ქეთევან გიგაშვილი: თამარ სანიკიძე „ქართულ ოცნებას“ კლავს და განათლების სისტემასაც ასამარებს!
ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს
ბატონო გიორგი!
თქვენთვის ღია წერილით მომართვისკენ მიბიძგა ბოლო დღეებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულმა მოვლენებმა, რომელიც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენების ანალოგიურია. ამ ორ უმაღლეს სასწავლებელში წარმართულმა პროცესებმა ნათლად წარმოაჩინა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დღევანდელი სახე, რომელიც გარეგნულად დემოკრატიულ ნიღაბს ირგებს, რეალურად კი ავტორიტარიზმს ეყრდნობა.
ხელწერა, რომლითაც აღნიშნული უწყება უმაღლეს სასწავლებლებს უდგება, უცვლელია: თუ ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე თავის კადრს ვერ გაიყვანს და ამით უნივერსიტეტის ბიუჯეტის კონტროლის ბერკეტები ხელიდან გაეშვება, რექტორს, რომელიც ვერ უზრუნველყოფს სამინისტროსთვის მისაღები კანდიდატურის გამარჯვებას, უეჭველად პრობლემებს შეუქმნის. შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო, ამისი წინაპირობაა. თავად განათლების მინისტრიც არ მალავს თავის განზრახვას. სატელევიზიო მიმართვაში მან არაერთხელ მოუწოდა აკადემიურ საბჭოს რექტორის საკითხის განხილვისკენ.
როგორც ჩანს, განათლების სამინისტრო არჩევნების დემოკრატიულად ჩამტარებელ რექტორს „ჯიუტობას“ არპატიობს, მაგრამ ეს კიდევ არ არის ყველაფერი, პრობლემა გაცილებით ღრმა და მასშტაბურია: ის რექტორს უწყებისა და უშიშროების სამსახურის კონტროლიდან გამოსვლისთვის სჯის. ასე რომ, სამინისტროს სამიზნე ამ ეტაპზე ვლადიმერ პაპავაა.
სულ ცოტა ხნის წინ სამიზნე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ავთანდილ ღელაღუტაშვილი გახლდათ, რომელსაც ასევე არ აპატიეს „სიჯიუტე“ და უწყებისა და უშიშროების სამსახურის კონტროლიდან გასვლა!
სანამ ამ ორ უნივერსიტეტში წარმართული პროცესების იდენტურობას შევეხები, აღვნიშნავ: განათლების სამინისტროს თავისებურად ესმის კანონით მინიჭებული სახელმწიფო კონტროლის მექანიზმები: თუ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა კანონის უზენაესობას საკუთარ გუნება-განწყობილებას მოარგებს და ამით სამინისტროს ინტერესებს ზიანი არ მიადგება, შენ კი მას რეაგირებისთვის მიმართავ, რათა საუნივერსიტეტო ცხოვრება საკანონმდებლო საზღვრებში მოექცეს, უწყება ყურადღებას არ მოგაქცევს და უნივერსიტეტის ავტონომიურობაში ჩაურევლობის არგუმენტით სასამართლოსკენ მიგითითებს, ხოლო, თუ მისი ინტერესები რაიმე კუთხით შეილახება, არად დაგიდევთ ავტონომიასა და ეთიკას და მაკონტროლებელ ფუნქციას სადამსჯელო ფუნქციით შეცვლის. ეს არის სანიკიძის უწყების ხელწერა.
ეხლა კი მოკლედ წარმოგიდგენთ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებული პროცესების ანატომიას:
2014 წლის დასაწყისში, განათლების სამინისტროს მაღალჩინოსნების კულუარული ზეწოლის შედეგად, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე „პირადი სურვილით“ თანამდებობა დატოვა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. უნივერსიტეტში ეს არავის გაჰკვირვებია, რადგან ამ თანამდებობისთვის სამინისტროს მხრიდან ლობირებულ კანდიდატურას რამდენიმე თვით ადრე დაანონსებული ჰქონდა შესაძლო ცვლილებებისა და ამ თანამდებობაზე თავისი მოსვლის შესახებ.
უნივერსიტეტის ავტონომიურობის შეზღუდვის პროცესში ჩართულნი იყვნენ უწყების მაღალჩინოსნები: ალექსანდრე ონოფრიშვილი, მამუკა ბერიაშვილი, ოთარ აბესაძე და სხვები, რომლებმაც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს „ურჩიეს“ არჩევნებში მათი მეგობრის - ალექსანდრე ყვირალაშვილის გამარჯვების უზრუნველყოფა.
არჩევნების პროცესში მოძალადე მხარის მთავარი დასაყრდენი სტუდენტური თვითმმართველობა გახლდათ, რომელიც დემაგოგიით, პროვოკაციებითა და ცილისმწამებლური პოლიტიკით ცდილობდა დაკისრებული მოვალეობის შესრულებას.მათ პირდაპირი სატელეფონო კავშირი ჰქონდათ მინისტრთან, რომელთან კონსულტაციების შემდეგაც კიდევ უფრო აგრესიულები და პროვოკაციულები ხდებოდნენ. ამ ყველაფრის უკან კი ნაციონალური მოძრაობა იდგა, რომელიც უნივერსიტეტში თავისი დასაყრდენი კადრის გაძლიერებას ცდილობდა. ეს ყველაფერი კი „ქართული ოცნების“ სახელით კეთდებოდა.
უნივერსიტეტის რექტორმა მაქსიმალურად უზრუნველყო არჩევნების დემოკრატიულობა, რის შედეგადაც სამინისტროს მიერ ლობირებული კანდიდატურა დამარცხდა. სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმაც დასკვნა არ დააყოვნა, რითაც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაავალა ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე გამარჯვებული კანდიდატურის დამტკიცების შესახებ წარმომადგენლობით საბჭოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (რა თქმა უნდა, იქ სხვა დავალებებიც იყო მოცემული, როგორც თესეუს შემთხვევაში).
უნივერსიტეტის წარმომადგენლობითმა საბჭომ შიდა აუდიტის დავალება სახელმძღვანელო დებულებად არ გაიხადა და თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. საპასუხოდ სამინისტრომ სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა საქალაქო სასამართლომ შიდა აუდიტის დეპარტამენტის მთავარი დავალება უკანონოდ ცნო და აღნიშნულ თანამდებობაზე მისთვის არასასურველი პიროვნება დატოვა.
ეს ძალიან საყურადღებო ფაქტია: სასამართლომ აღიარა, რომ შიდა აუდიტის სამსახურმა უნივერსიტეტს უკანონო დავალება მისცა. მან არ შეისწავლა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე არსებითი გარემოებები, უგულებელყო უნივერსიტეტის ავტონომიურობის პრინციპი და უკანონოდ ჩაერია წარმომადგენლობითი საბჭოს საქმიანობაში.
სამინისტროს უნივერსიტეტში ავტორიტარული რეჟიმის განხორციელება ამით არ დაუმთავრებია: დღის წესრიგში სამინისტროსა და უშიშროების სამსახურის მიერ არაკონტროლირებადი რექტორის თანამდებობიდან გაშვება დადგა და არც ამან დააყოვნა - ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სულ მოკლე ხანში ეჭვქვეშ დააყენა ავთანდილ ღელაღუტაშვილის ხარისხის დიპლომის ნამდვილობა, რითაც მას რექტორის უფლებამოსილებაც შეუწყდა და პროფესორის თანამდებობაც ჩამოერთვა. ასე სამაგალითოდ დასაჯა სამინისტრომ „ურჩი“ რექტორი.
