Iverioni
«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
13-07-2016, 10:52
ნანახია: 2427

გარდაუვალი კოლაფსი

„ამ უდაბნოში ეყრება თქვენი გვამები, ყველასი, ვინც აღრიცხული ხართ, ოცი წლიდან მოყოლებული, ვინც მებუზღუნებოდით. ვერავინ შეხვალთ ქვეყანაში, სადაც თქვენი დასადგურება დავიფიცე,

თქვენს ბავშვებს, რომლებზეც ამბობდით ტყვედ ჩავარდებიანო, შევიყვან იქ, რათა გაიცნონ თქვენგან შეძულებული ქვეყანა.

თქვენი შვილები იხეტიალებენ უდაბნოში ორმოც წელს, დასჯილნი თქვენი გარყვნილების გამო, ვიდრე არ გაქრება თქვენი გვამები უდაბნოში.

მე, უფალი, გეუბნებით: ნახავთ, თუ ამგვარად არ მოვექეცი მთელს ამ ბოროტ საზოგადოებას, რომელიც შეთქმულია ჩემს წინააღმდეგ. ამ უდაბნოში გათავდებიან და აქ დაიხოცებიან.“

                                                                                       (რიცხვნი 14)

 

ძველებს წასვლა არ სურთ - ათასგვარი სახეცვლილი ფასადურობით კეკლუცობენ ხალხის წინაშე, არადა ყველა ძველია ან ძველი ბობოლების „ხელწაკრულ“ „ხელდასხმულები“. 

 

ლპობის დასაწყისი საუკუნეების წინ იკარგება, თუმცა საბჭოური მემკვიდრეობა ყველაზე მძიმეა, იმდენად მძიმე, რომ იმ ეპოქაში დაბადებულს ცვლილება არ სურს - რომც უნდოდეს, არ იცის როგორ შეცვალოს. 1991 წლამდე ყველა დავიბადეთ ტყვეობაში (ბობოლებიც და ე.წ. რიგითებიც).  წინა ხელისუფლებაც და ახლანდელიც.  სადავეებთან ერთი და იგივე ხალხი ან მათი ნაშიერები არიან. „ნაციონალებსა“-ც საბჭოური სუნთქვის მატარებელმა მამებმა გაუფინეს ფიანდაზები.    ისინი იყვნენ და არიან ძველ ტიკებში ჩასხმული ღვინოები. ამიტომაც ძალიან მალე ტიკებიც დასკდა და ღვინოც დაიღვარა და რეანიმირებულმა ტიკებმა და დაძმარებულმა ღვინომ შეცვალა.

 

ამ მიზეზითვეა,  რომ ადამიანებს აზრის გამო ლამის ქოლავენ.  ვერ მიმხვდარან:დემოკრატიის პირობებში აზრის თავისუფლება ყველა აზრს დასაშვებად მიიჩნევს: ლიბერალურსაც, კონსერვატულსაც, ანარქისტულსაც და ა.შ.

 

ნეპოტიზმი და „კაცი უნდა გყავდეს ზემოთ“ პრინციპი არის ძალიან სისხლხორცეული, ძალიან განსულიერებული. ეს საქართველოს ცხოვრების წესია თავისი თანმდევი სიყალბეებით, სიცრუეებით, თეატრალიზებული წეს-ჩვეულებებით. ჩვენ ვნერგავთ მაღალ იდეალებს - ყანწით თუ ტრიბუნით ხოტბას ვასხამთ ღირებულებებს, მაგრამ ეს მეხოტბეობა და ჩვენი შინაგანი სამყარო დღითიდღე  ერთმანეთს შორდებიან. ჩვენ შეიძლება სამოქალაქო ომი წამოვიწყოთ, „ვეფხისტყაოსნის“ სწავლება რომ შეწყდეს, მაგრამ მისეულ ღირებულებებს ყოველდღე რომ ფეხქვეშ ვთელავთ, ეს არაფერია. ამ ნაწარმოებს მხოლოდ საგამოცდოდ თუ ვსწავლობთ.  ერი და ბერი ხრწნამ მოიცვა და ეს წუხილს არ იწვევს. ვინც წუხს, ის დასაცინია.

 

ვინ მიდიოდა „წინ“ საბჭოურ ეპოქაში?

 

პატრონიანები, ჩინოვნიკებზე მინდობილები, რომელიც „პატრონთან“ იყო ვალში და არა - საქმესთან.

 

ბრეჟნევისეული სლოგანი - „ახლა ხელფასით ვინ ცხოვრობს“ ჯერ ჩინოვნიკთა, ხოლო შემდეგ „საშუალო“ და „დაბალი ფენების“ ცხოვრებისეულ კრედოდ იქცა, ამიტომაც იპარავდა ყველა: დიდი თუ პატარა რანგის სახელმწიფო მოხელე, მეცნიერი, ექიმი, პედაგოგი, მუშა, გლეხი...  აბსოლუტურად ყველა ბაცაცობდა და იპარავდა ზოგი ფულს, ზოგი - დროს, ზოგი - პროფესიას, ზოგი - მიღწევას, ზოგი - პოპულარობას, ზოგი - ყველაფერს ... ეს იყო ნორმა და ვინც ვერ ხვდებოდა, რომ იპარავდა, ისინი ამბობდნენ (და ამბობენ), რომ პატიოსნად ცხოვრობდნენ, მაგრამ ეს თავის მოტყუებაა:  თუ შენ დილიდან საღამომდე არაფერს აკეთებდი, როგორც „ცისფერ მთებშია“, მაშინ დროს იპარავდი, მაშინ ანაზღაურება ტყუილად გეძლეოდა. ისე, რომ შენც მპარავი ხარ და შენი შთამომვალობის მიერ წინაპრებით ტრაბახი ტაკიმასხარაობაა.

 

ასეც რომ არ იყოს, წინაპართა კეთილი საქმეებით და წარმოშობის დიდებულებით კი არა - საკუთარი საქმეებით უნდა გამართლდე!

 

ეს ტენდენცია გაირანდა, გამოიძერწა და ახლა უფრო დახვეწილი ფორმით მოქმედებს და მოქმედებს ყველა სფეროში.

 

ნეპოტიზმი საქართველოს ცხოვრების წესია. ვერ ნახავთ სფეროს, სადაც სალახანები და ტვინცარიელები სადავეებს არ ფლობდნენ. ნეპოტისტურადაა დაკომპლექტებული არა მხოლოდ მთავარობა, არამედ კერძო სტრუქტურები, სამედიცინო დაწესებულებები, შოუბიზნესი და წარმოიდგინეთ ტელევიზიები და მსხვილი მედიაჰოლდინგებიც.

 

ნაყიდი ტელევიზიები, ნაყიდი გადაცემები, ნაყიდი მეცნიერება, ხელოვნება... სინამდვილეში  ეს ყველაფერი მოკვდა. ყველაფერი დაემორჩილა მამონის უხილავ ხელს.

 

ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა აგენტურული ქსელის არნახულ აყვავებას. ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკური ძალები თითქმის ვერ მოქმედებენ საკუთარი ფინანსური სახსრებით (რადგან არ აქვთ), ამიტომ ხალხი დაბნეულია. მამონური ფეტიშიზმი მოედო ერსაც და ბერსაც.

 

პოლიტიკაში მოსვლა გახდა თვითმიზანი. „შენ რომ იყო თანამდებობაზე, არ შეჭამდი?“. ეს განწყობაა ყველგან. კორუფციულ-ნეპოტისტური სული სუფევს ე.წ. რიგით ადამიანებშიც და თუ ვინმე ასეთ ჩინოვნიკებს ოპონირებს - ან ქულებს აგროვებს, ან  უსამართლოდ ამაღლებულთა ხვედრის შურს.

 

ამ დროში ასე სწრაფად მრუდე გზების გარეშე ქონების დაგროვება შეუძლებელი იყო. უკეთურები აღზევდნენ!

 

საბჭოურმა ნომენკლატურამ დაიტაცა ქონება. ისინი გახდნენ სხვადასხვა საფეხურზე მყოფი თანამედროვე ავაზაკი „აზნაურები“.

 

მათ შვილებს ჰქონდათ პრივილეგია: 1. ეყიდათ ადგილები უნივერსიტეტებში 2. მიეღოთ განათლება უცხოეთში 3. ან უბრალოდ ეყიდათ დიპლომები. მათ შვილებს უპრობლემოდ ჰქონდათ და აქვთ უფლება - დასაქმდნენ სურვილისამებრ. ნომენკალატურულ აზნაურებში ჩადებულია მემკვიდრეობით ნეგატივი, რადგან ცარიზმისა და შემდეგ  საბჭოურობის გარიჟრაჟზე მათი აღზევების მეთოდი იყო: გაცემა, ცილისწამება, უვიცობა, თავაშვებულობა, დაუნდობლობა. მათი მამა-პაპა ხვრეტდა, ანგრევდა, სწორედ ეს ნეგატივი არის მემკვიდრეობითი და ყოველი ახალი ნაშიერი მას კიდევ უფრო აძლიერებს. ასეთი ხალხის სადავეებთან ყოფნას  ქვეყანა დიდხანს ვერ გაუძლებს, ეს გარდაუვალ სიკვდილს ნიშნავს.

 

ვერც ბერი აცდა ამ ნეგატივს.  არის გაუცნობიერებლი მცდელობა, რომ სულიერება გახდეს მატერიალურის ან ეგოიზმის საშუალება-იარაღი.

 

როდესაც 25 წელი შეგძახიან, რუის-ურბნისი არის საჭიროო, თუ ეს მცდარია და მართალი ხარ, მაშინ, უნდა გიხაროდეს, რომ უსამართლო ყვედრებით მადლი გიპოვია უფლის თვალში და თუ არადა, მაშინ მართლა საჭირო ყოფილა  რუის-ურბნისი!

 

ეგოიზმი ვახსენე, მაგრამ სინამდვილეში, „მე“-, ანუ ინდივიდი დასუსტებულია და სუსტდება. ადამიანთა ბრძოლა საკუთარი მოჩვენებითი კეთილდღეობისთვის პირდაპირ არის მიბმული ნომენკლატურული აზნაურების მონა-მორჩილებასთან, რომელიც მხოლოდ მცირეოდენს თუ დაგიტოვებს შენ.

 

შენ ან გქვია თავისუფალი და არავისი ყმა არ ხარ, მაგრამ მაშინ იმდენად მცირე რესურსს ფლობ იქიდან, რაც ღმერთმა გიბოძა, რომ თავს ძლივს გაიტან და თან ამ რესურსსაც სხვადასხვა ხრიკებით როდის წაგართმევენ  (ბანკები, სამშენებლო კომპანიები...)

 

არავინ იცის. დანარჩენ რესურსს აზნაურები ფლობენ. თუ მათი ყმები გავხდებით, მცირეს გადმოგვიგდებენ.  ამიტომ, როგორც ინდივიდს გაქრობა გემუქრება.

 

შენ თუ ხარ ღირსეული და ინტელექტუალი ახალგაზრდა,  ქვეყნიდან გინდა გაქცევა, რადგან აქ არ გაქვს სარბიელი. გარეთ გაქცევა ნიშნავს, რომ ქვეყნის არსებობაზე ამბობს უარს.

 

ამ გზის ბოლოს ქაოსი იქნება ამ სისტემის ფინალიც ქაოსია. გარეთა ძალებს ტყუილადღა ვაბრალებთ გაწირვას. ჩვენ ჩვენმა ნომენკლატურულმა ფეოდალიზმმა გაგვწირა. ამიტომაც, 1991 წლამდე, ანუ საბჭოეთში დაბადებული ყველა ადამიანი, თუნდაც „სუფთა“ ცხოვრებას ვერ გახდის უკეთესს. ის ყველა სადავეს უნდა მოშორდეს.

 

 სამზეოზე არ გამოდიხარ შენ,  ვისაც შეგიძლია მართვა.  შენ თუ ხარ ადამიანი, და თავისუფლად აზროვნებ,  თუ  მამა-პაპათა რეიტინგით არ გაგაქვს ლელო, შენ, საბჭოეთის დასასრულის მერე დაბადებულებმა უნდა აიღო ძალუფლება. სრულიად უცნობი და უცნობის შვილი თუ ხარ, მთლად უკეთესი, შენ უნდა მოხვიდე.

 

მაგრამ შენ თვლი, რომ არ მიგიშვებენ მართვის სადავეებთან. შენ ჩაგძახიან, რომ „პოლიტიკა ბინძური საქმეა“ და ამიტომ საშენო არ არის. ეს დიდი სიცრუეა.  მონდომებაა საჭირო. წრე უნდა გაწყვიტო. და ეს არაა ძნელი.

 

არანორმალურია ის ამბიცია, იმიტომ რომ გინდა თანამდებობა და ძალაუფლება, პირადი კეთილდღეობა რომ აიწყო, მაგრამ თუ იმიტომ გინდა, რომ აშენო და აკეთო - ეს  ნორმალურია. ასეთები ძალიან ცოტანი ხართ, მაგრამ  ხართ.  ასეთი ხარ შენ, ვინც დაიბადე პოსტსაბჭოურ ეპოქაში შენ მე გიცნობ, რადგან მე გასწავლიდი და არის შენში ხელჩასაჭიდი. მთავარია არ გადაგვარდე, არ გასაბჭოურდე სულით.

 

ჩემო ძვირფასო ახალგაზრდა, საჯაროდ უცნობო, მაგრამ ჩემთვის ნაცნობო, შენ, ვისაც ბავშვად გთვლიან,  შენ მთელ ენერგიას და ყველა მთელ ძალებს მოუხმე,  შენნაირებს ჩასჭიდე ხელი. მეც დაგეხმარები და გავრეკოთ ერთ წრეზე მორბენალი  ხელისუფალ-ოპოზიციონერები, ე.წ. „ცნობადი“ მონოპოლისტები, რომლებსაც ყველა სფეროში აქვთ გაბმული საცეცები და ყველა „ნიშა“ საშვილიშვილოდ აქვთ ათვისებული. შენ უნდა ამხილო, უნდა იბრძოლო!  ყოველი კუნჭული გაათავისუფლე. საბჭოეთის წლებში დაბადებულებიდან ვისაც ღირსება შერჩენია,  ვინც სული არ დაკარგა,  ვინც აანალიზებს საკუთარ შეცდომებს ისინი მხოლო მრჩევლებად, თანაშემწეებად გამოიყენე. როგორც ებრაელბთან - ქალებ და ისუ ნავე.  შენ დედამიწაზე სამოთხეს ვერ შექმნი მაგრამ ცხოვრებას უკეთესს მაინც გახდი!

 

დავით ფერაძე,

ისტორიკოსი.