Iverioni
«    დეკემბერი 2017    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ნოემბერი 2017 (10)
ოქტომბერი 2017 (13)
სექტემბერი 2017 (4)
აგვისტო 2017 (7)
ივლისი 2017 (8)
ივნისი 2017 (9)
2-03-2017, 16:04
ნანახია: 1998

ეკონომიკური ზიგზაგები და პასუხგაუცემელი კითხვები

„ივერიონი“ გაგრძელებებით შემოგთავაზებთ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ნოდარ ჭითანავას მოსაზრებებს საქართველოს ეკონომიკის ტრანსფორმაციულ პროცესებსა და ახალ გამოწვევებზე.

 

დარწმუნებული ვართ, მკითხველი დამაჯერებელ პასუხებს მიიღებს ბევრ პასუხგაუცემელ კითხვაზე.

 

 


წერილი პირველი

 

                 

 

საქართველოს ეკონომიკა ახალი

გამოწვევების პირისპირ!


საქართველოში უნიკალური ვითარება შეიქმნა. ერთის მხრივ, ევროპამ უვიზო რეჟიმის დაწესებით აღიარა, რომ საქართველო მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა ისწრაფოდეს პოსტსოციალისტური ქვეყანა ეზიაროს დასავლეთის ფასეულობებს, განსაკუთრებით პოლიტიკური დემოკრატიისა და ლიბერალურ ეკონომიკურ პრინციპებს.

 

ეს ხაზგასმული საგარეო მხარდაჭერაა!


მეორეს მხრივ, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი რწმუნდება იმაში, რომ ბოლო 25 წლის მანძილზე განხორციელებული გარდაქმნების ზოგიერთი პოზიტიური შედეგის მიუხედავად, ქვეყნის აღმშენებლობა შეფერხდა _ თვისებრივად ახალი მოვლენები (პროცესები), კონცენტრირებულად სოციალური პოლარიზიციის სიბრტყეზე განთავსდა და მოსახლეობის დიდი ნაწილის ცხოვრების დაბალი დონის ინდიკატორად ჩამოყალიბდა.


ეს ხაზგასმული საშინაო პრობლემაა!


როგორც მთელ მსოფლიოს, საქართველოსაც ამჟამად 5 მწვავე პრობლემა აწუხებს: სიღარიბე, უმუშევრობა, უწიგნურობა, ავადმყოფობა, უთანასწორობა. განსაკუთრებით მგრძნობიარეა ეს პრობლემები ქვეყანაში, სადაც არც ისე დიდი ხნის წინათ მათ წარსულის მოვლენებად აღიქვამდნენ.


საქართველო სოციალური და ეკონომიკური განვითარების თავისებურებებითა და ტენდენციებით კონტრასტების ქვეყნად ჩამოყალიბდა. საზოგადოების ერთ მხარეზეა ადამიანთა ჯგუფი, რომელმაც ეროვნული ეკონომიკის გაჩანაგების ფონზე დროსთან ადაპტირება შეძლო _ ქონება მოიხვეჭა და დღეს მდიდართა ან შეძლებულთა ფენას (ჯგუფს) მიეკუთვნება. სამწუხაროდ, იგი მცირერიცხოვანია, თუმცა, ფაქტობრივად, განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების ვექტორს!


მეორე მხარეზეა ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელმაც საკუთარი ქონებაც, მომავლის რწმენაც დაკარგა, რომელსაც შეძენილი ცოდნის, ცხოვრებისეული გამოცდილების ქვეყნის სამსახურში გამოყენების უპერსპექტივობის, საერთოდ ხელჩაქნეულობის განწყობილება დაეუფლა. ეგუება სხვის ხარჯზე ცხოვრებასაც. იგი მხოლოდ თვითგადარჩენაზეა ორიენტირებული.


ერთი სიტყვით, საქმე გვაქვს პარადოქსთან.


ერთის მხრივ, პიროვნული საწყისის განვითარებაში მოპოვებული თავისუფლება, როგორც დემოკრატიის მონაპოვარი (რის გამოც ობიექტურად გვაქებს ევროპა).


მეორეს მხრივ, თავად თავისუფალი ადამიანების უუნარობა _ გამოიყენონ შექმნილი შესაძლებლობა, როგორც პიროვნული, ისე საზოგადოებრივი ინტერესების სასარგებლოდ. გამოდის, რომ დეკლარირებული თავისუფლება შრომის ორგანიზებასაც ვერ ახერხებს. როგორც იტყვიან, იგი მატერიალურ ძალად არ გარდაქმნილა. შეიქმნა მანკიერი წრე. საზოგადოებას სჭირდება მშვიდი, შემოქმედებითი შრომის, ადამიანის მრავალმხრივი ინტერესების განვითარების ხელშემწყობი გარემო და ამისთვის მას მთავარი _ თავისუფლება (გაცილებით უფრო დიდი დოზით, ვიდრე ახლო წარსულში ჰქონდა) აქვს. ამასთან, ადამიანი პიროვნული საწყისის განვითარების ლოკალური ინტერესების ჩარჩოს ვერ სცილდება. რატომ?


საქართველოში გარდამავალი პერიოდი გახანგრძლივდა. არც ვიცით რა ჰქვია იმ საზოგადოებას, რომელშიც ვცხოვრობთ, ან რომელ ფაზაშია ეკონომიკის განვითარება. რატომ ვითარდება საზოგადოებრივ ურთიერთობათა ყველა მხარე (მიმართულება) პრინციპით „ნივთი თავისთვის“?!


რატომ ხდება, რომ დღესაც, როცა თითქოს ყველაფერი გაშიშვლდა, ყველაფერი დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად ვიგემეთ (განვიცადეთ), რომ ისევ დაშვებული შეცდომებით შეძენილი გამოცდილებით და გაორებული მენტალიტეტით სხვადასხვა ეპოქების წნეხით გატკეპნილ გზაზე გვინდა დავრჩეთ?!


რატომაა, რომ საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებული ინტელექტუალური რესურსი არ არის გამოყენებული ქვეყნის განვითარებაში?!


რატომაა, რომ საზოგადოებაში ვნებათა ღელვა ისევ ძლიერდება. ცალკეული ჯგუფების ინტერესებს ამოფარებული რევანშისტული სულისკვეთება კვლავაც მძლავრობს. დაბეზღებასა და ცოლისწამებაში თითქოს ერთმანეთს ვეჯიბრებით. ნაცვლად მოქმედებისა, დიდ დროს უაზრო ლაპარაკსა და დისკუსიებში ვფლანგავთ. ვიკვებებით უცხოური პურით, ვატარებთ უცხოურ ტანსაცმელს, ვეჩვევით უცხოურ აზროვნებას, უცხოურია ირგვლივ ყველაფერი, მათ შორის ისიც, რაც ჩვენ არ გვჭირდება!


რატომაა, რომ საზოგადოების მხრივ ქვეყნის აღმშენებლობის სულისკვეთება განელდა. ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრი მოდუნდა, გლობალური პრესინგი აგრესიულ ხასიათს იძენს.


ეროვნული ფენომენის საძირკვლის _ „მამულის, ენისა და სარწმუნოების“ ერთიანობას რღვევის საფრთხე ემუქრება: ენა იჩაგრება, სარწმუნოებას კი შიგნითაც და გარედანაც ებრძვიან?!


რატომაა, რომ როცა საქმეა გასაკეთებელი, გვიჭირს ერთად ყოფნა, ერთიანი (საქვეყნო) ნებით გავუმკლავდეთ სიძნელეებს,  ისევ არ გავიმეოროთ ჩვენს მიერ სხვადასხვა დროს დაგმობილი ქმედებანი, ღირსეული მამულიშვილებისადმი უდიერი დამოკიდებულების მაგალითები, ნიჰილიზმი, ერთი სიტყვით, ვიყოთ ობიექტურნი, პრინციპულნი, შეკავშირებული „ისტორიით შედუღებული ერთ სულ და ერთ ხორც მკვიდრთა კრებული“?!


ასე რომ, ბევრი კითხვა დაგროვდა. დროა საზოგადოება გააქტიურდეს, გამოხატოს თავისი დამოკიდებულება საქვეყნო საქმეების მიმართ, მოპოვებული თავისუფლების ფონზე თქვას რას ფიქრობს, რაში ხედავს გამოსავალს, როგორ ესახება ქვეყნის მომავალი.


შორს უნდა ვიყოთ იმ აზრისგან, რომ ვინმეს (პიროვნებას თუ ჯგუფს, სახელმწიფო თუ სამეცნიერო დაწესებულებას, პოლიტიკურ პარტიას თუ მსოფლიო თანამეგობრობის რომელიმე სტრუქტურას) ჰქონდეს გამზადებული `რეცეპტი~ _ თუ როგორ განვითარდეს ჩვენი ქვეყანა. ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს! ამასთან გვჯერა, რომ საქართველოს ამჟამადაც აქვს საკმარისად ინტელექტუალური რესურსი, რომლის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების შესაბამისად და კომპლექსურად გამოყენება დააჩქარებს ქვეყნის განვითარების თვისებრივად ახალ ტრაექტორიაზე გადასვლას.


დრო ახალ გამოწვევებს გვთავაზობს.


წინამდებარე ნაშრომში, რომელსაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში დაგროვილი პრობლემების კლასიფიკაციის, მით უმეტეს, გადაწყვეტის პრეტენზია არ აქვს, შევეცადე ქვეყანაში მიმდინარე გარდაქმნები, როგორც პროცესი, განმეხილა, მისი მთავარი არტერიის _ ეროვნული ეკონომიკის გარდაქმნების შედეგების (თავისებურებების, ტენდენციების) ანალიზით, რაც მოგვცემდა საშუალებას ტრანსფორმაციული პროცესის (როგორც მთლიანობითი სისტემის) პირველი, მიახლოებით მაინც, ობიექტურად შეფასებისთვის.


თანამედროვე რთულ პრობლემებზე მსჯელობისას, ლოგიკურია აზრთა სხვადასხვაობა. ხშირად ისიც, რასაც ავტორი სწორად თვლის, შეიძლება სხვა მხარემ მიუღებლად ჩათვალოს. პრობლემების მრავალფეროვნება თავად განსაზღვრავს მათი გადაწყვეტის თაობაზე აზრების, შეხედულებების მრავალგვარობას. ამაშია საზოგადოებრივი პროგრესის ამოსავალი პირობა.


ერთი რამ თამამად შემიძლია ვთქვა: ნაშრომი გამსჭვალულია დაპირისპირებული ინტერესების „ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად ბედნიერი მორიგების“ სულისკვეთებით (ილია). სწორედ ეს მიდგომა მიმაჩნია ქვეყანაში როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორების კომპლექსურად და მიზანმიმართულად გამოყენების მთავარ პირობად.

 

 

საქართველო ორი პოლიტიკურ-ეკონომიკური
სისტემის დაპირისპირების ეპიცენტრში


საქართველო (მისი პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური სისტემა) XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან პოლიტიკური კატაკლიზმების ფონზე მსოფლიო ინტეგრაციული პროცესების სიბრტყეზე სპონტანურად აღმოჩნდა და ეგზოგენური (გარე ფაქტორების) გავლენის ობიექტი გახდა. შიდა ფაქტორებმა, რომლებიც „პერესტროიკით“ გამოწვეული მიზეზებით აღმოცენდა და რთულ კვანძად ჩამოყალიბდა, ფაქტობრივად მოშალა საზოგადოების თვითრეგულირების უნარი. საზოგადოებრივი ურთიერთობები სტიქიურად განვითარდა. რა თქმა უნდა, სოციალისტური ეკონომიკის საფუძვლებს რადიკალური, მაგრამ ყოველმხრივ გააზრებული, მსოფლიო ეკონომიკის განვითარების თავისებურებათა და ტენდენციების გათვალისწინებით, თვისებრივად ახალ კონცეპტუალურ და მეთოდოლოგიურ საფუძველზე გარდაქმნა სჭირდებოდა.


ღარიბი ინტელექტუალური პოტენციალის საბჭოთა ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო დროის მოთხოვნების ადეკვატურად განესაზღვრა სახელმწიფოსა და სოციალისტური ეკონომიკის გარდაქმნების სტრატეგია და მისი განხორციელების მექანიზმი. უფრო მეტიც, სახელმწიფოსა და მმართველი პარტიის ლიდერი ბოლომდე მალავდა მის მიერ შემოთავაზებული პოლიტიკური კურსის რეალურ მიზანს _ არსებული პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური სისტემის შეცვლას და არა მის ე.წ. სრულყოფას.


დღეს, როცა, თითქოს, ყველაფერი გარკვეულია, განვლილი გზის ყველა მონაკვეთი გაცნობიერებულია და ამასთან, ვხედავთ მიმდინარე წინააღმდეგობრივი პროცესების გამომწვევ მიზეზებს, დამდგარ მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ შედეგებს და წინააღმდეგობებს მომავლისთვის, გვმართებს უფრო ღრმად შევისწავლოთ და ობიექტურად შევაფასოთ განვლილი გზა.


XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გავლენით საქართველო ორი ისტორიული პროცესის ერთდროულად დაწყებისა და გადაკვეთის ეპიცენტრში აღმოჩნდა. ერთდროულად დადგა პოლიტიკური დამოუკიდებლობის რეალურად დაწყებული პროცესი _ შესაძლებლობა და სოციალისტური ეკონომიკის საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლის აუცილებლობა. კაცობრიობის ისტორიაში ქვეყნების განვითარების ასეთ პრეცედენტს ანალოგი არ ჰქონდა.


საქართველოში ასეთი უნიკალური მოვლენა, ბუნებრივია, მოითხოვდა ერის მატერიალური და სოციალური პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას, ქვეყნის სტრატეგიის სწორად განსაზღვრას და ეროვნული ინტერესების ერთიანი ნებისადმი დაქვემდებარებას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ორგანიზაციულ ფაქტორთა კომპლექსურ ამოქმედებას, რათა ქვეყანა ახალ თვისებრიობაში ნაკლები ტკივილებით (სოციალური დანახარჯებით) გადასულიყო.


იყო თუ არა მზად ქვეყანა ეკონომიკის თვისებრივად შეცვლისთვის, რამდენად სწორი იყო მოსალოდნელი ცვლილებებისას ხელისუფლებისა და საზოგადოების (განსაკუთრებით მისი ყველაზე აქტიური ნაწილის, რომელიც შემდგომში არაფორმალურ გაერთიანებად ჩამოყალიბდა) დამოკიდებულება დროის გამოწვევებით დასმული ამოცანების გადაწყვეტისადმი?


ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ადვილი არ არის. საჭიროა იმდროინდელი პროცესების (მოვლენების) ობიექტურად ახსნა და პრინციპულად შეფასება.


შევეცდები ჩემი მოსაზრებები გავუზიარო მკითხველს.



                         ორიენტაცია გზების გასაყარზე

დავიწყოთ იმით, რომ 1990 წელს საქართველოში ეროვნული ეკონომიკის ტრანსფორმაციის 3 კონცეპტუალურ-მეთოდოლოგიური მიდგომა დაფიქსირდა. პირველი. ოფიციალური (იმპერიული ხედვით), რომელიც „პერესტროიკის“ ფილოსოფიას ეყრდნობოდა და გულისხმობდა საბჭოთა იმპერიის (დემოკრატიული გარდაქმნების შემდეგ) საზღვრებში სოციალისტური (საბჭოთა) ეკონომიკის საბაზრო პროცესებზე („წმინდა კაპიტალიზმზე“), ანუ XX საუკუნის დასაწყისის კლასიკური კაპიტალიზმის მოდელზე გადაყვანას, რაც კერძო საკუთრებას (საზოგადოებრივის _ ანტიპოდს) და თვითრეგულირების (ცენტრალიზებული დაგეგმვის _ ანტიპოდს) ტრადიციულ მექანიზმებს ეყრდნობოდა.


მეორე. არაოფიციალური (არაფორმალური), რომელიც ეფუძნებოდა თვისებრივად განსხვავებულ პოლიტიკურ ფილოსოფიას და გულისხმობდა სახელმწიფოს დამოუკიდებლობას (საბჭოთა იმპერიის საზღვრებიდან გამოსვლას) და ეროვნული ეკონომიკის იმავე პრინციპებით (მაგრამ უფრო მკაცრ ფორმებში) გარდაქმნას, რასაც გვთავაზობდა „პერესტროკის“ იდეოლოგია. კერძოდ, სახელმწიფო საკუთრების მასობრივი პრივატიზაცია, კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობების და სხვა ტიპის ეკონომიკური სუბიექტების დაუყოვნებლივ დაშლა, სახელმწიფო მმართველობის არსებული სტრუქტურების მყისიერი ლიკვიდაცია და ა.შ.).


როგორც ჩანს, ეკონომიკის ტრანსფორმაციის თვალსაზრისით, ეს მიდგომა უფრო რადიკალური იყო პირველთან შედარებით, მაგრამ იდენტური, „კლასიკურ კაპიტალიზმზე“გადასვლის ორიენტაციით. ეს შემთხვევითი არ იყო. იდენტურობა ეყრდნობოდა დასავლეთის ფასეულობათა ერთნაირ გაგებას.


მესამე მიდგომაც იყო ოფიციალური, რომელიც საჯაროდ გაცხადდა, როგორც საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების (მთავრობის) ოფიციალური პლატფორმა (მკითხველს შეუძლია გაეცნოს იმ დროს გამოქვეყნებულ ნაშრომებს ნ. ჭითანავა _ „პოლიტიკურად, ეკონომიკურად ძლიერი საქართველოსთვის“. გაზეთი „კომუნისტი“, 1990 წ. 28 ივლისი; ნ. ჭითანავა _ „ამოცანა ურთულესი, პასუხისმგებლობა _ საგანგებო“. გაზეთი „კომუნისტი“, 1990 წ. 5 ოქტომბერი; ნ. ჭითანავა _ პრობლემები, რომელთა სიმძაფრე რევოლუციური გარდატეხის ტოლფარდია, ჩვენი გადასაჭრელია _ მოხსენება საქართველოს სსრ მეთერთმეტე მოწვევის უზენაესი საბჭოს მეთორმეტე სესიაზე 1989 წ. 18 ნოემბერი; რესპუბლიკის მთავრობის კონცეფციის რეალიზაციის იდეოლოგიური უზრუნველყოფის ღონისძიებათა პროგრამა და სხვ.).


ეს მიდგომა ეყრდნობოდა ეროვნული ეკონომიკის თანდათანობით (ეტაპობრივად, თანმიმდევრულად) გარდაქმნას შერეულ (მრავალსუბიექტიან და არა მხოლოდ ერთ _ კერძო საკუთრებაზე ფუნქციონირებას) ეკონომიკურ სისტემად, ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირების წარმმართველ როლს, ახალი სისტემის სამართლებრივი, მატერიალური და ორგანიზაციული საფუძვლების შექმნას. ვინც ზემოთ დასახელებულ ნაშრომებს გაეცნობა, მიხვდება, რომ ეკონომიკის ტრანსფორმაციისთვის პასუხისმგებლობა ეკისრებოდა სახელმწიფოს, რამდენადაც მას ახალ გარემოში უნდა შეესრულებინა წარმმართველი ძალის (სისტემაშემქმნელი ფაქტორის) როლი (იქვე განსაზღვრულია როგორი აგებულებისა უნდა ყოფილიყო იგი).


ამასთან, მოიაზრებოდა ორი შესაძლო პერსპექტივა. სცენარი: საქართველო 1991 წლიდან, ფაქტობრივად, იქნებოდა საბჭოთა კავშირის ბაზაზე კონფედერაციულ საფუძვლებზე შექმნილი პოლიტიკური გაერთიანების წევრი. შესაბამისი წინამძღვრები (სამართლებრივი ბაზა) შექმნილი იყო. ჩვენი მაშინდელი ვარაუდით, ეს იქნებოდა ქვეყნის დროებითი პოლიტიკური სტატუსი. ამ პერიოდში უნდა მოგვემზადებინა ეროვნული ეკონომიკის საბაზრო პრინციპებზე გადასვლის წინაპირობები. გადასვლა უნდა მომხდარიყო ევოლუციური გზით _ ეს გზა მაშინ უფრო მისაღებად მიგვაჩნდა.


ამასთან, არსებობდა სათადარიგო გეგმაც. თუ ექსტრემალური პირობების გახანგძლივებისას უშუალოდ დადგებოდა პოლიტიკური სუვერენიტეტის მიღების შესაძლებლობა (უფრო სწორად აუცილებლობა), ეკონომიკური გარდაქმნები ჩვენს მიერ შემოთავაზებული მოდელით უნდა განხორციელებულიყო. რა უდევს საფუძვლად ასეთ მტკიცებას? ზემოთ დასახელებული და იმ დროს გამოქვეყნებული დოკუმენტები. ამჯერად რამდენიმე ამონარდს წარმოვადგენ:


„გარდამავალ ეტაპზე საკუთრების ფორმების პლურალიზმის პირობებში რესპუბლიკის ეკონომიკა ჩამოყალიბდება, როგორც მრავალწყობიანი. მისი ოპტიმალური სტრუქტურა დეკრეტებით, ასევე მართვის ორგანიზაციული მექანიზმის ზემოქმედებით არ შეიქმნება. იგი უნდა წარმოვიდგინოთ ეკონომიკის განვითარების ბუნებრივი პროცესების ლოგიკურ შედეგად. მხოლოდ ასეთი სტრუქტურა შეუქმნის მყარ ეკონომიკურ და ორგანიზაციულ საფუძვლებს საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლას“.
„ჰორიზონტალური კავშირების უზრუნველმყოფი საბაზისო სტრუქტურების შექმნა ერთგვარად წინ უნდა უსწრებდეს სახელმწიფო მართვის არსებული ორგანიზაციული სისტემის გარდაქმნას. გარდამავალ პერიოდში მათ თანაარსებობას თავიდან ვერ ავიცილებთ, მთავარია შეცვლა მოქნილად და მეთოდურად განხორციელდეს“.


„ერთი თვისებრიობის მეორეთი ნახტომისებრი, რევოლუციური შეცვლის მწარე გამოცდილება გვაქვს, ამიტომ ერთადერთ მისაღებ გზად ბაზრისკენ ინტენსიური ევოლუციური სვლა უნდა მივიჩნიოთ. მხოლოდ ასეთი გზა აგვაცილებს თავიდან მოსალოდნელ საზოგადოებრივ კატასტროფას. ამასთან, როგორ მოულოდნელადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, ბაზრისკენ ამგვარ სვლას დროც ნაკლები დასჭირდება, გადასვლა თანდათანობითი და რაც არსებითია, საფეხურებრივი უნდა იყოს“ (გაზეთი „კომუნისტი“ 1990 წ. 5 ოქტომბერი).


ცხოვრება ახალ-ახალ გამოწვევებს გვთავაზობდა. საჭირო იყო არაორდინალური ფორმებითა და მეთოდებით მოქმედება. ამ მხრივ, ყველაზე მკვეთრი ნაბიჯი გადაიდგა 1990 წელს, როცა საქართველოს უმაღლესმა საბჭომ (საბჭოთა ორგანო) მიიღო გადაწყვეტილება 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს ოკუპირებულ და ანექსირებულ ქვეყნად აღიარების შესახებ. ამ დოკუმენტის ისტორიული მნიშვნელობის შესახებ არგუმენტირებული დასკვნები აქვს გაკეთებული აკადემიკოს აპოლონ სილაგაძეს (დაინტერესებულ მკითხველს ვთხოვ გაეცნოს მის ნაშრომს _ „ქართული იდეა“, გამომცემლობა „უნივერსალი“, თბ., 2010 წ.). წარმოვადგენ ერთ ამონარიდს: „1990 წლის მარტში საქართველოს უმაღლესმა საბჭომ (ხაზგასმით: საბჭოთა ორგანომ) გადადგა უპრეცედენტო ნაბიჯი: 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოში წითელი არმიის შემოსვლას მისცა აგრესიის კვალიფიკაცია, საქართველო აღიარა ოკუპირებულ და ანექსირებულ ქვეყნად და გააუქმა პრაქტიკულად ყველა ძირითადი საკანონმდებლო აქტი, რომელიც 1921 წლის თებერვლის შემდეგ იყო მიღებული, მათ შორის 1921 წლის მაისის სამოკავშირეო ხელშეკრულება. ამის შემდეგ იურიდიულად საქართველო საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთ აღმოჩნდა. ეს უნიკალური გადაწყვეტილება იმას ნიშნავდა, რომ საქართველოს საბჭოთა ხელისუფლებამ თავისი წვლილი შეიტანა დამოუკიდებლობის აღდგენის საქმეში. ამაზე ისიც მიუთითებს, რომ ამ აქციას წინ უსწრებდა ხელისუფლების თანმიმდევრული ნაბიჯების მთელი სერია: საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციაში შეტანილ იქნა შესწორებები, რის შედეგად ერთი მუხლი განმარტავდა, რომ საქართველოს სსრ არის სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც აქვს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გასვლის წმიდათაწმიდა უფლება, ხოლო ამ უფლების ნებისმიერი შეზღუდვა ცენტრის მხრიდან ნიშნავს ქვეყნის ავტომატურად გასვლას საბჭოთა კავშირიდან. იგივე შესწორებები აღიარებდნენ საქართველოს კანონების უზენაესობას საკავშირო კანონების წინაშე.


რა კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს მთელ ამ ისტორიას?


მხოლოდ ერთი: საბჭოთა საქართველოს ქართველობა _ ერთიანად ეროვნული სუვერენიტეტის მატარებელი ძალა იყო (უსამართლობა და დანაშაული იქნება, თუ ვინმე სერიოზულად ფიქრობს ამ ნიშნით მის დიფერენცირებას). ეს ისეთივე ძალა იყო, როგორც მისი წინამორბედები და შესაფერის დროს უცდიდა, რათა სუვერენობის ისტორიულად ჩამოყალიბებული უნივერსალური თვისება აემოქმედებინა“.


ამ მოსაზრებებს არა მხოლოდ ვიზიარებ და მხარს ვუჭერ, არამედ ვადასტურებ, როგორც აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღების ერთ-ერთი უშუალო მონაწილე. აღნიშნული გადაწყვეტილებით საქართველოს საბჭოთა ხელისუფლებამ ფაქტობრივად მოამზადა ქვეყნის სრული სუვერენიტეტის თანამედროვე სტანდარტებით აღდგენა-გაფორმების პოლიტიკური და იურიდიული საფუძველი.


რაც შეეხება ეკონომიკას, მისი თვისებრივი გარდაქმნების დაწყებას ადასტურებს იმ დროის მთავრობის მიერ განხორციელებული არასტანდარტული ღონისძიებები. ზოგიერთ მათგანს დავასახელებ:


1990 წელს საბჭოთა საქართველოს უმაღლესმა საბჭომ მიიღო რამდენიმე პოლიტიკური გადაწყვეტილება საბაზრო პრინციპების დამკვიდრების დაჩქარების შესახებ. ასე მაგალითად, საქართველოს ეკონომიკური სუვერენიტეტის შესახებ (შედგა პირველი მოსმენა). მთავრობამ მიიღო ნორმატიული აქტები კოოპერატივების განვითარების, გლეხებისთვის მიწის დამატებითი ფართობების გამოყოფის, საიჯარო ურთიერთობების განვითარების, მთის ზონაში კოლმეურნეობების ბაზაზე გლეხური (ფერმერული)მეურნეობების შექმნის შესახებ და ა.შ.


1990 წელს მთავრობის გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე შესასყიდი ფასები (მაგალითად, ყურძნის შესასყიდი ფასი 55 კაპიკიდან 1 მანეთამდე გაიზარდა). 1989-1990 წლებში საქართველოს მთავრობამ საკავშირო ორგანოების კუთვნილი თანხა (მაშინდელი არსებული კანონმდებლობით რესპუბლიკებში აუთვისებელი კაპიტალურ დაბანდებებს ცენტრი იბრუნებდა, ეს დაახლოებით 250-270 მლნ. მანეთს შეადგენდა) ადგილზე (რესპუბლიკაში) განსაკუთრებული მნიშვნელობის ღონისძიებათა დაფინანსებისთვის გამოიყენა. მაგალითად, 1990 წელს მეცნიერებათა აკადემიას დამატებით გამოეყო 10 მლნ მანეთი, კინოსტუდიას „ქართული ფილმი“ _ 9,5 მლნ. ახალი კინოსტუდიის შექმნისთვის _ 3 მლნ., ინვალიდი ბავშვების სამკურნალო დაწესებულებების მშენებლობისთვის _ 1 მლნ მანეთი. საერთოდ, სოციალურ-კულტურული ღონისძიებებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტს ზემოთ გამოყოფილი იყო 156 მლნ მანეთი.


1989 წელს აჭარის მთიან ზონაში (შუახევის რაიონი) სტიქიური მოვლენების შედეგად (მეწყერული პროცესები) ადამიანები დაიღუპნენ, ასეულობით ადამიანმა სახლ-კარი დაკარგა. საჭირო გახდა მოსახლეობის სხვა რეგიონებში ჩასახლება. ახალქალაქსა და ბოგდანოვკაში გადაწყდა 1000 ოჯახის ჩასახლება (პერსპექტივაში 5000 ოჯახის ჩასახლება, რაც მომავალში თვისებრივად შეცვლიდა დემოგრაფიულ სიტუაციას), ასევე ლეჩხუმიდან სტიქიის შედეგად დაზარალებული ასეულობით ოჯახი ქვემო ქართლის ზონაში დასახლდა. ყველა მათგანს ადგილებზე შეუნარჩუნდათ საკარმიდამო ნაკვეთები, სამეურნეო ნაგებობები, რომელთა გამოყენება შეიძლებოდა. ასეთ მიდგომას არა მხოლოდ მორალური (ნათესაობითი კავშირების შენარჩუნება და სხვ.), არამედ სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობაც ჰქონდა (რეგიონთაშორისი კავშირების გაღრმავება) და სრულად შეესაბამებოდა მოსახლეობის გეგმაზომიერი გადაადგილების ეროვნულ ინტერესებს.


1989 წელს რესპუბლიკაში კაპიტალურმა დაბანდებებმა (შესადარ ფასებში) შეადგინა 3 მლრდ. მანეთი (გაეროს და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით მშპ დეფლირებით გაანგარიშებული პარიტეტი 2008-1990 წლებს შორის შეადგენდა: 100 მანეთი = 225,4 ლარს), ექსპლუატაციაში გადაეცა 1.771 ათასი კვ.მ. საცხოვრებელი ფართი. წარმოებულ იქნა 12 მლრდ 268 მლნ მანეთის სამრეწველო პროდუქცია (შესადარ ფასებში). სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებამ გადააჭარბა 3 მლრდ მანეთს. ელექტროენერგიის წარმოებამ 14,6 მლრდ კვ. საათს. გაზის მოხმარებამ 5 მლრდ მ3 შეადგინა.


სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა გადააჭარბა 4,9 მლრდ მანეთს. მოსახლეობის ანაბრებმა შეადგინა 7 მლრდ მანეთი. ძირითადი ფონდების ღირებულება შეადგენდა 40 მლრდ მანეთს. საქართველოში მიღწეული იყო განათლების, მეცნიერების, კულტურის განვითარების მაღალი დონე. 1989 წელს ფუნქციონირებდა 153 სამეცნიერო დაწესებულება, რომელშიც მოღვაწეობდა 30 ათასი კაცი, მათ შორის, მეცნიერების 1387 დოქტორი. ყოველ 1000 კაცზე უმაღლესი და საშუალო განათლება ჰქონდა 877-ს, მათ შორის, უმაღლესი განათლებით იყო 151 კაცი. ამავე წელს მუზეუმებში დამთვალიერებელთა რაოდენობამ 8 მლნ. კაცი შეადგინა, თეატრებში დამსწრეთა რაოდენობამ _ 2 მლნ 778 ათასი კაცი, ქართული წიგნი მლნ. ეგზემპლარებად გამოდიოდა.


მოსახლეობის 1989 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობამ შეადგინა 5443,4 ათასი კაცი. ამავე წელს დაიბადა 93 ათასი ბავშვი. მოსახლეობის ბუნებრივმა მატებამ შეადგინა 47 ათასი კაცი. სახალხო მეურნეობაში დასაქმებული იყო 2,3 მლნ. კაცი. 1990 წელს წარმოებული იყო 691 ათასი ყურძენი, 501,7 ათასი ტონა ჩაის ფოთოლი, 591 ათასი ტონა ხილი, 444 ათასი ტონა ბოსტნეული, 659 ათასი ტონა რძე, 170 ათასი ტონა ხორცი, 769,2 მლნ ცალი კვერცხი და სხვ. გადაიდგა პირველი ნაბიჯები უცხოელებთან ერთობლივი საწარმოების შესაქმნელად. ასეთი ტიპის 50 საწარმო 1989 წელს მუშაობდა.


1989 წელს საქართველოს სსრ მეთერთმეტე მოწვევის უზენაესი საბჭოზე მთავრობის მოხსენების შემდეგ განისაზღვრა კომპლექსური ღონისძიებები 5 მთავარი მიმართულების (ეკოლოგიური განვითარება, დემოგრაფიული გაჯანსაღება, ეკონომიკის საბაზრო პრინციპებზე გადაყვანის საფუძვლების მომზადება, განათლების, კულტურის, მეცნიერების განვითარება, ჯანმრთელობის დაცვა) მიხედვით. მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში შეიქმნა დემოგრაფიული ცენტრი (შემდგომში ინსტიტუტი), საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, გაძლიერდა დარგობრივი ინსტიტუტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, შეიქმნა საფუძველი მეცნიერების საქმიანობის მიზნობრივი პროგრამებით წარმართვისათვის და სხვ. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა მთის რეგიონების განვითარების პრობლემების გადაწყვეტას.


აღსანიშნავია, რომ 70-80-იან წლებში რესპუბლიკაში ჩატარებული ეკონომიკური ექსპერიმენტების ლოკალური შედეგები (რომლებსაც სოციალისტური მეურნეობრიობის ფონზე საბაზრო ელემენტებს შეიცავდა) ჩამოყალიბდა როგორც გამოცდილება. იგი გვიჩვენებდა არა მხოლოდ იმას, რა იყო სიცოცხლისუნარიანი და პერსპექტივაში გამოსაყენებელი, არამედ იმასაც, მომავალში რა არ გამოგვადგებოდა.


ამ მიზნით თვისებრივად ახალი იყო მიდგომები, რომლებიც გამოყენებულ იქნა ფოთისა და აბაშის ექსპერიმენტებში, ასევე სოციალურ სფეროში მიმდინარე პროცესების (გაგრასა და სოხუმში დამსვენებელთა კომპლექსური მომსახურების ორგანიზაციის სრულყოფა) რეგულირებისთვის. მთავარი აქცენტი გადავიტანეთ მატერიალური დაინტერესების (საბაზრო ელემენტი) გაძლიერებაზე. ყველა კარგად ხედავდა, რომ შიშველი ენთუზიაზმი განვითარების მთავარი საფუძველი კი არ არის, არამედ მატერიალურთან შერწყმით და მიზანმიმართული გამოყენებით იძლევა მაღალ ეფექტიანობას.


აქვე საჭიროდ მიმაჩნია აღვნიშნო, რომ 1990 წელს, როცა რესპუბლიკებს შორის ეკონომიკური კავშირების რღვევა დაიწყო (რ.ფ.ს.რ. უზენაესმა საბჭომ, ასევე ზოგიერთმა სხვა რესპუბლიკამაც, სამეურნეო სუბიექტებს აუკრძალეს სხვა რესპუბლიკების შესაბამის სუბიექტებთან სამეურნეო კავშირების განხორციელება), საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით მოხერხდა რუსეთთან ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის ხელშეკრულების დადება. ეს იყო ჯერ კიდევ არსებული საბჭოთა კავშირის ორ რესპუბლიკას შორის ახალი ტიპის ეკონომიკური თანამშრომლობის პირველი შემთხვევა.


განსაკუთრებული ყურადღება მიექცა სხვა რესპუბლიკებთან ეროთობლივი საწარმოების შექმნას, იჯარით სატყეო მეურნეობების აღებას, ორმხრივი კავშირების გაფართოებას, საბარტერო გაცვლებს და სხვ. მაგალითად, ირკუტსკის ოლქში საქართველომ იჯარით აიღო 100 ათას ჰა-მდე ტყის ფართობი (იქ წარმოებული ხე-ტყე რესპუბლიკას მოხმარდებოდა, ეომწლიც საშუალოდ წლიურად რუსეთის ფედერაციიდან 1,5 - 1,7 მლნ. მ3 ხე-ტყეს იღებდა).


ხელშეკრულებები დაიდო აზერბაიჯანთან, ყირგიზეთთან, თურქმენეთთან. ასეთი ჰორიზონტალური კავშირები ნავარაუდევი იყო მომავალში მათთან სააბაზრო პრინციპებზე თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.


ზემოთ აღნიშნული გვიჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას კარგად ესმოდა ახალი გამოწვევების მნიშვნელობა და ყოველმხრივ ცდილობდა ადეკვატური პოლიტიკის განხორციელებას!


1990 წლის ბოლოსთვის, ეროვნული ეკონომიკის მომავალი ტრანსფორმაციისთვის მნიშვნელოვანი მარაგნაკეთი შეიქმნა. ამით იმის თქმა მინდა, რომ XX საუკუნის 80 წლების ბოლოს მკაფიოდ ჩამოყალიბდა საქართველოს ხელისუფლების მიდგომები (სტრატეგიული ხედვები) ეროვნული ეკონომიკის სტაბილური განვითარებისა და ახალ გამოწვევებთან ადაპტირებისთვის.


სეთ სიტუაციაში, ზემოთ ნახსენებ 3 მიდგომას შორის, საქართველოს მოსახლეობამ მხარი დაუჭირა მეორე მიდგომას (რაც გულისხმობდა საქართველოს დამოუკიდებლობის სწრაფად მიღებას) და საბჭოთა სისტემაში პირველად და ყველაზე დემოკრატიულად (თავად ხელისუფლების ნებით) ჩატარებულ არჩევნებზე (1990 წლის 28 ოქტომბერი) გაიმარჯვა ოპოზიციამ _ „მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველო“.


ნიშანდობლივია, რომ კომუნისტურმა ხელისუფლებამ ეკონომიკისა და კულტურის განვითარების მაღალი დონით გამორჩეული ქვეყანა (სამშობლო) გადააბარა ხალხის ნებით არჩეულ ხელისუფლებას. ეს უნიკალური მოვლენა იყო საქართველოში. სამწუხაროდ, ისტორიული განვითარების თვალსაზრისით, ეს უპირატესობა საქართველომ ვერ გამოიყენა!


                        ეიფორია და ახალი ხელისუფლება

1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალპარტიული არჩევნების შედეგად შეიქმნა ეიფორიული მდგომარეობა, რასაც სუბიექტურთან ერთად ობიექტური ფაქტორებიც განაპირობებდა. ერთის მხრივ, საზოგადოების საერთო ამაღლებული განწყობა მიანიშნებდა, რომ შესაძლებელი იყო ერის კონსოლიდაციის რეალური წინაპირობების შექმნა, მეორეს მხრივ, პრაქტიკულად დადგა ურთულესი ამოცანა: _ ახალი ტიპის სახელმწიფოს მშენებლობისა. ეს დიდი პრობლემა ახალი გამარჯვებული პოლიტიკური ძალისგან მოითხოვდა საზოგადოებრივი პროცესების ღრმა ცოდნას, სახელმწიფოებრივ აზროვნებას, რაც მთავარია, მოზღვავებული ეროვნული ენერგიის სწორად წარმართვას. დადგა მოქმედების დრო. დისიდენტური აზროვნება საკმარისი არ აღმოჩნდა, ამასთან იმძლავრა მიტინგობანას პათოსმა.


პოლიტიკური თავისუფლების მოპოვებით გამოწვეულ აღტკინებასთან ერთად გამოჩნდა ისტერიული მოწოდებებიც, რომლებიც აუბრალოებდა ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობას. მაგალითად, „მზად ვართ ბალახით ვიკვებოთ“, „ბორჯომის წყალი გადაგვარჩენს“, „ბაზარი ყოვლისშემძლეა, იგი თვითონ უზრუნველყოფს კეთილდღეობას“, „სახელმწიფო არ ჩაერიოს ეკონომიკაში“, „საკმარისია ქართველ გლეხს მიწა საკუთრებაში მივცეთ, რომ ქვეყანა გამდიდრდეს“.

ეს ლოზუნგები დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება გულუბრყვილოდ მოგვეჩვენოს, მაგრამ მაშინდელი პოლიტიკური პროცესის აქტიური ნაწილის ასეთი პოზიცია არსებითად განსაზღვრავდა ქვეყნის განვითარების ვექტორს და მოიაზრებოდა მთელი საზოგადოების სულისკვეთებად. ამასთან, საზოგადოების ყველაზე რადიკალური ჯგუფები ახალი ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ რუსეთთან ომის ოფიციალურად გამოცხადებას, რუსეთისთვის ეკონომიკურ ბლოკადას, „წითლებსა“ და „თეთრებს“ შორის (ეს მათი ტერმინია) შეურიგებელ ბრძოლას, საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური საფუძვლების „ბულდოზერით“ მოსწორებას და სხვ.


ასეთი ზეწოლა ხელს უწყობდა ესკალაციას, ამკვიდრებდა უნდობლობას. ახალ, თანაც გამოუცდელ ხელისუფლებაში თავი იჩინა წინააღმდეგობებმა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ერთიანი პოლიტიკური გუნდი გაიხლიჩა, სამოქალაქო დაპირისპირების კერები ჩამოყალიბდა. ასეთ პირობებში უზენაესმა საბჭომ უხეში შეცდომა დაუშვა და უსაფუძვლო გადაწყვეტილება მიიღო _ კომუნისტი დეპუტატები დაითხოვა. საზოგადოება გაიხლიჩა. ეროვნული ენერგია ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების ამბიციებში გაიფანტა, ხელისუფლება მრავალმხრივი დაწოლის ქვეშ აღმოჩნდა. ქვეყნის პრეზიდენტი (როგორც გარედან, ასევე შიგნიდან) იზოლაციაში მოაქციეს. საზოგადოებაში წონასწორობის აღდგენისთვის პროფესიონალების (მათ შორის კომუნისტების) მიწვევის მცდელობა დაგვიანებული იყო. შეცდომა იყო არსებული სახელმწიფო სტრუქტურების მყისიერი მოშლა, გამოცდილი კადრების მასობრივი დათხოვნა, საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის ხელოვნურად შექმნილი დაპირისპირება და სხვ.


სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ 1991 წელს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ წამოაყენა ქვეყნის (ეკონომიკის) განვითარებაში კონვერგენციული მიდგომის (პრინციპების) გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხი. ეს ფაქტობრივად ნიშნავდა თანამედროვე მიდგომებით და არა ცალკეული „იზმების“ გავლენით ჩამოყალიბებული დოგმებით ქვეყნის სტრატეგიულ განვითარებაზე  ორიენტაციას. იმ დროისთვის ასეთი პოლიტიკურ-თეორიული მიდგომა (მსოფლმხედველობითი პოზიცია) ჩემი აზრით, ობიექტურიც იყო და პრინციპულიც, ამასთან გამართლებული სტრატეგიული დატვირთვაც ჰქონდა. სამწუხაროდ, სამხედრო გადატრიალებით (მისი უკიდურესი ფორმით) კონვერგენციის თეორია და მისი ავტორი ზვიად გამსახურდიას მთავრობა დაამხეს!


საქართველომ ხელიდან გაუშვა ისტორიული შანსი და ობიექტურად ჩამოყალიბებული შესაძლებლობა კოალიციურ საწყისებზე (ეროვნული კომპრომისი _ თანხმობა) ჩამოყალიბებულიყო ადეკვატური სახელმწიფო, ეკონომიკური და საზოგადოებრივი სისტემები და თანდათანობით, ეტაპობრივად გამკლავებოდა დროით ნაკარნახევ სიძნელეებს და წარმატებით აეშენებინა ქვეყნის მომავალი.


სამხედრო გადატრიალების შემდეგ მოსული ხელისუფლება შეეცადა დაეჩქარებინა „თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე“ (კერძო კაპიტალიზმზე) ეროვნული მეურნეობის გადასვლის პროცესი და რაც ნიშანდობლივია, ამ ამოცანის გადაწყვეტა დაიწყო სახელმწიფო (სამინისტროების, უწყებების), რეგიონული სტრუქტურების გაუაზრებელი რეორგანიზაციით. მათთვის ფუნქციონალური უწყების სტატუსის განსაზღვრით, მაშინ, როცა ექსტრემალურ პირობებში სახელმწიფო სტრუქტურების მამობილიზებელი როლის გაძლიერება იყო საჭირო. ამან გამოიწვია ისედაც უმართავი სიტუაციის გაღრმავება-გამძაფრება და გარდაქმნების რთული პროცესის თვითდინებაზე მიშვება, რასაც. ამას მოჰყვა ეთნოკრიზისები და ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებაში აღმოჩნდა. რეალურად შეიქმნა ტერიტორიების დაკარგვის წინაპირობებიც. ბუნებრივია, ასეთი წინააღმდეგობების ფონზე ქვეყანა, განსაკუთრებით მისი ეკონომიკა, ქაოსმა მოიცვა.


ამრიგად, ეროვნული ეკონომიკის განვითარების ახალი, პოსტსაბჭოთა ეტაპი საზოგადოების დაბნეულობით, სამოქალაქო დაპირისპირებებით, კრიმინალური აზროვნების აღზევებით დაიწყო.თუ როგორ განვითარდა იგი, ეკონომიკამ როგორი ტრანსფორმაცია განიცადა, როგორია მისი ამჟამინდელი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლები, განვითარების პერსპექტივა _ ჩემს მოსაზრებებს მოკლედ გაგაცნობთ.


ნოდარ ჭითანავა

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი,

პროფესორი