Iverioni
«    თებერვალი 2018    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728 
თებერვალი 2018 (8)
იანვარი 2018 (7)
დეკემბერი 2017 (7)
ნოემბერი 2017 (10)
ოქტომბერი 2017 (13)
სექტემბერი 2017 (4)
31-05-2016, 17:54
ნანახია: 466

ისევ გრძელდება ქვეყნის პარტიულ სამთავროებად დაყოფა და დაპირისპირება პოლიტიკაში და პოლიტიკის გარეთაც!

პარტია „თეთრების“ პოლიტიკური განცხადება
 
„სიტყვით – ერთობა, მოქმედებით – დანაწევრება“, – ასე ვაფასებთ პარტია „თეთრების“ პოლიტიკური საბჭო  ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ  სიტუაციას.

ჩვენ არ ვიცით  პოლიტიკოსი ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში, რომელიც  ერთობაზე არ საუბრობდეს. რამდენიმე დღის წინ, დიასპორების წარმომადგენელთა კონგრესზე გამოსვლისას ქვეყნის პრემიერმა, ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა განვითარების მთავარ პირობად ერთობა დაასახელა. იგივე პოზიციას აყალიბებს ყოფილი პრემიერი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი თავის მიმართვაში საზოგადოებისადმი.

კარგია, რომ ერთობის აუცილებლობას  ყველა ვაღიარებთ.  მაგრამ, როგორც ჩანს, მხოლოდ ვაღიარებთ,  რადგან  რეალობა სხვას ამბობს: გრძელდება ქვეყნის პარტიულ სამთავროებად დაყოფა, გრძელდება მეგობრობით და პირადი ერთგულებით ხალხის შერჩევა,  გრძელდება  დაპირისპირება პოლიტიკაშიც და პოლიტიკის გარეთაც, დაპირისპირება ედება საზოგადოებრივი ყოფის ყველა სფეროს, გრძელდება განათლებით დაწყებული და  ჯარით დამთავრებული  იმ ინსტიტუტების დისკრედიტაცია, რომლებზეც დგას ნორმალური დემოკრატიული სახელმწიფო.

წარმოუდგენელი ტემპებით მიმდინარეობს ინტელიგენციის გაპარტიულება, განათლების, მედიცინის, სპორტის პოლიტიზება, პოლიტიკით გამდიდრებულთა და ბიზნეს ინტერესების მქონე ფულიანთა გაპოლიტიკოსება,  ჯარის და, საერთოდ, ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენელთა ერთ პოლიტიკურ ხმად ქცევა. დამანგრეველია პოლიტიკური მანიით შეპყრობილთა სურვილი - მოახდინონ პოლიტიკურ პროცესებში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ჩართვა.

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც როგორც ჩანს, მეცენატობა პოლიტიკური დივიდენდებისთვის გამოიყენება. სამწუხაროდ, არ ვიცნობთ პიროვნებას, რომელსაც  ეკლესია-მონასტრების შენებისა და  გაჭირვებულების დახმარების სანაცვლოდ პოლიტიკური მხარდაჭერა არ მოეთხოვა.

მძიმეა რასაც ვამბობთ, მაგრამ ვაი  რომ ასეთია რეალობა, რეალობა, რომელიც მკვეთრად  განსხვავებულია „ნაციონალების“ მმართველობის პერიოდისგან, მაგრამ წინა ხელისუფლებაზე უკეთესი არ ნიშნავს იმ ხელისუფლებას, რომელსაც იმსახურებს  საქართველო და ქვეყნის მოსახლეობა. არც ხელისუფალთა ის ხაზგასმა გვაიმედებს,  რომ  რაც შეგვიძლია, ვაკეთებთო.

საქართველოს მომავალი მხოლოდ იმ ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული, რომელიც ქვეყნის შესაძლებლობის მაქსიმუმზე იმუშავებს.

ჩვენი ანალიზით, დამოუკიდებელი საქართველოს ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ქვეყნის შესაძლებლის 10 პროცენტზე მეტი გაეკეთებინა. აი, რა პოტენციალია წინ. რაზე უნდა დავფიქრდეთ და რატომ გვჭირდება ნიჭის ძალაუფლების ქვეყანა დღევანდელი ფულისუფლების ქვეყნის ნაცვლად. რატომ გვჭირდება არა ურაპატრიოტთა და გლობალისტთა, არამედ ქართული ცნობიერების პლანეტარულად მოაზროვნე  პროფესიონალ პოლიტიკოსთა ხელისუფლება.

ჩვენ მეცნიერებაზე  ორიენტირებული პარტია ვართ და სწორედ  მეცნიერულ ანალიზზე დაყრდნობით ვამბობთ:

დასაძლევია დღევანდელობის რამდენიმე, განსაკუთრებით ოთხი უმძიმესი პრობლემა:

პირველი – მმართველი პოლიტიკური ძალის  თვითკმაყოფილება;  

მეორე – ოპოზიციის უკვე გამარგინალებასთან მიახლოებული გაბოროტება;  

მესამე –  საზოგადოებაში    თითქმის ყველა უბედურების “მერე რა”  – თი გამართლების განწყობა.

მეოთხე – საზოგადოების ერთი ნაწილის  არჩევნებზე არმისვლით ტრაბახი. (დემოკრატიული სამყაროს  გამოცდილება ადასტურებს, რომ სწორედ მათ მოჰყავთ ცუდი მთავრობები, ვინც არჩევნებზე საკუთარი ხმის უფლებას არ იყენებს).

ვლაპარაკობთ ერთობაზე, მაშინ როდესაც გამოუყენებელია უდიდესი ინტელექტუალური პოტენციალი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ არსებული.

ვლაპარაკობთ ერთობაზე და ამ დროს, პრაქტიკულად იგნორირებულია ქვეყნის გარეთ  მცხოვრებ ადამიანთა პოლიტიკური პოზიცია, არადა ისინი ამომრჩეველთა თითქმის 60%-ს  შედაგენენ. არ იქნა გაზიარებული ჩვენი პოზიცია  დემოკრატიული ევროპის მსგავსად, აგვერჩია  პარლამენტში წევრები ქვეყნის  გარეთ მცხოვრებთა მიერ!

ვლაპარაკობთ ერთობაზე  და ამ დროს, პრაქტიკულად იგნორირებულია სახელმწიფო კაცების, კულტურის, ხელოვნების, მეცნიერების მოღვაწეების პოზიცია ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში… წლების განმავლობაში ვერ ახერხებენ ხელისუფლების მაღალი ეშელონების წარმომადგენლებთან არათუ შეხვედრას, არამედ მათთვის ხმის მიწვდენას.

ვლაპარაკობთ  ერთობაზე და ხალხს ვეძებთ მხოლოდ საკუთარ გარემოცვაში. ვეძებთ არა ქვეყნისადმი ერთგულების, არამედ პირადი ერთგულების პრინციპით.

ვლაპარაკობთ ერთობაზე და პარტიები დავყავით კვალიფიციურებად და არაკვალიფიციურებად…  ხელისუფლებას ვინც აწყობს, ეხმარება ყველაფრით:  ხალხის ფულით დაწყებული, სახელისუფლებო  რესურსით დამთავრებული. ვინც არ მოწონს, ებრძვიან ყველა ფორმით და  ცდილობენ მათ გამარგინალებას.

დამაფიქრებელია „ქართული ოცნების“ ცალკეულ ლიდერთა მხარდაჭერის განცხადებები კოალიციაში შემავალი პარტიების და თქვენ წარმოიდგინეთ, დაშლილი „ნაციონალური მოძრაობის“ უკვე პოლიტიკური სუბიექტების მიმართ, ხელისუფლების წარმომადგენელთა და, განსაკუთრებით, საინფორმაციო საშუალებების მიერ  მთავარ ოპოზიციურ ძალად „ნაციონალების“ წარმოჩენა, დანარჩენების, განსაკუთრებით კი ეროვნული განწყობის პოლიტიკური ძალების იგნორირების გზით.

ვლაპარაკობთ ერთობაზე და  ვებრძვით პრესისა და ტელევიზიის თავისუფლებას მათი დამორჩილების მიზნით. ეროვნულ სირცხვილად ვთვლით, რომ ქვეყნის ძირითადი  ტელევიზიებისა და მასობრივი ინფორმაციის  სხვა საშუალებების უკან დგანან პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები, პოლიტიკით გამდიდრებულნი.

რეალობა ადასტურებს, რომ პრაქტიკულად არ არსებობს პოლიტიკური  გავლენისგან თავისუფალი რეგიონული ტელევიზია, თუ  მედიასაშუალება.

ვლაპარაკობთ ერთობაზე და მთელი საინფორმაციო სივრცე, და ეს მოედო საზოგადოებრივი ურთიერთობის ყველა ფორმას, უჭირავს სიძულვილის ენას, აგრესიას, ურთიერთზიზღს, სიძულვილს განსხვავებული პოზიციის ადამიანთა მიმართ. პოლიტიკოსები ნაცვლად ერთმანეთთან  ლაპარაკისა, ვსაუბრობთ ერთმანეთზე.

ვლაპარაკობთ ერთობაზე და პოლიტიკური ლიდერები ხელისუფლებაში თუ ხელისუფლების გარეთ გაცილებით მეტად  აფასებენ პარტიიდან პარტიაში მორბენალთ, პირდაპირ ვთქვათ, მოღალატეებს. დღეს ღალატი პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების ერთ-ერთ მთავარ მექანიზმად იქცა.

ასე ერთობა ვერ იქნება!

ჩვენ,  პარტია „თეთრები“ შვიდი წლის წინ შევიქმენით არა იმიტომ, რომ ხელისუფლებაში მოვსულიყავით, არამედ იმ მიზნით, რომ ვმდგარიყავით იმ ხალხთან და იმ პოლიტიკოსებთან, რომელთა მიზანი იქნებოდა ისეთი ხელისუფლების მოსვლა ქვეყნის სათავეში, რომელიც ქვეყნის გარედან არ იქნებოდა მართული, იქნებოდა ხალხის მსახური და არა უფროსი.

სამწუხაროდ, დამოუკიდებლობა მივიღეთ, მაგრამ ასეთი მთავრობა ვერ მოვიყვანეთ!

ჩვენ ერთობის უპირველეს  საყრდენად სამართლიანობა   მიგვაჩნია. სამართლიანობა მისი ფართო გაგებით და  არა მისი პრიმიტიული  გაიგივებით წართმეულის დაბრუნებასთან, რაც ასევე მნიშვნელოვანია.

სამართლიანობა იქნება  მაშინ, როცა ხალხი დაიბრუნებს პოლიტიკოსების მიერ მისთვის წართმეულ საქართველოს.

სამართლიანობა ვერ იქნება, თუ  1991 წლის შეიარაღებულ გადატრიალებას, 2003 წლის ე.წ. „ვარდების რევოლუციას“   შეცდომას და დანაშაულს  არ ვუწოდებთ, თუ „ნაციონალების“ უსამართლო რეჟიმს შეფასებას არ მივცემთ, წარმოუდგენელია ქვეყანაში ერთობაზე, მშვიდობაზე და მომავალზე საუბარი.

სამართლიანობა ვერ იქნება, თუ ამ არჩევნებზე ყველა პოლიტიკურ პარტიას არ ექნება ერთნაირი სასტარტო მოედანი. სასტარტოს შემთხვევით არ ვამბობთ.  ჩვენი აზრით, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მთავარ პოლიტიკური მიღწევა არის ის, რომ საქართველოში პირველად ხდება, როცა პარტიები არჩევნებზე მიდიან დამოუკიდებლად, ყოველგვარი კოალიციების გარეშე. ანუ, ისე, როგორც ეს ხდება ევროპაში, მსოფლიოს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში.

არც სამართლიანობა და არც ერთობა იქნება, თუ ძველმოდურად გავაგრძელებთ სახელმწიფო კაცების, მოღვაწეების, წარმატებული ბიზნესმენების ნებით, ხათრით თუ იძულებით პარლამენტში შეყვანას!

ეს არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ ხდება და მათი შეურაცხყოფა უფროა, ვიდრე დაფასება. დავაკვირდეთ: პარლამენტში შესული ხელოვნებისა და სპორტის ცნობილი მოღვაწეები ღირებულ პარლამენტარებად ვერ ჩამოყალიბდნენ, ხელოვნებამ და სპორტმა კი  ამით ბევრი დაკარგა.  ვხედავთ, როგორ ძლიერდება ხალხში ნეგატიური დამოკიდებულება პარლამენტში შესულ ბიზნესმენთა მიმართ.

ამ ძველ საბჭოთა გადმონაშთზე  უარი უნდა ვთქვათ, თუ ვფიქრობთ მომავლის საქართველოზე.

სწორედ ამიტომ ჩვენ, „თეთრები“ ვამბობთ:

ერთობა არის იმ ქვეყანაში, სადაც არის ნიჭის ძალაუფლება. სადაც პატივს მიაგებენ ძლიერს და იცავენ სუსტს. სადაც მასწავლებელი, საერთოდ ინტელექტუალური სფეროს წარმომადგენლები და მეწარმე ჰყავთ  ხელისგულზე  და ფეხქვეშ ეგებიან, უვლიან და ეფერებიან ბავშვს, ახალგაზრდობას.

ერთობა არის იქ, სადაც გაცნობიერებული აქვთ ბიბლიური სიბრძნე: მთავარში – ერთობა, სადაოში – თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში სიყვარული.

ჩვენ შეიძლება ბევრი რამით განვსხვავდებოდეთ ერთმანეთისგან: ასაკით, მსოფლმხედველობით, მრწამსით, ეროვნული კუთვნილებით, სოციალური მდგომარეობით, პოლიტიკური პოზიციით,… მაგრამ მთავარში – სამშობლოში – გვაქვს ერთობა და ერთნი ვართ იმაში, რომ ჩვენი მოქმედების საფუძველი იქნება სიყვარული.

ჩვენ ასე ვხედავთ ქვეყნის მომავალს და ამისთვის  მთავარია არა პარტიათა საარჩევნო კოალიციები, არამედ მათი თანამშრომლობა ეროვნული თანხმობის პარლამენტისათვის, პიროვნებათა პარლამენტისათვის, განსხვავებულთა ერთობის პარლამენტისათვის.

ჩვენ  მიგვაჩნია, რომ პარტიებს გარეთ გაცილებით მეტია  ქვეყნისთვის საჭირო პროფესიონალი პოლიტიკოსი, ვიდრე პარტიებში. გაცილებით მეტია ის პოლიტიკოსი, რომელმაც ხელისუფლებაში    ყოფნის დროს შეინარჩუნა წესიერება და პატიოსნება, კორუფციის ეპოქაშიც კი გაუძლო ყოველგვარ ცდუნებას და, რაც მთავარია, ოპოზიციაში ყოფნის დროს, არ გაბოროტდა და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, სწამს და სჯერა, რომ არ შეიძლება პოლიტიკის ბიზნესად ქცევა, ხელისუფლებაში ბიზნესინტერესებით  ყოფნა.

ჩვენ, პოლიტიკურ პარტიებს გვჭირდება  თანამშრომლობა არა პოლიტიკური ფრაქციების შექმნისთვის, არამედ დაჯდომა მრგვალ მაგიდასთან, იმის აღიარება, რომ ქვეყნის დღევანდელი და ხალხის გაუსაძლისი მდგომარეობა სწორედ ჩვენი ბრალია, აღიარება იმის, რომ ამ წლებმა ჩვენში სერიოზულად გააჩინა ზნეობის დეფიციტი და უამრავი ზნეობრივი პროფესიონალი პოლიტიკოსი გარიყა. აღიარება იმისა, რომ ჩვენს გარეთ, პარტიებს გარეთ გაცილებით მეტია ქვეყნისთვის მომართული, ძლიერი პოლიტიკოსი, ვიდრე ჩვენს შორის… ჩვენი ამოცანაა, ვიფიქროთ ასეთი ადამიანების პარლამენტზე. თუნდაც ჩვენს გარეშე.

ჩვენ მივმართავთ პოლიტიკური  პარტიებს  ასეთი თანამშრომლობის თაობაზე.

ჩვენ არ გვაქვს იმედი, რომ ჩვენს წინადადებას დიდი გამოხმაურება და მხარდაჭერა მოყვება. იქნება კრიტიკა და იგნორირება. მაგრამ მთავარია საზოგადოებამ იცოდეს „თეთრების“ პოზიცია და ჩვენ კი დარწმუნებულად, დამაჯერებლად  ვმოქმედებდეთ, რომ პარლამენტში ჩვენი შესვლა კი არაა მთავარი, არამედ ბრძოლა იმისათვის, რომ პარლამენტში იყვნენ არა მოლაპარაკენი, არამედ კანონშემოქმედნი, არა ურაპატრიოტები  ან გლობალისტები, არამედ ქართული ცნობიერების პლანეტარულად მოაზროვნე ადამიანები. ეს რთულია, მაგრამ შესაძლებელი და მით უფრო შესაძლებელი, რაც მეტი მხარდაჭერა  ექნება საზოგადოებისაგან  „ეროვნული თანხმობის პარლამენტის“  შექმნის იდეას.  

ჩვენ დღეს ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას და 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს, სწორედ  მომავლის დღეს ვაცხადებთ სახალხოდ და საჯაროდ   და ამავე დღიდან  ათი დღის განმავლობაში პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეთა   ჯგუფთან ერთად ვიწყებთ კონსულტაციებს ჩვენი ორწლიანი თანამშრომლობის შედეგის  – „ეროვნული თანხმობის პარლამენტის“ იდეის და მისი ფორმირების  პრინციპების  თაობაზე   სახელმწიფო კაცებთან, ანუ   იმ ადამიანებთან, რომელთაც მძიმე ეპოქაშიც კი  შეძლეს დაეცვათ ენა, მამული და სარწმუნოება… იმ ადამიანებთან, რომლებიც ფიქრობენ საქართველოზე და არა სკამებსა და თანამდებობებზე.

ჩვენ, „თეთრები“ ასეთი პოზიციით ვერთვებით საარჩევნო პროცესში. ჩვენი მთავარი დოკუმენტი იქნება ერთის მხრივ, ქვეყნის პოტენციალის ანალიზი, მეორეს მხრივ, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მეცნიერული ანალიზი, და რაც მთავარია, პროგრამა ამ მდგომარეობის ქვეყანაში როგორ მოვიყვანოთ მისი პოტენციალი მოქმედებაში.
 
თემურ შაშიაშვილი,
პარტია „თეთრების“პოლიტიკური საბჭოს სახელით
პარტიის თავმჯდომარე

 

ზურაბ ხასია,
პარტიის გენერალური მდივანი