Iverioni
«    ივლისი 2019    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
თებერვალი 2019 (10)
14-09-2016, 13:41
ნანახია: 1435

მიხეილ ჯიბუტი: „როცა გშია, შენ შენ არ ხარ!“

(12 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილის ქუთაისში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის კვალდაკვალ)

 

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პროექტის „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ ფარგლებში ა.წ. 12 სექტემბერს ბიძნა ივანიშვილი  მედიის წარმომადგენლებს ქუთაისში შეხვდა.

 

12 სექტემბერი...

 

12 სექტემბერი ახალი სტილით, ანუ მოქმედი კალენდრით...

 

12 სექტემბერი, ანუ ძველი სტილით 30 აგვისტო...

 

რა მოხდა ამ დღეს საქართველოს ისტორიაში?

 

მოკლეს ერთი ქართველი, რომელმაც ქართველებს გაერთიანების თეორია, ფილოსოფია, ხედვა მისცა და რომელმაც მისი პრაქტიკული განხორციელება დაიწყო...

 

ეს რომ არ მომხდარიყო, ამიტომაც მოკლეს...

 

30 აგვისტოს (1907 წელი) - ილია მოკლეს წიწამურში.

 

ქართველმა ხალხმა ის ერის მამად და წმინდანად აღიარა, თუმცა, მისი მიზანი - ქართველთა გაერთიანების შესახებ კვლავ რჩება ქართველების აუსრულებელ ოცნებად.

 

სწორედ ქართველების გაერთიანების საქმის წინ წაწევის ინტერესების კუთხით გავაანალიზე, ილიას მკვლელობის 109 წლისთავის დღეს, ქუთაისში, საქართველოში დღეისათვის ხელისუფლებაზე ყველაზე დიდი გავლენის მქონე და უმდიდრესი ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილის დასახელებული შეხვედრა.

 

ილიასა და ბიძინა ივანიშვილის შედარება შეიძლება ქვეყანაში გავლენის მაღალი ხარისხით. ივანიშვილს აქვს მზა ფუნდამენტი მოქმედებისთვის - ილიას ხედვა. ამასთან, მას გააჩნია უზარმაზარი ძალაუფლება და დამოუკიდებელი საქართველოს (მართალია, შეკრეჭილი, მაგრამ მაინც) სივრცე. ასეთ პირობებში როგორია ივანიშვილის საქმიანობა ქართველების გაერთიანებისათვის?

 

ძალიან ძნელია გამოიცნო პიროვნების აზრები, თუმცა, ადამიანის ნააზრევს მისი საქმეები გამოაჩენენ.

 

ივანიშვილი უდიდესი ქველმოქმედებით (უპრეცედენტო საქართველოს ისტორიაში) მივიდა ხალხთან 2012 წელს, თუმცა ნელ-ნელა დაშორდა ამ ხალხს და რაღაც ნაწილთან (შეიძლება უდიდესთანაც) მოიჭრა მისასვლელი გზა თავის პოლიტიკური აქტივობებით, რომლის კულმინაცია იყო საყდრისის აფეთქება.

 

უწყობს კი ბიძინა ივანიშვილი ქართველების გაერთიანებას ხელს?

 

ივანიშვილმა შეხვედრაზე ეპიზოდურად გაიხსენა ილიას მკვლელობა, თუმცა მისი მსჯელობის მთავარი ლაიტმოტივი იყო „ქართული ოცნების“ უალტერნატივობის მტკიცება.

 

თავის დროზე, ილია ჭავჭავაძე შეაშფოთა ქართველების პარტიებად დაყოფამ. მას აღელვებდა ის ფაქტი, რომ ქართული საზოგადოების სოციალურ დაყოფას („ხიდჩატეხილობას“) დაემატა იდეოლოგიური დაქსაქსულობა. ქართველი ერის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის საქმეში, ეს რა თქმა უნდა, საერთო საქმეს ვნებდა.

 

თუმცა, როდესაც დაასკვნა, რომ ამ პროცესის შეჩერება შეუძლებელი იყო, თავად დაიწყო ფიქრი პარტიის შექმნაზე (შემონახულია მის მიერ მომზადებული ახალი პარტიის წესდების პროექტიც).

 

სწორედ ამანაც დააჩქარა მისი მკვლელობა.

 

ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ილია პარტიის მეშვეობით აპირებდა ქართველების გაერთიანებას.

 

ძალიან სასურველი იქნებოდა ბ.ივანიშვილს ასეთი მიზანი დაესახა „ქართული ოცნებისთვის“, არადა, რეალურად ასეთი განზრახვა არ ჩანს!

 

რეალურად, თუ წინა საპარლამენტო არჩევნებში გაერთიანების მცდელობა იყო, მართალია „შუა უნდა გაიკრიფოს“ კონცეფციით, ამჟამად სიტუაცია სულ სხვაა. მაშინ არჩევნებზე, სულ ორი ძლიერი და რამოდენიმე სუსტი პარტია/კოალიცია იყო წარმოდგენილი, დღეს კი გვაქვს დაშლილი „ქართული ოცნების“ კოალიციის „სპექტრი“, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური „ნაბარტყი“ და რამდენიმე საშუალო და სუსტი ძალის პარტიები.

 

ქუთაისში ბიძნა ივანიშვილს დაუსვეს ძალიან კარგი კითხვა (ირინა მაკარიძე - „ახალი გაზეთი“) პარტიის დემოკრატიულ პრინციპებით მართვასთან დაკავშირებითიმასთან დაკავშირებით, გარდა ხელისუფლებისა, რა კრავს „ქართულ ოცნებას“, როგორც პარტიას. მართლაც, გაურკვეველია „ქართული ოცნების“ იდეოლოგიური იდენტობა. სახელისუფლებო პარტიის მიერ საპარლამენტო არჩევნებში დასახელებულ (როგორც მაჟორიტარულ, ისე პროპორციულ) კანდიდატებს შორის ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, ვისაც აქვს „ქართული ოცნების“ პარტიის შიგნით მუშაობის გამოცდილება.

 

აქედან გამომდინარე, ისინი ქმნიან ხელისუფლების ირგვლივ შეკრებილი ადამიანების ნაკრებს და არა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს. ეს მომავალში უარყოფითად აისახება მათ საქმიანობაზე პარლამენტში, სადაც საჭირო იქნება რაღაც დრო მათი „შეთამაშებისთვის“.

 

ივანიშვილი პარტიულად შეუკვრელ გუნდს სთავაზობს ქართულ საზოგადოებას, რაც უკარგავს მას იმის შესაძლებლობას, რომ შეასრულოს ქართველების გამაერთიანებელი როლი.

 

ყოფილი ექს-პრემიერი გამაერთიანებელ ფუნქციას შეასრულებდა იმ შემთხვევაში, თუ ის გახდებოდა საპარლამენტო არჩევნების წესიერად ჩატარების გარანტორი და დაინტერესებული იქნებოდა (უპირველეს ყოვლისა), სწორი საარჩევნო კანონმდებლობის შექმნით, ამომრჩეველთა სანდო და არასადაო სიით, ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენტული გარემოს შექმნით, ჯამში დემოკრატიის გამარჯვებით და არა მარტო ერთი პარტიის გამარჯვებით. ამით ის იკეტება ერთი პარტიის ჩარჩოებში, რაც ნიშნავს ხალხის ნაწილთან კავშირის დაკარგვას.

 

გამაერთიანებლის ფუნქციის შესრულებას ეტყობა ივანიშვილის, როგორ ბიზნესმენის პრაგმატიზმი უშლის ხელს. ის მოვლენებს ბიზნესმენის პოზიციით და არა საზოგადოების განვითარების წინასწარ ჩამოყალიბებული ხედვის მიხედვით აფასებს.

 

ეს კარგად გამოჩნდა ქუთაისში კაზინოებსა და მოგების გადასახადზე მსჯელობისას.

 

საქართველოში კაზინოების არსებობის საკითხი მან დაუკავშირა მათ ეკონომიკურ მნიშვნელობას. ის კაზინოებს უყურებს, როგორც შემოსავლის წყაროს და არა საზოგადოებრივი მორალის თემას.

 

კაზინოებთან დაკავშირებით საკითხი ორად უნდა გაიყოს: ერთია, კაზინოების არსებობის მიზანშეწონილება და მეორე, არსებული კაზინოების ბედი, თუ გადაწყდება მათი დახურვა, როგორი იქნება მათი განხორციელების სტრატეგია ( სწორი იქნება, ეს მოხდეს არა მყისიერად, არამედ სპეციალური პროგრამით, რომელიც გაწერილი იქნება დროში).

 

საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, რა გზით მიღებულ საბიუჯეტო შემოსავლებზეა ის მზად.

 

ქართული საზოგადოება თვლის თუ არა თავს რომის იმპერატორის Titus Flavius Vespasianus (ვესპასიანი)-ის მიდგომის - “Pecunia non olet” („ფულს სუნი არ უდის“) მიმდევრად?!

 

ბევრი ქვეყანა უარს ამბობს კაზინოდან მიღებულ შემოსავალზე, როგორც სხვისი უბედურებიდან მიღებულ და ამორალურ შემოსავალზე. კაზინოების ყველაზე დიდ ქვეყანაში აშშ-შიც კი მაგალითად, ტეხასის შტატმა უარი თქვა კაზინოებზე.

 

ივანიშვილი კაზინოების შენარჩუნების გვერდით მიესალმა გაუნაწილებელი მოგების გადასახადისგან განთავისუფლებას.

 

აქ ჩანს პოლიტიკური ჩარჩოს არ არსებობა. კაზინოების ეკონომიკური ეფექტიანობა ახლოს ვერ მივა იმ ზომასთან, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტი კარგავს მოგების გადასახადის დაბეგვრის ახალი სისტემით.

 

ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი მოგების გადასახადისგან განთავისუფლებას მიესალმება, რითაც საქართველოს ბიუჯეტი 2017 წელს დაკარგავს 600-700 მილიონ ლარს, მაგრამ პოლიტიკოსი ივანიშვილი არაფერს არ ამბობს იმის შესახებ, თუ რატომ არ შეიძლება კაზინოების შემოსავალზე უარის თქმა, როდესაც უარს ვამბობთ გაცილებით უფრო დიდ შემოსავალზე.

 

როგორ მოახდენს მოგების გადასახადის დანაკარგის კომპენსირებას „ქართული ოცნება“ გამოჩნდება საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში, რომელიც პარლამენტში ა.წ. 1 ოქტომბრამდე უნდა იქნას წარდგენილი.

 

ჩვენი პოზიცია მოგების გადასახადის აღნიშნულ მოდელთან დაკავშირებით უაღრესად უარყოფითია დღევანდელ საქართველოს სინამდვილეში ამ შემოსავლის მიუღებლობის კომპენსირების წყაროების არარსებობის გამო.

 

 ივანიშვილმა ქუთაისში, ისევე როგორც მანამდე ზუგდიდში, არნახულად მკვეთრად და მტკიცედ გამოხატა თავისი პოზიცია საქართველოს ევროპულ-ატლანტიკური ორიენტაციის სასარგებლოდ. ეს იყო ისეთი სიძლიერის გზავნილი, რომელიც დიდად გაშორდა შეხვედრის დარბაზს.

 

ქუთაისში შეხვედრაზე მან კვლავ გააგრძელა ქართულ პოლიტიკურ ველზე მოქმედი აქტიორების კრიტიკა, რომელიც პარტიების პლატფორმების კი არა, არამედ პარტიების ლიდერებისა და სახელმწიფო თანამდებობის პირების (საქართველოს პრეზიდენტი) კრიტიკაში გამოიხატა.

 

მოსასმენად ეს სასიამოვნო არ იყო, თუმცა დარჩა შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილი აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომელთანაც ის პიროვნულ ურთიერთობაში მართალია.

 

მის კრიტიკაზე პასუხები იმდენად არაადექვატური იყო, რომ ეტყობა საქმე გვაქვს ბიძინა ივანიშვილის მიმართ დიდი დავალიანების ფაქტებთან. სხვა დანარჩენ შემთხვევაში გაკრიტიკებული პიროვნებები ალბათ მიმართავდნენ ღირსების დასაცავად სასამართლოს. ხომ არ ქმნის ასეთი მდგომარეობა საფუძველს, რომ დაიწყოს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აპრობირებული მოძრაობა „ყველა ერთის წინააღმდეგ?“.

 

ასეთი მოძრაობის ანტიდოტი ხალხის ნდობაა. ამიტომ ივანიშვილი, ჩემი აზრით, უნდა დაუბრუნდეს ხალხს, როგორც გამაერთიანებელი, ნაცვლად ერთი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესების გამომხატველისა და კარგი იქნება, თუ ეს არჩევნებამდე მოხდება.

 

P.S. ქუთაისიდან რეპორტაჟის დროს იყო ე.წ. სარეკლამო ჭრები, რომელთა შორის ერთი უნისონში იყო შეხვედრის შინაარსთან. კერძოდ , ის რეკლამა, რომელშიც ისმოდა „როცა გშია, შენ შენ არ ხარ!“. როდის, ისტორიულ სამიზნედ ქცეულ 2030 წლამდე, თუ მის შემდეგ, მოხდება შიმშილის დაძლევა და სასურსათო უსაფრთხოების სისტემის შექმნა საქართველოში?- ამ კითხვაზე ჯერ პასუხი ბიძინა ივანიშვილს არ გაუცია.

 

P.S.P.S. ითქვა: „როცა გშია, შენ შენ არ ხარ!“ ჩემი მხრივ დავუმატებ: გამძღარი კი- სხვა ხარ, სხვა ხარ!