„დამუხრუჭებული აზროვნება“ და საშიში მეტასტაზები, ანუ რატომ მეშინია არჩევნების?!

„დამუხრუჭებული აზროვნება“ და საშიში მეტასტაზები, ანუ რატომ მეშინია არჩევნების?!

მედია სივრცეში და სოციალურ ქსელში გულისმოსაფხანი თემები ნამდვილად არ ილევა. თუ ცოტა ხნის წინ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სულხან მოლაშვილის ტრაგიკული ხვედრით იყო აღშფოთებული  და დამნაშავე პირების საჩქაროდ დასჯას მოითხოვდა,  მაგდა პაპიძის პროცესმა და მისთვის გამოტანილმა ვერდიქტმა მოლაშვილის თემა უკანა პლანზე გადაწია.

 

ცნობისმოყვარე საზოგადოება უკვე იმაზე ბჭობდა, იყო თუ არა პაპიძე საკუთარი შვილის მკვლელი, თუ მას ეს საშინელება დაინტერესებულმა ძალებმა „გაუჩალიჩეს“. ვერ ვიტყვი, აზრი ორად იყოს გაყოფილი, მაგრამ ცალკეულ ადმიანებს რატომღაც სჯერათ, რომ მაგდა უდანაშაულოა, მაგრამ მას საკუთარი სიმართლის დამტკიცება უჭირს!

 

არანაკლები ინტერესი და აჟიოტაჟი მოჰყვა საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში „ქართული ოცნების“  ახალი სახეების წარდგინებას. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი განსაკუთრებით გააღიზიანა ევრო-ამერიკულ დიპლომებზე აპელირებამ. ბევრმა ეს ისე გაიგო, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ საერთოდ ხაზი გადაუსვა ადგილობრივი განათლების სისტემას და პრიორიტეტად უცხო ქვეყანაში მიღებული განათლება(!) დაასახელა...

 

რაც შეეხება ამ ბოლო დღეებში თურქეთში განვითარებულ მოვლენებს, ქართული საზოგადოების რეაქცია იმაზე მეტი იყო, ვიდრე ზოგადად წარმოგვედგინა. მიუხედავად ურთიერთგამომრიცხავი შეფასებისა, ხალხი აცნობიერებს, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია მეზობელ სახელმწიფოში (მითუმეტეს, ისეთ სახელმწიფოში, როგორიც თურქეთია, სადაც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ყოველდღიურ საშოვარზეა გადახვეწილი) ხელისუფლების ძალადობით დამხობას, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ერდოღანი და მისი პოლიტიკა. სხვათაშორის, ბოლო ამბოხებამ ბევრი რამ გააშიშვლა - განსაკუთრებით „თურქული დემოკრატიის“ ხარისხი და მისი „პროდასავლურობა“.

 

ძნელი სათქმელია, საითკენ წაიყვანს თურქეთს ერდოღანის პოზიციის განმტკიცება, თუმცა, უდავოა, რომ ეს ყველაფერი დროებითია და მოსახდენი მაინც მოხდება!

 

ზემოთ ჩამოთვლილმა მოვლენებმა ფაქტიურად გააფერმკრთალა წინასაარჩევნო ციებ-ცხელება. არადა, არჩევნებამდე ორ თვეზე ცოტათი მეტი გვაშორებს. თუ წინასწარ დაწერილ საარჩევნო სცენარში რევოლუციური ელემენტები არ არის ჩადებული, 8 ოქტომბერიც მოვა და ყველას მისთვის განკუთვნილ „ქულასაც“ დაუწერენ.

 

თავს მივცემ უფლებას გაბედულად დავაფიქსირო საკუთარი მოსაზრება: მომავალი არჩევნები თავისი შედეგებითა და სულისკვეთებით მოგვცემს ყველაზე ანტიქართულ პარლამენტს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

 

 

რატომ არ მაქვს არჩევანი?

 

ხშრად მეკითხებიან: ვის ვაძლევ ხმას მომავალ საპარლამენტო არჩევნებში?

 

საკუთარი პოზიცია არასოდეს დამიმალავს და არც ამჯერად ვაპირებ - თუ ადრე რაღაც მოსაზრებით ვცდილობდი დამეფიქსირებინა მოქალაქეობრივი პოზიცია და არჩევანი ვიღაცის სასარგებლოდ მაინც გამეკეთებინა, დღეს გადაულახავი დილემის წინაშე აღმოვჩნდი - არ მაქვს არჩევანი, რადგან, არ მსურს მონაწილეობა მივიღო იმ ფარსში, რომელიც ქვეყანას გაურკვეველ მომავალს უმზადებს და საკუთარ მრწამსზე და იდენტობაზე ხელს ააღებინებს!

 

ის, რომ „ქოცები“ „ნაცებისგან“ განსხვავებით პატიმრებს ერთ ადგილას (მაპატიეთ გამოთქმისთვის) ცოცხს არ ურჭობენ, ის, რომ ბიზნესს არ ატერორებენ და პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს ციხეში არ ისტუმრებენ, ის, რომ სახელმწიფოზე ქონების ნებაყოფლობით „გასაჩუქრების“ პრაქტიკა და „ნულოვანი ტოლერანტობა“ წარსულს ჩაბარდა, ის, რომ ქუჩაში უღმერთოდ არ ხვრეტენ ახალგაზრდებს (აუცილებელია, დღევანდელი ხელისუფებაც „ნაციონალებივით“ იქცეოდეს?!), არ არის საკმარისი არგუმენტი იმისთვის, რომ მე დღევანდელი ხელისუფლებით აღფრთოვანებული ვიყო და საარჩევნო ყუთთან მისი მხარდაჭერა ხელის აუკანკალებლად დავაფიქსირო!

 

მიმაჩნია, უფრო დიდი ბოროტებაა ის საკანონმდებლო ინციატივები, რომელიც ერთსულოვნად მიიღო „ქართული ოცნების“ პარლამენტმა და ამით საკუთარი ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია დააფიქსირა. „კაზანტიპი“, „ანტიდისკრიმინაციული კანონი“, კანონი „უცხოელებზე არასასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისების შესახებ“, კანონი „იუვენალური იუსტიციის შესახებ“ სწორედ ის კანონებია, რომლის პრაქტიკაში დამკვიდრება არა მარტო საფრთხეს უქმნის ქართულ იდენტობას, არამედ, საბოლოოდ ანგრევს მის ისტორიულ მეხსიერებასაც...

 

მეხსიერებამ საყდრისიც გამახსენა - რაც არ უნდა ამტკიცონ ამა სოფლის ფულიანმა „მამებმა“ და მათმა ყურმოჭრილმა მონებმა, რომ  საყდრისი არანაირ ისტორიულ ძეგლს არ წარმოადგენდა, საზოგადოებამ მისი ხელყოფა აღიქვა, როგორც  საკუთარ წარსულზე და საკუთარ მემკვიდრეობაზე აღმართული მახვილი (ისიც გასარკვევია, ამ ვანდალური აქტით  ვინ როგორ იხეირა)!

 

აქედან გამომდინარე, ძალიან მაღიზიანებს - როცა შედარებას „ნაციონალებსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის აკეთებენ, აქცენტი ყოველთვის ცოცხებზე, კერძო საკუთრების წაგლეჯვაზე და ნულოვან ტოლერანტობაზე გადადის და ამით იფარება ის ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი საკანონმდებლო ინიციატივები (სხვათაშორის, უფრო საშიში და გამოუსწორებელი), რომელსაც „ქართული ოცნება“ ყოველგვარი რიდისა და სინანულის გარეშე ამკვიდრებს საკუთარ ქვეყანაში!

 

ის, რაც „ნაციონალებმა“ ვერ გაბედეს, „ოცნებამ“ ტაშის გრიალით გაიტანა და თან აქეთ გვამუნათებს - მე სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმივით არ ვიქცევიო!!!

 

დღევანდელი ხელისუფლების ძალისხმევით ყველა წინაპირობაა შექმნილი იმისთვის, რომ საქართველოში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდეს! კანონი „იუვენალური იუსტიციის შესახებ“ კი საერთოდ ანგრევს ოჯახის ტრადიციულ გაგებას და უფლებას აძლევს სახელმწიფოს (სოციალური მუშაკის მეოხებით) ნებისმიერ დროს (მიზეზი იმდენი შეიძლება მოიძებნოს აღნიშნული კანონის ქვეტექსტებით), არაც მეტი, არც ნაკლები წაართვან საკუთარი ბავშვი  მშობლებს (გასაგებია, რისთვისაც)!.. და ეს ყველაფერი ხდება ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მოტივით.

 

 

რა მნიშვნელობა აქვს, მგელი შემჭამს, თუ მგლისფერი ტურა?!

 

ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ორი ძირითადი მოთამაშეა - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“.

 

მიუხედავად მათი პოლიტიკური ბიოგრაფიის განსხვავებულობისა, ისინი სახელმწიფოსთან მიმართებაში თითქმის იდენტურნი არიან: ორივე ერთი და იგივე წიაღიდან იშვა, ორივეს ერთი და იგივე პატრონი ჰყავს და ორივეს მიზანი უცხო, ანტიქართული ძალების სამსახურია ქართული სახელმწიფოს ნგრევის, ქართული ტრადიციის სრულად მოსპობის შედეგებით! განსხვავებულია მხოლოდ შესრულების (გამოხატვის) ფორმები.

 

2012 წლის ოქტომბერში ბევრს ეგონა, რომ „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის თავკაცობით „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ მოუსავლეთში გაისტუმრებდა და თანდათან მის პოლიტიკურ ნარჩენებსაც ზედ მიაყოლებდა!

 

პირიქით კი მოხდა - „ქართულ ოცნებაში“ პორტირებულმა „ნაციონალებმა“ საზოგადოებას იმთავითვე გაუმყარეს ეჭვი, რომ ეს ყველაფერი თამაში იყო და საქართველო ამიერიდან ერთ „ხეზე“ დამყნობილი, ორი ფორმალურად განსხვავებული პოლიტსუბიექტის საჯილდაო ქვად იქცა!

 

ეს ეჭვი კიდევ უფრო გაამყარა ერთი შეხედვით თავსმოხვეულმა კოჰაბიტაციამ... დიახ, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ხალხს „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნების შიშის ქვეშ ეცხოვრა. ეს შიში კიდევ უფრო გააქტიურდა წინასაარჩევნოდ - „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებულმა „ახალმა სახეებმა“ საზოგადოების იმედი ვერ გაამართლა. მხედველობაშია არა მარტო მათი პოლიტიკური უმწიფრობა, არამედ მენტალური „ბაცილები“ და ცხოვრებისეული გამოცდილება (ნუ, მათ სავიზიტო ბარათზე, ჰარვარდის და ოქსფორდის დიპლომებზე არაფერს ვამბობ). ძველი სახეები კი რა ხვითოებიც არიან, ეს ხომ ისედაც ვიცოდით!..

 

ანალოგიური მდგომარეობაა „ნაციონალებშიც“ - ძველზე რომ არაფერი ვთქვათ, მათ მიერ დემონსტრირებული „ახალი სახეებიც“ არაფერს გვეუბნებიან. არადა, ფაქტია, რომ „ნაციონალები“ არა მარტო ბარიერს გადალახავენ, არამედ... დიახ, ყველაფერს აკეთებს „ქართული ოცნება“ იმისთვის, რომ ეს ასე მოხდეს. მეტიც, პირსისხლიანი რეჟიმი ისევ მეორე პოლიტიკურ ძალად დარჩეს (თუ ხელისუფლების გადაბარება არა აქვთ დავალებული).

 

რაც შეეხება ამომრჩეველს, მისი უდიდებულესობის აზრი არავის აინტერესებს, რადგან, მას თვითონ არ აინტერესებს როგორი პოლიტიკური რეალობა იქნება ქვეყანაში და ვის ჩააბარებს სახელისუფლო საჭეს!

 

 

„ახალი“ პოლიტიკური სახეები და კასტრირებული ოპოზიცია

 

ბოლო ორი წელია გამუდმებით ვსაუბრობთ ქვეყანაში ახალი პოლიტიკური ძალის აუცილებლობაზე. თუმცა, ახალი ძალა ახალ სახელწოდებას არ გულისხმობს. მიუხედავად მცდელობისა, ვერა და ვერ შევძელით ჯანსაღი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანების გაერთიანება, რომლებიც პოლიტიკურ კლიმატს არსებითად თუ არა, საგრძნობლად მაინც შეცვლიდნენ.

 

დღეს კი რა ხდება?

 

პოლიტიკურ ორბიტაზე გამოჩნდნენ პოლიტიკური სუბიექტები ახალი სახელებითა და გვარებით, რომლებიც „ოცნება“-„ნაციონალების“ საცეცები არიან და მათი პოლიტიკური სულისკვეთებაც სავსებით იდენტურია.

 

სასაცილოდ მეჩვენება მოექსპერტო ელემენტების „პროგნოზები“, თუ ვინ გადალახავს საარჩევნო ბარიერს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.

 

ვერავინ მიხსნის, თუ რატომ, რა დამსახურების გამო უნდა გადალახონ მათ საარჩევნო ბარიერი - ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის პროგრამა აქვთ გაშანშალებული თუ დღე და ღამე არ სძინავთ ქვეყანაში შექმნილი უკიდურესად ნეგატიური პროცესების გასანეიტრალებლად, სახელმწიფოებრივი აზროვნებით გამოირჩევიან, თუ საჭიროების შემთხვევაში მსხვერპლადაც შეეწირებიან საქართველოს ინტერესებს? ბოლო-ბოლო რა განსხვავებული მენტალობით და ხედვით გამოირჩევიან ისინი?

 

სამწუხაროდ, ქვეყანაში ჯანსაღი ოპოზიციური აზრი არ არსებობს, ან თუ არსებობს, საერთოდ იგნორირებულია. არადა, ადრე ვინც განსხვავებულად აზროვნებდა, ხელისუფლება ცდილობდა ახლოს ჰყოლოდა, რომ საზოგადოებრივი „ბუნტი“ თავიდან აეცილებინა.

 

დღეს კი ჯანსაღ ოპოზიციაზე მოთხოვნილება საერთოდ არ არის, თუ ვინმე მაინც გამოერია (მადლობა ღმერთს, არიან ასეთებიც), ყველა სასიცოცხლო არტერიას გადაუკეტავენ. მართალია, მთლად „ნაციონალებისდროინდელი“ განწყობა არ არის, მაგრამ ხელისუფლება და ხელისუფლებასთან დაახლოებულნიც ასეთ ადამიანებს კეთროვანივით გაურბიან!!!

 

* * *

...ოპოზიციაზე ვსაუბრობდით. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ცნებამ „ოპოზიცია“ ფაქტიურად აზრი დაკარგა - ეს არა მარტო ფინანსური რესურსების სიმწირის ბრალია, არამედ, მათ არანაირი განმასხვავებელი ნიშანი ყოფილი და დღევანდელი ხელისუფლებისგან არ გააჩნიათ. მეტიც, ისინიც სწორედ იმ „ჯიქნებიდან“ იკვებებიან, საიდანაც დღევანდელი ძირითადი პოლიტიკური მოთამაშეები, ოღონდ, დღეს მათი დრო არ არის!!!

 

თავხედი და უცოდინარიც უნდა იყო, პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოთამაშედ ან, ზოგადად, ოპოზიციურ პარტიად აღიარო. დააკვირდით პარტიის ე.წ. სახეებს (თუნდაც ათეულს) და მიხვდებით, რომ ეს ძალად შექმნილი პოლიტიკური სუბიექტია და იგი სატელიტი პარტიის ფუნქციას ასრულებს. არა აქვს არსებითი მნიშვნელობა, ვის სასარგებლოდ, ყოველშემთხვევაში, ქართული სახელმწიფოს ასაღორძინებლად რომ არ შექმნილა, ფაქტია...

 

ამ ფონზე იმაზე საუბარი, რამდენ პროცენტს აიღებს ბურჭულაძის პარტია, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. რატომ, რა ნიშნით უნდა დაუჭიროს მხარი ამომრჩეველმა პაატა ბურჭულაძეს?!

 

მე პირადად ამაზე პასუხი არ მაქვს.

 

იგივე ითქმის თამაზ მეჭიაურის პარტიაზეც, რომელსაც მართალია ბურჭულაძისნაირი ამბიციები არა აქვს, მაგრამ რაღაც ნიშნით შეიქმნა და აქედან გამომდინარე, გარკვეული ფუნქციაც (უფრო საზოგადოების დაბნევის) უნდა შეასრულოს!

 

ერთი შეხედვით ცალკე დგას „პატრიოტთა ალიანსი“, რომელსაც ჯერჯერობით არც „ნაციონალების“ და არც „ქართული ოცნების“ სატელიტად არ მოიაზრებენ. თუმცა, „ალიანსის“ ალიანსმა და მკვდრადშობილ პარტიათა პოლიტიკურ ბლოკად გაერთიანების გაცხადებულმა სურვილმა ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა.

 

რატომ ამოიღო „პატრიოტთა ალიანსმა“ ნაფტალინიდან უკვე თითქმის მივიწყებული ან სახელდახელოდ შექმნილი ერთკაციანი (ამ შემთხვევში, პარტიულ ფიგურებს ვგულისხმობ) პარტიები, ამაზე პასუხი თავად „ალიანსის“ ლიდერებს არა აქვთ ან აქვთ და არ გვიმხელენ!

 

მავანთა პროგნოზებით, „პატრიოტთა ალიანსი“ ბურჭულაძის პარტიისა არ იყოს, ბარიერსაც გადალახავს და ამაზეც არ გაჩერდება. თუმცა, თუ რატომ უნდა დაუჭიროს მხარი ამომრჩეველმა ან ერთს, ან მეორეს, არავინ აკონკრეტებს.

 

უყურადღებოდ არც ალიანსიდან გაქცეული (თუ გაგდებული) „თავისუფალი დემოკრატების“ და „რესპუბლიკელების“ დატოვება შეიძლება.

 

მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანს „ნაციონალებთან“ იდეოლოგიური ერთობა აკავშირებს, არა მგონია, დამოუკიდებლად სერიოზული გაფართხალება შეძლონ. თუმცა, ყველაფერი დამოკიდებელია იმაზე, რა სცენარით წარიმართება მომავალი არჩევნები და ჯდება თუ რა წინასწარ დაწერილ სცენარში ამ უკანასკნელთა ხელისუფლებაში დარჩენა.

 

რაც არ უნდა მწარედ მოსასმენად მოგვეჩვენოს, მომავალ არჩევნებში ხალხის განწყობას არანაირი მნიშვნელობა არ ექნება - დაიდება ის შედეგი, რა შედეგიც დღევანდელი და ყოფილი ხელისუფლების პატრონებს აწყობთ.

 

ნიშანდობლივია ისიც, რომ ხალხის განწყობაც არა ობიექტური რეალობის ანალიზს და სახელმწიფოებრივ ინსტიტუტების გაძლიერებას ეფუძნება, არამედ ბრმა სიმპათია-ანტიპათიებს!

 

 

რა ჯადო აქვს პარლამენტს?!

 

დღეს პარლამენტი კომფორტთან, განსაკუთრებულ პრივილეგიებთან ასოცირდება - პარლამენტარობა ყველაზე სასურველი და სარფიანი „პროფესია“ გახდა საქართველოში. მათი შერჩევა არა პროფესიონალიზმის, მრწამსისა და სახელმწიფოებრივი ხედვის (არაფერს ვამბობ კანონშემოქმედებაზე) მიხედვით, არამედ, ე.წ. დასავლურ-ამერიკული მენტალობის (ისიც საკითხავია, რამდენად დასავლურ-ამერიკულია მათი ხედვა) და ბრმა მორჩილების ნიშნით ხდება... ხშირად სახეზეა ნეპოტიზმის ნიშნებიც, თუმცა, მომავალი პარლამენტარი ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს!

 

ყოფილ, მოქმედ და მომავალ პარლამენტარებშიც ვერ იპოვით თუნდაც ერთ პიროვნებას, სახელმწიფოს ინტერესებს მაღლა აყენებდეს პარტიულ და ვიწრო მერკანტილურ ინტერესებზე.

 

ნიშანდობლივია ისიც, რომ ხელისუფლებას, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ სტრუქტურებში დღეს არ სჭირდება დამოუკიდებლად მოაზროვნე ადამიანები.

 

განსაკუთრებით უფრთხიან ქრისტიანული მორალის მქონე ადამიანებს, რადგან, ყველა „ზემოდან“ მიღებული დავალება აქტიურ წინააღმდეგობაში მოდის ქრისტიანულ დოგმებთან და ქართულ იდენტობასთან.

 

ბოლშევიკური ლოზუნგი „მე მოვკლავ დედას, მე მოვკლავ მამას, თუ კომპარტია მიბრძანებს ამას!“ შეცვლილია ახალი ფორმულით: „ყველაფერზე ავწევ ხელს, ოღონდ პარლამენტში მამყოფე“. ასეთი უპრინციპო, უსისხლო, უგვარტომო ადამიანები „ჭედავენ“ სწორედ ანტიქართულ, ანტიმართლმადიდებლურ კანონებს, რომელსაც ხვალ-ზეგ დამანგრეველი შედეგის მოტანა შეუძლია საქართველოსთვის!

 

 

„დამუხრუჭებული აზროვნება“ - საქართველოს #1 მტერი

 

სიტყვა „დამუხრუჭებული აზროვნება“ ჩემს მეგობარს, პროფესორ მიხეილ ჯიბუტს ეკუთვნის. ვეცდები, ჩემებურად ავხსნა რა იგულისხმება ამ არცთუ პოზიტიური გამოთქმის მიღმა.

 

იმისთვის, რომ ერმა, საზოგადოებამ ადექვატური ნაბიჯი გადადგას, მან ობიექტურად უნდა შეაფასოს არსებული რეალობა, ანუ ადექვატურად იაზროვნოს.

 

დაკვირვება ცხადჰყოფს, რომ დღვანდელ ქართველებში აზროვნების, ანუ ცნობიერების აშკარა დეფიციტია.

 

დიახ, აზროვნების აპარატი მხოლოდ კუჭის პრობლემების მოგვარებაზეა გადართული, რაც თავისთავად გამორიცხავს სახელმწიფო იდეალებისადმი ერთგულებას - ნაკლებად გვაინტერესებს რა იქნება ხვალ, ან რამდენად ვუწყობთ ხელს ჩვენი ინერტულობით ბნელი ძალების პარპაშს საქართველოში, მთავარია, ფიზიკურად გადავრჩეთ!

 

რეალობაა: თუ ვინმე მასაზე განსხვავებულად აზროვნებს, დავცინით ან, უკიდურეს შემთხვევაში, მასში მტერს ვხედავთ.

 

სოციალური ქსელის თვალის გადავლებაც კი საკმარისია დავასკვნათ, რომ ხალხი დაზომბირებულია (მიზანმიმართულად დააზომბირეს) და არასწორი აქცენტებით შიდა თუ გარეშე მტრების წისქვილზე ასხამს წყალს.

 

სხვანაირად როგორ შეიძლება დღეს „ნაცმოძრაობას“ რეალური მხარდამჭერი ჰყავდეს, ან „ქართულ ოცნებას“ იმიტომ უჭერდეს მხარს, რომ ცოცხებზე თქვა უარი და პოლიტიკური ოპონენტები (თუმცა, ოპონენტიც პირობითია) ტერორის ქვეშ არ ჰყავს?!

 

როცა ახლობელთა წრეს ახალი, ქართული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ძალის პოლიტიკაში მოსვლის აუცილებლობაზე ვესაუბრები, ყველა მხრებს იჩეჩავს და ნიშნისმოგებით მპასუხობს: ფული თქვენ არ გაქვთ და უფულოდ აბა ვინ გამოგყვებათო!

 

არის ამ სიტყვებში ჭეშმარიტების მარცვალი - დღეს ყველაფერი ფულით იზომება, ყველაფერი ფულზე იყიდება, პოლიტიკურ აქტიურობას კი სათანადო რესურსი სჭირდება (თუნდაც, მინიმალური), რომ შენი აზრი მოსახლეობამდე მიიტანო და თანამოაზრეებიც აიყოლიო.

 

„ნაც-ქოცების“ და მათი განშტოებების პატრონები ჩვენ ფულს ქართული საქმისთვის არ მოგვცემენ. ე.წ. ქართული ბიზნესი კი სათოფეზეც არ გვიკარებს. თუმცა, ფულიც რომ გამოჩნდეს, მხარდამჭერების მოძიება მაინც გაგვიჭირდება - ისევ და ისევ აზროვნების დეფიციტის და საზოგადოების დაზომბირების გამო.

 

ვფიქრობ, ეს დროებითია და ღრმად მწამს, რომ ქართული გენი ისევ გაიღვიძებს და თეთრის და შავის გარჩევას ადვილად შეძლებს. არც იმას დაუშვებს, რომ ქვეყანაში უმართავი ქაოსი შეიქმნას (რომლის ალბათობა ძალიან დიდია. აკი „ნაცების“ ერთ-ერთმა სახემ, ბატონმა რომან გოცირიძემ დააანონსა კიდეც, რომ თუ არჩევნების შედეგები „ნაციონალებისთვის“ მიუღებელი იქნება, რევოლუცია გამორიცხული არ არისო).

 

P.S. ისევ მეკითხებიან: რატომ არ წავედი პოლიტიკაში, პასუხი იგივეა - ჩემი მრწამსით და მენტალობით არავის ვჭირდები, თუმცა, არც მე მჭირდება ისინი. პერსპექტივაში კი არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი და ჩემი თანამოაზრეების დროც დადგეს!

 

P.S. P.S. რაც შეეხება კარს მომდგარ საპარლამენტო არჩევნებს, ამომრჩეველს რეკომენდაციას ვერ მივცემ: ვისაც არ უნდა დავუჭიროთ მხარი, საქართველოს სასიკეთოდ არსებითად არაფერი შეიცვლება.

 

ზაურ ნაჭყებია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: