Iverioni
«    ნოემბერი 2018    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
ნოემბერი 2018 (8)
ოქტომბერი 2018 (16)
სექტემბერი 2018 (13)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
21-09-2016, 13:43
ნანახია: 2680

რატომ ვკლავთ ქართულ პოეზიას?! ანუ, „პოლიეთილენის პარკიდან“ „ხვარამზე - 2016“-მდე

 

 

ონის უცნაური (მურმან ლებანიძის სულისთვის შეურაცხმყოფელი) ლიტკონკურსის - „ლიხს იქით და ლიხს აქეთ“ და „პოლიეთილენის პარკის“ გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი არ გვქონდა მონელებული, „ხვარამზე - 2016“-მა ახალი „სიურპრიზით“ გაგვანებივრა, თან მორიგი თავსატეხიც გაგვიჩინა.

 

უკვე არაფერი მეჩვენება - ჭეშმარიტ ქართულ პოეზიას ნელ-ნელა კლავენ, ხოლო, ქართველ მკითხველს ლექსის ნაცვლად სიტყვების რახარუხს და უგემოვნებას აჩვევენ!

 

მე შეგნებულად არ ჩავერთე „პოლიეთილენის პარკის“ გარშემო ატეხილ პოლემიკაში. თუმცა, პოლემიკას პირობითად ვამბობ, თორემ, ზემოთ ხსენებული კონკურსის შედეგებიდან გამომდინარე სოციალურ ქსელში რა „მარგალიტებიც“ დაიღვარა, მაფიქრებინებს, რომ ჩვენში (განსაკუთრებით ამ ბოლო ხანებში) დაგროვილმა აგრესიამ ადამიანური სიყვარულისთვის ადგილი არ დატოვა.

 

მთელი უბედურება იმაშია, რომ ღვარძლისა და უკიდურესი ცინიზმის ავტორებად თანამედროვე პოეტებად და მწერლებად წოდებული ინდივიდები გვევლინებიან.

 

ხმას არ ამოვიღებდი, თითო-ოროლა „აგრესორთან“ რომ გვქონდეს საქმე.

 

აგრესიას და ბოღმას ვინ ჩივის, ფრიად დამაფიქრებელია ის ლექსიკა, რითაც ისინი საკუთარი პოზიციების „გასამყარებლად“ „მოწინააღმდეგეებს“ იგერიებენ. საქართველოში კამათის კულტურის დეფიციტი რომ გვაქვს, ეს ახალი „აღმოჩენა“ არ არის, მაგრამ, როცა ადამიანს პოეტობაზე (მწერლობაზე) აქვს პრეტენზია, მას სხვაზე მეტი კორექტულობა მოეთხოვება!

 

მე ყურადღებით გავეცანი სოციალურ ქსელში განფენილ „მარგალიტებს“ და ცოტა არ იყოს, გული შემეკუმშა - ნაცვლად იმისა, რომ თანამედროვე მწერლობის საშიშ ტენდენციებზე და მისი გამოსწორების გზებსა და საშუალებებზე ვსაუბრობდეთ, ნაცვლად იმისა, რომ არგუმენტირებულად ვეუბნებოდეთ ავტორს, თუ რატომ არის მისი საკონკურსოდ წარდგენილი ლექსად წოდებული პოეზია - პოეზიის უხეირო სიმბიოზი მკითხველისთვის მიუღებელი (ამის გაკეთება კორექტულად მხოლოდ ბ-ნმა ვასილ ბესელიამ სცადა, მაგრამ, საკუთარი პოზიციები ბოლომდე ვერ დაიცვა), ერთმანეთის შეურაცხყოფაზე გადავდივართ - ისეთ შთაბეჭდილება რჩება, რომ პოლემიკაში ჩართულებს არა ქართული პოეზიის მომავალი, არამედ, საკუთარი გესლისა და შხამის ამონთხევა უფრო აინტერესებთ!

 

ცალკე საუბრის თემაა ფანებად დაყოფა და „სამკვდრო-სასიცოცხლო“ ომში გამარჯვებისთვის ბრძოლა აკრძალული ხერხებითაც კი...

 

მე არ ვყოფილვარ ონის ლიტკონკურსის მონაწილე, ან, თუნდაც, სტუმარი. ამდენად, კონკრეტული შეფასებისგან თავს შევიკავებ. თუმცა, საჯარო სივრცეში გამოქვეყნებული საკონკურსო მასალების შეფასებით შემიძლია განვაცხადო, რომ კონკურსი მისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს საგრძნობლად აცდა.

 

მეორეც, გამარჯვებული ავტორებით (უფრო სწორად გამარჯვებული ლექსებით) თუ ვიმსჯელებთ, ორგანიზატორებმა და ჟიურის წარმომადგენლებმა შეურაცხყოფა მიაყენეს ქართულ პოეზიას - „პოლიეთილენის პარკზე“ რომ არაფერი ვთქვათ, უპირატესობა ე.წ. ვერლიბრს მიანიჭეს, თითქოსდა ტრადიციული (რითმიანი) ლექსი, ლექსი არ არის (ეტყობა, ორგანიზატორებისგან ასეთი დავალება ჰქონდა მიღებული, თორემ ქალბატონ ირმა მალაციძეს არც დაესიზმრებოდა, რომ საქართველოში არსებული მძიმე ეკოლოგიური პრობლემა პოლიეთილენის პარკზე დაწერილი ვერლიბრით გადაეწყვიტა)!

 

მათ აშკარად დაამტკიცეს, რომ კონკურსის კრიტერიუმები ნამდვილად არ ისახავდა მიზნად ჭეშმარიტი შემოქმედების (შემოქმედის) გამოვლენას, რაც დღეს საქართველოში მიზანმიმართულ ტენდენციად ჩამოყალიბდა!

 

 

ქართული ვერლიბრი - ეპოქის ხარკი თუ უნიჭობის დემონსტრირება?!

 

მე ბოდიშს ვიხდი რამდენიმე მოკალმესთან, ვინც ე.წ. ურითმო (თავისუფალ) ლექსშიც კი ახერხებს მეტაფორებით (სახეებით) აზროვნებას და გარკვეულ მელოდიურობასაც გაგრძნობინებს (ამის საუკეთესო ნიმუშია ბადრი სულაძის ვერლიბრი „დაბადება“, რომელმაც „ლიტერატურული მესხეთის“ მიერ გამოცხადებულ ლიტ-კონკურსში პირველი ადგილი დამსახურებულად მოიპოვა).

 

უცხო სიტყვათა ლექსიკონში ვერლიბრი (ფრანგ. vers libre — „თავისუფალი ლექსი“) განმარტებულია, როგორც ურითმო ლექსი, რომლის ტაეპები არათანაზომიერია და მარცვალთა რაოდენობა ნებისმიერი. თავისუფალია აგრეთვე ტაეპების შეწყობა და სტროფული კომპოზიცია, მაგრამ აუცილებელია ტაეპთა სალექსო სტრიქონებად განლაგება და რიტმულ-ინტონაციური შეწყობა.

ვერლიბრმა განსაკუთრებული პოლულარობა მოიპოვა დასავლეთ ევროპაში XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში სიმბოლისტი პოეტების შემოქმედებაში.

 

ეტყობა, ერთი საუკუნე დასჭირდა „თანამედროვე“ ქართველ პოეტებს დასავლეთ ევროპელი სიმბოლისტი პოეტების ნაკვალევზე „გაეჯეჯილათ“ და ტრადიციული ქართული პოეზია კუთხეში მიემწყვდიათ!

 

შეიძლება ხმამაღლა ითქვას, რომ ვერლიბრი ქართული მოვლენა არ არის და ის ვერასოდეს გაუწევს კონკურენციას ჭეშმარიტ (რითმიან-რიტმიან) ქართულ პოეზიას.

 

მეორეც, საინტერესოა აკმაყოფილებს თუ არა ე.წ. „თავისუფალ ლექსად“ მონათლული ქართული აბრა-კადაბრა ვერლიბრის კრიტერიუმს - დაცულია თუ არა მასში „რიტმულ-ინტონაციური“ შეწყობა და როგორც ვერლიბრის კლასიკურ განმარტებაშია ნათქვამი, განლაგებულია თუ არა ტაეპები „სალექსო სტრიქონებად“?!

 

თუ გამონაკლისს არ ჩავთვლით, რა თქმა უნდა, არა!

 

ქართველი ვერლიბრისტები ჯიუტად იმეორებენ, რომ თანამედროვე პოეზია სწორედ ვერლიბრთანაა წილნაყარი და ვისაც ასეთი ლექსი არ მოსწონს, მას უბრალოდ თავისუფალი ლექსის დაწერა უჭირს!

 

ბრალდება იმ ქართველი კალმოსნებისკენაა მიმართული, ვინც გამოხატვის ფორმად რითმას ამჯობინებს. თუმცა, ლექსი არა პოეტებისთვის, არამედ, მკითხველისთვის იწერება და მკითხველი თვითონ აირჩევს, რა ფორმის ლექსს მისცეს უპირატესობა...

 

თქვენი არ ვიცი, მაგრამ, მე არ ვიცნობ ადამიანს, თუნდაც მისი ფავორიტი ვერლიბრისტის ლექსი ზეპირად იცოდეს. მეტიც, საკუთარი ლექსი თავად ავტორებმაც არ იციან და ხშირად პრეზენტაციებზე გვებოდიშებიან კიდეც.

 

მაშ რა არის ლექსი, თუ იგი მკითხველთა გულებამდე არ მივიდა, რა არის ლექსი, თუ იგი ჩვენს მეხსიერებაში არ „ჩაიმარხა“ და არ აგვათრთოლა?

 

 

არ არის კრიტიკა, არ არის ჭეშმარიტი ლიტერატურა!

 

სტატიაში „ფეისბუქპოეტები, დითიარმბებით დაბანგული პრეზენტაციები და შარლატანების მახვილით „დაჭრილი“ ქართული ლიტერატურა“ დაახლოებით ერთი წლის წინ ვწერდი - „თანამედროვე ქართული ლიტერატურა საკმაოდ ღარიბია. სანთლით საძებარი გახდა ჭეშმარიტი სიტყვა - ტრადიციული ქართული სიტყვა-კაზმულობა ფსევდოლიტერატურამ შეცვალა“.

 

სტატიაში ასევე ხაზგასმით ვაფიქსირებდი, რომ ლიტერატურული კრიტიკა „ფაქტიურად გარდაცვლილია“, ყოველ შემთხვევაში, საღათას ძილით სძინავს!

 

ვინც დღეს კრიტიკოსობას იბრალებს, მათი შეფასებები ზოგად პოსტულატებს და დითირამბებს არ სცილდება და ხელს არ უწყობს ლიტერატურის პირუთვნელად შეფასებას. არადა, აქსიომაა, რომ პროფესიონალური კრიტიკის გარეშე ლიტერატურა ვერ განვითარდება!

 

მე, როგორც პროფესიონალ გამომცემელს, საშუალება მაქვს ობიექტურად შევაფასო თანამედროვე ქართულ ლიეტრატურაში არსებული სავალალო მდგომარეობა. მართალია, ყველა ანა და გალაკტიონი ვერ იქნება, მაგრამ, ლექსი რომ უნდა ჰგავდეს ლექსს და პროზა - პროზას, ამას მტკიცება არ სჭირდება!

 

ფაქტია: ამ მხრივ ქართულ ლიტერატურაში არსებული რეალობა ძალიან საგანგაშოა - ვბეჭდავთ ყველაფერს, რასაც მავანი და მავანი ლიტერატურად ასაღებს, მაგრამ არაფერი აქვს საერთო ნამდვილ ლიტერატურასთან.

 

ეს კი იმის ბრალია, რომ ქართულ სიტყვას დღეს ჭეშმარიტი შემფასებელი არ ჰყავს - კრიტიკამ, როგორც ლიტერატურულმა ჟანრმა, ფუნქცია დაკარგა და ეს ფუნქცია დღეს ფსევდოპოეტებმა და ფსევდო პროზაიკოსებმა მიითვისეს თუ მიისაკუთრეს!!!

 

როცა „კრიტიკოსის“ როლში ისინი გვევლინებიან, რა ობიექტურ შეფასებასთან გვექნება საქმე?!

 

იმასაც დააკვირდით: სოციალურ ქსელში ამა თუ იმ ავტორის მისამართით გამოთქმული პრეტენზიები თუ დითირამბები რამდენად ახლოსაა ლექსის თუ პროზაული ნაწარმოების ობიექტურ შეფასებასთან!!!

 

„შესანიშნავია“ „უძლიერესია“ „ბრავო“ - ეს ტერმინები ისე დამკვიდრდა პრაქტიკაში, გეგონება შედევრებით აივსო თანამედროვე ქართული ლიტერატურა. არადა, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ჭეშმარიტ შემოქმედებას ვერ მიაგნებ  - ფსევდოს კი რამდენიც გინდა...

 

ახალი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ლიტერატურის განვითარება ლიტერატურული კრიტიკის გარეშე შეუძლებელია. სწორედ პროფესიული კრიტიკის არარსებობა უწყობს ხელს შარლატანებს და პოეტობისჭიაშეპარულებს ხელოვნურად შეკოწიწებული ე.წ. ვერლიბრი პოეზიად გაასაღონ და ჩვენ, მკითხველებს ტაში დაგვაკვრევინონ!

 

ლიტერატურული კრიტიკა ჩემი მოღვაწეობის სფერო არ არის. აქედან გამომდინარე, არ ვთვლი თავს ლიტერატურის კრიტიკოსად, მაგრამ, როგორც ვთქვი, მკითხველის პოზიციიდან შემიძლია შევაფასო ის სავალალო მდგომარეობა, რაც დღევანდელ ქართულ ლიტერატურაში სუფევს.

 

აქსიომაა: კრიტიკა, ანუ ნაწარმოების შეფასება, პროფესიონალი ლიტერატორების საქმეა, რომელსაც ისინი დღეს არ, ან ვერ აბამენ თავს! მე პირადად რამდენიმე პროფესიონალი ლიტერატორი ვიცი, რომელთაც ხელეწიფებათ ობიექტური შეფასება მისცენ საქართველოში მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებს, მაგრამ, ეტყობა, კონიუნქტურის ჭაობში იმდენად არიან ჩაფლულნი - ან საერთოდ თავს იკავებენ, ან მხოლოდ პოზიტიურზე ამახვილებენ ყურადღებას.

 

თუ პროცესი ასე გაგრძელდა, მტკიცება არ უნდა, რომ ლიტერატურის ნაცვლად ნაგავი შეგვრჩება ხელში. მითუმეტეს, ე.წ. ლიტერატურული კონკურსები და ამ სფეროში არსებული ტენდენცია ნოყიერ ნიადაგს ქმნის ტრადიციული ლიტერატურის გაქრობისა და ფსევდოლიტერატურის დამკვიდრებისთვის.

 

 

რატომ ვერ იხვარამზა „ხვარამზე - 2016“-მა?

 

დროა ზოგადი მსჯელობიდან, კონკრეტულზე გადავიდეთ და ობიექტური შეფასება მივცეთ იმ უნიჭოდ დადგმულ შოუს (ყოველ შემთხვევაში, კონკურსის შედეგები ამის თქმის უფლებას მაძლევს), რომელმაც ხელში კალამი ამაღებინა.

 

მართალია, პირველად გახლდით „ხვარამზეობაზე“, მაგრამ ეს არ მიშლის ხელს ლიტერატურული კონკურსის პერიპეტიები მიუკერძოებლად შევაფასო.

 

ჩემი აზრით, „ხვარამზეობა“ არაფრით განსხვავდება სხვა დანარჩენი ლიტკონკურსებისგან - შეფასების იგივე კრიტერიუმები, იგივე დამოკიდებულება ტრადიციული (რითმიანი) ლექსის მიმართ და რაც ყველაზე ნიშანდობლივია, წინასწარშერჩეული ფავორიტები!..

 

სოციალურ ქსელში ფინალისტების ლექსების შეფასების თვალსაზრისით გამოქვეყნებულმა კომენტარებმა (რომელშიც ყველაზე მეტად ნომინანტები აქტიურობდნენ, განსაკუთრებით მარიამ წიკლაური) და დაჯილდოების ცერემონიალმა დამარწმუნა, რომ ავტორთა დაშიფრვა და ჟიურის შემადგენლობის გასაიდუმლოება ერთგვარი თვალის ახვევა (თამაში) გახლდათ და წინასწარ იყო დადგენილი, ვინ დაიდგამდა გამარჯვებულის გვირგვინს (თუ ოპონენტები გამოჩნდებიან, შემიძლია მივუთითო კომენტარებზე, სადაც ყველაფერი იკითხება). შეიძლება უმნიშვნელო (ტექნიკური) დეტალია, მაგრამ ისიც წინასწარ იყო განსაზღვრული, რომ ნომინანტები მაინცდამაინც ერთმანეთის გვერდით დამჯდარიყვნენ!..

 

ახლა რაც შეეხება ფინალისტების გამოვლენას და ნომინანტების შერჩევას: კურიოზია, რომ 15 ფინალისტში ერთი რითმიანი (ტრადიციული) ლექსის ავტორი არ გახდა კონკურსში გამარჯვებული.

 

მე დიდი ინტერესით წავიკითხე ეკა კვიციანის და ნონა ფიფიას (კოლხიდაშვილის ფსევდონიმით) საკონკურსო ლექსები და იმ დასკვნამდე მივედი, რომ შეიძლება ისინი სრულყოფილების ნიმუშად არ ვაღიაროთ, მაგრამ გამარჯვებული ავტორების პოეტურ-პროზაულ ნაცოდვილარს ათი თავით უსწრებს. ყოველ შემთხვევაში, სათანადო ადგილზეა რითმაც, რიტმიც, მელოდიურობაც, შიგა და შიგ მეტაფორებსაც იპოვით...

 

ობიექტურობა მოითხოვს ცალკე შევჩერდე კონკურსის ერთ-ერთ გამარჯვებულზე - ლელა ცუცქირიძეზე, რომლის საკონკურსო მასალა „უმამო გოგონებისთვის“ სიღრმითა და რიტმულ-ინტონაციური შეწყობით ნამდვილად აკმაყოფილებს ვერლიბრისთვის დამახასიათებელ კრიტერიუმებს. ქალბატონ ლელას, ლექსის ტრადიციული ფორმისთვის რომ მიემართა, დარწმუნებული ვარ, მაინც საუკეთესო შედეგს მიიღებდა. ეტყობა, ვერლიბრზე იყო მოთხოვნა და მანაც ცდუნებას ვერ სძლია! სამწუხაროა...

 

რაც შეეხება მეორე გამარჯვებულს - ნათია როსტიაშვილს, რომელსაც კალამი ნამდვილად უჭრის, თვითონაც უნდა ხვდებოდეს, რომ ქართულ პოეზიაში მისი ადგილი არ არის - მან ის უნდა აკეთოს, რაც კარგად გამოსდის, ანუ პროზას მიხედოს! (ისიც კი გავიგე, რომ ნათიას, რომელიც „ხვარამზე - 2015“-ის გამარჯვებული ყოფილა, გაოცებულს საჯაროდ უთქვამს: „მითხრეს საკონკურსოდ ლექსი დამეწერა და პირველივე ლექსმა „ხვარამზეს“ ნომინაციაში გამამარჯვებინაო).

 

ქალბატონ მარიამ წიკლაურს სოციალურ ქსელში რომ არ დაეწერა, ნამდვილად არ ვიცოდი, რომ „ყველა კონკურსი თამაშია“ და „ყველა ვერ იქნება გამარჯვებული“. მე კი აქამდე მეგონა, ლიტკონკურსები თამაში კი არ იყო, არამედ, საუკეთესო ლიტერატურული ნაწარმოების გამოვლენას ემსახურებოდა.

 

თუმცა, ვეთანხმები ქალბატონ მარიამს, რომ „ხვარამზე - 2016“-ის მაგალითზე, ლიტკონკურსი ნამდვილად თამაში ყოფილა, ოღონდ, ფორმალური თამაში, სადაც კარში ბურთი არა კონკურსის მონაწილეებს, არამედ, ორგანიზატორებს და ჟიურის გააქვს (ძირითადად მაინც ორგანიზატორებს)!

 

კრიტიკას ვერ უძლებს კონკურსის დასრულებამდე ფინალისტთა ნაწარმოების სოციალურ ქსელში გამოქვეყნების პრაქტიკა, სადაც ძირითადად კონკურსის მონაწილეები და მათი ფანები აქტიურობენ. არადა, წინასწარი შეფასებები გავლენას ახდენს ჟიურის გადაწყვეტილებაზე (ბევრმა საკუთარი თავიც გაყიდა).

 

მეორეც, ლექსი თუ პროზა, არა პოეტებმა და მწერლებმა, არამედ, სპეციალისტებმა და ზიგადად ჭეშმარიტმა მკითხველმა უნდა შეაფასოს (ოღონდ, კონკურსის დასრულების შემდეგ), რადგან, ან შურის მომენტი იჩენს თავს, რომელიც მიკერძოებაში გადადის, ან პირიქით - ფსევდოპოეტები თეთრსა და შავს ერთმანეთისგან ვერ არჩევენ. ეს რომ ასეა, კომენტარების დეტალურად გაცნობამ დამარწმუნა.

 

კურიოზი იყო ისიც, რომ ფინალისტები ერთმანეთს საკუთარი პროზებით აჯილდოებდნენ. თუმცა, ყველაზე დიდი კურიოზი მაინც ლელა ცუცქირიძესთან მიმართებაში მოხდა, როცა საკუთარი პრიზით თვითონ დაჯილდოვდა!!!

 

მე არ ვიცი, ვინ როგორ ფიქრობს, მაგრამ, ჩემი აზრით, „ხვარამზეობა“ არც სახალხო და არც ფშაური ხატობების ტოლფასი (ბესიკ ხარანაული) დღესასწაულია და არც თანამედროვე ქართული ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშების (თუ ასეთი არსებობს) გამოვლენის საშუალება!

 

ვეთანხმები ქალბატონ მარიამ წიკლაურს, რომ ეს ნამდვილი თამაშია, სადაც მთავარ როლებს ორგანიზატორები ასეულებენ, მაყურებელს (მკითხველს) კი მხოლოდ ტაშის დაკვრა ევალება სცენარის ყოველგვარი შეფასების გარეშე!

 

ბოლოთქმა: პრაქტიკაში დამკვიდრებული წყალ-წყალა პრეზენტაციები და ე.წ. ლიტერატურული კონკურსები: „საბათი“ დაწყებული, ონის ლიტკონკურსით გაგრძელებული და „ხვარამზეთი“ დამთავრებული, მარიამ წიკლაურის ტერმინოლოგიით თუ ვიტყვით, ნამდვილი თამაში და საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა, სადაც ფართო გასაქანი ეძლევა არა ნიჭიერ, თვითნაბად შემოქმედთა გამოვლენას, არამედ, შოუს ელემენტებს, სადაც ჟიურის ფუნქცია თითქმის იგნორირებულია, ხოლო, კონკურსის ორგანიზატორთა ფავორიტები წინასწარ ცნობილი...

 

როგორც ზემოთ ვთქვი, კრიტიკას ვერ უძლებს კონკურსის მოთხოვნებისა და შეფასების კრიტერიუმებიც.

 

მე არ მინდა ბოლომდე დავაკნინო „ხვარამზეს“ ორგანიზატორის, ქ-ნ მარინა ხუცურაულის მონდომება, რადგან, ნებისმიერი ჩანაფიქრის ხორცშესხმას გარკვეული ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ მისი მხრიდან, გაცილებით ქართული საქმის სამსახური იქნებოდა უხეირო ვერლიბრისტთა დოღის ნაცვლად „ხვარამზეობა“ ქართული ფოლკლორის (ზოგადად, ქართული პოეზიის) დღესასწაულად ექცია.

 

ეტყობა, ეს არ შედის ვიღაცის ინტერესებში, რადგან, თანამედროვე ეპოქას, რომელიც ყოველგვარ ეროვნულს და ნაღდს ანადგურებს, სხვანაირად „ხარკს“ ვერ გადავუხდით!

 

ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ, დავუშვათ და მოხდეს სასწაული - ვერლიბრმა ტრადიციული ქართული ლექსი საერთოდ განდევნოს (მავანთა ცდა აქეთკენ მიდის), როგორ შევქმნით თანამედროვე ქართულ მელოდიას, რომელიც ცეცხლოვან ქართულ ცეკვებთან ერთად საქართველოს სავიზიტო ბარათია?!

 

ბოლოთქმის ბოლოთქმა: ვისაც ამ სტატიის მიმართ პროტესტის გრძნობა გაუჩნდება, სიამოვნებით მოვუსმენ, ოღონდ, წინასწარ ვაფრთხილებ: კორექტულობის ზღვარს არ გადავიდნენ, რადგან, „ხურდის“ დაბრუნება, ანუ მწარე შოლტების მოქნევა შესანიშნავად მეხერხება!

 

ზაურ ნაჭყებია