ათუხთუხებული ფარცხნალი, ანუ ვინ ხართ თქვენ, ქალბატონო იზა?!

ათუხთუხებული ფარცხნალი, ანუ ვინ ხართ თქვენ, ქალბატონო იზა?!

იმდენად სასიამოვნოდ დავიმუხტე, დარწმუნებული ვარ ორდღიანი შთაბეჭდილების ტყვეობაში დიდხანს დავრჩები.

 

მაინც რა იყო ეს - ქართული სულის ზეიმი თუ ადამიანური ურთიერთობების გაბრწყინება, რომელსაც სათავე ერთი შეხედვით ჩვეულებრივმა, მაგრამ მიზანსწრაფულობით, ენერგიითა და კეთილშობილებით დამუხტულმა, არაჩვეულებრივმა ხარაგაულელმა ქალბატონმა დაუდო.

 

საუბარია 28-29 მაისს, ხარაგაულში, სოფელ ფარცხნალში ჩატარებულ ლიტერატურულ კონკურს „ოდეონზე“ და პლენერ „გამაზე“, რომელმაც თავისი არსით ყოველგვარ კონკურსს (შეჯიბრებას) გადააჭარბა!

 

 

დიახ, ეს იყო ნამდვილი ზეიმი, რომელსაც ფარცხნალელთა განსაკუთრებული სტუმარ-მასპინძლობა ალამაზებდა!

 

ნიშანდობლივია, რომ ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი“ მეთერთმეტედ ჩატარდა ხარაგაულში. თუ ადრე მას სოფელი ღორეშა მასპინძლობდა და „კარვის ქალაქის“ რომანტიკულ გარემოში იმართებოდა, წელს ორგანიზატორებმა ტრადიციას „უღალატეს“ და კონკურსისა და პლენერ „გამას“ მონაწილენი თავის საინფორმაციო მხარდამჭერებიანად ფარცხნალელებს „ჩაუგდეს“ ხელში, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ (ჩვენდა საბედნიეროდ) ქართულ სტუმართმოყვარეობას ყავლი ჯერ კიდევ არ გასვლია და ერთმანეთისთვის სითბოც და სიყვარულიც გვემეტება!

 

რაც შეეხება პლენერს, ღონისძიების ორგანიზატორთა ინიციატივით მხატვრები ფუნჯითა და საჭრეთლით ხარაგაულს მეორედ ეწვივნენ და თავიანთი შემოქმედების კვალიც დატოვეს!

 

 

გულახდილათ რომ გითხრათ, ზოგადად, ლიტერატურულ კონკურსებს ჩემთვის განსაკუთრებული დატვირთვა არა აქვს. საქმე ისაა, რომ ჟიურის რაც არ უნდა ობიექტურობაზე ჰქონდეს პრეტენზია, მაინც ვერ ასრულებს ჭეშმარიტი მედიატორის ფუნქციას - აქ საქმე არა იმდენად ჟიურის წევრთა კომპეტენტურობაზე და შინაგან პასუხისმგებლობაზე, არამედ გემოვნებაზეა.

 

არ არის საკამათო, რომ ჭეშმარიტი მსაჯული მაინც მკითხველია, რომელიც მიგიღებს, ან არ მიგიღებს. ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს, როგორც ჭეშმარიტი შემოქმედის, ასევე, ჭეშმარიტი მკითხველის დეფიციტია, რამაც ხელ-ფეხი გაუხსნა ათასი ჯურის უგემოვნო და უსულო ლიტერატურას (ლიტერატურული კონკურსებისადმი ნეგატიური განწყობა  განსაკუთრებით „საბას“ და კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ორგანიზებულმა ღონისძიებებმა წარმოშვა, რომელსაც არანაირი კავშირი არა აქვს ობიექტურობასთან).

 

მე ოდანავადაც არ შემაქვს ეჭვი ლიტერატურულ კონკურს „ოდეონის“ ჟიურის კომპეტენტურობაში, მაგრამ რამდენად ობიექტური იქნება მათი ვერდიქტი კონკურსის მონაწილეთა ნამუშევრების შეფასებაში, შედეგების გამოცხადების შემდეგ მოგახსენებთ.

 

თუმცა, ცოტათი გავუსწრებ მოვლენებს და წინასწარ ვიტყვი, რომ „ოდეონის“ მონაწილეთათვის ეს შეჯიბრობითობა სულაც არ არის. დიახ, მათში არ არის განსაკუთრებული მოლოდინი იმისა, თუ ვინ გახდება პრიოზიორი. შესაბამისად, მთელი 10 წლის მანძილზე კონკურსებმაც ისე ჩაიარა, რომ ჟიურის მიმართ პრეტენზია არავის გამოუთქვამს.

 

როგორც კონკურსის მონაწილენი ამბობენ, მათთვის „ოდეონი“ იმაზე მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი კონკურსი თავისი ტრადიციული გაგებით, ანუ ერთმანეთის შეჯიბრი - აქ განსაკუთრებული სიყვარულით იმუხტებიან და ეს მუხტი მომავალ „ოდეონამდე“ „საგზლად“ მიჰყვებათ.

 

 

 

„გალაკტიონის ცაცხვის“ ქვეშ

 

ლიტერატურულ კონკურს „ოდეონის“ და პლენერ „გამას“ ოფიციალური გახსნა განსაკუთრებულ გარემოში, განსაკუთრებულ ადგილას - „გალაკტიონის ცაცხვის“ ქვეშ მოხდა. ეს ის ადგილია, სადაც მეოცე საუკუნის დასაწყისში ახალგაზრდა გალაკტიონი ქართულ ენას ასწავლიდა თურმე. დღეს აქ მოქმედი ტაძარია. რაც შეეხება „გალაკტიონის ცაცხვს“, გადმოცემით ეს ბუმბერაზი ცაცხვი ასევე ბუმბერაზ პოეტს დაურგავს და მისი სახელიც ამიტომ შემორჩა.

 

 

 

 

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ღონისძიების ყველა ნიუანსი დახვეწილად იყო ორგანიზებული, რაც იდეის ავტორისა და უცვლელი ორგანიზატორის, ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის დირექტორის ქ-ნ იზა ვეფხვაძის დამსახურებაა.

 

მისი ერთპიროვნული დამსახურებაა ღონისძიების მხარდამჭერთა ასეთი სიუხვეც - როგორც მხარდამჭერები, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოს მხარს უმშვენებენ ებრაელი მეგობრები პაატა იოსებაშვილი (მისი წყალობით სახელდახელო მაისურით შეიმოსნენ „ოდეონისა “ და პლენერ „გამას“ მონაწილენი და ორგანიზატორები. ასევე მას ეკუთვნის ღონისძიების სარეკლამო გაფორმებაც) და მაქს შავიტი, სასაუზმე „მალხაზი“, საქართველოს კულტურის სამინისტრო, ქ. თბილისის მერია, გელა და გაგა ბუაჩიძეები, ბაქარ დევდარიანი, ფრიდონ მაღრაძე... სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება. ამის დასტური იყო საჩუქრების „ცვენაც“, უყურადღებოდ ღონისძიების არცერთი მონაწილე არ დაუტოვებიათ, თვით ფარცხნალელი მასპინძლების სახით.

 

 

თუმცა, განსაკუთრებულ შეფასებას იმსახურებენ ფარცხნალელები, რომლებმაც გულით ისტუმრეს ღონისძიების მონაწილენი და ქართული სტუმართმოყვარეობის იშვიათი კულტურა გამოავლინეს!

 

ნიშანდობლივია, რომ ღონისძიების საზეიმო გახსნას დაესწრო ისრაელის ოფიციალური დელეგაციაც ერთ-ერთი ქალაქის მერის ხელმძღვანელობით, რომელიც საჩხერის მუნიციპალიტეტს დაუმეგობრდა. გარდა კეთილი სურვილებისა და საჩუქრებისა, სტუმრებმა ჩემი ყურადღება იმითაც მიიპყრეს, რომ უკლებლივ ყველამ მოილოცა ადგილობრივი ტაძარი და იერუსალიმის წმინდა მიწიდან ჩამოტანილი სანთლებიც დაანთეს!!!

 

 

მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიების გასაშუქებლად ტრადიციული რეპორტაჟის ფორმას არ ვიყენებ, მაინც მინდა ყურადღების მიღმა არ დამრჩეს ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომლითაც გაიხსნა და დაიხურა ლიტერატურული კონკურსი - ერთნაირ მაისურებში გამოწყობილმა ყველა მონაწილემ ლამაზად აახმიანა „ოდეონის“ ჰიმნი, რომელიც საგანგებოდ დაწერა (მუსიკაც და ტექსტიც მას ეკუთვნის) ლიტერატურული თეატრის მუსიკალურმა გამფორმებელმა, ქ-ნმა დალი მერაბიშვილმა. ვფიქრობ, ეს ამ ღონისძიების ერთ-ერთი დამახასიათებელი შტრიხია.

 

 

 

ვინ როგორ გაიგო „საშინაო დავალება“

 

 

მიუხედავად იმისა, რომ კონკურსი ტრადიციული შეჯიბრობითობის ხასიათს არ ატარებდა, ყველა მოუთმენლად ელოდა ორგანიზატორისგან „საშინაო დავალების“ - ანუ, თავისუფალი თემის გამოცხადებას.

 

არც გამკვირვებია, როცა ქ-ნმა იზამ თავისუფალ თემად „სოფელი“ შეარჩია. არ ვიცი, ვინ როგორ გაიგო ორგანიზატორის ჩანაფიქრი და რა დატვირთვა შეიძინა ამა თუ იმ მონაწილის შემოქმედებაში სიტყვა „სოფელმა“, მაგრამ თემა ფრიად აქტუალური და მიზანსწრაფული რომ არის, საკამათოდ არ მეჩვენება.

 

ისე, ლიტერატურული კონკურსის პირობებმა სკოლისა და უნივერსიტეტის პერიოდიც გამახსენა, როცა თავისუფალ თემას ვირჩევდით და საკუთარი აზრების ქაღალდზე გადასატანად დრო ხან ერთი, ხან სამი-ოთხი საათი გვეძლეოდა. ჩვენ მაშინ ჯერ კიდევ გამოუცდელები ვიყავით!..

 

არ ვიზიარებ იმ აზრს, რომ დაკვეთით წერა არ შეიძლება, ან 24 საათში რაიმე ღირებულის შექმნას ვერ მოახერხებ. თუ ადამიანი ნიჭიერია და კალამიც ემარჯვება, მან თუნდაც ორ-სამ საათში „გორდიას კვანძი“ უნდა გახსნას.

 

არ ვიცი, რამდენად ღირებული ნამუშევრები შემატეს „ოდეონელებმა“ თანამედროვე ქართულ ლიტერატურას, მაგრამ ერთ რამეს ახლავე ვიტყვი: თემა იმდენად ზოგადი და ახლობელია, მისი განვრცობა მრავალ ასპექტში შეიძლება. თუმცა, დაველოდოთ კონკურსის შედეგებს და ყველამ ერთად შევაფასოთ მათი პოეტური თუ პროზაული ქმნილებები!..

 

რაც შეეხება პლენერ „გამას“, მხატვრები აბსოლუტურად თავისუფალნი იყვნენ თემის არჩევისას. თუმცა, მაგისტრალური ხაზი მაინც სოფლისკენ მიდიოდა და ასეც მოხდა - ყველა მონაწილე ფარცხნალით „გაბრუებული“ აღმოჩნდა და ღირებული ფერწერული ტილოებიც დაიდო!

 

 

 

 

იზა ვეფხვაძე - ქალი, რომელიც „იწვის“!

 

 

განსაკუთრებით მინდა შევჩერდე კონკურს „ოდეონის“ და პლენერ „გამას“ უცვლელ ორგანიზატორზე - ქალბატონ იზა ვეფხვაძეზე, რომელსაც სულ რამდენიმე თვეა ვიცნობ და ჩემი პროფესიული ინტერესიდან გამომდინარე, ყურადღებით ვიკვლევ მის ფენომენს.

 

 

იშვიათად შემხვედრია ასეთი დახვეწილი, რაფინირებული, მრავალმხრივი, ენერგიული და მიზანსწრაფული ადამიანი, რომელიც ყოველთვის „იწვის“ და არ ქრება, რომელიც ყოველთვის სითბოს და სიყვარულს ასხივებს და შენც „გაიძულებს“ პატივისცემითა და მოწონებით განეწყო მის მიმართ!

 

ამ რამდენიმე დღის წინ, როცა მე და ცნობილი საზოგადო მოღვაწე, ბატონი ივანე ჯაფარიძე ქალბატონ იზაზე ვსაუბრობდით, ბ-ნმა ვანომ ასეთი რამ იხუმრა: საჩქაროდ უნდა მოვახდინოთ მისი კლონირება (მომიტევოს უფალმა ასეთ ხუმრობა), რომ საქართველოს სხვა რაიონებსაც თითო იზა ვეფხვაძე ჰყავდესო!

 

არის ჭეშმარიტების მარცვალი ამ სიტყვებში - იზასნაირი მიზანსწრაფული, პატრიოტი და დამაშვრალი ადამიანები ცოტა მაინც რომ გვყავდეს, ტრადიციული ღირებულებებისა და ღირსეული ქართული მემკვიდრეობის დაკარგვის (გაქრობით) საშიშროების წინაშე არ აღმოვჩნდებოდით!

 

ამჯერად იზას პორტრეტის გამოძერწვას არ ვაპირებ (ეს ვალდებულება რამდენიმე თვის წინ ავიღე და ალბათ ბოლომდე მივიყვან), უბრალოდ ვიტყვი: რაც მან ხარაგაულს და ზოგადად, ქართული კულტურული მემკვიდრეობის გასაცოცოხლებლად გააკეთა, არათუ ერთ ადამიანს, არამედ, თუ პირობითად ვიტყვით, სახელმწიფო ინსტიტუტსაც გაუჭირდება - უზადოდ შემნილ და შესრულებულ 60-მდე ლიტერატურულ სპექტაკლზე და 15-მდე საავტორო კრებულზე რომ არაფერი ვთქვათ, ქ-ნი იზა არაერთი საინტერესო და სახელმწიფოებრივად დამუხტული ღონისძიების ავტორ-ორგანიზატორია. ერთ-ერთი მათგანი სწორედ „ოდეონი“ და პლენერი „გამა“ გახლავთ, რომელმაც განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა.

 

აქვე მინდა ყურადღება გავამახვილო ქ-ნ იზას ბოლო წიგნზე „ფარცხნალი - კორიფეთა სამკვიდრო“ (რომლის რედაქტორიც მე გახლდით). ავტორი შეეცადა მკითხველისთვის მოეთხრო მსოფლიოში უნიკალურ სოფელზე, რომელმაც მსოფლიო დონის 4 აკადემიკოსი და 40-ზე მეტი პროფესორი მისცა საქართველოს. ეს ის სოფელია, სადაც ახალგაზრდობის წლებში ქართულ ენასა და ლიტერატურას აწავლიდა პოეზიის მეფედ აღიარებული გალაკტიონ ტაბიძე და სადაც დაიბადა და გაიზარდა დიდი რეზო თაბუკაშვილი.

 

ყველაფერი ამის გათვალისწინებით არც გამკვირვებია, თუ რატომ აირჩია ღონისძიების მასპინძლად ქალბატონმა იზამ სოფელი ფარცხნალი.

 

დიახ, ფარცხნალის უნიკალურობა არა მარტო საქართველომ, არამედ, მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს!

 

 

 

 

მეც მომინდა გალაკტიონობა!

 

წილად მხვდა ბედნიერება, ჩემს ახლადშეძენილ მეგობრებთან ბ-ნ ივანე ჯაფარიძესთან და თანამედროვე საქართველოს გამორჩეულ მხატვარ ილო პატაშურთან ერთად იმ ოჯახის სტუმარი ვყოფილიყავი, სადაც დაახლოებით 3 წელი იცხოვრა გალაკტიონმა.

 

 

 

საოცარი სანახავი იყო, როგორი მოწიწებითა და ფეხაკრეფით შევედით გალაკტიონის ოთახ-მუზეუმში და როგორ ვასწრებდით ერთმანეთს ქართველი გენიოსის ნაქონ სკამზე დაჯდომას - იქნებ მისი მადლი გადმოსულიყო (ოდეონის“ დახურვისას პოეტებს დავემუქრე კიდეც, შეიძლება ჩემზე გალაკტიონის მადლი გადმოვიდეს და ყველას გადაგასწრებთ-მეთქი).

 

გვიან მივხვდი, რომ ელგუჯა ხარაძის ოჯახში ჩვენი (განსაკუთრებით ბატონ ილო პატაშურის), გამწესება შემთხვევითი არ იყო - სწორედ ამ სახლში შეიქმნა უნიკალური შედევრი - ფერწერული ტილო „ამაღლებული ფარცხნალი“, საიდანაც გალაკტიონის გენია არაბუნებრივი (ღვთიური) თვალებით იმზირება. ნამუშევარმა არამარტო ღონისძიების მონაწილეთა, არამედ, პროფესიონალი მხატვრების აღიარებაც დაიმსახურა. ერთი სიტყვით ბატონ ილოს გალაკტიონის მადლი ნამდვილად გადმოედო. ვნახოთ როგორ იმოქმედებს ეს ჩემზე და ბატონ ივანე ჯაფარიძეზე.

 

 

 

 

ბოლოთქმა: ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი“ და პლენერი“ გამა“, როგორც მოსალოდნელი იყო, წარმატებით დასრულდა. ჩვენც ამაღლებული განწყობით დავტოვეთ უნიკალური სოფელი „ფარცხნალი“.

 

თუმცა, ჩემი და ჩემი მეგობრების ამაღლებული განწყობა ნაწილობრივ გააფერმკრთალა ქართველი კორიფეების - ევგენი და არჩილ ხარაძეების სახლ-მუზეუმში სტუმრობამ (სიტყვა სახლ-მუზეუმი პირობითია იქ არსებული სიტუაციის გამო) - არ ვიცი ვისი ბრალია, მაგრამ ერთი რამის თქმა შეიძლება: მსოფლიო დონის თანამემამულეებს ასე არ უნდა ვექცეოდეთ. ამით ჩვენ ვანგრევთ და ვასამარებთ საკუთარ ღირსეულ მემკვიდრეობას.

 

 

 

მომავალ შეხვედრამდე ფარცხნალში, მეგობრებო!

 

 

ზაურ ნაჭყებია

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: