Iverioni
«    ოქტომბერი 2017    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
ოქტომბერი 2017 (7)
სექტემბერი 2017 (4)
აგვისტო 2017 (7)
ივლისი 2017 (8)
ივნისი 2017 (9)
მაისი 2017 (4)
6-03-2017, 14:52
ნანახია: 924

ეკონომიკური ზიგზაგები და პასუხგაუცემელი კითხვები



წერილი მეორე

ეროვნული ეკონომიკის ტრანსფორმაციის ზიგზაგები


1990 წლიდან განვლილ პერიოდში საქართველოს ეკონომიკის ტრანსფორმაციის ოთხი ძირითადი ეტაპი შეიძლება გამოვყოთ. ესენია: I ეტაპი _ 1991-1995 წლები, II ეტაპი _ 1996-2003 წლები, III ეტაპი _ 2004-2012 წლები და IV ეტაპი _ 2013 წლიდან.

თითოეულ ეტაპს საკუთარი, ერთმანეთისგან განმასხვავებელი ნიშნები, თავისებურებები და ტენდენციები აქვს. მათი ანალიზი საშუალებას მოგვცემს რეალურად წარმოვიდინოთ ეკონომიკური გარდაქმნების მთლიანობითი პროცესი.

I ეტაპზე უაღრესად რთულ პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში მიზანმიმართულად დაიწყო მემკვიდრეობით მიღებული პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემების მყისიერი დაშლა-დანგრევის (და არა დემონტაჟის) პროცესი. შედეგმაც არ დააყოვნა _ 1994 წელს მშპ შეადგენდა 1988 წლის მხოლოდ 27,8%-ს. კატასტროფულად დაეცა: სამრეწველო პროდუქციის წარმოება (85 პროცენტული პუნქტით), სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება (2-ჯერ), კაპიტალური დაბანდებები (97,2 პროცენტული პუნქტით), ტვირთბრუნვის მოცულობა (67 პროცენტული პუნქტით).

აღსანიშნავია, რომ 1994 წელს წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მოცულობა პირველად მიღწეულ იყო 1954 წელს (40 წლის წინათ), სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოცულობა 1945 წელს (49 წლის წინათ), კაპიტალური დაბანდებების მოცულობა _ 1959 წელს (35 წლის წინათ), ტვირთბრუნვა (რკინიგზის ტრანსპორტით) _ 1940 წელს (54 წლის წინათ). ყოველივე ეს ადასტურებდა, რომ ქვეყნის ეკონომიკა შევიდა სისტემურ კრიზისში. ამასთან, 1994-1995 წლებში ხელისუფლებამ რიგი ღონისძიებები განახორციელა. კერძოდ, 1994 წელს მიღებულ იქნა ანტიკრიზისული პროგრამა, 1995 წელს _ ქვეყნის კონსტიტუცია. დაიწყო მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელება. დამტკიცდა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატური გეგმა, მიღებულ იქნა ეროვნული ვალუტა _ ლარი. ყოველივე ამან ეკონომიკის სისტემიდან გამოყვანის ფონი შექმნა, ეკონომიკაში გამოცოცხლების ნიშნები გაჩნდა.

II ეტაპისთვის (1996-2003 წწ.) დამახასიათებელი იყო მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის შედარებით მაღალი ტემპები (ზრდის ტემპმა შეადგინა 1996 წელს წინა წელთან შედარებით 111,2%), 1997 წ. _ 110,8%, 200 წელს _ 101,8 (რაც გამოწვეული იყო რუსეთის 1998 წლის კრიზისის გავლენით), 2001 წელს _ 104,2%, 2002 წელს _ 105,5%, 2003 წელს _ 111,1%. ამავე წელს მშპ 1990 წლის მიმართ შეადგინა 46,8%.

ამ ეტაპზე ძირითადად განხორციელდა სახელმწიფო საკუთრების პრივატიზაცია, რომლის შედეგად ჩამოყალიბდა მკვეთრად დიფერენცირებული საზოგადოება. ამ პერიოდში აღინიშნა ეკონომიკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაჩანაგება. აგრარულ სექტორში მსხვილი წარმოება შეიცვალა წვრილი წარმოებით. ამასთან, გაფართოვდა მსოფლიო ინტეგრაციულ პროცესებში ეროვნული ეკონომიკის მონაწილეობა, დამყარდა მჭიდრო თანამშრომლობა საერთაშორისო ეკონომიკურ და ფინანსურ სტრუქტურებთან, საქართველო მიიღეს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრად, გამოიკვეთა ეკონომიკის სოციალური ორიენტაციაც. ამასთან, ამ ეტაპზე დაფიქსირდა კორუფციის მაღალი დონე. მიუხედავად მშპ-ის ზრდის შედარებით მაღალი მაჩვენებლებისა (ამოსავალი საწყისი იყო დაბალი) ეკონომიკა ისევ კრიზისში იმყოფებოდა და „ფუნქციონირებდა“ ეგზოგენური ფაქტორების გავლენით.

III ეტაპზე (2004-2012 წწ.) ქვეყანაში დეკლარირებული იყო კორუფციასთან, ეკონომიკურ დანაშაულთან კომპლექსური ბრძოლა (შესაბამისი ღონისძიებებით), უფრო გაღრმავდა საერთაშორისო სტრუქტურებთან კავშირები, პრიორიტეტული მნიშვნელობა მიეცა ინსფრასტრუქტურის სწრაფი ტემპებით განვითარებას („ტრასეკასა“ და „ენერგეტიკული დერეფნის“ ობიექტების დიდი ნაწილი ექსპლუატაციაში შევიდა). გაფართოვდა საავტომობილი გზების მშენებლობა, შეიცვალა სოციალური სფეროს ფუნქციონირების პრინციპები. გაუაზრებლად განხორციელდა მეცნიერების რეორგანიზაცია, რასაც არსებული სისტემის ნგრევა მოჰყვა. გაიზარდა უცხოური პირდაპირი ინვესტიციები, 7-ჯერ გაიზარდა სახელმწიფო შემოსავლებიც. განხორციელდა „აგრესიული პრივატიზაცია“ (სლოგანი „ყველაფერი გაიყიდოს სინდისის გარდა“). ამ ეტაპზე ზრდის ტემპმა შეადგინა 2004 წელს _ 105,9%, 2005 წელს _ 109,6%, 2006 წელს _ 109,4%, 2007 წელს _ 112,3%, 2008 წელს _ 102,6%, 2009 წელს _ 96,3% (რუსეთ-საქართველოს ომი), 2010 წელს _ 106,2%, 2001 წელს _ 107,2%, 2012 წელს _ 106,4%.

ამ ეტაპზე ეროვნული ეკონომიკა მოწყდა ტრადიციულ რუსულ ბაზარს. 2008 წლის საომარმა მოქმედებებმა მნიშვნელოვნად შეაფერხა ეკონომიკის განვითარება. 2012 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობამ 1990 წლის მიმართ შეადგინა 80%, ხოლო მის სტრუქტურაში სამრეწველო პროდუქციის წარმოების მოცულობამ _ 53,7%, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებამ _ 37,6%. ამ პერიოდში მნიშვნელოვანი იყო მსოფლიო თანამეგობრობის მხარდაჭერა (2008 წელს საქართველოს 4,5 მლრდ. დოლარი გამოეყო). მიუხედავად ეკონომიკის გამოცოცხლებისა, რასაც ადასტურებდა ზრდის სიმპტომები, ამ ეტაპზეც ეკონომიკა კრიზისში (უფრო სწორად, მის ქრონიკულ ფაზაში) იმყოფებოდა და ცალკეულ პერიოდებში ავლენდა გამოცოცხლების ნიშნებს.

განვლილ პერიოდში (1990-2012 წწ.) ეკონომიკის ტრანსფორმაციის გამოკვეთილ თავისებურებად გამოვლინდა განვითარების ზიგზაგისებური ხასიათი: ცალკეულ ეტაპებზე გამოცოცხლება და დეპრესია, ტრანსფორმაციული პროცესების თვითდინებაზე მიშვება და ეპიზოდურად სახელმწიფოს მხრივ კოორდინაციის ფუნქციების განხორციელების ნება, ღია ეკონომიკის წესებით (პრინციპებით) ფუნქციონირება და სამამულო წარმოების ინტერესების დაცვის სპონტანური მცდელობები, ჩრდილოვან ეკონომიკასთან დეკლარირებული ბრძოლა და ეროვნული სიმდიდრის ძარცვის მოტივაციის („ელიტური ხერხების“ გამოყენებით) აღზევება.

IV ეტაპის (2013 წლიდან) დაწყება დაკავშირებულია ახალი ხელისუფლების („ქართული ოცნების“) ეკონომიკის მიმართ დამოკიდებულების შეცვლასთან. ხელისუფლებამ უპირატესობა მიანიჭა ეკონომიკური და ორგანიზაციული ფაქტორების აქტიურად გამოყენებას. 2013-2016 წლებში ეკონომიკის განვითარებაში აღინიშნა ზოგიერთი პოზიტიური პროცესი. კერძოდ, ინტეგრაციული პროცესები გაფართოვდა (რუსეთი, ჩინეთი), ეკონომიკური პროტექციონიზმის (როგორც მანევრირების საშუალების) ჯანსაღი ელემენტების (მიწის დამუშავება, გასარწყავება, ცალკეული პროდუქციის წარმოების სტიმულირება, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და სხვ.) და ბიზნესთან პარტნიორული ურთიერთობების მოქნილი ფორმების გამოყენებით მოტივაცია გაიზარდა, თანამედროვე ტექნოლოგიებზე ახალი სიმძლავრეები შეიქმნა, სამუშაო ძალის კვალიფიკაციის ამაღლების სისტემა ყალიბდება და ა.შ. თუმცა, ეს მხოლოდ  ეკონომიკური პროცესების გაჯანსაღების სიმპტომებია და ჯერ კიდევ არ იძლევა საფუძველს, რომ  ჩამოყალიბებულ ტენდენციებად მივიჩნიოთ.

აქვე აღვნიშნავთ, რომ გარდამავალი პერიოდის ერთ-ერთ კონცეპტუალურ თავისებურებას წარმოადგენს ეკონომიკის მრავალწყობიანობა (მრავალსუბიექტიანობა). მხედველობაში გვაქვს კერძო, სახელმწიფო და წვრილსასაქონლო წყობის ერთიან პროცესში ფუნქციონირება. თუ კაპიტალიზმიდან სოციალიზმზე გარდამავალ პერიოდში მრავალწყობიანობა განიხილებოდა როგორც გარდამავალი ეკონომიკის თვისება, აუცილებელი წინაპირობა შემდგომში ერთწყობიან (სოციალისტურ) ეკონომიკურ სისტემაზე გადასვლისთვის, სოციალისტური ეკონომიკური სისტემიდან თანამედროვე საბაზრო პრინციპებზე ამჟამად ფორმირებული მრავალწყობიანობა (მრავალსუბიექტიანობა) უნდა განვიხილოთ, როგორც ქვეყნის ახალი (მომავალი) ეკონომიკური სისტემის მატერიალური, სამართლებრივი და ორგანიზაციული საფუძველი. მომავალში საკუთრების ერთ რომელიმე ფორმაზე (თუნდაც კერძო საკუთრება) ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბება საზოგადოებრივ ურთიერთობათა განვითარების ლოგიკითაც არარეალურია.

თანამედროვე მსოფლიო გამოცდილებით დასტურდება საკუთრებისა და მეურნეობრიობის ფორმების პლურალიზმის უპირატესობა. ამას ადასტურებს განვითარებული ქვეყნების გენეზისი, ეკონომიკურ წყობათა ურთიერთშეღწევის, ურთიერთგანპირობებულობის მაღალი დონე, განვითარებაში სოციალური მიმართულების აღიარება და სხვ.

ეკონომიკის ტრანსფორმაციის პროცესში აღმოჩნდა, რომ თავად ობიექტური პროცესი _ საბაზრო პრინციპებზე გადასვლა _ დამანგრეველი ფაქტორი გახდა. ეს მაშინ, როცა სოციალიზმზე გარდამავალ პერიოდში მაღალი ტემპებით განვითარდა ეკონომიკა, შეიქმნა მისი თანამედროვე დარგები, არნახულ დონეს მიაღწია განათლების, მეცნიერების, კულტურის განვითარებამ. საკმარისია, თუნდაც ერთი მაგალითის დასახელებაც. 1897 წელს საქართველოში ჩატარებული მოსახლეობის აღწერის მიხედვით, სოფლად ცხოვრობდა 85%, მათ შორის, წერა-კითხვის უცოდინარი იყო 78%. 1989 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 99,8% წერა-კითხვის მცოდნე იყო, რაც მსოფლიოში (იმ პერიოდში) ერთ-ერთ მაღალ მაჩვენებლად იყო აღიარებული.

ეს მოვლენა უნდა აიხსნას იმით, რომ სოციალიზმზე გადასვლის პერიოდში ტრანსფორმაციული პროცესების რეგულირება წარმოადგენდა სახელმწიფოს ექსკლუზიურ ფუნქციას. ხოლო საბაზრო პრინციპებზე გარდამავალ პერიოდში სწორედ სახელმწიფომ (რომლის ინტერესებს ხელისუფლება გამოხატავდა) სწორად ვერ განსაზღვრა სტრატეგიული განვითარების კურსი, უარი თქვა საკუთარი, ექსკლუზიური ფუნქციების შესრულებაზე. ურთულესი პროცესების რეგულირება ცალმხრივად, რევანშიზმზე დაფუძნებულ „ლიბერალიზაციას“ მიანდო (უფრო ვრცლად ქვევით განვიხილავთ). მივიღეთ „ველური კაპიტალიზმი“ და „სოციალური დარვინიზმის“ პრინციპებზე მოქმედი სისტემა. 1995 წელს სულ სახალხო მეურნეობაში საშუალო ნომინალური ხელფასი შეადდგენდა 13,6 ლარს, მათ შორის, მრეწველობაში _ 20,5 ლარს, სოფლის მეურნეობაში _ 4,6 ლარს, ვაჭრობაში _ 8,7 ლარს. ამავე წელს პენსია შეადგენდა 8 ლარსა და 50 თეთრს, სურსათის სადღეღამისო მოხმარებამ შეადგინა 1695 კ/კალორია.

ამასთან, განვლილ პერიოდში ჩამოყალიბდა ქვეყნის განვითარების ხელშემწყობ ფაქტორთა ერთობლიობა. საქართველოს ეკონომიკის ტრანსფორმაციაზე დიდი გავლენა აქვს გეოპოლიტიკასა და გეოეკონომიკას. როგორც პოზიტიური მოვლენა უნდა აღინიშნოს საერთაშორისო პროექტების („ტრასეკა“, „ენერგეტიკული დერეფანი“) რეალიზაცია. საქართველომ შეიძინა ახალი ფუნქცია _ მის ტერიტორიაზე საერთაშორისო კაპიტალის ფორმირებაში მონაწილე სუბიექტის ფუნქცია. გეოეკონომიკური უპირატესობა ჩამოყალიბდა როგორც სტრატეგიული რესურსი. საქართველო ევროპისა და აზიის ქვეყნების ეკონომიკური ინტერესების ობიექტი გახდა.

გარდამავალ პერიოდში ბევრ ბუნდოვან კითხვას გაეცა პასუხი. უფრო ცხადი გახდა, რომ თავისუფლება და წესრიგი თავსებადია, მაგრამ იგი ავტომატურად არ მიიღწევა. აუცილებელია სახელმწიფოს მრავალმხრივი ძალისხმევა, პროფესიული მიდგომა. სოციალურ-ეკონომიკური პროცესების გეგმაზომიერი მართვა (რეგულირება) რომელიმე პოლიტიკური იდეოლოგია კი არ არის, არამედ საზოგადოების განვითარების საყოველთაოდ აღიარებული კანონზომიერებაა. საზოგადოება ბაზარს კი არ ემსახურება, პირიქით, ბაზარი საზოგადოებას, თანაც არა მხოლოდ მის ერთ ნაწილს, არამედ საერთოდ, ადამიანს, საზოგადოების ყველა წევრს. აქედან ცხადია, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა (სოციალურ-ეკონომიკური სისტემა) ქვეყნის გრძელვადიან სტრატეგიას უნდა დაეფუძნოს.

განვლილ პერიოდში არ დადასტურდა ზოგიერთი კონცეპტუალური და მეთოდოლოგიური მიდგომაც. მაგალითად საბაზრო მექანიზმზე გაფეტიშებული წარმოდგენები, საერთაშორისო ეკონომიკური და სხვა სტრუქტურების, ასევე საქართველოს სახელისუფლებო ორგანოების, ქართველ მეცნიერთა ერთი ნაწილის მიერ შემოთავაზებული „რეკომენდაციების“ მართებულობა. თვითრეგულირების („უხილავი ხელის“) უნივერსალური ხასიათის შესახებ სტერეოტიპი დაიმსხვრა. ამასთან კვლავინდებურად მძლავრობს ილუზია, რომ დროთა განმავლობაში სტიქია ჩაცხრება და გამოვალთ კრიზისიდან.

პოზიტიურია ის, რომ ტრანსფორმაციის პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდა. ფარდა აეხადა ზიგ-ზაგისებური ხასიათის წარმომშობ მიზეზებს. საზოგადოება მიხვდა: ვინ, ვინ არის.  ეკონომიკის სოციალურ ორიენტაციას საზოგადოება მხარს უჭერს. მკვიდრდება საბაზრო მენტალიტეტი. გეოეკონომიკური უპირატესობა სახეზეა. საზოგადოება აცნობიერებს სოციალური პოლარიზაციის საშიშ ხასიათსაც.

ეკონომიკა ჩართულია ინტეგრაციულ პროცესებში, კერძო სექტორი დომინირებადია (თუმცა იგი ჯერ კიდევ სუსტია), შეიქმნა საკუთრების ფორმების პლურალიზმის საფუძვლები, ჩამოყალიბდა საბაზრო ინფრასტრუქტურა, ქვეყანას აქვს მსოფლიო თანამეგობრობის მხარდაჭერა და ა.შ.

ამრიგად, განვლილ პერიოდში ეკონომიკის ტრანსფორმაციის შედეგად მივიღეთ ჯერ კიდევ სუსტი საბაზრო ეკონომიკური სისტემა, რომელიც სისტემური კრიზისის ქრონიკული ფაზისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს (ზიგზაგისებური ხასიათი) ატარებს. ეკონომიკა განვითარებაში ჩამორჩა. საზოგადოება ნელა გამოდის იძულებით ნაზიარები კრიმინალური აზროვნებიდან.

თუ პირობითად შევადარებთ განვლილ პერიოდში ეკონომიკის ტრანსფორმაციის შედეგების ნეგატიურ და პოზიტიურ მხარეებს, გვაქვს საფუძველი დავასკვნათ, რომ პოზიტიური აშკარად სჭარბობს. ეს უპირატესობა ოპტიმალურად უნდა გამოვიყენოთ _ იგი უნდა დაედოს საფუძვლად „გარღვევის“ სტრატეგიას.

 



პრივატიზაციის სოციალურ-ეკონომიკური ასპექტები



ეკონომიკური გარდაქმნების I ეტაპზე ცენტრალურ ამოცანად მიჩნეულ იქნა შეზღუდულ და ექსტრემალურ (სამოქალაქო დაპირისპირება) პირობებში სახელმწიფო საკუთრების მასობრივი პრივატიზაცია, მაშინ, როცა (ნორმალურ პირობებში) მისი დიფერენცირებულად და ეტაპობრივად განხორციელება იყო საჭირო.

ვიდრე პრივატიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს განვიხილავდე, მიზანშეწონილია გავეცნოთ პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩატარებული სახელმწიფო საკუთრების პრივატიზაციის შესახებ ნობელის პრემიის ლაურეატის ჯოზეპ სტიგლიცის მოსაზრებებს. მისი აზრით „აქცენტი კეთდებოდა მხოლოდ კერძო საკუთრების შექმნასა და ვაჭრობის ლიბერალიზაციაზე. პრივატიზაციის პროცესს გარდამავალ ეკონომიკებში თან ახლდა მძიმე შეცდომები. დღეს ცხადია, რომ პრივატიზაციის მომხრეებმა ვერ შეაფასეს თვით პროცესის დანაკარგები _ განსაკუთრებით პოლიტიკური, აგრეთვე ის დაბრკოლებები, რომლებსაც დაჩქარებული პრივატიზაცია უქმნის შემდგომ რეფორმებს... რეფორმის გამოცდილების გათვალისწინებით, ასეთი პოლიტიკური არჩევა ყოველმხრივ უფრო გაუმართლებელი იყო“.

მსოფლიო ბანკის პირველი ვიცე პრეზიდენტის დიდი დაგვიანებით გამოხატული სინანული (ასეთივე პოზიცია აქვს ა. ბზეჟინსკის) გულისხმობს სიტუაციას, როცა კონცეპტუალურად და მეთოდოლოგიურად ქვეყანა არ იყო მომზადებული თავად პროცესის დაწყებისთვის. საქართველოში კი ექსტრემალურ პირობებში, როცა გამძაფრდა სამოქალაქო დაპირისპირება, გაღრმავდა ეთნოკრიზისი, როგორც აღინიშნა, საზოგადოება ეიფორიაში აღმოჩნდა, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის გარეშე, საზოგადოების ე.წ. აგრესიული ჯგუფების გავლენით (კრიმინოგენური ვითარება) დაიწყო სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია.

ამასთან, მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ პრივატიზაცია პოსტსოციალისტურ ქვეყნებში მოიაზრებოდა, როგორც ინსტიტუციური გარდაქმნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორმა, რომელსაც  უნდა გამოეწვია საზოგადოებრივ ფასეულობათა ღრმა ცვლილებები, ხელი შეეწყო თვისებრივად ახალი ტიპის სოციალურ-ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბებისთვის. თანაც სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის მასშტაბურად განხორციელების გამოცდილებაც არ არსებობდა.

ქვეყანაში პრივატიზაციის პროცესის ცენტრალური ფიგურა (სუბიექტი) თავად სახელმწიფო იყო. მან საკუთარი ქონების გასხვისება საზოგადოების დაწყნარების სოციალური და პოლიტიკური დაძაბულობის შერბილების ერთ-ერთ საშუალებად მიიჩნია და განსაზღვრა, რომ სახელმწიფო საკუთრების კერძო მფლობელობაში გადასვლა ფორსირებულად მოხდებოდა და ამით ბუნებრივად ჩამოყალიბდებოდა საბაზრო მექანიზმები ეკონომიკის თვითრეგულირების რეჟიმით ფუნქციონირებისთვის.

რა თქმა უნდა, ეს მიდგომა გაუმართლებელი იყო და შემდგომ პრაქტიკამაც ეს დაადასტურა.

პრივატიზაციის პროცესის მეორე მონაწილე _ მყიდველი აღმოჩნდა ის „აქტიური სუბიექტი“, ვისაც ადრე უკანონო შემოსავლები ჰქონდა და ნებისმიერი ქონების შეძენა საკუთარი კაპიტალის ლეგალიზებისთვის სჭირდებოდა. მისი ეს მიზანი ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესების „ჩარჩოში“ განთავსდა და დაჩქარდა იაფი პრივატიზაციის წინააღმდეგობრივი პროცესი, რომლის შედეგი ორივე მხარისთვის მისაღები აღმოჩნდა. სახელმწიფო ქონება „ფარულ მეპატრონეთა“ მიერ ხელოვნურად იძარცვებოდა, ფუნქციას კარგავდა ადრე მოქმედი მაღალრენტაბელური საწარმოები. ამ მეთოდით იშორებდნენ იქ დასაქმებულ „ზედმეტ“ პირებს, შემდეგ კი „უფუნქციო“ ობიექტი შეჰქონდათ საპრივატიზაციო ქონების ნუსხაში და წინასწარვე შეთანხმებული პირობებით გადადიოდა „ახალი ინვესტორის“ საკუთრებაში. აღინიშნა ისეთი მოვლენაც, რომელიც ცნობილია „ფულის გარეცხვით“. საზოგადოების „აქტიური“ ნაწილი ძირითადი ფონდების ხელოვნურად შემცირების (ასევე ვაუჩერების შესყიდვით) „მაღალწონიანი“ მესაკუთრე გახდა. მათ შეძლეს უკანონოდ შეძენილი ქონების ლეგალიზება. ეს მეთოდი მხოლოდ ქართული ხელწერისა არ არის.

პროცესის მესამე მონაწილე _ პრივატიზებული საწარმოს კოლექტივები და საზოგადოების დიდი ნაწილი, ე.წ. პასიური სუბიექტები ფაქტობრივად პროცესს ჩამოცილდნენ. მათ სახსრები არ გააჩნდათ, შემნახველ ბანკებში არსებული მათი ანაბრები უკვე გაუფასურებული იყო. ინფლაცია სამნიშნა ციფრებით დაფიქსირდა. მოშლილი იყო საფინანსო-საკრედიტო სისტემა. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, ქვეყანაში პოლიტიკური და სოციალური დესტაბილიზაცია უფრო გაძლიერდა. პრივატიზაციის დეკლარირებული მიზანი _ შექმნილიყო ახალი ტიპის მესაკუთრე, რომელიც პირადი მოტივაციით შეძლებდა ეფექტიანობის ამაღლებას, განუხორციელებელი დარჩა.

რა მოგვცა პრივატიზაციამ? 1998 წლისთვის სახელმწიფო სტატისტიკურ რეგისტრში ჩართულ საწარმოთა და ორგანიზაციათა მთლიან რაოდენობაში კერძო სექტორის წილი შეადგენდა 90,6%-ს, მუშაკთა რიცხოვნობაში _ 57,2%-ს. მთლიან შიდა პროდუქტში _ 74,7%-ს, სოფლის მეურნეობაში _ 90%-ს. სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 26,4%-ს, სახნავის _ 55%-ს, მრავალწლიანი ნარგავების _ 81,5%-ს, მსხვილფეხა რქოსანი საქონლის _ 97,6%-ს, ძროხის _ 100%-ს, ღორის _ 99%-ს, ცხვრისა და თხის _ 95%-ს, ფრინველის _ 100% კერძო საკუთრებაში იყო.

ექსპერტთა გათვლებით, 1996 წლის დასაწყისისთვის მოსახლეობის 1% ფლობდა ეროვნული სიმდიდრის 1/3-ს, დაგროვილი საშინაო ქონების 25-30%-ს. მოსახლეობის უმდიდრესი 10%-ის წილად მოდიოდა ფარული პრივატიზების 9/10, ღია პრივატიზების 35-40%, მიმდინარე შემოსავლების 35%, კერძო და აქციონერულ საკუთრებაში გადასული ძირითადი ფონდების 70-75%. ეს მონაცემები ადასტურებენ, რომ 3 წლის მანძილზე საქართველოში „მოხერხდა“ სახელმწიფო საკუთრების უდიდესი ნაწილის კერძო პირების საკუთრებაში გადაცემა.

პრივატიზაციის ე.წ. აგრესიულ ეტაპზე „ვარდების რევოლუციით“ მოსულმა ხელისუფლებამ სლოგანით: „ყველაფერი გაიყიდოს სინდისის გარდა“ განახორციელა ისეთი ქონების (ობიექტების) გასხვისებაც, რომლებსაც თანამედროვე მენეჯმენტის პირობებში შეეძლოთ ეფექტიანად ფუნქციონირება. პრივატიზაციის აგრესიულ ხასიათს შეეწირა განათლების და მეცნიერების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მეთესლეობის, სანერგე მეურნეობების, ჯიშთა გამოცდისათვის განკუთვნილი მიწის ფართობებიც. აღსანიშნავია, საქართველოში სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პოლიტიკური ასპექტიც. იგი ჩატარდა რუსეთის რეფორმისტული კურსისადმი ბრმა მიბაძვით, რომელიც საერთაშორისო საფინანსო სტრუქტურების რეკომენდაციებს („შოკური თერაპია“) ეყრდნობოდა და უფრო იდეოლოგიურ ამოცანებს (სოციალისტური ეკონომიკის მატერიალური და ორგანიზაციული საფუძვლების მოშლა) ემსახურებოდა, ვიდრე ეკონომიკურ მიზანშეწონილობას. ჯ. სტიგლიცის ზემოთ მოყვანილი მოსაზრებაც ამას ადასტურებს.

პრივატიზაციის არაეკონომიკური მიზანშეწონილობით ჩატარების შედეგად ჩამოყალიბდა ახალ მესაკუთრეთა და საზოგადოების უდიდესი ნაწილის (რომელმაც ქონება ვერ მიიღო) დაპირისპირების ეკონომიკური და ფსიქოლოგიური საფუძველი. როგორც მოსალოდნელი იყო, ახალმა მესაკუთრეებმა, რომლებსაც სხვადასხვა წარმომავლობა აქვთ (ნომენკლატურული, მაფიოზური, ლობისტური და სხვა) ვერ შეძლეს შეძენილი ქონების მართვა და ამით ხელი შეუწყვეს სამრეწველო, აგრარული და სამეცნიერო პოტენციალის მკვეთრად დაქვეითების, ეკონომიკის კრიმინალიზაციის გარემოს შექმნას, რამაც უფრო გააღრმავა ეკონომიკური კრიზისი. ეს კარგად ჩანს ქვემოთ მოტანილი მონაცემებიდან. მაგალითად, 1998 წელს მშპ მოცულობამ 1988 წლის მიმართ შეადგინა 36,5%, სამრეწველო პროდუქციის წარმოებამ _ 15%, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებამ _ 59,6%, კაპიტალურმა დაბანდებებმა _ 13,4%, ტვირთზიდვების მოცულობამ _ 20,9%. მშპ სტრუქტურაში მრეწველობის წილმა შეადგინა მხოლოდ 13%. აღზევდა კორუფცია. სამწუხაროდ, ეს ტენდენცია შემდგომ პერიოდშიც გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, ბიზნეს რეგისტრის მიხედვით ქვეყანაში აღრიცხული იყო 647.875 სუბიექტი, მათ შორის აქტიური _ 165.053. საკუთრების ფორმების მიხედვით 637.909 ანუ 98,5% კერძო საკუთრების მფლობელია. შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრების ბაზაზე ფუნქციონირებს მხოლოდ 0,9%, მუნიციპალიტეტების _ 0,3, საკუთრების სხვა ტიპს მიეკუთვნება 0,3%.


2015 წლის მონაცემებით მრეწველობის პროდუქციის _ 96 %, მშენებლობის _ 99%, სოფლის მეურნეობის _ 100%, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის 78% კერძო სექტორში იწარმოებოდა.

ამრიგად, ეროვნულ ეკონომიკაში დომინირებადია კერძო სექტორი, მაგრამ იგი ჯერ კიდევ არაეფექტიანია. ეს ძირითადად  (სხვა მიზეზებთან ერთად) გამოწვეულია პრივატიზაციისას დაშვებული უხეში შეცდომებით, მეტწილად დანაშაულებრივი ქმედებებით. დადასტურდა, რომ სოციალისტური ეკონომიკის კერძო კაპიტალისტურ ეკონომიკად ტოტალურად გარდაქმნის იდეოლოგიზებული დოქტრინის განხორციელებას (რომელიც სახელმწიფო საკუთრების მყისიერად სრულად კერძო საკუთრებით ჩანაცვლებას ითვალისწინებდა) ეკონომიკური კრიზისის გაღრმავება მოჰყვა.

პრაქტიკამ ცხადყო, რომ გარდამავალ პერიოდში პოსტსოციალისტურ ქვეყნებში ბუნებრივია შერეული (მრავალსუბიექტიანი) ეკონომიკის ფორმირება-ფუნქციონირება, რათა მომავლისთვის მომზადდეს საკუთრებისა და მეურნეობრიობის ფორმების პლურალიზმის გარემო. ისიც ცხადი გახდა, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია გულისხმობს ახალი მესაკუთრის შექმნასთან ერთად, ასევე ახალი ორგანიზაციული და საწარმოო სტრუქტურების ფორმირებასაც. იგი არა მხოლოდ სიმდიდრის, არამედ სამეურნეო საქმიანობის შედეგებისთვის პასუხისმგებლობის გადანაწილებაცაა. იგი არ არის ეკონომიკური გარდაქმნების მიზანი (როგორც ჩვენთან იყო), არამედ ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლების საშუალებაა, რაც უნდა მოხდეს შრომითი რესურსების რაციონალური გადანაწილებით, ტექნიკურ სიახლეთა დანერგვით, მმართველობითი სტრუქტურის სრულყოფით, შრომის მოტივაციის გაძლიერებით და სხვ.

ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ სახელმწიფო საკუთრების პრივატიზაცია, რომელიც პოსტსაბჭოთა საქართველოში განხორციელდა, თავისი შინაარსით, თავისებურებებით მისი ტრადიციული ფორმებისგან არსებითად განსხვავდება (მოიცავს მთლიანად ეროვნულ ეკონომიკას) და არა მხოლოდ მის „წერტილოვან“ მიმართულებებს, როგორც განვითარებულ ქვეყნებში, რამაც გამოიწვია სირთულეები თვით პროცესის რეგულირებაში.

მიუხედავად იმისა, რომ პრივატიზაცია სამივე ეტაპზე (მომზადება, საკუთრივ პრივატიზაცია და პოსტპრივატიზაციული პერიოდი) სერიოზული სამართლებრივი, სოციალური, ზნეობრივი ხასიათის დარღვევებით განხორციელდა, მან, ფაქტობრივად, შეასრულა საქართველოში საბაზრო ურთიერთობათა საფუძვლის ჩამოყალიბების ფუნქცია. ისიც დადასტურდა, რომ კერძო სექტორის დამკვიდრება, მესაკუთრის ჩამოყალიბება, საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების ხელშემწყობი პირობების მომზადება ყველა დროში სახელმწიფოს ისტორიული ფუნქციაა.

პრივატიზაციის შედეგებმა ახლებურად დააყენა საკუთრებისადმი დამოკიდებულების საკითხიც. დადასტურდა ისიც, რომ კერძო საკუთრებას, ისევე როგორც სახელმწიფო საკუთრებას, აბსოლუტური ხასიათი არა აქვს. ვერც ერთი მათგანი თავისთავად ვერ უზრუნველყოფს ეფექტიანობას, დემოკრატიული ეკონომიკის დაბალანსებულ ფუნქციონირებას. აღმოჩნდა, რომ კერძო სექტორსაც აქვს თავისი ადგილი („ნიშა“), რომლის იქით მისი განვითარება „უხილავი ხელის“ მოქმედებით ეფექტიანი არ არის. ასევე ითქმის სახელმწიფო სექტორზეც, რომელიც ცალმხრივად (საბაზრო მექანიზმების გარეშე), ეკონომიკის ეფექტიანობას ვერ უზრუნველყოფს.

ამრიგად, საკუთრების ეფექტიანობა არსებითად დამოკიდებულია, არა მხოლოდ იმაზე, ვის ეკუთვნის იგი, არამედ იმაზე, მესაკუთრე როგორ უზრუნველყოფს მის მართვას, წარმოებისა და შრომის ორგანიზაციას, თანამედროვე მენეჯმენტის პრინციპების (ფუნქციების) შესრულებას. საქართველოში  პრივატიზაციის სამივე ეტაპზე ეს პრინციპი დაირღვა. შედეგი სახეზეა _ არაეფექტიანი სოციალურ-ეკონომიკური სისტემა.


ნოდარ ჭითანავა

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი,

პროფესორი