ჰამლეტ ჭიპაშვილი: არ ვართ ჩვენ ევროპელობის ღირსი!

ჰამლეტ ჭიპაშვილი: არ ვართ ჩვენ ევროპელობის ღირსი!

მიუხედავად იმისა, რომ ქართული პოლიტიკა, ხელისუფლება, არასამთავრობო სექტორი, საზოგადოება, საქართველოს ევროპის განუყოფელ ნაწილად თვლის, ხალხის აზროვნება, ცხადია ყველა ჩამოთვლილის გათვალისწინებით, უდავოდ შორსაა ევროპისგან და ვერც ვერასდროს გახდება მისი თანასწორი, გონებრივი გარდაქმნის გარეშე.


ეკონომიკური, სოციალური, ფინანსური, სამართლებრივი გარდაქმნები ყოველთვის ხელოვნური  იქნება, მენტალური გარდაქმნების გარეშე. მენტალური გარდაქმნა პიროვნების გარდაქმნაა, მისი აზროვნების შეცვლაა, რისი განხორციელებაც ზემოდან ბრძანებით ვერ მოხერხდება. ის თავისთავად უნდა მოხდეს აღზრდიდან, გარემოდან, განათლებიდან, სხვათა გამოცდილების გაზიარებიდან, მოვლენების სწორი აღქმიდან და ანალიზიდან, სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე.


როდესაც ქვეყნის საზოგადეობის უმრავლესობა მის ირგვლივ არსებულ პრობლემებს შესაბამისად ვერ აღიქვამს და თავს იიმედებს – ასეა ყველგანო; როდესაც რეაქციას არ გამოხატავს მისთვის და ქვეყნისთვის საჭირბოროტო საქმეებზე – მაინც არაფერი გამოვაო; როდესაც საზოგადოება ზერელედ ეკიდება არჩევნების თემას, 20-30 ლარად ყიდის ქვეყნის აწმყოსა და მომავალს და მის სისხლისმწოველ პარტიას უჭერს მხარს; როდესაც არჩევნების შემდეგ მაინც, წამითაც არ იჩენს სურვილს შეამოწმოს მის მიერ არჩეულის საქმიანობა; როდესაც პარლამენტის და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მიღებულ, მიუღებელ კანონებზე და მოქმედებებზე ქუჩაში არ აწყობს საპროტესტო აქციას, ისეთს, როგორსაც ევროპაში აქვს ადგილი, ქვეყანა ვერ იქნება ევროპის თანასწორი. სამოქალაქო თვითშეგნების, სახელმწიფო პასუხისმგებლობის, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების გარეშე – ქვეყანა ვერ გახდება ევროპის სადარი.


განვლილი 25 წლის განმავლობაში საქართველოში არ გამართულა სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის არც ერთი მიტინგი, სახალხო მსვლელობა, დემონსტრაცია – ისეთი, როგორსაც სისტემატურად აქვს ადგილი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ტვინნაღრძობი ზოგიერთი აქაური პოლიტიკოსი ამას იმით ხსნის, რომ ქართველი ამაყია და პურისთვის ქუჩაში არ გამოვა. როგორც ჩანს, მას არ უნახავს ქუჩაში სამათხოვროდ ხელგაწვდილი ქართველობა.


სოციალური ხასიათის დემონსტრაციები მათხოვრობას არ ნიშნავს – საკუთარი უფლებების დაცვას ნიშნავს და ხელისუფლებისთვის დანაპირების შესრულების მოთხოვნას. ის, ვინც საკუთარ ინტერესებს ვერ იცავს, ვერც სახელმწიფო ინტერესებს დაიცავს.


ყოველივე აღნიშნული კი ნიშნავს ერთს – საზოგადოებამ არ იცის ქვეყანაში მისი როლის შესახებ. საზოგადოებას არ აქვს სახელმწიფოებრივი აზროვნება. არ ძალუძს პასუხისმგებლობა იტვირთოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, რითაც ის კარდინალურად განსხვავდება იმ ევროპისგან, ვის წევრადაც ვთვლით საკუთარ თავს.


ქართული საზოგადოება ზერელედ უყურებს ისეთ უმსგავსობას, როგორიც სახელმწიფო კორუფციაა. მისთვის არაფერს ნიშნავს დარღვევები, რასაც უხვად აქვს ადგილი ხელისუფლებაში, ბიზნესში და ა.შ. ის აუღელვებლად უყურებს იმ მანკიერ სახელმწიფო სისტემას – ჩამოყალიბებულს ივანიშვილის მიერ და წამითაც არ ფიქრობს იმაზე – რა ჰქვია ქვეყანას, რომელიც, ნაცვლად იმისა, საიდანაც უნდა იმართებოდეს, იატაკქვეშეთიდან იმართება.


საზოგადოებამ იცის, რომ ქვეყანას ჰყავს პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, მაგრამ ისიც იცის, რომ ისინი ქვეყნის მმართველები არ არიან. ხალხმა იცის, რომ ქვეყანას მართავს მილიარდერი, რომელსაც არავითარი სახელმწიფო პასუხისმგებლობა არ გააჩნია.


საზოგადოება აუღელვებლად შეჰყურებს ფაქტიური მმართველის „საგმირო საქმეებს“ – თუნდაც ხეების გადატან-გადმოტანას და წამითაც არ ფიქრობს, რომ ასეთი საქციელი მიუღებელია, პირიქით აცხადებს შემდეგს – რა მოხდა, ამდენი საქველმოქმედო საქმის გამკეთებელს, ხის გადატანა დავამადლოთო.


საზოგადოება რეაგირებას არ ახდენს ხელისუფალთა მიერ საკუთარი თავისთვის დანიშნულ ზღაპრულ ხელფასებზე, პრემიებზე და ხელფასის დანამატებზე, ძვირადღირებულ უცხოურ ვოიაჟებზე, ძვირადღირებული პერსონალური ავტომანქანებით სარგებლობაზე, ნათესავ-ახლობლების თანამდებობებზე დანიშვნაზე, სხვა მანკიერებებზე.


მავანი იტყვის – რა მოხდა მერე, კაცი თავის ფულს ხარჯავს და ხეებს რგავს მომავალ ბოტანიკურ ბაღშიო.


ჯერ ერთი, როდესაც ქვეყანა გაუსაძლის ეკონომიკურ-სოციალურ პირობებშია, უბრალოდ უხერხულია ხეების გადატან-გადმოტანა. გარდა ამისა, მილიარდერმა არ უნდა გაფანტოს მისი ყურადღება ამ მეათეხარისხოვან საქმეში, მაშინ, როდესაც დანაპირები აქვს შესასრულებელი. სწორედ ის დაპირდა ხალხს ნორმალურ ცხოვრებას, სწორედ მან ჩამოაჭიკჭიკა შორსმიმავალი გეგმები, რომელთა მიხედვით უკვე ედემში უნდა ვცხოვრობდეთ. სწორედ მან შეგვირჩია ხელისუფლება – მისი ყველა შტო და დაგვპირდა, რომ ისინი პირნათლად გვემსახურებოდნენ.


ივანიშვილი ვერ განერიდება საზოგადო საქმეს, სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობას, რის აცილებასაც ცდილობს. ასეთ დროს საზოგადოებამ უნდა შეახსენოს მას ომახიანი მასობრივი გამოსვლებით. ინტელიგენციამ უნდა შეახსენოს მას – მედიიდან, საჯარო გამოსვლებიდან, მაგრამ ის (ინელიგენცია) თავს იკავებს, უფრო სწორად არ თვლის მიზანშეწონილად ამგვარ შეხსენებას.


პოსტსაბჭოთა სივრცეში დიდია ინტელიგენციის როლი ხალხის გამოფხიზლების საქმეში. ევროპის ქვეყნებში მისი როლი ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვინაიდან იქ ხალხია განსწავლული, სახელმწიფოებრივი აზროვნებით დამუხტული. მას არც ლიდერი სჭირდება ქუჩაში გამოსასვლელად და არც ვიღაცის მოწოდება. საკმარისია მობილური ტელეფონით ან პლანშეტით ერთმანეთის აზრის შეჯერება და მიტინგიც მზად არის.


სწორედ ამას ჰქონდა ადგილი რუმინეთში. ნახევარმილიონმა ადამიანმა გააპროტესტა ახალი ხელისუფლების მიერ მიღებული კანონი, რომლის მიხედვით, კორუმპირებული მოხელეები ციხიდან უნდა გამოსულიყვნენ. კერძოდ, 48000 ევროზე ნაკლები თანხის მიმთვისებელი ამნისტიით ისარგებლებდა, რომ არა ხალხის ხანგრძლივი, მრავალდღიანი გამოსვლები. აი, რას ამბობენ ისინი – ჩვენ არ წავალთ სამსახურში, ვინაიდან მუშაობას აზრი არ აქვს. ჩვენს ნაოფლარს ისინი იდებენ ჯიბეებში. ხალხმა ხელისუფლებას გააუქმებინა კანონი, მაგრამ სახლში არ დაბრუნდა – მთავრობის გადადგომა მოითხოვა.


საქართველოს საზოგადოებას გულისწყრომისთვის გაცილებით მეტი საბაბი აქვს, მაგრამ მან არ იცის, რას ნიშნავს საზოგადო პასუხისმგებლობა და რახან არ იცის, ზის არხეინად.


ცნობისთვის მოგახსენებთ, რომ ამნისტიის თემა ბრიუსელმა უკარნახა ბუქარესტს – ციხეები გადატვირთული გაქვთ და ნაკლებად კორუმპირებულები გაათავისუფლეთო. ეს „საშური“ რჩევა ძვირი დაუჯდა რუმინეთის ხელისუფლებას.


განა მსგავსი რჩევებით ტვინი არ გაგვიხვრიტეს ევროკავშირელებმა – ისინი, ვინც ციხეებში გყავთ – კრიმინალები კი არა, პოლიტიკური პატიმრები არიანო და ჩვენმა ხელისუფლებამ უმალ შეუნდო უგულავას, სხვებს.


სად იყო საზოგადოება? სამზარეულოში იჭორავა, გული მოიოხრა და გააგრძელა ცხოვრება. ასე იქნება მერაბიშვილის შეწყალების დროს, სააკაშვილის მოქალაქეობის აღდგენის და შინ დაბრუნების შემთხვევაში. რატომ? იმიტომ, რომ საზოგადოებას არ აქვს სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა. არის ასეთის ადგილი ევროპაში?


გარეგნულად ჩვენ ისე გამოვიყურებით, როგორც ისინი, კანის ფერითაც ვგავართ ერთმანეთს, ჩაცმა-დახურვითაც და აზროვნება უნდა მეთქვა, მაგრამ თავი შევიკავე. აი, სწორედ აზროვნებით განვსხვავდებით მათგან და განვსხვავდებით ძალიან.


ევროკავშირში შავკანიანებიც ცხოვრობენ და განსხვავებული თვალის ჭრილის პატრონებიც, ისეთები, როგორებიც ჩინელები, იაპონელები, სხვები არიან, მაგრამ მათი მენტალიტეტი ევროპულია და არაფრით განსხვავებული მისგან. ჩვენი მენტალიტეტი სხვაა. არ ვამბობ, რომ ცუდია, მაგრამ სხვაა და რახან სხვაა, ხომ არ აჯობებდა ევროპულის დაჩემების ნაცვლად, ჩვენისთვის მიგვეხედა?!


გავიმეორებ – თუ „იქაურობა“ გვინდა, „იქაურად“ უნდა ვაზროვნებდეთ, ვინაიდან „აქაური“ აზროვნებით იქ არ მიგვესვლება; თუ ევროპელობა გვინდა, ნაკლი კი არ უნდა დავმალოთ, პირიქით უნდა გამოვამზეუროთ და მოვითხოვოთ მისი შეცვლა.


საქართველოს საზოგადოება ამისთვის მზად არ არის. მას არც სიტყვის თქმა, მითუმეტეს გამოსვლა არ უნდა. იქნებ თითო-ოროლა ადამიანის ნათქვამმა შეანჯღრიოს ძილსმიცემული საზოგადოება, თუნდაც ისე, ცნობილმა პუბლიცისტმა, ზაურ ნაჭყებიამ რომ იყვირა (კარგი გაგებით) გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ (2 თებერვალი), სათაურით: „როგორ დაიმონა ბიძინა ივანიშვილმა ინტელიგენცია?!“.


მოვიყვან ამონარიდს ამ სტატიიდან, რომელიც ზუსტად ასახავს იმ ვითარებას, რასაც ადგილი აქვს ქვეყანაში და რასაც შეგნებული დაბრმავება-დაყრუება ჰქვია. ინტელიგენცია, რომელიც ხალხს უნდა რაზმავდეს საქვეყნო საქმეების მოსაგვარებლად, გაყუჩებულია და უმზერს ხელისუფლების აღვირახსნილობას.


„დრომ დაადასტურა, რომ ქართველი ინტელიგენციის უმრავლესობა ივანიშვილისგან ფულს იმიტომ იღებს, რომ ყველაფერზე (მათ შორის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებზე) თვალი დახუჭოს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში თავისი მამა და მარჩენალი ხმალამოღებულმა დაიცვას, თუნდაც ამისთვის ობიექტური წინაპირობები არ არსებობდეს.


დასკვნა მარტივია, ქართველი ინტელიგენცია ანუ ერის „გონიერი“ ნაწილი ფულზეა გაყიდული. ის, არაფერს ხედავს, არაფერი ესმის. ერს გონი შეგნებულად გამოაცალეს. და ყოველივე ამის შემდეგ გვიკვირს, რატომ არის ქვეყანაში ყველაფერი ცუდად…“.


საფრანგეთის პრეზიდენტიბისთვის მებრძოლმა ფიიონმა ბოდიში მოიხადა ცოლის თანაშემწედ გაფორმების გამო, როდესაც ის პარლამენტის წევრი იყო. მას კანონით ჰქონდა ამის უფლება, მაგრამ მოკირკიტე მედიამ დაადგინა, რომ ცოლს ერთი დღეც არ უმუშავია პარლამენტარი მეუღლის თანაშემწედ. ფიიონი აგრძელებს საპრეზიდენტო ბრძოლას, მაგრამ მისი რეიტინგი დაცემულია. რა ხდება აქ?


საქართველოს პარლამენტმა სამთვიანი მუშაობისთვის პატივი სცა საკუთარ თავს – 600000-ლარიანი საჩუქრით, ცხადია „კარგი“ მუშაობისთვის. ეს ყველაფერი ხდება ხელისუფალთა მოჭარბებული პრემიებისა და ხელფასების გამუდმებული კრიტიკის და რაც მთავარია ერთობ გაუარესებული სოციალური პირობების ფონზე.


„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის მეხუთე წელი დაიწყო. 5 წელია მთელი საქართველო ლანძღავს ხელისუფლებას მაღალი ხელფასების, პრემიების, ხელფასზე დანამატების, სალაღობო უცხოური მივლინებების და სხვა უწესო ქმედების გამო. ხელისუფლება კი ვითომ არაფერიო, აგრძელებს მავნებლობას. 5 წელიწადია ხალხი დაიღალა ამ თემებზე ლაპარაკით, მაგრამ ვერაფერს გახდა.


ხუთი წელიწადია „ოცნების“ შემქმნელი ივანიშვილი ისმენს ყოველივე ამას და ნაცვლად ხელისუფლების გაკიცხვისა, ხმასაც არ იღებს. არც ქართული „ინტელიგენცია“ აპროტესტებს, ვინაიდან არ სურს ივანიშვილის მიერ დანიშნული „წამახალისებელ“, უფრო სწორად „დასამუნჯებელ“ ყოველთვიურ თანხაზე უარის თქმა. არც ერთ მათგანს აზრადაც არ მოსდის, რომ ოფიციალურად მოქრთამული მთავრობა, განცხრომაში მყოფი და გაზარმაცებული, არაფრის მაქნისია, ის არ იზრუნებს ქვეყანაზე. მას სულაც არ  ანაღვლებს ხელგამოწვდილი მათხოვრები, ნაგვის ყუთებში მოფათურე მშიერი ადამიანები.


გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ 31 იანვრის ნომერში ჟურნალისტი ოთარ ხუციშვილი თავის სტატიაში („ხელისუფლების ჩინოვნიკთა პრემირებული ღორმუცელობა“) სასტიკად ამათრახებს მას (ხელისუფლებას). „2016 წლის 11 თვეში ქვეყნის 22 საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე პრემია-დანამატების სახით გაცემულია 34608088 ლარი, საიდანაც 18446121 ლარი დანამატია, ხოლო 16161967 ლარი პრემია“.


ბატონ ოთარს მთელი სიზუსტით მოჰყავს სხვადასხვა სამინისტროებსა და უწყებებში არსებული ოფიციალური კორუფციის მაგალითები. ვისაც  მისი სტატია არ წაუკითხავს, ვურჩევ გაეცნოს, რათა რეალური წარმოდგენა ჰქონდეს ქვეყნის მძარცველ ხელისუფლებაზე.


ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რა გამოსვლები მოჰყვებოდა ხელისუფალთა ამგვარ ღორმუცელობას თუნდაც რუმინეთში ან ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში?!


საქართველოს საზოგადოება, აკადემიური სიმშვიდით უყურებს ყოველივე ამას და ბრიყვულად გაიძახის საკუთარი ევროპელობის შესახებ. ასეთი საქართველოს ადგილი არ არის ევროპაში. არც უვიზო მიმოსვლა ნიშნავს ევროპელობას და არც ასოცირება.


კიდევ ერთი მაგალითი – გამოქვეყნებული ოთარ ხუციშვილის მიერ: „ახმეტის რაიონის გამგებელი ბექა ბაიდაური 2015-16 წლებში მივლინებით იმყოფებოდა ამერიკაში, ისრაელში, ავსტრიაში, პოლონეთში, ლატვიასა და ლიტვაში, რაზეც ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი თანხები დახარჯა. მიღებული შედეგი კი საზოგადოებისთვის უცნობია. იმავე პერიოდში ბაიდაური ასევე იმყოფებოდა საფრანგეთში, იტალიაში, ჩეხეთსა და შვედეთში, ხოლო საახალწლოდ, მეუღლესთან ერთად საბერძნეთში დაისვენა. ასეთია ქვეყანაში სოციალური უსამართლობის სურათი, რომლის შემხედვარემ შეიძლება იფიქროს …  რომ ეს ადამიანები ხელისუფლებაში პირადი ცხოვრების მოსაწყობად მოვიდნენ“.
საქართველოს გატლეკილი მედია, არასამთავრობო სექტორი, ე.წ. პოლიტიკოსები, „ინტელიგენცია“, მთელი საზოგადოება – ღრმა ჭაობში ჩაფლული, უსირცხვილოდ გაჰყვირის ევროპელობაზე, თან იმასაც ბედავს განაცხადოს, რომ თითქოს ქვეყანა უბრუნდება თავის ისტორიულ ადგილს, ევროპას და ერთი წუთითაც არ ფიქრობს, უნდა ასეთი მახინჯი იმ გაერთიანებას, ევროკავშირი რომ ჰქვია?


პასუხი თქვენთვის მომინდია.


P.S. სტატია დაწერილი იყო, როდესაც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ პასუხი გასცა ზაურ ნაჭყებიას, რითაც თვითლუსტრაცია გაუკეთა საკუთარ თავს. როგორც ჩანს, აკადემია ვერ ჩაწვდა ავტორის აზრს და ნაცვლად იმისა თავი შეეკავებინა, შეტევაზე გადავიდა. აკადემიის მიერ გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებული წერილი აშკარად შეეფერება ზაურ ნაჭყებიას სტატიის სათაურს „როგორ დაიმონა ბიძინა ივანიშვილმა ინტელიგენცია?!“.


ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი.

წყარო: „მედიაპრესი“

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: