რატომ არ წყალობს ადამიანი ძაღლებს და კატებს?!

რატომ არ წყალობს ადამიანი ძაღლებს და კატებს?!

 

მრავალი წელია საქართველოში მაწანწალა ძაღლებისა და კატების რაოდენობა იზრდება. ადრე, როგორც დედამ მითხრა, გზაზე უცნობი ძაღლი თუ ჩამოირბენდა, ხალხი ამბობდა, ნეტა, ვის დაეკარგა, ალბათ პატრონს გამოეპარა ან აედევნა და ჩამორჩაო!

 

დღეს ვინ იტყვის ამას საბრალო ძაღლებზე, რომელთა 99%  არც პატრონს გამოპარულია და არც ჩამორჩენილი - ის, უბრალოდ, “პატრონმა“ აიყვანა და გადასვა.

 

განსაკუთრებით მძიმე „მაკე“ ძაღლების ხვედრია, რადგან სანაგვე ურნებში ჩახტომა უჭირთ, თუმცა, ამ ბოლო დროს,  არც ურნებში ყრია რაიმე საკბილო. შეხედავ  „მაკე“ ძაღლს, გგონია მსუქანია დიდი მუცლის გამო, არადა სისუსტისგან ღონე არ აქვს!..

 

უამრავი ლეკვი მინახავს რესტორნებისა და კაფე-ბარების შემოგარენს მიკედლებული, კეთილი მზარეულის მიწოდებულ ორიოდე ლუკმაზე რომ არის დამოკიდებული მისი ყოფნა-არყოფნა...

 

ადამიანი, განსაკუთრებით, ძუების მიმართაა დაუნდობელი - მათ მაშინვე ჩამოაშორებს დედას და ქუჩისპირას, სანაგვე ურნასთან ან მიტოვებულ ადგილას უშვებს!

 

სულ ვფიქრობ, ადამიანისთანა გონიერი არსება რატომ არ ფიქრობს, რით უნდა ირჩინოს თავი დედას ჩამოშორებულმა ლეკვმა?

 

ვიცი, ასეთ დროს ის ფიქრობს, ღვთის წინაშე ცუდი არ ჩამიდენია, რადგან ცხოველი კი არ მოვკალი, არამედ ცოცხალი გავუშვიო, მაგრამ ეს ქმედება სასიკვდილოდ განწირვის ტოლფასი რომ არის, ამას არას დაგიდევთ...

 

ქუჩაში უამრავი ყურზე სპეციალურნიშანდადებული ძაღლია. ისინი ცოფზე აცრილნი არიან, მაგრამ  სხვა ყოველდღიური პრობლემები არ ელევათ -  ქვას ესვრიან, დევნიან, ტუქსავენ, შიშით უვლიან გვერდს, ზიზღით უყურებენ.  

 

ერთი სიტყვით, საზღვარგარეთის ბევრ ქვეყანაში მაწანწალა ძაღლები ფეშენებელურ თავშესაფრებში თუ ცხოვრობენ და სახელმწიფოც არ აკლებს ზრუნვას, საქართველოში იმ გაყოყოჩებული არსებების უბადრუკი თანამოძმეები ადამიანის მიერ მოგონილი ნაირ-ნაირი ხაფანგის მსხვერპლნი არიან!

 

 ბავშვობაში, როცა ბაღში დავდიოდი, ყოველ დილას მესმოდა ძაღლების საშინელი ყმუილი და წკავწკავი. მათ თურმე მერიის სამსახური სპეციალური რკინის მარყუჟით იჭერდა და ვიწრო გალიაში სვამდა, მერე კი, ეშმაკმა უწყის, სად მიჰყავდათ... 

 

საქართველოში არც კატებს ადგათ კარგი დღე. ადამიანს, რატომღაც, ის ძაღლზე მეტად სძულს. ალბათ იმიტომ, რომ, სტერეოტიპის მიხედვით, კატა თარსია-შავმა კატამ თუ წინ გადაგირბინა, სასწრაფოდ სამჯერ უნდა ისროლო კენჭი და განსაცდელიც არიდებულია. კატა ეშმაკია-სასაფლაოებს სტუმრობს და ა.შ.

 

ჩვენში გავრცელებული აზრის თანახმად, თარსი და ავთვალა ადამინიც შეიძლება იყოს, მაგრამ ამის გამო უნდა გავრიყოთ?

 

სასაფლაოებში უამრავი ჩიტი ირევა, მაგრამ ეზო-კარმიდამოში ბუდის გაკეთების ან გადაფრენის საშუალება არ უნდა მივცეთ?!

 

სამწუხაროა,  ბევრი მშობელი შვილებს ცხოველებისადმი ზიზღს უნერგავს და მავნე ქმედებისკენ უბიძგებს: გააგდე  კატა, ესროლე ქვა, მოუქნიე ფეხი, ხელი არ ახლო, ახლოს არ მოუშვა, არ გაგკაწროს, არ გიკბინოს, ბეწვი არ ჩაგყვეს...

 

ჩემი აზრით, მშობელი, გაფრთხილებასთან ერთად, შვილს იმასაც უნდა ასწავლიდეს, რომ ცხოველი (აქ კატა) არ უნდა დააზიანოს, რომ ისიც სულიერია, მასაც აქვს გული, ისიც ღვთის გაჩენილია და მასაც  ადამიანივით სტკივა ხან მუცელი,ხან ფეხი, ხანაც კუდი...

 

 იაკობ გოგებაშვილის “დედაენიდან“  ალბათ ყველას ახსოვს “ვანო და ჩიტი“. ჩვენი დიდი მასწავლებელი ამ პაწაწინა მოთხრობით გმობს  ადამიანის ყოველგვარ უარყოფით დამოკიდებულებას ცხოველებისადმი.

 

 ჩემს თანატოლებს ხან ვურჩევ, ხან ვთხოვ ხოლმე, მაწანწალა ცხოველებს არაფერი ავნონ და ისინიც მიჯერებენ.

 

ბოლოს და ბოლოს, კატა და ძაღლი ხომ ყველა მულტფილმის საყვარელი პერსონაჟები არიან, პატარა უფლისწულს მელია მეგობარიც კი ჰყავს, ტომი ხომ მსოფლიოს ყველა ბავშვის საყვარელი უეშმაკო კატაა, რომელსაც  თაგვი ატყუებს!

 

არ იფიქროთ, რომ მე პატარა ბრძენი ან ჭკუისკოლოფი ვარ, უბრალოდ, მინდა გთხოვოთ: გვიყვარდეს ცხოველები!

 

 ზურა ყურულიშვილი

 

სკოლა-ლიცეუმ  “ცოდნას“  VI კლასის მოსწავლე

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: