ნოვატორი მეცნიერი, ღირსეული მამულიშვილი

ნოვატორი მეცნიერი, ღირსეული მამულიშვილი

პროფესორ იაშა (იაკობ) მესხიას გამოსათხოვარი

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი და საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია, ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 69 წლის ასაკში გარდაიცვალა იაშა (იაკობ) მესხია - ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრის ხელმძღვანელი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში, საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი.

ქართულ საზოგადოებას, ქვეყნის განვითარების უაღრესად საპასუხიმგებლო ეტაპზე, გამოაკლდა დიდი მამულიშვილი, ნოვატორი მეცნიერი, მაღალი კომპეტენციის მოღვაწე, თვალსაჩინო პედაგოგი, სიკეთით, ადამიანებზე ზრუნვით გამორჩეული მეგობარი, ეროვნული ტრადიციების ერთგული და დიდი ქომაგი.

ბატონი იაშას ცხოვრება რთული და წინააღმდეგობრივი იყო. იგი მეცნიერების წიაღში აღიზარდა და გაიარა მეცნიერული საქმიანობის თითქმის ყველა საფეხური - იყო წარჩინებული სტუდენტი, გამორჩეული ასპირანტი, დოქტორანტი.

იაშა მესხიამ საქმიანობა დაიწყო უმცროსი მეცნიერმუშაკის თანამდებობაზე და წლების მანძილზე ნაბიჯ-ნაბიჯ განვლო გზა - თითქმის ყველა საფეხური საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტამდე. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ არა მხოლოდ ეკონომიკურმა მეცნიერებამ, არამედ, მთლიანად საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებამ დაკარგა უნიჭიერესი მეცნიერ-მკვლევარი, რომელიც თავისი ანალიზითა და პროგნოზებით ხშირად დროს უსწრებდა ხოლმე, კარგად იცნობდა ეკონომიკური მეცნიერების თანამედროვე მიღწევებს, ქვეყნის განვითარების პრობლემებს, ხედავდა მათი გადაწყვეტის გზებს, ფორმებსა და  მიმართულებებს.

ბატონი იაშას მეცნიერად ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტმა, მსოფლიოში აღიარებულმა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალურმა ეკონომიკურ-მათემატიკურმა ინსტიტუტმა, მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. სწორედ დასახელებულ სამეცნიერო დაწესებულებებში დაამთავრა ასპირანტურა და დოქტორანტურა, დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები. მის მეცნიერად ფორმირებაში დიდი ღვაწლი მიუძღვით მსოფლიოში აღიარებულ მეცნიერებს, მის მასწავლებლებს: ნობელის პრემიის ლაურეატს ლეონიდ კანტოროვიჩს, აკადემიკოსებს: სტანისლავ შატალინს, აბელ აგანბეგიანს, ნიკოლოზ ფედორენკოს და სხვებს.

ბატონმა იაშამ სამეცნიერო მოღვაწეობა დაიწყო საქართველოს საგეგმო კომიტეტთან არსებულ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ მუშაკად და წლების მანძილზე იყო ამავე ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, განყოფილების გამგე და დირექტორი.

იგი 1985 წელს ინიშნება სსრკ სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის აღრიცხვის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის დირექტორად. სხვადასხვა დროს მუშაობდა ეკონომიკისა და ფინანსთა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, ფინანსთა და სტატისტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელად. აღნიშნულ თანამდებობებზე წარმატებულმა საქმიანობამ განაპირობა მისი აქტიური ჩართვა დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკის ტრანსფორმაციის პრობლემების დაუშავებასა და გადაწყვეტაში. იაშა მესხიას მეცნიერული შრომების დიდი ნაწილი სწორედ აღნიშნულ თემატიკას ეძღვნება. ამ პერიოდში მკაფიოდ და მასშტაბურად გამოვლინდა მისი უნიკალური ორგანიზატორული თვისებები, სამეცნიერო პოტენციალის მობილიზების უნარი, პრობლემების ფართო ხედვა, მეცნიერულ ლოგიკაზე დაფუძნებული მიდგომების მასშტაბები, რთულ საზოგადოებრივ პროცესებში ღრმად წვდომის ნიჭი. ეს შეუმჩნეველი არ დარჩენილა - საზოგადოებამ იგი ფართო ერუდიციის, ნოვატორული მიდგომებით გამორჩეულ მეცნიერ-მკვლევარად აღიარა. გახდა საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (2004), ამასთან, ორჯერ დაჯილდოვდა ღირსების ორდენით (2001 და 2014).

მას გამოქვეყნებული აქვს 400-მდე სამეცნიერო ნაშრომი ქართულ და უცხო ენებზე. მათ შორის, 35 მონოგრაფია და სახელმძღვანელო. იგი მონაწილეობდა 40-ზე მეტ ადგილობრივ საერთაშორისი სამეცნიერო კონფერენციაში (მათ შორის, ესპანეთში, თურქეთში, პოლონეთში, გერმანიაში და ა.შ.).

სხვადასხვა წლებში იაშა მესხია იყო საქართველოში გამომავალი თითქმის ყველა სამეცნიერო და ორი უცხოური ჟურნალის სარედაქციო კოლეგიების წევრი. მისი მთავარი რედაქტორობით გამოიცემოდა ჟურნალები: „გადასახადები“ და „ფინანსური კონტროლი“, ხელმძღვანელობდა სამეცნიერო-პრაქტიკულ ჟურნალ „ბიზნესი და კანონმდებლობის“ სამეცნიერო საბჭოს.

იგი სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდის პროცესში ახალგაზრდობიდან ჩაერთო - ლექციებს კითხულობდა ქვეყნის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. იყო კადრების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ეკონომიკური ინსტიტუტისა და თბილისის საფინანსო-ეკონომიკური აკადემიის რექტორი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის კათედრის გამგე. უკანასკნელ წლებში ხელმძღვანელობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საერთაშორისო ბიზნესის კათედრას. პედაგოგიურ სამუშაოზე გამოავლინა ლექტორის, აღმზრდელის საუკეთესო თვისებები: ღრმა ცოდნა, გამჭრიახობა, კომუნიკაციის უნარი, დამაჯერებლობა. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 30-მდე საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. ბატონი იაშა სტუდენტ ახალგაზრდობაში მაღალი ავტორიტეტით სარგებლობდა.

ღრმა ცოდნის, კრეატიული აზროვნების წყალობით მუდამ ავლენდა დროის გამოწვევებით განპირობებულ სიტუაციებში ადეკვატური მოქმედების უნარს. თავისი ცხოვრების წესით ყოველთვის დროის მოთხოვნების დონეზე იყო. ეს კარგად გამოჩნდა უაღრესად რთულ სიტუაციაში სახელმწიფოს მართვის ერთ-ერთ ცენტრალურ რგოლში - კონტროლის პალატის ხელმძღვანელად მუშაობისას. განსაკუთრებით აქ გამოვლინდა მისი პრინციპულობა, საქვეყნო საქმისადმი ერთგულება, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის სულისკვეთება, ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების ყოველმხრივ დაცვის უნარი - მან მუშაობის საკუთარი სტილით დაადასტურა, რომ დიდი ერუდიციის მოღვაწედ ჩამოყალიბდა.

მაღალი ნიჭი, შრომისმოყვარეობა, პრინციპულობა, თავმდაბლობა, პასუხისმგებლობა, საქმიანობის ყველა ეტაპზე და სიტუაციაში, ადამიანებზე ზრუნვის მომადლებული უნარი, ეროვნული ტრადიციებისადმი ერთგულება ერთ მთლიანობაში ქმნიდა მის პიროვნულ მომხიბვლელობას, რაც საზოგადოებაში უქმნიდა ლიდერის იმიჯს. იაშა მესხია ნდობის კაცი იყო! გვჯერა, რომ იაშა მესხიასნაირ პიროვნებას ქვეყანა არ დაივიწყებს.

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონონიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი           
საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: