Iverioni
«    თებერვალი 2018    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728 
თებერვალი 2018 (9)
იანვარი 2018 (7)
დეკემბერი 2017 (7)
ნოემბერი 2017 (10)
ოქტომბერი 2017 (13)
სექტემბერი 2017 (4)
22-09-2016, 09:56
ნანახია: 1142

რატომ უმტყუნა ნერვებმა ზაზა ფირცხალაიშვილს?!

ჩემს გუშინდელ სტატიას „რატომ ვკლავთ ქართულ პოეზიას, ანუ „პოლიეთილენის პარკიდან“ „ხვარამზე -2016“-მდე“ (http://iverioni.com.ge/16246-ratom-vklavth-qarthul-poezias-anu-poliethilenis-parkidan-khvaramze-2016-mde.html), რომელიც „ივერიონში“ გამოქვეყნდა და სოციალურ ქსელშიც გავრცელდა, ოპერატიულად გამოეხმაურა ონის ლიტკონკურსის ორგანიზატორი ბ-ნი ზაზა ფირცხალაიშვილი და საკუთარი გამოხმაურების „ივერიონში“ დაბეჭდვა მთხოვა, თან გამაფრთხილა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და გაგრძელებებს თანდათან მომაწვდის.

ეტყობა, ნერვებმა უმტყუნა ბატონ ზაზას, თორემ რა უშლიდა ხელს შეეკრიბა ყველა ნაცოდვილარი ერთად და მეც გამიადვილდებოდა პასუხის გაცემა.

ვინაიდან, ეს მხოლოდ „დასაწყისია“, საჭიროდ არ ვთვლი პოლემიკაში ჩავერთო - მოვუყრი ყველას ერთად თავს, ერთ „ტომსიკაში“ ჩავალაგებ და როგორც სტატიის ბოლოთქმაში ვწერდი, დამსახურებულ „ხურდასაც“ დავუბრუნებ.

იმედია, საქმე „მწარე შოლტის“ მოქნევამდე არ მივა!.

ახლა კი გთავაზობთ ბატონ ზაზა ფირცხალაიშვილის გამოხმაურებას ყოველგვარი სარედაქციო ჩარევის გარეშე.

ზაურ ნაჭყებია

 


         პასუხი პოეზიის კონკურსების „მოდარაჯეებს“ (წერილი პირველი)

ბევრისთვის ალბათ საინტერესო შეიძლება იყოს ონის ლიტკონკურსის  ორგანიზატორის პასუხი ბატონ ზაურ ნაჭყებიას წერილზე: რატომ ვკლავთ ქართულ პოეზიას?! ანუ, „პოლიეთილენის პარკიდან“ „ხვარამზე - 2016“-მდე.

არ დაგზარდებით...

ყოველთვის დიდი ინტერესით ვადევნებ თვალს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილებს სხვადასხვა კონკურსების შესახებ, შეძლებისდაგვარად ვცდილობ საკუთარ გვერდზე, „ლექსების გამოფენის“ ან ონის ლიტკონკურსის ჯგუფში გავცე პასუხი. კონკრეტულად ონის ლიტკონკურსზე უარყოფითის მთქმელთა რაოდენობა არც თუ ისე დიდია, დაახლოებით 3–4%. ერთად განვიხილოთ რას ითხოვენ ისინი და რა უნდათ მათ.

პირველი და უმთავრესი პრეტენზია ვერლიბთან მათი კონფლიქტია. ვერ თანაარსებობენ და მორჩა! გავიგეთ ვერლიბრი ფრანგული სიტყვაა და ა.შ. და ა.შ. (ამის დაწერას აუცილებლობად თვლიან ყოველ წერილში), მაგრამ თქვენც გაიგეთ, რომ ვერლიბრი ქართულ რეალობაში დიდი ხანია არსებობს, პოეზიის ნაწილია და თქვენ წარმოიდგინეთ ზოგს მოსწონს კიდეც. პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ვერლიბრის ხელაღებით უარყოფა, პოეზიისგან ძალიან შორს დგომას ნიშნავს.

თავიდანვე ვიტყვი, რომ ბატონი ზაურ ნაჭყებიას წერილის წაკითხვისას, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ კონკურსის გამო ვინმე გულნატკენმა გადაუშალა გული და ბატონმა ზაურმა მიიღო გადაწყვეტილება – ვახ რა კარგი თემაა, მაგაზე მე დავწერ „მაგარ“ წერილსო, წერილში სხვადასხვა ტყუილთან ერთად, აშკარად სჩანს საქმეში სრული ჩაუხედაობა და ზედაპირული მსჯელობა, როგორც პოეზიისადმი, ასევე მიმდინარე ლიტერატურულ მოვლენებთან დაკავშირებით.

შევეცდები წერილის ავტორსაც და მკითხველსაც მივაწოდო მცირე ინფორმაცია ონის ლიტერატურული კონკურსის შესახებ.

პირობების თანახმად ლექსის არც თემატიკა, არც ფორმა, არც შინაარსი და არც სხვა რამ შეზღუდული არ ყოფილა, მონაწილეების წერდნენ რაც სურდათ, ჟიურის წევრების ვინაობა თავიდანვე იყო ცნობილი, ამდენად, კონკურსში მონაწილეობის მსურველებს თავიდანვე შეეძლოთ მიეღოთ ან არ მიეღოთ შეთავაზებული პირობები და ჟიური. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 247–მა მსურველმა, ოთხმა(!) ადამიანმა გამოთქვა პროტესტი, მათ შორის ერთმა, იმიტომ რომ ონში, დაჯილდოების ღონისძიებაზე, სიტყვა არ მისცეს წამყვანებმა (თავადვე ახსნა), მეორემ – სხვა ლექსების გამოქვეყნებამდე დაიწყო კონკურსის ლანძღვა (იმის გამო, რომ თავისი ლექსი რომ ვერ მოხვდა ფინალურ ეტაპზე), მესამეს – არ მოეწონა ონში, სცენიდან წაკითხული პირველი და მესამე ადგილზე გასული ლექსები (სხვა საკონკურსო ლექსები ჯერ არ იცოდა) და მეოთხე, ყველასათვის საყვარელი პოეტი – ბატონი ვასილ ბესელია, რომლის სახელს არ ვახსენებდი, ისევე როგორც დანარჩენი სამის, ბატონ ზვიად ნაჭყებიას რომ არ ეხსენებინა თავის წერილში სახელობით.

რეალურად რა მოხდა: ბატონმა ვასილ ბესელიამ კონკურსიდან მეორე დღეს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წერილი სათაურით „პოლიეთილენის პარკის ერექცია“, რასაც მოჰყვა მონაწილეთა მხრიდან უარყოფითი რეაქცია, მეც დავწერე პასუხი, კონკრეტულად:

„ადამიანებს სხვადასხვა შეხედულებები გვაქვს სხვადასხვა მოვლენაზე, მე, პირადად, მსგავსი განწობის შემთხვევაში, ბატონ ვასილ ბესელიას ადგილზე, მოვიქცეოდი ასე, ჩემს სათქმელს წერილის სახეს მივცემ:

მეგობრებო, გილოცავთ ახალი კონკურსის დაარსებას, ორგანიზატორებს მადლობას ვუხდი მიწვევისთვის, ვულოცავ გამარჯვებულებს, ვიმედოვნებ კიდევ ხშირად შევხვდებით ერთმანეთს, ახლა კი კონკურსისათვისაც და თითოეული ჩქვენთაგანისთვისაც სასარგებლო იქნება ერთი (ან რამდენიმე) ლექსის შესახებ ვისაუბროთ, ჩემი და ჟიურის აზრი არ დაემთხვა (თუნდაც კატეგორიულადო ეწეროს), ჟიურისაც და ყველა მსურველს ვთხოვ ვისაუბროთ ამა და ამ კონკრეტული ლექსის შესახებ, ავტორის აზრიც საინტერესოა და ვთხოვ ჩაერთოს, მიუხედავად ჩემი უარყოფითი დამოკიდებულებისა ამ ლექსისადმი, ვიცი რომ ავტორმა გაიმარჯვა კონკურსის წესების დაცვით და კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ გამარჯვებას!“

აი, ჩემი, როგორც ორგანიზატორის დამოკიდებულება!

ეს რაც შეეხება ურთიერთობებს და ჯანსაღ კრიტიკას, სხვათაშორის „პოლიეთილენის პარკის სიმღერის“ ირგვლივ  საინტერესო კრიტიკა იყო ჟიურის წევრ გია არგანაშვილის ინიციატივით და ყველას გირჩევთ შებრძანდეთ მის გვერდზე და გაეცნოთ.

ვერლიბრის შესახებ კამათი დიდი ხანია მიმდინარეობს პოეზიის მოყვარულთა შორის, რა თქმა უნდა მეც მაქვს საკუთარი აზრი, თუმცა კონკურსის მიმდინარეობისას ჟიურის აზრია მნიშვნელოვანი და არა ჩემი, ამიტომაც ჟიურის წევრებს საკონკურსო ლექსების მიწოდებამდე ვთხოვე გამოეთქვათ თავიანთი აზრი სხვადასხვა თემებზე, მათ შორის ვერლიბრზეც, მათი პასუხები მკითხველისთვისაც საინტერესო იქნება:

ბევრი ვარაუდობს, რომ ჟიურის შემადგენლობიდან გამომდინარე ვერლიბრი უპირობო ფავორიტია...

თემურ ჩხეტიანი:

– ჩემთვის ცოტა არ იყოს გამაღიზიანებელი კითხვაა...

რატომ?.. რატომაა ვერლიბრი უპირობო ფავორიტი?..

ასე დაყოფა ძალზე პირობითად მიმაჩნია. გასული საუკუნის 80–იან წლებში ატეხილი პოლემიკა კონვენციური ლექსისა თუ ვერლიბრის შესახებ ჩემთვის იქვე დასრულდა. მე სიამოვნებით ვკითხულობდი და ვკითხულობ შოთა ჩანტლაძის თუ გივი გეგეჭკორის; ბესიკ ხარანაულისა თუ დავით წერედიანის პოეზიას.

დიახ, ახლა ბევრი წერს თავისუფალ ლექსს, მაგრამ არიან ისინიც, ვინც წერენ რითმიანს. წერენ ძალიან კარგად და, თუ ამ კონკურსზე ეს პოეტები წარმოგვიდგენენ თავიანთ საუკეთესო ლექსებს, ვინ იცის, „განწირული“ შეიძლება სწორედ ვერლიბრი აღმოჩნდეს...

ცირა ყურაშვილი:

- არც რითმით გაწყობილი (კონვენციური) ლექსის, არც თავისუფალი (იგივე ვერლიბრის) ცალკე აღებისას ვერ იტყვი, რომ ეს ნაკლია, ან ღირსება, მაგრამ ნაკლი ტრადიციული ხაზის ლექსში უფრო ადვილად მჟღავნდება, ვიდრე თავისუფალში- იქ აზროვნების ნაკადი ბურავს, ფარავს ნაკლს. თუ არჩევანის საშუალებაა, ვირჩევ და უპირატესობას ვანიჭებ კონვენციურს, რადგან ის გაცილებით რთული შესასრულებელია, ტრადიციული ხაზის დაუფლების გარდა, მოითხოვს განსაკუთრებული სიახლის გრძნობას, დიდ ოსტატობას, დახვეწილობას, ოქროს საათის შემკეთებელივით ფილიგრანულ მუშაობას და რაც მთავარია, მოითხოვს სულს, სილბოს, სინედლეს. თუ ეს ყველაფერი კონვენციურ ლექსს ერთად გააჩნია, ვერლიბრს რაღატომ ავირჩევ? მაგრამ თუ კონვენციური ლექსი სუსტია, ვერლიბრს კი პოეზიისთვის ასე საჭირო მარტო სააზროვნო კიარა, რიტმულ -ინტონაციური მხარეც კარგად აქვს მოწესრიგებული, მაშინ ვირჩევ ვერლიბრს. უნდა ვაღიარო, რომ ვერლიბრის ნაცვლად შუმ პროზას, ანუ სტრიქონებად დატეხილ მოთხრობას ვერასდროს მივუჩენ ადგილს პოეზიის საზღვრებში. თუ პროზისთვის პოეზიის გარკვეული დოზა ღირსებაა, პოეზიაში პროზის დიდი დოზა ნიშნავს, რომ ნაწარმოები სხვა გამოკვეთილი ჟანრისაა...

გია არგანაშვილი:

- წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. მთავარია, რომ ფორმა შინაარსის ადეკვატური იყოს და ლექსის მთლიანობას არ არღვევდეს. არ ვთვლი, რომ ვერლიბრი ან ტრადიციული ლექსი უპირობო ფავორიტები არიან. ისე კი, ვერლბრიცაა და ვერლიბრიც... და არც კლასიკური ლექსია ყოველთვის მოსაწყენად ერთფეროვანი...

ნინო გუგეშაშვილი:

– ამ შეკითხვის ადრესატად ჩემს თავს ვერ აღვიქვამ. სხვათა შორის, ვერც ჟიურის დანარჩენ წევრებს. რა ვთქვა? თავის მართლებას ხომ არ შევუდგები - "არა, არაა ვერლიბრი უპირობო ფავორიტი!" ჩემთვის უპირობო ფავორიტია კარგი ლექსი. ხოლო, რა არის კარგი ლექსი და სად გადის ზღვარი კარგსა და ცუდ ლექსს, ან ვერლიბრსა და წვრილ სვეტად ჩამოწერილ პროზას შორის, ეს გაუთავებელი მსჯელობის და დავის თემაა დღემდე, ამის განხილვას მცირე ინტერვიუს ფორმატში ვერ შევუდგები და არც ვთვლი საჭიროდ, რადგან მგონია, რომ სადავოც არაფერია. ლექსის არცერთ ფორმას არ ვთვლი ძველმოდურად ან ახალმოდურად, პროგრესად ან რეგრესად. მხოლოდ ფორმა ვერ "გადაარჩენს" ლექსს, იქ კიდევ სხვა ძვირფასი თვლებია საჭირო, რომლებიც ან აქვს ავტორს, ან არ აქვს.

ბატონი ზაური თავის წერილში წერს: – ხმას არ ამოვიღებდი, თითო-ოროლა „აგრესორთან“ რომ გვქონდეს საქმე... 

ვეთანხმები, საზოგადოდ აგრესორთა მცირე რაოდენობა სჯობს ბევრს, მაგრამ კეთილი ინებოს და გამოაქვეყნოს კონკრეტული აგრესიული წერილები,  მე შემიძლია კონკურსზე უარყოფითის მთქმელის ისეთი წერილი გამოვაქვეყნო, რომლისაც, დარწმუნებული ვარ, თავად ბატონ ზაურსაც შერცხვება.

მართალი გითხრათ, ხშირად მიფიქრია რაზეა ბოლო–ბოლო კამათი? ზოგს მოსწონს ვერლიბრი, ზოგს არა? აქ პირადად მე, საკამათოს ვერაფერს ვხედავ; რატომ მოიწონა ჟიურიმ ესა თუ ის ლექსი? ჟიურის წევრებს თავიანთი აზრი, შეხედულება და გემოვნება აქვს და იმიტომ (აქვე უნდა ითქვას, რომ ჟიურიმ ავტორთა ვინაობა არ იცოდა)! ჟიურის შეფასებისას ჰქონდა სრული თავისუფლება, ტყუილს წერს ბატონი ზაური, როცა ამბობს ორგანიზატორთა ჩართულობას ამ პროცესში რაიმე ფორმით, რა ინტერესით უნდა ჩავრთულიყავი? არიქა ვერლიბრმა გაიმარჯვოსო? რატომ? ან ამ ზრდასრული ადამიანებისთვის როგორ უნდა მომეხვია თავს ასეთი „ახირება“? – ბატონო ჟიურის წევრო, კონვენციური ლექსი დაჩაგრეთ რა და ვერლიბრს მაღალი ნიშანი დაუწერეთ. თქვენ ვერ მიხვდებით ამას, მაგრამ ასეა საჭიროო?

მესმის, მავანთათვის რთულია იმის შეგნება, რომ კონკრეტულ კონკურსზე ჟიურის წევრები წყვეტენ შედეგებს, მაგრამ აი, ბატონ ზაურს (კიდევ არის რამდენიმე) არ მოსწონს „პოლიეთილენის პარკის სიმღერა“ და ცოცხალი თავით არ აძლევს მესამე საპრიზო ადგილს. თავისი სუბიექტური აზრით კი არაა ასე, უბრალოდ არ მოსწონს ლექსი და როგორ მისცეს პრიზი? არადა თვითონ არ წყვეტს ამას, მაგრამ რა ჰქნას როცა ქართულ პოეზიას მარხავენ? ენას გვართმევენ? სიტყვას კლავენ?

ბატონო ზაურ, როცა ჯანსაღ კრიტიკაზე მოუწოდებთ სხვებს, ამხელა წერილში სადაა კონკრეტულად თქვენი მსჯელობა ლექსის შესახებ? ან დადებითი? ან უარყოფითი? სად არის ლექსის თქვენეული ანალიზი?  იქნებ თქვენ ვერ გაიგეთ ესა თუ ის ლექსი? თუ ამის დაშვება გამორიცხულია? მადლობა ღმერთს ჟიურის ყველა წევრი ცოცხალია და ჯანმრთელი, იქნებ მათზე გეკითხათ რატომ შეაფასეს ლექსები ასე? ჰკითხეთ და პასუხი არ გაგცეს? ეგ არის თქვენი ჯამსაღი კრიტიკა?

ბატონო ზაურ, ვშიშობ მკითხველი არ გადავღალო, ჩემი ეს პასუხი ჩათვალეთ მხოლოდ ნაწილობრივ პასუხად თქვენი წერილის პირველ ქვესათაურზე.

სწორედ ასეთი წერილი, როგორიც თქვენ გამოაქვეყნეთ, უტეხენ სახელს ობიექტურად ჩატარებულ კონკურსებს (რაც სამწუხაროდ მართლაც იშვიათია), ონის ლიტკონკურსთან დაკავშირებით ნებისმიერი ფორმის დებატებში გიწვევთ ხუთივეს ერთად.