ამ პროცესებში სამინისტროსთან ერთად აქტიურ როლს თამაშობდნენ: უშიშროების სამსახური, მისი ლობირებული რექტორობის მსურველი, ქალბატონი ირმა შიოშვილი და, რაღა თქმა უნდა, უნივერსიტეტის შიგნით მყოფი ე.წ. „ოდეერები“. ამ ყველაფრის შედეგი კი ის არის, რომ თელავისსახელმწიფოუნივერსიტეტშიხერხემალშია გადატეხილი ავტონომიაც და აკადემიური თავისუფლებაც. აქ დღეს ყველა და ყველაფერი მართულია: რექტორიც, პრორექტორიც, აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოებიც და პროფესორთა მნიშვნელოვანი ნაწილიც. შესაბამისად, ყველა კომფორტულად გრძობს თავს: სამინისტროც, უშიშროებაც, უნივერსიტეტის შიგნით „ოდეერთა“ კასტაც და გარეთ მყოფი „ნაციონალური მოძრაობაც“, რომელსაც შიგნით თავისი დასაყრდენი კადრი ჰყავს. დღეს უკვე ღიმილის მომგვრელადაც ჟღერს წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ სამინისტროს უკანონო დავალებების შეუსრულებლობა.
ღელაღუტაშვილის საქმე კი თბილისის საქალაქო სასამართლოს განხილვის საგნად იქცა. განჩინებით, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო, უკანონოდ იქნა ცნობილი ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დადგენილება მისი დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაშიც სასამართლომ განაცხადა, რომ ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა რექტორის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება საქმისთვის მნიშვნელობის მქონე არსებითი გარემოებების შეუსწავლელად და მთელი რიგი კანონდარღვევებით მიიღო.
ღელაღუტაშვილს მალე არჩეული ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც მიაყოლეს. გარექტორებულმა შიოშვილმა ერთგულების დამტკიცების მიზნით სამინისტროს მისთვის არასასურველი პიროვნება „მსხვერპლად შესწირა“.
თელავის უნივერსიტეტში წარმართული პროცესები ეჭვს ბადებს, რომ უშიშროების სამსახურს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვისაც უკვე შერჩეული ჰყავს თავისი რექტორობის კანდიდატი, რომელსაც, სავარაუდოდ, სამინისტროს გენერალური ინსპექციაც ლობირებს. მიუხედავად იმისა, რომ ჯავახიშვილის უნივერსიტეტისთვის შერჩეული კანდიდატურა თელავის უნივერსიტეტისთვის შერჩეულს არ ემსგავსება, რომელსაც 11-12 საათამდე სძინავს, ხოლო სამსახურში შუადღისას მოსული კაბინეტში დაყენებულ ვიდეო თვალის მონიტორს ჩასჩერებია თანამშრომელთა ქცევის გასაკონტროლებლად, დიდი ვერაფერი შეღავათია უნივერსიტეტში ავტონომიურობის უზრუნველსაყოფად.
ასე რომ, ჯერი ახლა აკადემიკოს ვლადიმერ პაპავაზეა. სამინისტრო მის სამაგალითოდ დასასჯელად ემზადება. წინამოსამზადებელი სამუშაოები უკვე ჩატარებულია: დასკვნაც გაგზავნილია, იმპიჩმენტის პროცესიც დაწყებულია და, ეჭვიც არ არის, რომ სცენარის გაგრძელებაც დაწერილი იქნება.
„აუდიტორია #115“-ის სტუდენტების დევიზი - „ავტონომია უნივერსიტეტს“ - დღეს კიდევ უფრო აქტუალურად ჟღერს, ვიდრე გუშინ. თუ 1 კვირის წინ ის სტუდენტებისთვის მიუღებელი პიროვნების კანდიდატურის მოხსნაზე გადიოდა, ამ ეტაპზე ავტონომია ლადო პაპავას და, ზოგადად, სამინისტროს ძალადობისაგან განათლების სისტემის დაცვაზე გადის.
რაც შეეხება „ოდეერის“ თემას: მოგახსენებთ, რომ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადმინისტრაციული თანამდებობის დასაკავებელი ყველა კონკურსი ბოლო პერიოდში უშიშროების სამსახურის ზეწოლის პირობებში წარიმართა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის არჩევნებიც კი (ესეც „ქართული ოცნების“ სახელით). გარდა იმისა, რომ ოდეერებს ინფორმაციის დეტალური შეგროვება ევალებათ ყველასა და ყველაფერზე, მათ არამართული პიროვნებების დისკრედიტაციაც აკისრიათ. ამას მათზე ცილისწამებების გავრცელების გზით ახერხებენ, რაშიც თუნდაც უნივერსიტეტის გარეთ შეზღუდული ინტელექტის მქონე ადამიანებს ეყრდნობიან, რომელთა საშუალებითაც სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს არაერთ ბინძურ ცილისმწამებლურ ინფორმაციას აწვდიან. ბოლო წლებია, პირადად მე ასეთი თავდასხმის ობიექტად ვარ ქცეული: თურმე ათასგვარ უკანონობაში ვარ გარეული: მაგ., რუსთაველის ფონდის გრანტებს ფონდთან კორუფციული გარიგებების შედეგად ვიგებ, ამ გრანტებიდან ფინანასებს ვიპარავ, წლების წინ დისერტაციის დაცვის საორგანიზაციო გადასახადს (1600 ლარს) ჯიბეში ვიდებდი და მსგავსი უმსგავსობები. რატომ არჩევენ შეზღუდული ინტელექტის მქონე ადამიანებს, გასაგებია: ისინი ყოველგვარი გაანალიზების გარეშე იღებენ კანონთან შეუსაბამო ასეთ ინფორმაციებს და ავრცელებენ.
მინისტრის მხრიდან განათლების სამინისტროში ოდეერის ინსტიტუტის უარყოფა კი უპასუხისმგებლო განცხადებად მესახება ერთი მარტივი მიზეზის გამო: იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტმა მაღალი რისკის შემცველი 25 დაწესებულება მხოლოდ 2015 წლის ნოემბერში მიღებული კანონით გამოავლინა, ხომ ნიშნავს ეს იმას, რომ მანამდე აღნიშნული ინსტიტუტი ყველა დაწესებულებაში ფუნქციონირებდა?! განათლების მინისტრმა საზოგადოებას უნდა განუცხადოს, ბოლო სამი თვის განმავლობაში, ანუ 2015 წლის ნოემბრიდან დღემდე, რომელი მაღალჩინოსნები გაათავისუფლა უწყებიდან „ოდეერობის“ ნიშნით? და თუ არავინ გაუთავისუფლებია, მაშინ მას უნდა ვედავოთ ამ ინსტიტუტის მფარველობასა და ლობირებაში და დაუყოვნებლივ დაისვას მისი პასუხისმგებლობის საკითხი. მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი იმიტომაც უნდა დადგეს, რომ სტუდენტური თვითმმართველობისადმი აშკარა თანაგრძნობის გამოხატვით მან მისი წევრები წააქეზა და რექტორის კაბინეტის ძალადობრივი გზით აღებისკენ უბიძგა, რამაც სიტუაციის უკიდურესად დაძაბულობა გამოიწვია.
რამდენადაც სცენარი და ხელწერა იგივეა, სავარაუდოა, რომ პროვოკაციები ამ შემთხვევაშიც სამინისტროს მხრიდან ყოფილიყო დაგეგმილი და წაქეზებული, შემდგომში ვლადიმერ პაპავასთვის პრობლემების მოუგვარებლობის განთავისუფლების საუძვლად დადების მიზნით.
ამდენად, სანამ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო სტუდენტური თვითმმართველობის მიერ წამოყენებული ორი მოთხოვნის საფუძველზე რექტორის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს, მანამდე იმავე ორი საფუძვლით - „ოდეერის“ ინსტიტუტის ლობირება და სიტუაციის დაძაბულობისთვის ხელშეწყობა - განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დასვას.
განათლების სამინისტრო თავის მინისტრიან-აუდიტის დეპარტამენტიანად არ არის უნივერსიტეტების ავტონომიის გარანტი. მისი პოლიტიკა ძირს უთხრის „ქართული ოცნების“ ავტორიტეტსა და რეიტინგს და ნაციონალების წისქვილზე ასხამს წყალს!
ასეთი ავტორიტარული რეჟიმის პირობებში აკადემიური პერსონალი სრულიად დაუცველია. კანონში ჩადებული აკადემიური თავისუფლება კი მხოლოდ ფურცელზე იწონებს თავს.
სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ რა აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას, მოვუწოდებ უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში დასაქმებულ ჩვენ სახელოვან მეცნიერებს, ასევე უცხოეთში მოღვაწე ქართველ მეცნიერებს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ქვეყანაში არსებულ ავტორიტარულ რეჟიმს გაექცა, მწერალთა საზოგადოებას, დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია, სამინისტროს ზეწოლისაგან განათლების სისტემის განთავისუფლების მზაობა და ქმედითი ნაბიჯები გადადგან ამ მიმართულებით.
მოვუწოდებ სამოქალაქო სექტორს, მორალური მხარდაჭერა აღმოგვიჩინონ ამ საქმეში!
აკადემიური საბჭოს მხრიდან ვლადიმერ პაპავას იმპიჩმენტი ცალსახად ნიშნავს სამინისტროს მიერ წაქეზებული რეჟიმის ადგილზე ხელშეწყობას, რაც, ზოგადად, საქართველოში უნივერსიტეტების რეალურ ავტონომიასა და დემოკრატიული პროცესების განვითარებას კიდევ დიდი ხნით დასწევს უკან. საბჭომ მაშინ უნდა განიხილოს რექტორის თანამდებობაზე ყოფნის საკითხი, როდესაც დასაბუთებული არგუმენტების საფუძველზე თვითონ ჩათვლის ამას საჭიროდ და არა მაშინ, როდესაც მინისტრი მოითხოვს!
ბატონო გიორგი,
მოგმართავთ თხოვნით: დაავალეთ შესაბამის სამსახურებს, გამოწვლილვით შეისწავლონ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს როლი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ პროცესებში; „ოდეერების“ საკითხი არა მხოლოდ აღნიშნულ უნივერსიტეტში, არამედ ყველა უმაღლეს დაწესებულებაში და თავად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში; დაიცავით უნივერსიტეტების ავტონომია და აკადემიური თავისუფლება, ნუ მისცემთ სადამსჯელო ორგანიზაციად ქცეულ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უნივერსიტეტებზე ზეწოლის განხორციელების საშუალებას.
დასასრულს:იმის გათვალისწინებით, რომ საუნივერსიტეტო განათლება ერთ-ერთი მთავარი ღერძია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და მისი განვითარებისთვის, საკითხის აქტუალობის გათვალისწინებით, გთხოვთ, პირად კონტროლზე აიყვანოთ ვლადიმერ პაპავასა და ავთანდილ ღელაღუტაშვილის საკითხი: ვლადიმერ პაპავასი, რათა სამინისტროს არ მიეცეს უნივერსიტეტის დაჩოქების შესაძლებლობა, და ავთანდილ ღელაღუტაშვილისა, რათა სამინისტროს არ მიეცეს მისი უკანონოდ დაჩაგვრის გაგრძელების საშუალება.
თუ პროცესი არ შეჩერდა, ხვალ იგივე მოხდება სხვა უნივერსიტეტებშიც!
პატივისცემით,
ქეთევან გიგაშვილი
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
„ივერიონისგან“: პრობლემა იმდენად მწვავე და აქტუალურია, ვბეჭდავთ ყოველგვარი სარედაქციო ჩარევის გარეშე. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი გიორგი კვირიკაშვილი აღნიშნულ ბრალდებას რეაგირების გარეშე არ დატოვებს და როგორც ქ-ნ ქეთევან გიგაშვილის მიმართვაშია გაცხადებული, თამარ სანიკიძეს „ქართული ოცნების“ და, რაც ყველაზე სავალალოა, საქართველოს განათლების სისტემის დასამარების საშუალებას არ მისცემს.