერვენციას ვახდენთ და ლარის კურსი მაინც ვარდება, რამეთუ რაც გავაანალიზეთ სტატისტიკა, ფინანსთა სამინისტროს მხრიდან ადგილი აქვს უფრო მეტ (ბოლო 2თვის მანძილზე) ხარჯს, ვიდრე შემოსავალს. მარტო იანვრის თვის 3 კვირაში, სადღაც 80 დან 100 მილიონამდე ლარით უფრო მეტი გაიშვა ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ანგარიშიდან, ვიდრე შემოვიდა უკან ბიუჯეტში. ანუ, ფაქტობრივად „ეროვნული ბანკი“ თავისი ინტერვენციებით აქრობს ფინანსთა სამინისტროს მხრიდან გამოშვებული საბიუჯეტო პარამეტრების შესაბამისად ლარის სიჭარბეს, რაც ჩნდება მიმოქცევაში და იმ ფონზე, როცა ლარის კურსი რყევას განიცდის სხვადასხვა ფაქტორების გამო, ლარის დამატებითი მასის მიმოქცევაში გაშვება (რაც სხვადასხვა ფარქტორებითაა განპირობებული), რა თქმა უნდა ცუდად მოქმედებს ლარის კურსზე.

 

მეორეს მხრივ, საქართველოში კაპიტალის გადინების პროცესი დაიწყო უფრო ინტენსიურად, ვიდრე, იყო ადრე. ამ ყველაფერს დაემატა ჩვენი ექსპორტის მკვეთრად შემცირება და სხვა მრავალი ფაქტორი.

 

თუმცა, ლარის სტაბილურობა ყველა ვარიანტში მოხდება, ყოველ შემთხვევაში სადღაც აპრილის ბოლოდან, როდესაც ამოქმედდება საგადასახადო რეჟიმი.

 

თუ ღრმად ჩავიხედებით ლარის აგრეგატებში, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მთავრობაც და „ეროვნული ბანკიც“ ლარის კურსის წინააღმდეგ მოქმედებენ...

 

-ქართველ ექსპერტთა უმეტესობა ლარის კურსის გაუფასურებას საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის დაცემით ხსნის. 

 

რამდენად სწორია ეს ფორმულირება, შეიძლება თუ არა ეროვნული ვალუტის კურსის მაქსიმალურ ნიშნულამდე დაცემა მხოლოდ ნავთობს გადავაბრალოთ?

 

-ესეც ერთ-ერთი ფაქტორია იმ ფაქტორებთან ერთად, რაც ზემოთ ჩამოვთვალე.

 

ნავთობის ფასის დაცემა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უფრო იაფად შეგვიძლია შევიძინოთ ელექტრომატარებლები, მაგრამ პრობლემაც ისაა, რომ არ შეგვიძლია! შეძენით შევიძენდით მაშინ, თუ გვექნებოდა წარმოება, ანუ იაფად შეძენილის უცხოეთში ექსპორტს მოვახდენდით, რასაც ვერ ვახერხებთ. იმიტომ, რომ სხვა ქვეყნებშიც მათი ვალუტები უფრო დავარდნილია. ჩვენ რეალურად საექსპორტო პოტენციალი არ გაგვაჩნია.

 

-მაშინ, როცა მსოფლიოში ნავთობის ფასი მაქსიმალურ ნიშნულამდე დაეცა, საქართველოში ბენზინზე და ნავთობის სხვა პროდუქტებზე ფასი თითქმის არ შეცვლილა.

 

ხომ არ უწყობს ხელს მთავრობა საქართველოში ბიზნესის კრიმინალიზაციას?

 

-ჩვენთან ნავთობპროდუქტების ფასი არ შეცვლილა იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ ლარის კურსი ძალიან დავარდა, თორემ, თუ ჩვენ მოვახდენთ ლარის წინა კურსის ფარგლებში, როდესაც იყო 1,7 გადაანგარიშებას, რა თქმა უნდა, გაიაფებულია.

 

                    ესაუბრა მედეა შელია

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: