Iverioni
«    ნოემბერი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
ნოემბერი 2019 (11)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
3-06-2016, 17:45
ნანახია: 858

მსხვერპლშეწირულები, ანუ, ასე მოგივა, როცა ხარაკირზე წახვალ და სხვის ხელში ბრმა იარაღად იქცევი!

საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი (ნაციონალების“ და მისი სატელიტების გამოკლებით) აღშფოთებით შეხვდა სასამართლოს გადაწყვეტილებას „კორცხელის გმირების“ მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე.

 

არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად შემამსუბუქებელი იქნება სასჯელი, მთავარია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ გამოიყენა, ხოლო, შემდეგ, „ნაციონალების“ ზეწოლის, თუ საერთაშორისო ორგანიზაციების თითის დაქნევის გამო გააკეთა იმის იმიტაცია, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს, მათ შორის, დღევანდელი ხელისუფლების მომხრეებიც!

 

„კორცხელის“ ტრაგი-კომედია ძალიან მაგონებს გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებულ პერიპეტიებს, იმ განსხვავებით, რომ მაშინ თაკო სალაყაიასადმი „ერთგულებამ“ ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე შეიწირა. რაც შეეხება დღევანდელი ხელისუფლებისადმი ერთგულებას და „ნაციონალების“ ოდიოზური ფიგურების მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას, ის კარგად დადგმული შოუს ელემენტებს შეიცავდა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ამ ინციდენტმა მხოლოდ ძალადობის (მოძალადეების) ძალადობით დათრგუნვის მომხრეებში აღძრა დადებითი ემოცია, რაც სახიფათო ტენდენციად შეიძლება  ჩამოყალიბდეს!

 

მოდით, შევაფასოთ „კორცხელის“ ინცინდენტის მორალურ-სამართლებრივი მხარე და დავასკვნათ: რამდენად იმსახურებენ ისინი („კორცხელის გმირები“) სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და როგორია ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ მორალური პასუხისმგებლობა?!

 

ძალადობა, ვის მიმართაც არ უნდა იყოს იგი მიმართული, დასჯადი ქმედებაა და სამართლებრივი თვალსაზრისით სასამართლოს გადაწყვეტილება სწორია. რაც შეეხება მორალურ პასუხისმგებლობას, კანონის სამართლიანად აღსრულების შემთხვევაში ხელისუფლება ამას ვერ გაექცევა - მან თვითონ უბიძგა „კუნთმაგარ ბიჭებს“ დანაშაულის ჩადენისკენ და ახლა იძლებულია თვითონვე „დასაჯოს“ თავისი დანაშაულის ტოლფასი ჩანაფიქრის გადასაფარად.

 

ერთი სიტყვით, ხელისუფლება მორალთან მწყრალადაა, მაგრამ რა გამართლება აქვთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ხარაკირი თვითონვე გაიკეთეს და სხვის (ხელისუფლების) ხელში ბრმა იარაღად იქცნენ?!

 

სახელმწიფო იმისთვის არსებობს, რომ გამოიყენოს მის ხელთ არსებული სამართლებრივი ბერკეტები და ადამიანებს შორის ურთიერთობა დაარეგულიროს და არა იმისთვის, რომ თანამოქალაქეები ერთმანეთს მიუქსიოს, „ლინჩის წესით“ გასამართლება წაახალისოს და ქვეყანა კატასტროფისკენ წაიყვანოს!

 

„ქართულ ოცნებას“ წინა რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებისთვის სამართლებრივი შეფასება რომ უნდა მიეცა და ოდიოზური ფიგურები (დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელები და უშუალო შემსრულებლები) გაესამართლებინა, ასეთ ტრაგიკომედიის მომსწრენი არ ვიქნებოდით (ეს ზუსტად „ნაციონალების“ ხელწერა იყო!) და არც „ლინჩის წესით“ გასამართლებაზე ექნებოდა საზოგადოებას მოთხოვნილება.

 

ხელისუფლება ავანტიურაზე რომ წავიდა, გასაგებია, მაგრამ, არ მესმის, ჩვენ რატომ ვიქცევით სხვის (იგივე ხელისუფლების) ხელში ბრმა იარაღად და მერე რატომ გვიკვირს, საკუთარი ტყავის (ფასადური დემოკრატიის) გადასარჩენად ნებისმიერ დროს რომ გაგვწირავენ!!!

 

დასკვნა მარტივია: ვინც არ უნდა იყოს იგი, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, თუ კანონის ელემენტარულ პატივისცემაზე გვაქვს პრეტენზია. ეს აუცილებელია თუნდაც იმიტომ, რომ სხვებმაც ანალოგიური შეცდომა არ დაუშვან და ხელისუფლების ბრმა იარაღად არ იქცნენ - ძალადობის წახალისებიდან სამოქალაქო დაპირისპირებამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია!

 

მეორეც, არ შეიძლება სახელმწიფოს (ხელისუფლების) გასაკეთებელი საქმე ხალხმა გააკეთოს - ამ შემთხვევაშიც კატასტროფული შედეგი გარდაუვალია.

 

საბა საბახტარაშვილი