ზაურ ნაჭყებია: „ჰეროკრატია“ თუ მარაზმოკრატია?!

ზაურ ნაჭყებია:  „ჰეროკრატია“  თუ მარაზმოკრატია?!

     ზაურ ნაჭყებია

 

   -"წინასწარ ბოდიშს ვიხდი სააკაშვილის რეჟიმის უშუალო მსხვერპლთა და მათი ოჯახების წინაშე, მაგრამ, არ შემიძლია საკუთარი აზრი არ დავაფიქსირო გოგა ხაინდრავას მრავალსერიანი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის- „ჰეროკრატია"მნიშვნელობაზე.

შეიძლება უმცირესობაში აღმოვჩნდე, მაგრამ,პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემი ხედვა აღნიშნული ფილმის გადაღებასთან დაკავშირებით, არსებითად განსხვავებულია!

   მართალია , ფილმი არ მინახავს(არც მაქვს მისი ნახვის სურვილი), მაგრამ,„იმედზე" სარეკლამო კლიპის გაელვებაც კი საკმარისია დავასკვნა, რომ, საქმე გვაქვს „ნაციონალური ჯოჯოხეთის" გაცოცხლებასთან, იმის მხატვრულ-დოკუმენტური ფორმით გააზრებასთან, რასაც სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი სჩადიოდა საკუთარი ხალხის მიმართ!

   სხვათაშორის, როცა აღნიშნული ფილმის გადაღებაზე საუბრობდნენ, მაშინაც მიმაჩნდა, რომ ეს არ იქნებოდა „მალამო"იმ ადამიანებისთვის(მათი ოჯახებისთვის), ვინც სააკაშვილის რეჟიმის უშუალო მსხვერპლი გახდა .არადა,სინამდვილეში მსხვერპლი იყო სრულიად საქართველო, რომელიც რეჟიმმა ისე დააჩიავა და დააჩმორა(ბოდიშს ვიხდი გამოთქმისთვის, მაგრამ, ეს რეალობაა), ხმის ამოღებას ვერ ბედავდა, ხოლო, თუ გაბედავდა, საპროტესტო მუხტი შუა გზაზე ქრებოდა, რაც მას(ხალხს) ბუმერანგივით უკანვე უბრუნდებოდა!

საქართველოს ახსოვს საპროტესტო აქციების სისხლიანი დარბევები-არაადამიანური შურისძიება საკუთარი ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც ფაშისტურ რეჟიმსაც კი ადარებდნენ!

   დღეს არავინ დაობს იმაზე, რომ , „ნაციონალური ჯოჯოხეთი"არ უნდა განმეორდეს, მაგრამ, არა მგონია, გოგა ხაინდრავას ფილმმა სააკაშვილის რეჟიმის მსგავს ხელისუფლებას ტირანიაზე და სისხლიან დიქტატურაზე ხელი ააღებინოს!ეს იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი და სარწმუნოც, თუ სააკაშვილის შემდგომი, „ქართულ ოცნებად" წოდებული ხელისუფლება, თავისი წინამორბედის დანაშაულებრივ ქმედებებს სამართლებრივ შეფასებას( სისტემური დანაშაული საკუთარი ხალხის წინააღმდეგ) მისცემდა და უშუალო დამნაშავეებს სამაგალითოდ დასჯიდა.სწორედ ეს იქნებოდა სამართლიანობის დამკვიდრების(და არა აღდგენის, როგორც ამას ამბობენ ხოლმე-რაც არ ყოფილა, იმას ვერ აღადგენ)დასაწყისი, რომელსაც სისტემური ცვლილებებიც უნდა მოჰყოლოდა!

   „ქართულმა ოცნებამ"ეს არ გააკეთა-პირიქით, მან კოჰაბიტაციის (ქართულად, დამნაშავეებთან ჩახუტება)გზა აირჩია და ახლა ცდილობს ხელისუფლების შესანარჩუნებლად წინასაარჩევნოდ ხალხს „ნაციონალური კოშმარი"გაახსენოს!

   თუ 2012 წელს ციხის კადრებმა გადამწყვეტი დარტყმა მიაყენა „ნაციონალებს" და მათი ხელისუფლებიდან ფორმალურად ჩამოშორების საფუძველი გახდა, არა მგონია, გოგა ხაინდრავას „ჰეროკრატიამ" „ნაციონალების" საბოლოოდ დასამარების (პოლიტიკურ მოუსავლეთში გამგზავრების)ფუნქცია შეასრულოს-ხალხს რეალური ნაბიჯები აინტერესებს და არა იმ ჯოჯოხეთის შეხსენება, რომლის საბოლოოდ ამოშანთვის და სამართლიანობის დამკვიდრების მისია სწორედ 2012 წელს იკისრა „ქართულმა ოცნებამ"!

   მე არ ვიზიარებ იმ აზრს, რომ, რადგან ფაშისტური რეჟიმის მხილება დღესაც აქტუალურია, რომ, იგი არასდროს არ განმეორდეს , ანალოგიურად უნდა მივუდგეთ „ნაციონალური რეჟიმის"მხილებასაც.

   ჯერ ერთი, ფაშიზმი მსოფლიო დონის ბოროტება იყო, რომელიც კაცობრიობას განადგურებით ემუქრებოდა. მისგან განსხვავებით, „სააკაშვილიზმი" მიმართული იყო საკუთარი ხალხის, საკუთარი ერის წინააღმდეგ! .

   მიუხედავად იმისა, რომ, თვალსაჩინოა ბიძინა ივანიშვილის წვლილი სააკაშვილის რეჟიმის მშვიდობიანად დამხობაში, ხალხის თავდადებული მხარდაჭერა საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ , იგივე ივანიშვილს „ნაციონალური "რეჟიმი საბოლოოდ დაესრულებინა!თუმცა, ამაში მარტო ივანიშვილს არ ვადანაშაულებ-ხალხმა კატეგორიულად არ მოითხოვა ის, რისი უფლებაც მას ჰქონდა!ისიც საკითხავია, ვინ ვინ უფრო გამოიყენა:ივანიშვილმა ხალხი, თუ ხალხმა ივანიშვილი(თუ ვინმეს ეს კითხვა ზედმეტად და საჩოთიროდ ეჩვენება, შემიძლია განვავრცო)!!!

ახლა კი ორიოდე სიტყვით იმაზე, თუ რატომ არ მიმაჩნია აღნიშნული ფილმის გადაღება მიზანშეწონილად.მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ძირითადად დოკუმენტურ მასალებზეა აგებული და მხატვრული პასაჟებით „ნაციონალურ" კოშმარს კიდევ ერთხელ გვახსენებს , იგი ქართველ ერს , როგორც ასეთს, არასრულფასოვან ამპლუაში წარმოგვიდგენს.ფილმის ქვეტექსტით, ფეხქვეშაა გათელილი ერის ღირსება- იმ ერის, რომელიც ცხრა წელი უდრტვინველად იტანდა(საპროტესტო მუხტი სრულიად საქართველოს არ მოიცავდა და არც თანმიმდევრული ყოფილა) სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმს!

   თუ „ჰეროკრატია"იმისთვის გადავიღეთ, რომ მომავალ თაობებს ვუთხრათ, როგორ დააჩმორა სააკაშვილის რეჟიმმა ქართველი ხალხი, სხვა საკითხია, მაგრამ, თუ ამით „ნაციონალების"მიმართ აგრესიული მუხტის ხელახლა გაღვივებას ვაპირებთ, არაფერი გამოვა.-აგრესია მალევე ჩაქრება, „ქართული ოცნება" მომავალ არჩევნებში მეტ ხმებს მიიღებს, ხოლო ფილმი დარჩება ქართველი ერის საკუთარი ხელისუფლებისგან დაჩმორების სიმბოლოდ!!!

   მე ასე ვხედავ. განსხვავებულ მოსაზრებებს (ოღონდ, არგუმენტირებულს ) სიამოვნებით მოვისმენ...

   p.s. დიდხანს ვფიქრობდი, გამემახვილებინა თუ არა ყურადღება ფილმის რეჟისორზე- გოგა ხაინდრავას პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ, პროფესიონალიზმი ყველაფერს არ ნიშნავს.საკითხავია, აქვს თუ არა მას თავისი განვლილი ცხოვრებით მორალური უფლება შეეჭიდოს ისეთ ფაქიზ თემას, როგორიცაა:ერის ღირსება!მითუმეტეს, იგი გარკვეულ წლებში სააკაშვილის მთავრობის ერთგული ჯარისკაცი და მისი თანამოაზრე იყო!!!"

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: