გიორგი ტიგინაშვილი: თუ ასე გაგრძელდა, რუსეთის საეგზარქოსოდ გადაქცევა მოგვიწევს!
ეს სტატია, რომელიც დიდ და წმინდა კრებაზე საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის არწასვლას და იქიდან გამომდინარე შესაძლო შედეგებს ეხება, შეიძლება ბევრს საკამათოდ მოეჩვენოს, თუმცა, თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, ვბეჭდავთ უცვლელად.
დიდ და წმიდა კრებაზე არ წასვლის მიზეზები, მოძმე და და-ეკლესიებთან კომუნიკაციასა და კონტაქტის საშუალებაზე უარის თქმა განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით:
1) ადმინისტრაციაში არსებული ავტოკრატიული, შიდა სტრუქტურული სისტემით, რომელიც ვერტიკალურ რეჟიმსა და არაკრებითობაზეა დამყარებული, სადაც ცალკეულ მღვდელმთავრებს, მხოლოდ ნომინალური და სიმბოლური ფუნქცია-რეგალია გააჩნიათ, სადაც არა საღვთისმეტყველო თუ კვალიფიციური დისპუტისა და პოლემიკის შედეგად, არამედ, ლატენტური და გაურკვეველი ძალების მიერ (ზემოდან) ნაკარნახევი დირექტივების მიხედვით ხდება ამა თუ იმ გადაწყვეტილების დეკლარირება.
ამაზე ჯიუტად მოწმობს ხშირ შემთხვევაში იმავე წმ. სინოდის მიერ საკუთარი გადაწყვეტილებების უცაბედი და მოულოდნელი ანულირება-გაუქმება, რაც საბოლოო ჯამში მათივე მდგომარეობის არარელევანტურობასა და პრობლემატურობაზე მეტყველებს.
2) ზოგადად, იზოლაციონიზმს, ობსკურანტიზმს, რეტროგრადიზმს, ფუნდამენტალიზმსა და ფანატიკურ ჩაკეტილობას იწვევს გაუნათლებლობა (ფაქტია, რომ დოგმატიკა და კანონიკა ერთმანეთში ბრიყვულად ერევათ), სიმხდალე, შიში იმისა, რომ საკუთარ პოზიციებს არგუმენტირებულად ვერ დაასაბუთებ.
ასეთ დროს, განკერძოებაში მყოფ სუბიექტს, რჩება მარტოოდენ ერტადერთი არჩევანი - მოახდინოს ღია კონტაქტსა და აქტიურ მოძრაობაში მყოფი სუბიექტების მარგინალიზაცია, დემონიზაცია და სტიგმატიზირება, რომელიც მათი რეპუტაციისა თუ ავტორიტეტის დაკნინებაში გამოიხატება, საკუთარი სახელის უბადრუკად ხიბლისმიერი განდიდების ფონზე, როცა შენს ვითომ და უნიკალურ გამორჩეულობას ესოდენ უტიფრად ტირაჟირებ.
ასეთ ვითარებაში, ჩვეულებრივ, მატულობს ხოლმე პროპაგანდისტული ტექნოლოგიების ამუშავება, რომელიც ჩვენს შემთხვევაში ნასაზრდოებია ეთნო-ნაციონალისტური, ფილეტისტური და შოვინისტური იდეებით, ანუ მთლიანად იდეოლოგიზირებული თუ ფსევდოპატრიოტული "ღირებულებებით".
3) როცა საპატრიარქოს პოლიტიკა, მთლიანად გადართულია რუსიფიკატორულ ვექტორზე, "ძერჟავნიკულ" პლატფორმასა და სლავურ ორბიტაზე (სტოკჰოლმის მონური სინდრომის გამოისობით და კომპრომატების კა გე ბე-სეული ბერკეტებით), მაშინ, სხვას არც არაფერს უნდა მოელოდე, გარდა კრემლთან უნისონში გალობისა, დიდი დათვის საკრალიზაციისა და სხვა დანარჩენი სამყაროს მტრად გამოცხადებისა.
სწორედ აქედან მომდინარეობს სქოლასტიკური იურიდიზმის ვითომ ერთგულებით ქომაგობის ნიღაბიც და კანონიკური სამართლის ვითომ მოშურნეობით დაცვის გავეშებული შემართებაც.
4) ეკლესიაში არსებული ყველა პროფანაცია, დიდწილად გამოწვეულია კომპეტენტური სპეციალისტების დეფიციტითა და დიკასტერიის (საეკლესიო სასამართლო) არარსებობით, რაც ჩემი შენიშვნის პირველ პუნქტში უფრო გაშლილად ვახსენე.
დასკვნა: უცნაური და პარადოქსული ირონიაა ევქარისტიულ კავშირში მყოფ ძმებს ეგოისტურად და ასე უპასუხისმგებლოდ ემიჯნებოდე და დიალოგსა თუ საყოველთაო პანორთოდოქსულ ფორუმში მონაწილეობაზე უარს აცხადებდე, მაშინ, როცა პარალელურ რეჟიმში საკათედრო ტაძრის ამბიონიდან აცხადებ, რომ:
"გაძლიერებულად ლოცულობ მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობისათვის"! სახეზეა სექტანტური სულის დახუთულობა, ინტელექტუალური ვაკუუმი და პროვინციალური პოზა, რომელსაც სარჩულად უდევს ხეპრე ფანატიზმი, ანუ, წარმართულ-მითოსური რწმენა - ცოდნისა და სიყვარულის გარეშე.
ასეთ, სანგარში შემალულ მოცემულობას ბევრი აქვს საერთო ეჭვიანობასთან.
რელიგიური ეჭვიანობა არის იმგვარი ფსიქოზი, როდესაც იკარგება რეალობის შეგრძნება, სულიერი ცხოვრება ყირავდება და ფიქსირდება ერთ წერტილზე.
რეალურად ამ კონდიციაშია საქართველოს საეკლესიო სინამდვილეც და ის 451 წლის ქალკედონურ გზას ადგას (გათიშვის კონტექსტში).
ვვარაუდობ, თუ ამგვარი დინამიკით გაგრძელდა დაღმასვლა, სქიზმა და ოფიციალურად რუსეთის საეგზარქოსოდ გადაქცევა მოგვიწევს, რამეთუ კულმინაციური პიკი იქნება, თუკი დიდი და წმ. კრების განჩინებას არ მოაწერენ ხელს.
ორიოდე სიტყვით, შეუძლებელია არ შევეხოთ, იმ სასულიერო პირთა არაკორექტულ განცხადებებს, რომელნიც აგერ უკვე მრავალი წელია რაც "საეკლესიო პოლიციის" ფუნქციას ითავსებენ.
უნდა აღინიშნოს, რომ თუკი გამოცდილებას დავეყრდნობით, სავარაუდოდ იმ დესტრუქციულ და ექსტრემისტულად განწყობილ ფუნდამენტალისტ სასულიერო პირებს, ვინც ევქარისტიაში მყოფ მამამთავრებს ავაზაკებს უწოდებს ჩვენთან არ დასჯიან, მეტიც, დუმილისთვის პატივს აუწევენ და დააჯილდოებენ.
ისინი, ვინც წმ. და დიდ კრებას ერეტიკულ და მწვალებლურ ფორუმად მოიხსენიებს, კრეტის კრებამდეც ასე იხსენიებდნენ თავიანთი ამბიონებიდან კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბართლომეოსს და დიდი ხანია მის ლანძღვაში არიან, თუმცა, ამის გამო არც გაფრთხილება მიუღიათ და არც დასჯა!
ისინი სისტემისა და რეჟიმის ზონდერ ჯგუფები არიან და მათი რიტორიკის გამო არავინ მოსთხოვს პასუხს არცერთს. ამ ყოველივეზეც პასუხისმგებლობა, ბუნებრივია რომ საპატრიარქოს ეკისრება.
საბედნიეროდ, მორწმუნეთა არც თუ ისე მცირე ნაწილისთვის არ ბნელა და ახალ თაობას სწორება აღარ გვაქვს ჩრდილოეთზე!
დაბოლოს, მახსენდება მღვდელ დუდჩენკოს სიტყვები: "ფანატიკოსი შესაძლოა წავიდეს მეგობრის წინააღმდეგ და არასოდეს მასთან შესახვედრად"!
ისტორიულად ცნობილია, რომ როცა კი მსოფლიო თუ ადგილობრივ კრებებზე, იმ პერიოდისთვის არსებული საჭირბოროტო საკითხები განიხილებოდა, ეკლესიის მნათობი მამები სიხარულით მიეშურებოდნენ ძმათა შორის ჭეშმარიტების დასამოწმებლად და ასე უზიარებდნენ ერთმანეთს ზეციური საიდუმლოებების მნიშვნელობას.
ამგვარ ქმედებაში ხედავდნენ ისინი თავიანთ მოწოდებას და ღვთისადმი მორჩილებას, ხოლო ის, ვინც წინააღმდეგობისა და ბოიკოტის პოზაში იდგა, ჩვეულებრივ მოღალატისა და გამყიდველის სტატუსს ანიჭებდნენ და განეთქილების სულისკვეთებისთვის აქეთ შეაჩვენენდნენ ხოლმე კიდეც.
ნუ დაგვავიწყდბა რომ თითქმის ათი საუკუნის წინ, ერთმა რიგითმა ბერმა - გიორგი მთაწმინდელმა, საოცარი პრინციპულობითა და ამავე დროს აკადემიური სულიერებით, დაიცვა ივერიის ეკლესიის ღირსება ანტიოქიის იერარქიის წინაშე და მისმა ზნეობრივმა თუ გონებრივმა სიმწიფემ თვით ოპონენტებიც კი აღაფრთოვანა. ახლა კი, ნაცვლად პირუთვნელი სიმამაცისა, ჩვენმა იერარქიამ ჩირგვებში ყოფნა ამჯობინა და დისტანციური კრიტიკით საკუთარ უუნარობას უფრო გაუსვა ხაზი, ვიდრე ღირსებას!
არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ არცერთ მსოფლიო საეკლესიო კრებას არასდროს არ ესწრებოდნენ საქართველოს ეკლესიიდან. ერთადერთი, სადაც მონაწილეობდნენ, ეს იყო ფერარა-ფლორენციის 1439 წლის კრება, სადაც თქვენ წარმოიდგინეთ და თვით ერეტიკოსებად მიჩნეულ მამებთან დიალოგსაც არ მოერიდნენ და პირდაპირ დაუფიქსირეს ჭეშმარიტება უნიაზე უარის თქმით.
აქვე უცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ რეალურად ეპისკოპატსა და სამღვდელოებაში არც თუ ისე ცოტა სასულიერო პირია, ვინც ჯანსაღ პოზიციაზე დგას, თუმცა რეპრესიის, წნეხისა და ზეწოლის გამო დუმილი უწევს!..
გარდა ამისა, სასურველია, თუ მრევლის წევრები გავიაზრებთ ერთ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ ეკლესია და საპატრიარქო ეს ორი სხვადასხვა რამ გახლავთ, ისევე როგორც მაგალითად: მედიცინა და რესპუბლიკური საავადმყოფო, ფეხბურთი და ფეხბურთის რომელიმე ფედერაცია და ა.შ. ანუ, სწავლებითი სისავსე და ადმინისტრაციული მმართველობა არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში!
გიორგი ტიგინაშვილი-ივრისპირელი (პუბლიცისტი)