მიხეილ ჯიბუტი: Check In Georgia და Check Out “Ocneba”

მიხეილ ჯიბუტი: Check In Georgia  და Check Out “Ocneba”

2016 წლის 7 აპრილს  საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, მინისტრის მოადგილემ კახი კანდელაკმა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გამართეს პრესკონფერენცია, რომლითაც გახდა ცნობილი, რომ ქვეყანაში იწყება მასშტაბური პროექტი Check In Georgia. http://www.culture.gov.ge/News/Check-In-Georgia-saqartvelo-msoflio-kalendarze.aspx

 

პროექტისათვის თანხა 29 მილიონი ლარის ოდენობით გამოიყოფა  მთავრობის სარეზერვო ფონდიდან. http://www.bpn.ge/finansebi/22079-realurad-risthvis-gamoiyo-29-milioni-proeqtisathvis-check-in-georgia.html?lang=ka-GE

 

 

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია კულტურული ღონისძიებები ქვეყნის მაშტაბით წლის ბოლომდე. განსაზღვრულია ამ ღონისძიებათა ჩატარების ზუსტი დრო, ადგილი და მონაწილეთა ვინაობა.

http://www.ipress.ge/new/28839-Check-in-Georgias-farglebshi-dagegmili-ghonisdziebebi

 

საკუთრივ ჩასატარებელ ღონისძიებათა ავ-კარგიანობა, მოცემულ შემთხვევაში, ჩემი განხილვის საგანს არ წარმოადგენს.

 

არც ამ ღონისძიებებით „შენიღბულად“ სახელისუფლებო რესურსების  საპარლამენტო არჩევნებისათვის გამოყენების შესაძლებლობის განხილვაა მოცემულ შემთხვევაში  ჩემი მიზანი.

 

არც იმ კუთხით ვიხილავ საკითხს, თუ ვინ და როგორ იხეირებს ამ 29 მილიონი ლარის დახარჯვით.

 

ყველაფერ ამაზე იყო და მიმდინარეობს საუბარი. უფრო მეტიც, უკვე საუბარია ამ თანხების დახარჯვის კორუფციულ სქემებზე, რაზეც ოფიციოზს ჯერ  პასუხი არ გაუცია.  http://www.tabula.ge/ge/story/106800-enm-check-in-georgia-ze-saxelmtsifo-saxsrebi-ixarjeba-korufciuli-sqemebit;http://www.ipress.ge/new/29462-nacionaluri-modzraoba-kulturis-ministri-sakhelmtsifo-tankhebs-korufciulad-itvisebs

 

მე ვსვამ საკითხს, რომელზედაც ყურადღება არავის არ გაუმახვილებია.

 

ეს არის აღნიშნულ ღონისძიებებზე სახელმწიფო სარეზერვო ფონდებიდან თანხების გამოყოფის არაკანონიერება და ამ ფონდიდან თანხების ასეთი ხარჯვის შემთხვევაში საქართველოს მთავრობის არაკანონიერი საქციელი.

 

საქართველოს კანონი საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ განსაზღვრავს, რომ „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შეიქმნას საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი 50 000.0 ათასი ლარის ოდენობით“ (მუხლი 18.1).

 

სარეზერვო ფონდის არსებობა გამოწვეულია იმით, რომ საბიუჯეტო წლის განმავლობაში შეიძლება შეიქმნას ისეთი ფორს-მაჟორული სიტუაცია, როდესაც აუცილებელია სასწრაფოდ ფინანსური ხარჯების გაწევა. იმდენად სასწრაფოდ, როდესაც არ არის იმის დრო, რომ თანხების ხარჯვის დასტური მიღებულ იქნას პარლამენტისაგან. საერთოდ არც ერთი თეთრი არ უნდა დაიხარჯოს პარლამენტის მიერ დადასტურებული მიზნისა და ოდენობის გარეშე. სარეზერვო ფონდი იქმნება სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, ავარიებისა და სხვა ისეთი შემთხვევებისათვის, რომელთა პროგნოზირება შეუძლებელია  და  ამიტომ განსაზღვრულ თანხაზე (2016 წლისათვის 50 მლნ. ლარზე) საქართველოს მთავრობას  ეძლევა პარლამენტთან შეთანხმების გარეშე მათი ხარჯვის უფლებამოსილება.

 

თუ ცნობილია ღონისძიება, დრო,ხარჯი, თანაც ათობით ღონისძიებისა და თითქმის 8 თვიანი პერიოდისათვის, მაშინ რატომ არ იხილავს ამ საკითხს საქართველოს პარლამენტი?

 

თუ ვინმე მოინდომებს ხელისუფლების გამართლებას კანონის ჩემს მიერ მოყვანილი ნორმის ისეთი ინტერპრეტაციით, თითქოს რაც ბიუჯეტში არ არის ასახული ყველაფრის დაფინანსება შეუძლია ამ ფონდით მთავრობას, შევახსენებ, რომ ჯერ ერთი კულტურის სფეროს ხარჯები მოცემულია სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში და  დამატებით 2016 წლის ბიუჯეტის კანონი ამავე დროს ითვალისწინებს მექანიზმს, თუ როგორ უნდა იქნას ამ ფონდიდან ხარჯების გაწევის გადაწყვეტილება მიღებული.

 

“საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ან/და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე წინადადებებს საბიუჯეტო ორგანიზაციების, აგრეთვე თვითმმართველი იერთეულებისა და ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ან საქართველოს მთავრობას წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო(მუხლი 18.8).

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 8 თვეზე გაწერილი ღონისძიებების დაფინანსების მოთხოვნით ერთი - ამ შემთხვევაში კულტურის სფეროს დაფინანსების მოთხოვნით თუ შევა მთავრობაში და არა საქართველოს პარლამენტში ის წინააღმდეგობაში მოვა კანონმდებლობის სხვა ნორმებთან. მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს კულტურის სფეროში ასიგნებების ცვლილებას.  საქართველოს კანონი-საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით კიწლიური ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა... საჭიროებს წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანას“ (მუხლი 40.1). „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით ამ თანხების პარლამენტის გარეშე ხარჯვა გამოიწვევს მათი კანონიერებისა და მიზნობრიობის  დარღვევით ხარჯების კლასიფიკაციას.

 

ამრიგად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 29 მილიონის გამოყოფა დროში გაწერილი, ცნობილი ღონისძიებებისა და ხარჯებისათვის, ამ საკითხის საქართველოს პარლამენტზე განხილვისა და 2016 წლის  სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში შესაბამისი ცვლილებების გარეშე იქნება უკანონო, ამავე დროს ის გაუთვალისწინებელი რისკების დადგომის შემთხვევაში უკარგავს სახელმწიფოს მათი ოპერატიულად აღმოფხვრის შესაძლებლობებს.

 

ასეთ შემთხვევაში მაქვს განცდა და ასეთი განცდა ალბათ ბევრს დაუფლება, რომ  როგორც ყველა check in მთავრდება check out-ით, Check In Georgia დამთავრდება Check out Ocneba-თი.

 

Check In Georgia!

Check Out “Ocneba”!

 

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: