მიხეილ ჯიბუტი: “ვის შევჩივლო - რუსთაველი მკვდარია! “

მიხეილ ჯიბუტი: “ვის შევჩივლო - რუსთაველი მკვდარია! “

(19 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილის ახალციხეში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის კვალდაკვალ)

 

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პროექტის „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ ფარგლებში ა.წ. 19 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილი მედიის წარმომადგენლებს ახალციხეში შეხვდა.

 

ამ შეხვედრის ჩანაწერის მოსმენის შემდეგ  იეთიმ გურჯის სიტყვები ამეკვიატა - „ვის შევჩივლო - რუსთაველი მკვდარია!“

 

მკითხველს ვთხოვ კიდევ ერთხელ წაიკითხოს იეთიმ გურჯის ლექსი „შუა წყალში გადამაგდე ნავიდან“ იმ დაშვებით, რომ იქ მოტანილი სიტყვების კონტექსტი არა სამიჯნურო, არამედ, წმინდა პოლიტიკური, წინასაარჩევნოა. ადრესატი კი არა მიჯნური, არამედ რჩეული პოლიტიკოსია!

 

აი,ისიც:

 

კარგი იყო არ გამეცნე თავიდან,
შუა წყალში გადამაგდე ნავიდან,
ჩემი გული შენ დაკოდე, დახიე,
ხელებს ითბობ, ცეცხლის ალში გამხვიე.
დამიმონე, შენი შიშით ვკანკალებ,
მომერიე, გიხარიან, ხარხარებ...
როდემდისინ გქონდეს ქვისა გულია, 
მე რომ ვტირი შენთვის სიხარულია.
ფიქრობ, ტანჯვით შემაძულო თავია,
ცდები, შენ ხარ ჩემი სალოცავია.
თვალებს დამთხრი? - ფეხქვეშ ჩაგივარდები,
რა გინდ მტანჯო, უფრო შემიყვარდები!
სულ არ გესმის ჩემი წერა-კითხვები,
რად მიყვარხარ, რატომ არ მეკითხები? 
რომელ მსაჯულს ვთხოვო სამართალია,

ვის შევჩივლო - რუსთაველი მკვდარია! 

 

ვფიქრობდი, რომ მესხეთში შეხვედრისთვის რუსთაველის თემა  ბიძინა ივანიშვილის არსენალში მთავარი იქნებოდა.

 

სამწუხაროდ, ჩემი ფიქრები არ გამართლდა...

 

თუმცა, მესხეთმა ურუსთაველობა ვერ მოითმინა - ავთანდილ ბერიძემ („ლიტერატურული მესხეთი“) ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ 2016 წელი რუსთაველის წლადაა გამოცხადებული და დასვა საკითხი „რუსთაველის სახლის“ მშენებლობასთან დაკავშირებით.

 

ექს-პრემიერმა დიდსულოვნება გამოიჩინა და საზოგადოებას მისცა დაპირება, რომ მიიღებს მონაწილეობას ამ პროექტში. თუმცა, არ გაჩენია სურვილი კომენტარი გაეკეთებინა შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილის აღნიშვნასთან დაკავშირებით (რუსთაველის იუბილესთან დაკავშირებული საყოველთაო დუმილი ქვეყანაში შემაშფოთებელია! ).

 

ზემოთ ნახსენებ დიალოგში ავთანდილ ბერიძემ გულწრფელად უთხრა ბიძინა ივანიშვილს, რომ ის შევა ისტორიაში, მაგრამ „არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც მეცენატი“.

 

ბიძინა ივანიშვილის, როგორც პოლიტიკოსის რანგი გამოაჩინა შუშან შირინიანის (საინფორმაციო სააგენტო ჯავახეთი) მიერ იმ დაპირებების შეხსენებამ, რაც 2012 წელს მას მიუცია ახალქალაქში: (1) რეგიონული ენების შესახებ ქარტიის რატიფიკაცია; (2) სომხურ-ქართული უნივერსიტეტის გახსნა ახალქალაქში; (3) სომხური ენისთვის რეგიონული სტატუსის მინიჭება.

 

ნიშანდობლივია, რომ მას არ უარყვია ეს ფაქტები.

 

ივანიშვილი თავის პასუხში კიდევ უფრო შორს წავიდა და წამოაყენა თეზისი, რომ ქართველმა სომხებმა სახელმწიფო ენა - ქართული თურმე „ასიმილაციისთვის“ უნდა ისწავლონ!

 

ამბროლაურის შეხვედრის კომენტარებში ავღნიშნე საქართველოში სიტყვა „რეგიონის“ არაფორმალური გამოყენების მავნებლობის შესახებ. არც „სამცხე - ჯავახეთის“ რეგიონი არსებობს ოფიციალურად და არც უნდა იყოს.

 

არ არის რეგიონი - არ არის რეგიონული ენის პრობლემა!

 

ქართულის ცოდნა არ არის ასიმილაციის საშუალება - ესაა საქართველოს არაქართველი მოსახლეობის ქვეყნის საზოგადოებრივ - პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტეგრაციის საშუალება!

 

რა პოზიციაზეა ენის საკითხში „ქართული ოცნება“? იზიარებს ის ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებებს?

 

რაღაც შავი ღრუბელი რომ დგას ქართული ენის თავზე კვირიკაშვილის მთავრობაში ცხადია -უკვე ნახევარ წელიწადზე მეტია კანონი სახელმწიფო ენის შესახებ ძალაშია და მთავრობა მის შესრულებაზე ჯიუტად (ბოროტად!) არ ფიქრობს!

 

ამ შეხვედრაზეც ექს-პრემიერმა ყველა კონკრეტული კითხვის პასუხი მთავრობაზე გადაამისამართა (ბორჯომის ტყეების დაავადებასთან ბრძოლის საკითხი).

 

სხვათაშორის, დისტანცირება მოახდინა საკადრო საკითხების გადაწყვეტისგანაც, ხოლო ზოგიერთი დეპუტატობის კანდიდატის სიაში ყოფნა ახსნა „ხალხისთვის გასაგებ ენაზე“: მას (დეპუტატობის კანდიდატს) იდეოლოგია არ გააჩნია და ის ყოველთვის „მმართველ ძალასთან იჭერს“ურთიერთობასო(?).

 

ბიძინა ივანიშვილი ყველა შეხვედრაზე ამტკიცებს, რომ ის არ არის პოლიტიკაში და რომ მას საქართველოში ბიზნესი არ აქვს, თუმცა, ამის, ჩემი აზრით, შეუძლებელია მასაც სჯეროდეს.

 

დაჟინებულ შეკითხვაზე, თუნდაც მოცემულ შეხვედრაზე ყოფნით ექს-პრემიერი იყო თუ არა პოლიტიკაში, მან უარყოფითად უპასუხა.ივანიშვილმა თავისი აქტივობა ახსნა ქვეყნისა და საზოგადოების სწორი მიმართულებით განვითარებისა და სახელმწიფოს სწორი მოწყობის ინტერესებით.

 

საინტერესო იყო ექს-პრემიერის მიერ გამოთქმული მოსაზრება საქართველოს განსაკუთრებული რესურსის შესახებ. მისი აზრით, ესაა „ევრაზიის გასაყარზე ჩვენი ცხოვრების ისტორიული გამოცდილება და დაბალანსებული ყოფა“. თუმცა, თუ როგორ გადავიყვანოთ ეს ეკონომიკურ და მატერიალურ სიკეთეში მას ეს არ უთქვამს.

 

ბიძინა ივანიშვილი კვლავ რეიტინგებით შეეცადა ეჩვენებინა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების უკეთესობა ნაცების ხელისუფლებასთან შედარებით. ეს ერთი მიდგომაა. თუმცა, იმის მტკიცება, რომ მე მასთან შედარებით უკეთესი ვარ, არ ნიშნავს ავტომატურად, რომ მე კარგი ვარ - შეიძლება ორივე იყოს ცუდი, რომელთა შორის ერთი უკეთესია, რადგანაც ნაკლებად ცუდია.

 

„ოცნების“ წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მათ გაცილებით ნაკლები სახელმწიფო ვალი აიღეს და ამაშია მათი სიკარგე. სინამდვილე კი იმაშია, რომ ორივე ცუდად მოიქცა ვალების აღების გამო, განსხვავება სიცუდის ხარისხშია.

 

უფრო თვალნათელი რომ იყოს „ქართული ოცნების“ ოთხწლიანი მმართველობის პერიოდის შედეგები, საჭიროა ხელისუფლებაში მოსვლის მონაცემები შედარდეს მმართველობის მეოთხე წლის მონაცემებს. ამას შეიძლება დაემატოს იმის ანალიზი, თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა და არ გაკეთდა!

 

აქ სისტემური და კომპლექსური ანალიზია საჭირო. არის სიკეთეები, რომელიც ინდიკატორებში არ გამოიხატება (მაგალითად, ოთხი წელი ღია სამხედრო მოქმედებების გარეშე საქართველოს ტერიტორიაზე). თუმცა, ეკონომიკის განვითარების მთავარი ინდიკატორი - მთლიანი შიგა პროდუქტი 2012 წლის 15847 მლნ აშშ დოლარიდან 2015 წელს 13960 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა (მიმდინარე ფასებში). სხვა მაჩვენებლებსაც თუ მოვიტანთ, შეიძლება ერთი დასკვნის გაკეთება, რომ ოთხწლიანი ციკლი საქართველოს ეკონომიკურ ცხოვრებაში წარიმართა რუტინულად, მან ვერ შეცვალა განვითარების ტენდენციები, ვერ შექმნა მდგრადი განვითარების საფუძვლები და პოზიტიური მოლოდინი - ქვეყანამ და ხალხმა გაფლანგეს მშვიდობიანი ოთხი წელი სიმდიდრის დაგროვების გარეშე.

 

შეიძლებოდა სხვა შედეგი დამდგარიყო?

 

შეიძლებოდა მართვის სხვა მოდელისა და სხვა პრაქტიკის პირობებში, მაგრამ ვის შევჩივლოთ?!

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: