ქართული ტრადიცია და „თანამედროვე ევროპელები“

ქართული ტრადიცია და „თანამედროვე ევროპელები“

რამდენიმე დღეა “თბილისელები“, “ევროპელები“ და მოდურობის “დამჩემებელნი“ 21- საუკუნის საქართველოს ტრადიციებს  დასცინიან. აქედან გამომდინარე, რამდენიმე მნიშვნელოვან ტრადიციაზე გავამახვილებ ყურადღებას:

 

შობადღის   ტრადიციის  აღნიშვნა  საქართველოში 7 იანვარს დასაკლავი საშობაო ღორის გარეშე წარმოუდგენელია. მართალია, შობისეული შინაარსი აბსოლუტურად შორს დგას ამ ხალხური “დანამატისგან“, მაგრამ  ეფექტის გაძლიერებაში ხელს სულაც არ უშლის. 

“მსოფლიო მოდურებს“ შეიძლება პრეტენზია გაუჩნდეთ, რატომ ღორი და არა ბატიო, რადგან,  ამან ვიზალიბერალიზაციის პროცესსა  და ნატოში შეღწევაში შეიძლება ხელი “შეგვიშალოს“

 

მათ თვალში ალილოსა და მეკვლეობის  ჩვენეული  ტრადიცია ხომ მთლად ლაფს “დაგვასხამს“ თავზე. მეალილოეს კარდაკარ ჩამოვლა და ოჯახებისთვის შობის მილოცვა, სანაცვლოდ კი მათგან ფულისა და ტკბილეულის მიღება იქნებ “ვიღაცებისთვის“ მიუღებელია!

 

მარიამობის ღამეს სამეგრელოში (იმერეთში დიდ ხუთშაბათს) ჭიაკოკონობის ღამეს აწყობენ. დიდ-პატარა რამდენიმედღიანი მონდომებით აგროვებს შეშას და ნაფოტს, ერთ-ორ საბურავსაც შეაშველებს კოცონის ასაგიზგიზებლად და ასე “აფრთხობენ“  ჭინკებს. “მოდური თბილისელები“ და “მსოფლიო მოდურები“ ჭინკების არსებობაში აუცილებლად შგვედავებიან. საბედნიეროდ, მთლად არ “გაგვწირავენ“  და “გაგვიმეტებენ“  და, “ვიზალიბერალიზაციისთვისა და ნატოში შესაღწევად“ გვირჩევენ ჯანდაბას თქვენი თავი, გწამდეთ ჭინკების არსებობა, ოღონდ ტერმინები შეცვალეთ და „ელფები“ და „გნომები“ დაარქვითო.

 

არ დავიწყებ იმის დაწვრილებით ახსნას, თუ რა მნიშვნელობა აქვს წმინდა გიორგის ქრისტიანული საქართველოს წინაშე. შეგახსენებთ, რომ მას უშვილო ქალები შვილს სთხოვდნენ და ღამეებს მისი ხატის გვერდით წოლით ათევდნენ.

 

“ევროპულობის დამჩემებელნი“ აქაც დაგვცინებენ,  ხელს ჩაიქნევენ, მაგრამ “ გონივრულად“  კი “გვირჩევენ“ მისი სახელის, მაგალითად,  წმინდა ვალენტინით შეცვლას. ესეც “ევროპაში“ ჩვენი ადგილის დროულად დასაკავებლად!

 

კუჩხა სამეგრელოში უძველესი და მტკიცე ტრადიციაა. მასპინძელი სპეციალურადაც კი იწვევს ხოლმე კარგი ფეხის მქონე “მაკუჩხარს“. ისიც მოდის, ხელში უჭირავს კაკლებიანი სუროს ფოთლები, თხილის შტო, ხურდა ფული, ღერღილი და კვერცხები, რომელთაც, ოჯახის ხვავრიელობის მიზნით, ეზოში, საქათმესა და  ბოსელში აბნევს.

 

რა თქმა უნდა, ამაზე ადვილი სურვილის ფურცლის ნაგლეჯზე დაწერა და წინდის ყელში ჩადება უფრო მარტივია, მაგრამ რას ვიზამთ, ძალით ვირთულებთ საქმეს ქართველები!!!  

 

სამეგრელოში ბოროტი ძალები- ჭინკები, ოჩოკოჩები, ტყაშ მაფები და ძაბრალეებიც ცხოვრობენ. მაგალითად, ძაბრალე ავი სულია, რომლის შესაშინებლად ქართველი ცეკვა-ფერხულ “ძაბრა რეს“ მართავდა, რომლის ვარინტიცაა დღევანდელი “ჯანსულო“. არადა,  “ტრადიციების მსუსვრელნიც“ რა გამეტებით უკრავენ ტაშს სცენაზე გაცოცხლებულ ამ ძველქართულ ტრადიციას...

 

არა, ტაშს კი უკრავენ, მაგრამ მალე “მოეგებიან გონს“ და უცებ “ძალით  გამოდურებულნი“ გადასხვაფერდებიან და რატომღაც კვლავ “გონივრულ ეჭვს“  გამოთქვამენ, რომ ამ ტრადიციის სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივებას ლუდის ყოველდღიურ სმაში შეჯიბრების  ტრადიციის დანერგვა ასჯობს, ან “ბალიშებით ბრძოლის“ დაკანონება, ან “პამიდვრების სროლის“ ზეიმის დაწესება...

 

“მსოფლიო თანამედროოვებს“ მეგრული ქორწილი სახტად დატოვებს- ევკალიპტების და ჭაობის ლელქაშით მორთული 500-კაციანი სეფა, რომელსაც ერთი თამადა “უფროსობს“ და “განსხვავებულებს“ წარამარა ითხოვს... სიძე-პატარძალი კი ჩოხასა და გამორჩეულ კაბაში გამოწკეპილი “ხსნას“ ელოდება...

 

“მსოფლიო თანამედროოვები“კი “მარტივად “შეგვირჩევენ“ საქორწილო სამოსს, რა თქმა უნდა,  მათი ხედვით,  მოდის უკანასკნელი ტენდენციის  გათვალისწინებით - “დარჩით დედიშობილა, მხოლოდ ყელზე “პეპლით“!

 

“მსოფლიო მოდურები“ მეგრულ გლოვაზე რომ აყურებინო, ნატო და ვიზალიბერალიზაცია კი არა, სამუდამოდ შეგვაქცვენ ზურგს, (ან სხვა უარესს დაგვანახებენ):

 

თმა-წვერის დაგლეჯის ტრადიცია, სახის დაკაწვრა, ძაძებით შემოსვა, რამდენიმედღიანი წივილ-კივილი, რომელიც მეზობელ სოფლებიც კი ისმის...  მამაკაცები წვერს უშვებენ, მიცვალებულის სამკერდე სურათით წლობით დადიან ...

 

ამ დროს ეს შენი  “მოდური  თბილისელი“,  “ მსოფლიოს მოდური მოქალაქე“ თუ ნამდვილი ევროპული ღირებულების უგულებელმყოფელი  “მოდას ადევნებული“ დედ-მამას თავშესაფარში აბარებს; ავადმყოფ ნათესავს მომვლელის ანაბარა ტოვებს, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში მისი თვალების დამხუჭველიცაა, გამპატიოსნებელიც და ჭირისუფალიც. სამაგიეროდ ოჯახის წევრი ერთ დღეში “წაუკიდებს ცეცხლს“  მიცვალებულს და დიდ გლოვასაც დაასრულებს.

 

ნამდვილად ვიცი, ცრუმორწმუნეობის წინააღმდეგ გამლაშქრებელთა აზრი ე.წ. ბატონების შესახებ, რომელიც,  ქართული ტრადიციის მიხედვით, რაღაც განსაკუთრებული სახადია და არა უბრალო ინფექცია. მიდი და დაარწმუნე “მოდური ურწმუნო“  “ყბაყურას“, “წითელას“, “ჩუტყვავილას“ და “ცირას“  ხალხურ განსაკუთრებულობაში.

 

აჩვენეთ, “ბატონების“ წითლად მორთული ოთახი, ამღერებულ-აცეკვებული ოჯახის წევრები, საწოლზე შემომსხდარი ფრთებში წითელლენტშებმული ყვინჩილები (თუ “ბატონი“ გოგონაა - ვარიები)...

 

ამ დროს ოჯახში ტაფას და უთოს არ აცხელებენ, არ კერავენ, არ ხარშავენ, ცოლ-ქმრულ მოვალეობას არ ასრულებენ, რადგან “ბატონი“ გაბრაზდება და მის “შემოსარიგებლად“ პატიების რიტუალი უნდა შესრულდეს, მაგალითად, “დამნაშავის“  გათოკვა და სხვ.

 

მგონი სულ აგვეჭედა კარი  ნამდვილი ევროპისგან განსხვავებული “ტრადიციების მმუსვრელი“   “ევროპისკენ“.

 

ცალკე საუბრის თემაა საქართველოში აკვანთან მღერის, შელოცვა-დალოცვა-წყევლის ტრადიცია,  საყანე “ოდოია“ და  “ჩაფილობა“ -ძიძიშვილობა.

 

საუბრის დასასრულ, აღდგომის ხალხურ ტრადიციაზეც უნდა მოგახსენოთ:

 

მახსოვს, ჩემს ბავშვობაში აღდგომის  დილას ყოველთვის წვიმდა, დილის 7 საათიდან უკვე სასაფლაოზე ვიყავი ოჯახთან ერთად.

 

ვსველდებოდით, სველდებოდა და ფუჭდებოდა საჭმელი, მაგრამ ეს არ გვანაღლებდა... გვეგონა,  ჩვენი მიცვალებული გრძნობდა და ხედავდა, მასთან ხელცარიელი რომ არ მივედით...

 

უხაროდა, მის შემდეგაც რომ არ გატეხილა წელში ოჯახი და უხვი სუფრით ხვდებოდა აღდგომას...

 

წვიმდა...

 

ვსველდებოდით... ღვინოს წყალი ერეოდა, მაგრამ ბედნიერი ვიყავით, რომ მამა, ბაბუა და ბებია “ჩვენთან იყო“  მიწაზე... თუ ღვინიან ჭიქას რამე უნებურად წააქცევდა, ეს უფრო გვახარებდა, ე.ი. რაღაც ძალამ ან მიცვალებულის სულმა გვაგრძნობინა, აქ ვარო...

 

რაც გსურთ, ის თქვით, ამ წერილის წაკითხვის შემდეგ, როგორც გსურთ, ისე გაიგეთ მისი შინაარსი, მე კი ისევ იმ განცდებით მივალ ხოლმე სასაფლაოზე, რადგან იქ, სადაც დრო შეჩერებულია, თავი ისევ ბავშვი მგონია, იქ მეგულება ჩემი მცველები, ჩემი მფარველები, ჩემთვის  მლოცველები...

 

ისინიც, ტრადიციისამებრ, ელიან, როდის მივალ მათთან სანთლებით  და წითელი კვერცხებით- იქ ჩვენი შეხვედრის ადგილია...

 

      ია ჯღარკავა,  

ფილოლოგი, “ივერიონის“ ჟურნალისტი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: