Iverioni
«    ნოემბერი 2017    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
ნოემბერი 2017 (7)
ოქტომბერი 2017 (13)
სექტემბერი 2017 (4)
აგვისტო 2017 (7)
ივლისი 2017 (8)
ივნისი 2017 (9)
10-02-2017, 12:31
ნანახია: 988

თემურ მიქაუტიძე: მმართველობის რომელი ფორმა გვჭირდება ჩვენ - დემოკრატიული, ტირანიული თუ მონარქიული?!

 

 

წერილი მესამე

მაშ როგორია დღევანდელი რეალობა?

1. საზოგადოებაში აღარ არსებობს არც სამეფო არისტოკრატია და არც სამოქალაქო ელიტა (ინტელიგენცია). მათ ადგილზე არსებობენ საეჭვო წარმომავლობის ოლიგარქები.

2. სამოქალაქო საზოგადოება არ არსებობს. არსებობს მონარქისტულ-ანარქისტული ფსიქო-კულტურული სქემის და თვისებების მქონე საზოგადოება, რომლის მონაწილეობითაც, დემოკრატიული მმართველობის ფორმა ოხლოკრატიაში გადადის.

3. დემოკრატიული სახელმწიფოს მმართველობის ფორმა, არსებულ ვითარებაში ბადებს კორუფციას სახელმწიფოს შიგნით, პოლიტიკურად არამდგრად სახელმწიფო რეჟიმს და წარმოშობს პერმანენტული გადატრიალებების საფრთხეს. 

რას ნიშნავს ეს? არის ეს გორდიას კვანძი თუ ჩვეულებრივი ორუცნობიანი მარტივი განტოლებაა, ამის შესახებ მსჯელობა მომდევნო წერილში გავაგრძელოთ.

ასე დავამთავრეთ მეორე წერილი.

ჩვენ ერთი არც თუ მეტნაკლებად რთული კითხვა – როგორია ქართველი საშუალო სტატისტიკური ადამიანის ფსიქოლოგიური ტიპი და მართვის რომელი ფორმა მიესადაგება საზოგადოებას – უფრო მარტივ სამ კითხვად დავყავით.

რა მოხდება, თუ:

ა) ავირჩევთ დემოკრატიული მმართველობის ფორმას, სადაც სახელმწიფო ეყრდნობა საზოგადოების ისეთ თვისებას, როგორიცაა სამოქალაქო პატიოსნება (La vertu),

ბ) თუ ავირჩევთ ტირანიას, სადაც ერთმმართველი ყველაფერია, ხოლო საზოგადოება არარაობა,

გ) თუ ავირჩევთ კონსტიტუციურ მონარქიას, ანუ მმართველობის ისეთ ფორმას, სადაც სახელმწიფო ეყრდნობა საზოგადოების ისეთ თვისებას, როგორიცაა ღირსება (La honor).

თეორიულად ყველა ვარიანტი შესაძლებელია.

არადა, ვდგავართ ფაქტის წინაშე. გარეგნულად მაინც დამოუკიდებლობა გვაქვს და გვაქვს ქართველი ადამიანის ზოგადი ტიპის სურათიც.

პირველი: - რა მოხდება, თუ ავირჩიეთ დემოკრატიული მმართველობის მოდელი?!

ერთი შეხედვით დეკლარირების დონეზე მაინც, ვადგავართ კიდეც დემოკრატიული განვითარების გზას. ამ დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რკინისებური მოცემულობა გვიდევს წინ – ჩვენ არა გვყავს დამოკრატიული სახელმწიფოსთვის შესაფერისი საზოგადოება. ანუ, უტრირებულად რომ ვთქვათ, ჩვენ გვაქვს ჩვენი საზოგადოების მართვისთვის უცხო მოდელი და ჩვენს ხალხს ვტენით მასში, ძალით ვასწავლით დემოკრატიას. (ეს უკეთეს შემთხვევაში. სინამდვილეში ამ მოდელს ძლიერნი ამა ქვეყნისანი საზოგადოების აღსაზრდელად კი არა, მხოლოდ საკუთარი ინტერესების რეალიზაციისთვის იყენებენ და სინამდვილეში შენი დემოკრატია, დემოკრატიული აღზრდა და დემოკრატიული მომავალი ჰე, ჰეე-ეეე!.. – ფეხებზე კიდია დიდსაც და პატარასაც).

ამიტომ გვიჭირს მშვიდი, გაწონასწორებული, შესამჩნევად განვითარებადი სახელმწიფოს აშენება და ეს იმ პირობებში, როცა გარეშე ხელისშემშლელი  ფაქტორები არც იმდენად დიდია. ყოველ შემთხვევაში ჩვენ მიერ სახელმწიფოს მართვის მოდელის არჩევაში არავინ ერევა.

არ შეიძლება იმის ხელაღებით მტკიცება, რომ საზოგადოების განვითარების ზოგადი პროცესი არასოდეს მიგვიყვანს დემოკრატიულ განვითარებამდე. ბოლოსდაბოლოს, ჩვენ თუ არ მივალთ დემოკრატიამდე, თვითონ ევროპა მოვა ჩვებთან დემოკრატიით. საზოგადოება კაცობრიობის განვითარების ზოგად პროცესებთან ერთად იზრდება და როცა იქნება, გაიზრდება. მაგრამ მე ვხედავ იმის რეალურ საფრთხეს, რომ ზრდის ამ პროცესებსა და ფორმებს თან ახლავს სახელმწიფოს რღვევისა და დაშლის საკმაოდ რეალური ტენდენცია. არსებობს იმისი ძალიან დიდი ალბათობა, რომ რღვევისა და დაშლის ტემპი გაასწრებს ზრდის ტემპს და ჩვენ მანამდე აღვიგვებით პირისაგან მიწისა, სანამ გავიზრდებით!

მე ამ მოდელით და ამგვარად განვითარების შემთხვევაში ჩვენი მომავლის რაიმე სახარბიელო პერსპექტივას ვერ ვხედავ. ღრმად ვარ დარწმუნებული; ჩვენი სახელმწიფოსთვის მართვის ეს მოდელი უვარგისია. არ დავმალავ, მერჩივნა დემოკრატიული მმართველობის ფორმა ყოფილიყო ჩვენი, როგორც ეს არის შვეიცარიაში, ფინეთში, ისრაელში, მაგრამ ჩამივარდა კოვზი ნაცარში - არ ვართ ჩვენ ამ დონის ხალხი. ამიტომ, იძულებული ვარ უარვყო. თქვენ რა აზრისა ხართ?

მეორე: - რა მოხდება, თუ ავირჩიეთ ტირანია.

შეიძლება ამ მოდელზე არც კი ღირდეს შეჩერება, ვითომ ჩვენ ტირანიის ხალხი არა ვართ. მაგრამ საქმე ასეც არ არის. არის ჩვენი ქვეცნობიერის რაღაც ნაწილი. თქვენ რომ იცოდეთ, ამგვარი ტერმინი - „ტირანია“ - აფუჭებს საქმეს, თორემ აბა გამოიყენეთ ამის ნაცვლად „შეუზღუდავი ერთმმართველობა“ და გამოიკითხეთ რამდენი პროცენტი დაუჭერდა მხარს. მე ასეთი გამოკითხვა გავაკეთე სოციალურ ქსელში. კითხვა იყო დასმული: - თქვენი ნება რომ იყოს, ვის აირჩევდით მმართველად? - და ჩამოწერილი იყო შემდეგი პასუხები: ა) დავით აღმაშენებელს, ბ) ფარნაოზს. გ) თამარ მეფეს დ) ერეკლეს, ე) სტალინს, ვ) ილია ჭავჭავაძეს, ზ) არც ერთ მათგანს, ავირჩევდი ვინმეს ჩვენი თანამედროვეებიდან... 

და იცით, როგორი პასუხები მივიღე?

ყველაზე მეტი ხმა „დააგროვა“ დავით აღმაშენებელმა, მეორე ადგილზე „გავიდა“ სტალინი. ერთმა კი... „შე კაი კაცო, გაიძახი ჭკვიანი კაცი ვარ და გიორგი ბრწყინვალე როგორ დაგავიწყდაო“. ვინმე თანამედროვე არავის აურჩევია.

დიახ, ბატონებო, შეიძლება ბევრს არაფერს, მაგრამ ეს რაღაცას ნიშნავს. ეს „რაღაცა“ ჩვენს ქვეცნობიერში დევს და უკავშირდება ურჩი თავადების „ძელზე გასმას“, ვინც ხელს გიშლის მათი „თავების დაყრევინებას“ და ასე შემდეგ. მოკლედ – ერთმამართველობას და სწორედ რომ, ტირანიას!

თუმცა, ღვთის მადლით, ვლაპარაკობთ კი, მაგრამ ვერ ვიტანთ ტირანებს (სიმართლე ვთქვათ, დროც წასულია მათი ამ ბიო-გეო-სოციო სივრცეში). აბა, სხვა კი არაფერი უცდია ჩვენს გუშინდელ ტირანს, როდესაც „ცოცხებზე გასვა“ ხელის შემშლელნი. ანუ, ამ პატარა ნიუანსსაც მინდა ხაზი გაესვას: მარტო ჩვენი ბოგანო კი არ ნატრობს დავით აღმაშენებელს და გიორგი ბრწყინვალეს, ეს ჩვენი „ოქსფორდგამოტარებული დიდი დემოკრატებიც“ არ არიან ხანდახან უკაცრავად „დავითისეული“ და „გიორგისეული“ მართვის ფორმების გამოყენებაზე!

აქ, როგორც მიმიხვდით, ისე რა, სახასიათოდ გავჩერდი, რათა მეჩვენებინა, რომ თვალის დახუჭვა არაფერზე არ ღირს, თორემ, ცალსახად ვეწინააღმდეგები ერთმმართველობის ფორმას, სადაც ერთმმართველი ყველაფერია, ხოლო საზოგადოება არარა. თქვენ რას იტყოდით? 

მესამე: - თუ ავირჩევთ კონსტიტუციურ მონარქიას.

კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მოცემულობა - სამოქალაქო საზოგადოება არ არსებობს. არსებობს მონარქისტულ-ანარქისტული ფსიქო-კულტურული სქემის და თვისებების მქონე საზოგადოება, რომლის მონაწილეობითაც, დემოკრატიული მმართველობის ფორმა ოხლოკრატიაში გადადის.

აი, აქ, გთხოვთ ძალიან ყურადღებით მომყვეთ. ჩვენი საშუალო სტატისტიკური ქართველი მთელი თავისი ფსიქოლოგიური პორტრეტით პირწავარდნილი მონარქისტული მმართველობის ფორმის საზოგადოების ელემენტია.

მხოლოდ მმართველობის ის ფორმა, რომელიც მის ბუნებას შეეფერება, ანუ მონარქია, არის ერთადერთი, რომელ შემთხვევაშიც ეს ცივილიზაციის გზაშარაზე უაზროდ გაჩხერილი ერი წინსვლას დაიწყებს. მაშ, რაშია პრობლემა?

სუფევს აზრი, თითქოს ხალხია მოსამზადებელი საამისოდ - სრული სიბეცეა. ხალხი დიდი ხანია მზად არის, მზად არის კი არა, კისერსაც იტეხს მისთვის შეუსაბამო დასავლურ დემოკრატიასა და აღმოსავლურ ტირანიას შორის აცაბაცა სიარულითა და თავის ხეთქებით.

მზად არ არის მეფე და სამეფო არისტოკრატია, რომელსაც სამეფო ეყრდნობა. არა აქვს მნიშვნელობა კონსტიტუციური მონარქიაა, ის თუ აბსოლუტური.

მეფის დასმას რა უნდაო, იტყვიან. აგერ...

მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას, რომ ვიღაცას თავში მოუვიდეს და დღევანდელი გაცრეცილი ბაგრატიონების გულუბრყვილო შთამომავალი ჩუჩელასავით დაგვასვას თავზე. ასე რომ მოხდეს, ეს იქნება ერის კრახი და იდეის სრული დევალვაცია.

ოდითგან მეფე და სამეფო არისტოკრატია ტახტამდე სიქველით მიდიოდა.

დღეს ვიღაცას თავში მოუვიდა და სამეფო ტახტისთვის „მემკვიდრის“ მზადებას შეუდგა. ამისთვის „სიქველის“ ისეთი მაგალითი ჩაიდინა, რომ ნებისმიერი ელემენტარული ზნეობისა და მორალის მქონე ადამიანი, რბილად რომ ვთქვათ, გაუხერხულდებოდა. კერძოდ; მომავალი მონარქი მკაცრად ლეგიტიმური რომ ყოფილიყო (!!!!!!!! – აღარ ვიცი რომელი სიტყვა ავიყვანო ბრჭყალებში და ამიტომ არ ამყავს არცერთი, ვინაიდან ამ წინადადებაში გამოთქმული აზრი მთლიანად გროტესკულია) ორი შვილის (ქალიშვილის) დედა (გვარად ბაგრატიონი – ტახტის კანონიერი მემკვიდრის შთამომავალი, ოღონდ ერთი ნაკლი აღმოაჩნდა, ქალია) გაჰყარა ქმარს, წესიერ და პატიოსან ადამიანს, გვარად მალანიას, რომელსაც ერთი ნაკლი აღმოაჩნდა – დიდგვაროვანი არ არის – და შეჰყარა (რა თქმა უნდა, ღვთაებრივი ლოცვა-კურთხევით) მეორე ბაგრატიონს, რომელიც ტახტის პირდაპირი მემკვიდრე არ არის, მაგრამ ერთი დიდი „სიქველე“ და „ღირსება“ აღმოაჩნდა – ბაგრატიონია. და ამგვარი ბაგრატიონისეული სიქველით შვეს ტახტის ჭეშმარიტი მემკვიდრე. თურმე ეს ყოფილა ერთადერთი პრობლემა და აღარ არის! აი, გვყავს ყველა მხრიდან ბაგრატიონი, სადაო აღარაფერია, რაღა გვიჭირს აწი!

მართალია, ამ მამა ბაგრატიონზე ავი ხმები ყარყაშობენ (ტერმინი არ გეცნოთ? – ის მაშინ გამოიყენება ხოლმე, როცა მეფისა და ხალხის მტრების წარმოჩინებაა საჭირო), მთლად ოჯახისა და დედა-დედოფლის ერთგული ვერ არისო, მაგრამ შთამომავალი ხომ მირონცხებული ბაგრატიონია ორივე მხრივ!

ასეთი სიქველე და ღირსება მეფის კი არა, რიგითი ქართველი ადამიანის თავმოყვარეობას შელახავს. ჩემი ნება რომ იყოს (ნეტა იყოს), საქართველოს მეფის ტახტს სწორედ რომ იმ ჩვენი არადიდგვაროვანი სიძე მალანიას და დედა დედოფლის უფროს ქალიშვილს ვუბოძებდი, თუნდაც იმიტომ, რომ მას არანაირი პრეტენზია არ გააჩნია ტახტზე და ამის გარდა საქართველოში „ლეკვი ლომისა...“ გენდერულ თანასწორობაზეა ლაპარაკი. და იქნებოდა ისიც დიდგვაროვანი.

კარგი, მეფეს შევეშვათ, როგორმე მოვახერხებთ მის პოვნას, ან ღირსეულად გავართმევთ თავს ამ „ზერთულ“ამოცანას, ან კიდევ ერთ სირცხვილს ვჭამთ და მერე ამასაც მოვინელებთ ოდესმე. მაგრამ გაცილებით უფრო რთულად აქვს საქმე სამეფო არისტოკრატიას. ის უბრალოდ არ არსებობს!
       
ამ სტრიქონების წამკითხველი „თავადთა საზოგადოებების“ წარმომადგენელი ჩოხოსნები ნუ შეათამაშებთ მხრებს „აქა ვართო“ - დამიწყნარდით. თქვენ არა ხართ. თქვენ არ არსებობთ, თქვენ მხოლოდ სათაურები დარჩით, რომელთაც ისტორიამ საკმაოდ ყინჩად გადაგისვათ ხაზი, თქვენ დიდი ხანია არისტოკრატიული ღირსება მოქალაქეობრივ პრაგმატიზმში გადაცვალეთ. ვნახოთ, თუ ვინმე გადარჩა თქვენგან, გამოვაჩენთ, თუ ხართ, არ დაგეკარგებათ, მკერდის წინ წამოწევა არ დაგჭირდებათ.

მაშ რა უნდა ვქნათ, არისტოკრატია გვყავს აღსაზრდელი? - არა. არისტოკრატია არანაირად აღსაზრდელი არა გვყავს. მას ვერავინ აღზრდის!
 
ჩვენ სხვა გზა არა გვაქვს, იმ რესურსით უნდა გავიდეთ ფონს, რომელიც გვაქვს. ეს რესურსი საზოგადოების სიღრმეშია ჩამარხული და გარედან სქელი ტალახი და სიმყრალე ადევს. გამოსავლენია, ამოსათხრელია, გასარეცხ-დასაბანია და თავის ღირსეულ ადგილზეა დასაბრძანებელი. ღირსეულ და საპასუხისმგებლო ადგილას.

თქვენ რას ფიქრობთ, პატივცემულო მკითხველო? ხედავთ თუ არა ჩემს მსჯელობაში ლოგიკას? – მიუკერძოებლად განმსაჯეთ. თუ სადმე შეცდომას ხედავთ, მიმითითეთ. თუ არა და მოემზადეთ მომდევნო წერილისთვის, სადაც განვიხილავთ საკითხს: ვინ არის ის არისტოკრატია, ელიტა, ქართველი ხალხის სინდისი და ნამუსი, სიქველე და ღირსება, პატიოსნება და ერთგულება, თავმდაბლობა და ზრდილობა, რომელმაც თავისი შესაფერისი ადგილი უნდა დაიკავოს ჩვენს საზოგადოებასა და მართვის სისტემაში?

მეორე, რაზეც ჩვენ ვისაუბრებთ, იქნება საკითხი, როგორ წარმოვაჩინოთ ეს ხალხი? როგორ გამოვავლინოთ, როგორ ამოვთხაროთ, როგორ დავბანოთ და როგორ დავაბრძანოთ მისთვის შესაფერის ადგილას!

პრინციპში, ეს ძნელი მისახვედრიც აღარ არის. მთავარი ნება და სურვილია. თუ გული გულობს, ქადა ორივე ხელით იჭმევა!