იენს სტოლტენბერგი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გენდერული პოლიტიკის კუთხით კვლავ ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას!

იენს სტოლტენბერგი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გენდერული პოლიტიკის კუთხით კვლავ ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას!

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 2015 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ყოველწლიურ ანგარიშში შეჯამებულია გასულ წელს ალიანსის მიერ მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით გატარებული ღონისძიებები, ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციები და მისიები, დეტალები სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების, ასევე, მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროში ქალთა როლის გაზრდის შესახებ.

 

„აღმოსავლეთით ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას მხარდაჭერას, რათა ამ ქვეყნებმა უკეთ შეძლონ გარე ზეწოლის გამკლავება. ჩვენ მათ სხვადასხვა სახით ვუწევთ დახმარებას თავდაცვისუნარიანობის მშენებლობის, ინსტიტუტების მოდერნიზებისა და რეფორმების გაძლიერების კუთხით“, - აღნიშნულია ყოველწლიური ანგარიშის წინასიტყვაობაში.

 

ანგარიშის პირველივე თავში, იენს სტოლტენბერგი ევროატლანტიკური სივრცისა და ზოგადად, მსოფლიოს მასშტაბით 2015 წლის უსაფრთხოების გარემოს, საფრთხეებსა და გამოწვევებს აჯამებს. ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში არსებული ექსტრემიზმისა და არასტაბილური ვითარების, სირიასა და ერაყში გართულებული ჰუმანიტარული კრიზისის, გახშირებული ტერორისტული აქტებისა და ჰიბრიდული საფრთხეების პარალელურად, ნატოს გენერალურმა მდივანმა ერთ-ერთ გამოწვევად რუსეთის მიერ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპირება დაასახელა.

 

„2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში გამოყენებულმა სამხედრო ძალამ და 2014 წლის მარტში უკრაინის ტერიტორიის ანექსიამ ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის ხედვას საფრთხე შეუქმნა. რუსეთმა ამ ქმედებებით ჰელსინკის აქტის მიხედვით აღიარებული საერთაშორისო პრინციპები დაარღვია“, - ნათქვამია ყოველწლიურ ანგარიშში.

 

დოკუმენტის ერთ-ერთი თავი „შესაძლებლობების გაძლიერებას“ მოიცავს. ქვეთავში ალიანსის გენერალური მდივანი ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობით ერთობლივ წვრთნებსა და სწავლებებს მიმოიხილავს. ჩამონათვალში აღნიშნულია 8-22 ივლისს საქართველოში ჩატარებული ერთობლივი სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2015“, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად ბულგარეთის, ლატვიის, ლიტვის, რუმინეთისა და აშშ-ის 800-მდე სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა. ქართველი საზღვრის დამცველები კი ბალტიის ზღვაში ჩატარებულ უდიდეს საზღვაო წვრთნაში „BALTOPS 2015“-ში იყვნენ ჩართული.

 

„კოლექტიური უსაფრთხოების“ ქვეთავში აღნიშნულია, რომ 2015 წელს ნატოს გენერალური მდივანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა. გარდა ამისა, ნატო-საქართველოს სპეციფიკური თანამშრომლობიდან გამომდინარე თბილისში  გახსნილია ნატოს სამეკავშირეო ოფისი. ნატო ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან აღმოსავლეთ პარტნიორების - საქართველოს, ერაყის, იორდანიისა და მოლდოვას მხარდაჭერის მიზნით.

 

დოკუმენტის ერთ-ერთი თავი პარტნიორობასა და ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკას შეეხება.

 

„დეკემბერში გამართულ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მოკავშირეებმა მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურეს ბოსნია და ჰერცეგოვინას, საქართველოსა და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის  ალიანსში გაწევრიანების მისწრაფების მიმართ. მოკავშირეებმა ჩამოთვლილ ქვეყნებს მოუწოდეს, კვლავ გააგრძელონ რეფორმები ნატოში ინტეგრაციისთვის. მათ ასევე მიიღეს ალიანსის მხარდაჭერის დასტური რეფორმების განხორციელების გზაზე. ალიანსის მიერ 2015 წელს გატარებული ღონისძიებები ცხადყოფს, რომ ნატო „ღია კარის“ პოლიტიკის ერთგული რჩება. ნატოს კარი ღიაა ევროპის ყველა დემოკრატიული ქვეყნისთვის, რომლებიც ალიანსის ღირებულებებს იზიარებენ,“ - აღნიშნულია ანგარიშში.

 

შეჯამებაში ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ გასუვა ხაზი ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ ალიანსი მიესალმება საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკურ სივრცეში მისწრაფებას მის სრულ გაწევრიანებამდე. 

 

დოკუმენტში ასევე აისახა ალიანსთან გაძლიერებული შესაძლებლობების ინიციატივის ქვეყნების - ავსტრალიის, ფინეთის, საქართველოს, იორდანიისა და შვედეთის მიერ შემოთავაზებული სიახლეები, მათ შორის გაღრმავებული თანამშრომლობა, ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობა, უსაფრთხოების საკითხებზე რეგულარული კონსულტაციების გამართვა. ინოვაციები ასევე ითვალისწინებს ურთიერთთავსებადობის პლატფორმის შექმნას, ნატოს ეგიდით წარმოებულ ოპერაციებში ჩართული 25 პარტნიორის მონაწილეობით ფორუმის გამართვასა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ნატოსთან თავსებადობის გაღრმავების მიზნით.

 

წლის ანგარიშში საუბარია 2014 წელს უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებულ ნატო-საქართველოს არსებით პაკეტზე, რომელიც შემდეგ მიმართულებებს მოიცავს:  წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებელობის სკოლისა და ლოგისტიკური ცენტრის დაარსება;  სტრატეგიული და ოპერატიული გეგმების, სპეციალური ოპერაციების ძალების, სამხედრო პოლიციის, კიბერთავდაცვის, საზღვაო უსაფრთხოების, ავიაციის, საჰაერო თავდაცვისა და სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით კონსულტაციების გაწევა. პაკეტი ასევე მოიცავს საქართველოში ნატოს ეგიდით ერთობლივი წვრთნების ჩატარებას.

 

„პაკეტის იმპლემენტაციის პირველი ფაზა 2014 წლის დეკემბერში დაიწყო, თბილისში ნატოს ძირითადი ჯგუფი შეიქმნა. პაკეტით გათვალისწინებული რამდენიმე პროექტი უკვე განხორციელების პროცესშია. 2015 წლის ივლისში საქართველომ ნატო-საქართველოს პირველ სამხედრო სწავლებას „Agile Spirit“-ს  პარტნიორების მონაწილეობით უმასპინძლა. 2015 წლის ივლისში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი მის შტაბ-ბინაში - კრწანისში გახსნეს, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდლობას ეკუთვნის. ცენტრი ნატო-საქართველოს ერთობლივ პროექტს წარმოადგენს, რომელიც საქართველოსა და რეგიონის ქვეყნების მოთხოვნებს  დააკმაყოფილებს, სადაც საწვრთნელი პროგრამები, პოლიტიკა და დოქტრინები შემუშავდება. ცენტრის შექმნა საფრთხეებთან გასამკლავებლად საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებას, საქართველოსა და მოკავშირე სამხედრო ძალების ურთიერთთავსებადობის გაძლიერებასა და რეგიონულ უსაფრთხოებას ემსახურება“, - აღნიშნულია ანგარიშში.

 

წლის შეჯამებაში მოხვდა „ტრენერთა ტრენინგის“ მოდელიც, რომლის ფარგლებშიც ქართველი, მოლდოველი და უკრაინელი პროფესორები სხვა პარტნიროებს გამოცდილებას უზიარებენ. 2015 წელს ნატოს ნდობის ფონდის მიერ განხორციელებულ 16 პროექტს შორის საქართველოც მოხვდა. პროექტი 2008 წლის ომის დროს აფეთქებული შეიარაღების საცავის ნარჩენი საბრძოლო მასალებისგან სოფლის გაწმენდას ითვალისწინებს. 

 

ნატოს გენერალურმა მიდვანმა წლის ანგარიშში საქართველოში გენდერული პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული რეფორმაც გამოყო:

 

„საქართველომ ქალთა ჩართულობის ხელშეწყობა და გენდერული პოტენციალის გაძლიერება ნატოსთან პარტნიორობის ძირითად ელემენტად აქცია. 

საქართველო აქტიურადაა ჩართული და ხელს უწყობს გენდერის თემაზე ტრენინგების ჩატარებას ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კვლავ ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას გენდერის საკითხებში და ამ მიმართულებით აქტიურადაა ჩართული საზოგადოების ინფორმირების კამპანიებში, რომელიც გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგაა მიმართული და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კიდევ უფრო მეტი ქალის დასაქმებას ისახავს მიზნად.“

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: