Iverioni
«    აგვისტო 2019    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
აგვისტო 2019 (4)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
13-06-2016, 17:50
ნანახია: 3261

ზვიად ნოდია: კრეტაზე არწასვლა არ ნიშნავს გმირობას, მთავარია, ეკუმენიზმს პრაქტიკულად განვეშოროთ!

„მწვალებელსა კაცსა განეშორე ერთი-ორი შეგონების შემდგომ, რამეთუ გარყვნილია და სცოდავს, თავისივე თავის მიერ დასჯილი“...

 

 

                                                                                                                                         

„ვინც ჩემთან არაა, ჩემი წინააღმდეგია; და, ვინც ჩემთან არ აგროვებს, ის აბნევს“ - გვეუბნება ქრისტე მაცხოვარი და რამდენადაც თავადვე წინასწარმეტყველებს - „როცა კვლავ მოვალ - დამხვდება კი ჩემი მართლმორწმუნეო“.

 

მეც ამ ეჭვით ვჭვრეტ იმ მოვლენებს, რაც „საერთომართლმადიდებლური“ კრების ბოიკოტს განაპირობებს...

 

ჩემთვის აშკარაა, რომ ის, რაც ახარებთ მართლმადიდებლებს კრებაზე არწასვლის გამო, სულაც არაა სასიხარულო, რამდენადაც არანაირად არ ემსახურება მართლმადიდებლობის სიწმინდის დაცვას...

 

უბრალოდ, მოხდა ისეთი რამ, რაც უნდა გავშიფროთ და რამაც ამ ეტაპის „გმირებს“ აღმოათქმევინა გულში ჩამალული სიმართლე, რომელსაც მანამდე ვერ ამხელდნენ და რაც მთავარია - არ იყენებდნენ მღვდელმთავრული დანიშნულებით, ანუ არ განეშორებოდნენ მწვალებლებს...

 

კრებამდე, ვინც ხელს არ იღებდა ნებისმიერი ერეტიული რეციდივის აღმოსაფხვრელად, ვერც კრებაზე  ამოიღებდა ხმას და ვერც - კრების გვერდის ავლით ისარგებლებს და „დიდი სჯულისკანონიერ“ შეცდომებს ვერ გაასწორებს...

 

უკრებოდაც ცდომილ გზაზე იდგა ეკლესია და მთელი ყურადღების გადართვა კრებაზე, თუ მასზე არ დასწრებაზე, აბსოლუტურად ვერ მალავს იმ ეკუმენისტურ თანამლოცველობა-ევქარისტულ ურთიერთობათა ცოდვა-მწვალებლობას, რის გამოც არავინ დასჯილა, არაფერი გამოსწორებულა, გრძელდება და გაგრძელდება, ვიდრე ამას არ დაერქმევა თავისი სახელი, ანუ, არ იქნება აღიარებული, რომ - ეკლესია ერესშია, ისე როგორც არასდროს, სრულად, ყოვლისმომცველად და თუ ეს არ იქნა შენანებულ-დაგმობილ-გამოსწორებული,  ისევე ილუზორული იქნება ქრისტეს ეკლესიაში მყოფობა, როგორც ძირძველ ერეტიკოსებს ჰგონიათ!

 

დიახ, სიმართლე ითქვა, მაგრამ - განყენებულად, არა თავისთავზე, არა საკუთარ ეკუმენისტურ თანაეკლესიურობაზე, არამედ კრეტის კრების ორგანიზატორებზე, მათი განზრახვა-მიზანდასახულების მხილებაზე და კრებაზე არწასვლა შეირაცხა  მართლმადიდებლობის გადარჩენად; 

 

რა იგულისხმება ამაში? ის, რომ - კრება კი დატოვეს, მაგრამ სულ ესაა - მართლმადიდებლობის გადარჩენა? აღარ მიუბრუნდებიან ეკუმენისტებთან თანაეკლესიობას?

 

არა მგონია... მათ ისევე დატოვეს კრეტის კრება, როგორც თავის დროზე ემს(ეკუმენისტური მსოფლიო საბჭო), რომლის სინოდალური დაგმობის მერე პრაქტიკული მღველმოქმედებითი ურთიერთობის უფლება არ ჰქონდათ, მაგრამ არაერთხელ ისევე მიუბრუნდნენ, როგორც  - „ძაღლი თავის ნარწყევს“...

 

სწორედ ამ სიტყვებით მიგვითითებს „დიდი სჯულისკანონი“ ორმაგ შემცოდეებზე და ეკლესიიდან განკვეთს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერესიარქი ღმერთისგან განკვეთილია, რომც კრებამ არ განკვეთოს; და, თუ ღმერთისგან განკვეთილი, მაგრამ კრებით არ მხილებული და დაუსჯელი კლერიკოსებით გაჯერდა ეკლესია, მიდის „დაქვრივებამდე“ და ბოლოს კვდომამდე.

 

აი, რას ვყვედრი და რატომ მოვითხოვ მღვდელმთავრებისგან - ემს-დან გამოსვლის მერმინდელი „ხანუქობა“- ეკუმენისტური ევქარისტიულობისა და თანამლოცველობის ფაქტების აღიარება-დაგმობას და არ გაგრძელებას. აი, სწორედ ესაა ის ერეტიული ერთობა- საყოველთაობა, რომელიც მთელს მსოფლიო ეკლესიას გველივით შემოჭდობია და გუდავს.

 

ძველ საუკუნეებში, მთელს მსოფლიო ეკლესიაში, ალაგ-ალაგ ჩნდებოდა ერესი, სამაგიეროდ რჩებოდა მთელი და საღი ნაწილები - ადგილობრივი ეკლესიები, მათი კათედრები, რაც განწმენდდა და აჯანსაღებდა სნეულ ნაწილებს, მაგრამ ამჟამად ყველა ადგილობრივი ეკლესია ერთ ბედ ქვეშაა... ახლაა საჭირო თუნდაც მცირე ადგილობრივი კრება, რომელიც ეკუმენიზმისგან იზოლირებას დააფიქსირებს და თუნდაც ქვაბავაზაკურ კრებაზე გაეკეთებინა რომელიმე ადგილობრივ ეკლესიას ევქარისტული კავშირის შეჩერების განცხადება, ეს უკვე კანონიკურად წარმოაჩენდა - როგორც ქრისტეს მისტიური სხეულის ჯანსაღ ნაწილს.

 

კრებაზე არწასვლით კი - რა გაკეთდა?

 

ის, რაც, ზევით ვთქვი - მხილებულ იქნა კრეტის კრების ეკუმენისტური მიზანდასახულება და პროტესტის ნიშნად არ ესწრებიან, მაგრამ - სადაა ევქარისტიის შეჩერება, ანუ კრებას ემიჯნები და მის ორგანიზატორებს არა?!... 

 

დიახ, დაგმობილ იქნა მსოფლიო ეკლესიის ეკუმენისტურად გაფორმების სიტყვიერი დოქტრინა, მაგრამ - პრაქტიკულად? მღვდელმოქმედებითად? - ყველაფერი ისევ ისე დარჩა.

 

მეტსაც გეტყვით - მით უარესი რომ ამოიფერთხეს გული მღვდელმთავრებმა და წარმოაჩინეს, თუ რა საძაგლობაა ეკუმენიზმი, მაგრამ მაინც რჩებიან ეკუმენისტურ ევქარისტულ ერთობა-ურთიერთობებში - მით უარესი. 

 

ღმერთმა ინებოს, მაგრამ - ჯერ მებრძოლმა ქრისტეანმა უნდა ინებოს და განუდგეს ერეტიკოსებს; ჯერ მღვდელმთავრებმა უნდა გაწმინდონ და დაიცვან ეკლესია და მერე დაიცავს ღმერთი.

 

სადაა ეს ჯვარცმა, თავდადება, ბრძოლა? თქვენ ხედავთ ამას? და ეს კრების ბოიკოტში გამოიხატება - გგონიათ?

 

თუ ასეა, ამაზეც ვილაპარაკოთ... ეს რომ მართლმადიდებლური ნაბიჯი იყოს და არა - პოლიტიკური, აუცილებლად უნდა მოყვეს შემდეგი ნაბიჯი - ახალი კრების მოწვევა და ეკუმენისტებისადმი ევქარისტიის შეჩერება; მაგრამ, რას ვხედავთ ამის მაგივრად? იმას, რომ - კრეტის კრება გამოყენებულ იქნა:

 

1. კრებამდე მიმდინარე მწვალებლური ევქარისტული კავშირ-ურთიერთობების არა დასაგმობად, არამედ მისაფუჩეჩებლად, რაც მეტყველებს იგივენაირი საყოველთაობა-სინკრეტიზაციის პირობებში, თუ რეჟიმში იმავე „ეკლესიურობის“ განგრძობას; ანუ, კრებაზე ყურადღების გადატანით „გაპრავებულ“ იქნა და დატოვებულ იქნა ეკუმენისტებთან თანამლოცველობა-თანაარსებობის პრაქტიკა; ფაქტობრივად ეს გახლავთ ორი ეკლესია ერთ ეკლესიაში, ორეკლესიურობა, ორი ბატონის შერწყმა; 

 

2. რამდენადაც კრება ტარდება კონსტანტინოპოლის პატრიარქის ინიციატივით, იმდენადვე ემსახურება მისი სტატუსისა და უფლებამოსილების ამაღლების დაკანონებას - ეს ჩანაფიქრი ცნობილია 2014 წლიდან, მაგრამ ახლახან გამოქვეყნდა იმავე წლის სტრასბურგული „საერთაშორისო მემორანდუმი“, სადაც განჩინებულია, რომ უნდა შეიქმნას სამი იერარქიული სტრუქტურა, ანუ სამი ცენტრალიზებული საპატრიარქო - რომის, რუსეთის და კონსტანტინოპოლისა, რომლებშიაც გადანაწილდება ადგილობრივი საპატრიარქოები, რაც, ალბათ, გააუქმებს ავტოკეფალიებს და ისევე, როგორც პეტრე პირველის დროს, გაუქმდება პატრიარქის სტატუსი, გარდა ხსენებული სამი პაპ-პატრიარქისა.

 

ცალკე კონსტანტინოპოლი და ცალკე რომი უნისონში გახლავან რომთან და პირველ, მეორე, მესამე რომობას თავს მოაბამენ.

 

ჯერჯერობით კი, როგორც ვხედავთ, ამ კრების საშუალებით ანუ მომიზეზებით ეკლესია დაიყო ორ სტრუქტურულ ერთეულად, ორ ცენტრალიზებულ საპატრიარქოდ, რომელშიც განაწილდნენ სატელიტი პროეკუმენისტური და პირობითად ანტიეკუმენისტური საპატრიარქოები...

 

პირობითად ჰქვია, მანამ სანამ ევქარისტულ ერთობაში არიან და თავს იტყუებენ თეორიულად, თორემ პრაქტიკულად თანაეკლესიობენ.

 

გამოდის, რომ ერთ კრებაზე ამდენი რამ იოლად მოსანელებელი არ იქნებოდა და სპეციალურად მოხერხდა ფორმალური განხეთქილებით განპირობებული რუსულ-კონსერვატიული და კონსტანტინოპოლურ-ლიბერალური დაჯგუფებების გადანაწილება;

 

3. ამ კრებამ გაათვალსაჩინოვა, თუ როგორი პოლიტიზირებულია ეკლესია და წმინდა სარწმუნოებრივი ინტერესები კი არა პოლიტიკური ძალები ამოძრავებენ პროცესებს - სათავისოდ, ანუ მსოფლიო საერთო სახლისა და საერთო მეფე-პატრიარქის სასარგებლოდ.

 

ამიტომ, ეს პოლიტინტერესები სცდება ძველ ბიზანტიურ და რუსულ იმპერიულ გეოპოლიტიკურ ინტერესებს და მიმდინარეობს მსოფმთავრობის ჩარჩოებში: 

 

ისევე, როგორც დასავლეთში „მოკლეს ღმერთი“ და ათეიზმი იქიდან იქნა შემოტანილი, რასაც მომდევნო ეტაპად მოაყოლეს   დემოკრატიულ- სეკულარისტულ-მოდერნისტული იდეოლოგიები „დედამიწაზე სამოთხით“ ხალხთა გასაბრუებლად,   ასევე  იწყება მესამე ანტიქრისტული ეტაპი და ხონჩით არავინ  მოგვართმევს წმინდა მართლმადიდებლობას,  თავს ნუ მოვიტყუებთ. 

 

არ ყოფილა სსრკ-ს წარმოქმნა ერთჯერადი აქტი და არც მაშინდელი ღმრთისმბრძოლობა იყო ერთჯერადი აცრა - ახალი ადამიანის- ჰომოსოვეტუკის გამოსაყვანად, არსად არ წასულა ეკლესიის მტერი, ისევ განაგრძობს დაწყებულ საქმეს და ისევ ორ ბანაკადაა დაყოფილი სივრცე, რომელიც საქრისტეანოს ეკუთვნოდა. ამ ორ ბანაკში გამოყავდათ - ქრისტემტყუვარი „ქრისტიანები“ და კვლავაც მიმდინარეობს ოპერაცია...

 

ასე, რომ ამ კრების გაბარიტები იმასვე მალავს, რაც ექსპერიმენტულად(ხელოვნურად) ჩატარდა  სსრკ-ში, რომელშიც - სრულიად ახალი, „ჟივოი“ ეკლესია  მოიგონეს, რათა სისხლით და მახვილით, ცეცხლით და ციხით გაუქმებული ქრისტეს ეკლესიის მაგივრად, თავიანთი დაარსებული ეკლესია გამხდარიყო ხალხთა თავშესაფარი...

 

მაგრამ, არ გაჭრა თაღლითობამ, არ ინდომა მრევლმა ხელოვნური ეკლესია და ამის გამო თვით ქრისტეს ეკლესიაში, ნანგრევ, ნაგვემ და ფიზიკურად ვერ მოკლულ ეკლესიაში შეიტანეს სულიერად მომაკვდინებელი ხანგრძლივმომქმედი შხამი - ეკუმენიზმი,  „სერგიანული“ გზით, ანუ - პოლიტიკური მთავრობის ქვეშევრდომი საეკლესიო მთავრობის ხელით.

 

მსგავსად ამისა, ეს კრებაც ერთი ხელის მოსმით გააფორმებდა ქრისტესგან სრულ განდგომილებას - მართლმადიდებლურ ქრისტეანობას ჩაანაცვლებდა ეკუმენისტური „მართლმადიდებლობით“, ანუ ანტიქრისტეანობით,  რაც ძალზედ ძნელი და მიუღებელი იქნებოდა ქრისტეანული სინდისისთვის, აბობოქრდებოდა მრევლი, რასაც - გარეგნულად აარიდეს თავი, ვითომ (რატომ „ვითომ“? - თავისმოტყუებაა და იმიტომ) ანტიეკუმენისტები რუსულ ორბიტაზე განაცალკევეს, კრება განტვირთეს, და მაინც მიიღებენ წერილობით საკრებო, კათოლიკე დადგენილებას, რაც დროებით იზოლირებულებსაც დაავალდებულებს  ამით იხელმძღვალენონ!

 

ანუ, რა გამოვიდა? - პროტესტანტებმა თუ ბოიკოტისტებმა სიმძიმის ცენტრი გადაიტანეს ვითომ განხეთქილებაზე, რის გამოც, ხალხი ფიქრობს - ჩვენ ხომ განვცალკევდით და ეკუმენისტებმა თავისთავს გამოუწერონ საკრებო დადგენილებებიო... 

 

ეს უნდა მათაც - სულ გრიალ-გრიალით მიიღებენ ქვაბავაზაკურ დოგმატებს და გახდიან სავალდებულოდ;

 

ასე, რომ - არაფერიც არ შეცვლილა სასიკეთოდ, სამართლმადიდებლოდ, საჩვენოდ...

 

ისევ ისე და უარესად დარჩა ეკუმენისტურობა ეკლესიაში და ამისგან ყურადღების გადატანა მოხერხდა ბოიკოტით, რაც არაფრის მაქნისია - აჯობებდა კრებაზე დასწრებით გამოეთქვათ პროტესტი და დაეგმოთ ეკუმენისტობა არამცთუ კრებისა, არამედ ეკლესიისა;   

 

და, თუ ანტიეკუმენისტები პარალელურ კრებას არ დაუპირისპირებენ, მაშინ, გამოდის, რომ არ ხდება ერესისგან იზოლირება, ვერ ვიშორებთ ჭირს, რომელიც ბუდობს ეკლესიაში, ეკუმენიზმს, რომელსაც დაგესლილი ჰყავს ევა - დედაეკლესია და ხელს არ ანძრევს ადამი - მღვდელმთავრობა, რომელმაც სამართლებრივად უნდა ანათემაჰყონ იმ პირთა საეკლესიო ერთობიდან განყენება, ანუ მართლმადიდებელთა დასიდან გარიცხვა, ვინც ისედაც განმდგარია და დაპირისპირებული ქრისტესთან, რის გამოც ხელიდან გვეცლება ქრისტეს ეკლესია და ჩაენაცვლება ანტიქრისტეს ეკლესია. 

 

ყურადღება გაამახვილეთ: კრეტის კრებას უნდა ანტიმართლმადიდებლური სწავლების დანერგვა; ამასობაში, ანუ მანამდე კი, უკვე დანერგილია პრაქტიკული მღვდელმოქმედებანი ეკუმენისტებთან და რა გამოდის? - კრებისგან განმიჯვნა ხელს უწყობს არამართლმადიდებლური სწავლების დანერგვას,  - ეს ერთი და მეორე  - ღმრთისმსახურებით პრაქტიკულად ვურთიერთობთ მათთან, მაშინ როცა, თუ განმიჯნვაა - საქმითაც უნდა ვემიჯნებოდეთ ერეტიკოსებს და სიტყვითაც.

 

მაშასადამე, ჩვენ საქმე გვაქვს, როგორც თეორიულ დოგმატიკასთან, ასევე მის პრაქტიკულ მღვდელმოქმედებასთან და თურმე, აქამდე, რასაც პრაქტიკულად აღასრულებდნენ ერეტიკოსებთან ერთობაში, ეს არ ყოფილა დასაგმობი და რადგან კრებაზე ამის დამტკიცებას გვაძალებენ, თურმე წერილობითი გაფორმებაა გასაპროტესტებელი, თორემ ერთეკლესიურობას კი არ უნდა ჩაუდგე სქიზმაში.

 

მაშინ, ქრისტესთან გამოდიხარ განმხეთქილებელი - ორივეს ვერ შეათავსებ! 

 

ქრისტეანობა ხომ სიტყვის და საქმის, რწმენის და ღმრთისმსახურების ერთობლიობაა, თქვენ კი - მხოლოდ სიტყვიერ, ტექსტობრივ ერესსს ეწინააღმდეგებით, საქმით კი, ანუ მღვდელმოქმედებითად - მათ ბნელ საქმეებს ეზიარებით.

 

არავის არ სურს „დიდი სჯულისკანონის“ და კატეხიზმოს გახსენება: „დედამიწაზე ეკლესია - ესაა ქრისტეანთა კრებული, რომლებიც გაერთიანებულნი არიან მართალი სარწმუნოებით,  ღმრთისმსახურებითი ურთიერთობით, იერარქიული მორჩილებით და ღმრთის მცნებების აღსრულებით; ხოლო, ყველა მწვალებელი და განხეთქილებაში მყოფნი იმყოფებიან მის მიღმა და ვერ ცხოვნდებიან, თუ არ შეინანეს“.

 

სწორედ ეს გვემუქრება, თუკი წინამძღვრები არ მოინანიებენ - პრაქტიკულად გამოხატულ მღვდელმოქმედებებს და ევქარისტულ კავშირს ერეტიკოსებთან.

 

ანტიეკუმენისტური კრების მოწვევა აუცილებლად გვჭირდება, რათა ვერავინ გაბედოს თავისმართლება - „ჯერ კრებას არ განუკვეთავს ერესიარქი და მასთან თანაარსებობა დაშვებულიაო, მე ხომ არ ვლოცულობ ერეტიკოსებთან და მისი ცოდვა მას ვნებს, თორემ ჩემზე არ გადმოდისო“...

 

ამის განმცხადებელი ისე არღვევს მრწამსს, აზრზეც არაა: ეკლესია ერთია და კრებსით-საყოველთაო და თუ ერესით უწმინდურდება - ყველაზე გადადის და როგორღაა წმინდა. ესეიგი, ევქარისტული იზოლირებაა საჭირო, რათა მისი სნეულება ყველას არ მოედოს.

 

რით ჯობს მწვალებლებთან ერთობაში მყოფი ღმრთისმსახური კაენს, რომლის ღმრთისმსახურება დაიწუნა ღმერთმა.

 

თუკი სურს ჩვენს ეკლესიას იყოს უცვლელი ცოცხალი ღმრთივსულიერი ორგანიზმი და არა ადამიანური ორგანიზაცია, რომელიც ხელსაყრელი შემთხვევისთანავე ცვლის პრინციპებს და კანონებს, აბელს უნდა მიბაძოს - დოგმატურადაც და კანონიკურადაც.

 

ნუ გგონიათ - რაღაც ჯერარმომხდარ და განყენებულ სიტყვებს კითხულობდეთ: წინანდელებს თავი რომ დავანებოთ, ამაწლის იანვარში, შამბეზიში, ერთობლივი ეკუმენისტური წირვა აღასრულეს ადგილობრივი ეკლესიების პატრიარქებმა...

 

ესაა რეალობა - ეკუმენისტური თანამლოცველობის გარეშე არ გამოდის ერთეკლესიურობა!

 

ეკუმენისტური ერთეკლესიურობა კი- ყოველდღიურად მიჯნავს ეკლესიას ქრისტესაგან!

 

როდემდე?!...

 

ცხადია, რომ ჩვენ პოლიტიკური „მართლმადიდებლობით“, ანუ საეკლესიო მთავრობის პოლიტიკურ მთავრობასთან სერგიანული თანამშრომლობით ვერ მოვიშორებთ ერესს - ეკუმენისტურ ერთეკლესიურობას, თუ არა საკუთარი ძალისხმევით, თუ არა წმინდა მამებისეული მართლმადიდებლობით - სრული აკრიბიული იზოლირებით...