Iverioni
«    მაი 2018    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
მაისი 2018 (6)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
თებერვალი 2018 (10)
იანვარი 2018 (7)
დეკემბერი 2017 (7)
12-01-2017, 12:25
ნანახია: 1441

მიხეილ ჯიბუტი: სოლოკრატიის 100 დღე და ათასი უბედურება!

2016  წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საქართველოში  ჩამოყალიბებულ სოლოკრატიულ  მმართველობას  („სოლოკრატია“ („Solokratia”) (“solo” - იტალიური ერთი; „ κράτος - ბერძნული - ხელისუფლება) ეწოდება ერთი კაცის მიერ სახელმწიფოს არაფორმალურად და სრულად მმართველობის ძალაუფლებას) ჯერ ასი დღეც არ შესრულებია  და მან უკვე განახორციელა ქართული სახელმწიფოს დამანგრეველი ქმედებების სერია: ე.წ. “ესტონური მოდელის“ დამკვიდრება და გადასახადების ზრდა, საქართველოს 2017 წლის მფლანგველობითი, არარეალისტური  და ჯგუფურ ინტერესებზე მორგებული  სახელმწიფო ბიუჯეტის მიღება და  შედეგად: ფისკალური არამდგრადობა; არაკომპეტენტური ქმედებებითა და პოზიციონირებით ხელისუფლებისადმი ნდობის ჩაკვლა და ამის ნიადაგზე ფულად-საკრედიტო სისტემაში არასტაბილური სიტუაციის შექმნა, რომლის ერთ-ერთი გამოხატულებაა ლარის არაპროგნოზირებადი ცვალებადობა კომური ჩავარდნებით.

 

საქართველოს სახელმწიფოებრიობის დამანგრეველ ამ სერიულ დარტყმებს სოლოკრატიულმა  ხელისუფლებამ  2017 წლის 10 იანვარს ახალი დარტყმა მიაყენა „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულებით.

 

როგორც ცნობილია, 2004 წლიდანსაქართველო, რუსეთის მიერ სომხეთისათვის გაზის ტრანზიტისათვის სანაცვლოდ იღებდა გაზს ნატურით, გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ს.

 

ახალი ხელშეკრულებით, საქართველო დათანხმდა ტრანზიტისათვის ტარიფის დადგენასა და ფულად ანაზღაურებას.

 

რა თქმა უნდა, საზოგადოებას არავინ ეუბნება თუ რამდენია ეს ტარიფი და როგორია მისი თანაფარდობა 10%-იანი წილის ფულად გამოხატულებასთან  (ოდესმე ამასაც გავიგებთ და ვეჭვობ, რომ შედეგი დანაკარგის ადექვატური და მაკომპენსირებელი იყოს),თუმცა ხელშეკრულების ფორმატის შეცვლა ყველა შემთხვევაში ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებს. უფრო მეტიც, ეს არის საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისათვის ზურგში დანის ჩაცემის ტოლფასი.

 

რატომ? იმიტომ, რომ ეს იგივეა უდაბნოში წყალზე უარი თქვა და უწყლოდ დარჩე. რა მნიშვნელობა აქვს ასეთ შემთხვევაში თუ რამდენს გადაგიხდიან ამ წყლისთვის ფულს?

 

რეალურ სიტუაციაში მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე შეიძლება აღმოჩნდეს.

 

ინფორმაციის უქონლობის გამო სერიოზული ანალიზის ჩატარება შეუძლებელია, თუმცა ძნელი წარმოსადგენია, რომ ტრანზიტის ტარიფით მიღებული ფული ეყოს უკვე მიუღებელი გაზის მოცულობის ყიდვას (ეს ფული ამ მიზნით ალბათ არ იქნება გამოყენებული და ბიუჯეტში წავა - იქნებ ამიტომ „დახარბდა“ მთავრობა მონეტარულ ვარიანტს?), ან ახალი ვითარება არ აისახოს ბუნებრივი აირის ტარიფზე საქართველოში იქედან გამომდინარე, რომ აზერბაიჯანიდან  ბუნებრივი აირის ტარიფი რთული„სატარიფო კალათის“ მიხედვით გაიანგარიშება, სადაც ზემოთხსენებული 10%-იანი ნატურით მიღებული ბუნებრივი აირიც მონაწილეობდა.

 

რა უნდა ექნა ხელისუფლებას, თუ ხელშეკრულებას „გაზპრომთან“  ვადა გაუვიდა და  ეს უკანასკნელი მოითხოვდა ტარიფის მონეტარული სახით დადგენას?

 

ამიტომ არსებობს მოლაპარაკება და მომლაპარაკებელი.

 

ვინ იყო მომლაპარაკებელი საქართველოდან?

 

შეიძლება ვინმემ დაუშვას, რომ ამ მოლაპარაკებაში პოზიცია საქართველოს მხრიდან არ იყო შეთანხმებული საქართველოს „სოლო“ მმართველთან?

 

საქართველოს მთავრობა, როგორც სოლოკრატიის ნაწილი, ამ მოლაპარაკებაში იყო შემსრულებელი „სოლოკრატიული“ გადაწყვეტილების - „დაკვეთის“.

 

ნახეთ რას ამბობენ „შემსრულებლები“:

 

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელშეკრულება განულდა პირველ იანვარს და ჩვენ ხელშეკრულება აღარ გვქონდა, ანუ არაფერი არ არსებობდა და ჩვენს ურთიერთობებს არაფერი არ არეგულირებდა. ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით“ (სტილი დაცულია - მ.ჯ.)

(დიმიტრი ქუმსიშვილი - http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=35214)

 

რა უსუსურებაა?

 

ამ პოზიციით მომლაპარაკებელი როგორი შედეგის მომტანი შეიძლება იყოს?

 

„არაფერი არ არსებობდა“- ამბობს საქართველოს მთავრობის წევრი!

 

საქართველოს კუთვნილი გაზსადენი -არაფერია?

 

რუსეთისა და სომხეთის ინტერესები ამ გაზსადენის გამოყენებაზე და ფაქტობრივად მისი უალტერნატიულობა არაფერია?

 

რუსეთს, რომ არ სურს სომხეთმა ალტერნატივა ირანში ეძიოს-არაფერია?

 

რა უნდა ექნა ხელისუფლებას?

 

რა თქმა უნდა 10%-იანი წილი დიდია და რუსეთი მას არ დათანხმდებოდა, მაგრამ ხომ დათანხმდებოდა 9,ან 8,ან 7,ან 6,ან 5%-იან წილს? აი, მოლაპარაკების ამპლიტუდა!

 

მთავარი იყო უდაბნოში უწყლოდ არ დავრჩენილიყავით!

 

„ნულიდან შეხედეთ“-ო მოგვიწოდებს მინისტრი.

 

შევხედეთ და დავინახეთ: ნულია კვირიკაშვილის მთავრობის სარგებლიანობა საქართველოსთვის „მეორედ მოსვლიდან“ პირველი ასი დღის მანძილზე და ათასია მის მიერ უკვე მოტანილი უბედურება.

 

ალბათ, ასეთ შემთხვევაზე თქვა ნოდარ დუმბაძემ: „ვინ დაგვწყევლა?“

 

P.S. 13:31 საათზე for.ge-მ  გამოაქვეყნა ინტერვიუ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან. საიდანაც ირკვევა: „კითხვაზე, მონეტარიზაციის შედეგად საქართველომ წააგო ვინაიდან მიღებულ თანხად ვერ შეისყიდის გატარებული გაზის 10%-ს, რომელსაც ნატურის სახით იღებდა, გახარია პასუხობს, რომ „მერე რა?! ეს არის საბაზრო პრინციპები““. http://for.ge/view_news.php?news_id=64237&news_cat=0


მინისტრის თქმით,  200 მლნ. მ3  ბუნებრივ აირს რომ ვერ მივიღებთ უკეთესიცააო - „თუ ტრანზიტის საფასურად პროცენტის აღების შემთხვევაში ჩვენ იმ დაახლოებით 200 მლნ მ3 გაზს ვიღებდით, დღეს ასეთი ვალდებულება არ გვაქვს. შესაბამისად, ჩვენ შეიძლება რუსული გაზი საერთოდ არ გამოვიყენოთ“ (იქვე) დღევანდელი ტექნოლოგია იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს ინფორმაცია მინაწერის სახით მიმეწოდებინა მკითხველისათვის, მაგრამ ეს რას შველის? მთავრობის წევრისათვის ქვეყნისათვის წამგებიანი ხელშეკრულება - ქვეყნის წაგება - მხოლოდ „პრინციპია ბაზრის“, სადაც თხის გაყიდვისას ვიღაცა მოიგებს და ვიღაცა წააგებს.  დროა ქართულმა საზოგადოებამ ყველაფერი იღონოს იმ პრინციპის ასამუშავებლად, რომ საქართველოს წაგებაზე მომუშავე ხელისუფლებისაგან განთავისუფლდეს საქართველოს მოგებაზე მომუშავე ხელისუფლებით შესაცვლელად.