Iverioni
«    აგვისტო 2017    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
აგვისტო 2017 (3)
ივლისი 2017 (8)
ივნისი 2017 (9)
მაისი 2017 (4)
აპრილი 2017 (5)
მარტი 2017 (18)
14-03-2017, 10:54
ნანახია: 1273

რატომ არ იქმნება საშუალო ფენა საქართველოში?!

 

 

წერილი მეოთხე

 

 

ვაგრძელებთ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ნოდარ ჭითანავას სტატიების ციკლის „ეკონომიკური ზიგზაგები და პასუხგაუცემელი კითხვები“ გამოქვეყნებას.

 

ამჯერად გთავაზობთ მეოთხე წერილს „რატომ არ იქმნება საშუალო ფენა საქართველოში?!“

გარდაქმნების მიმდინარე პროცესებმა დაადასტურა მცირე და საშუალო ბიზნესის განსაკუთრებული როლი ეროვნული მეურნეობის ფორმირებისა და ეფექტიანი ფუნქციონირების სოციალური და ორგანიზაციული პირობების მომზადებაში. დადასტურდა, რომ საქართველოში მცირე მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი ობიექტური პირობები რეალურად არსებობს. მაგალითად, ქვეყნის მეურნეობრიობის ბუნებრივ-საწარმოო თავისებურებანი, ტრადიციები, სამუშაო ადგილის შექმნის (დასაქმების), სამომხმარებლო ბაზრის ეროვნულ ნიადაგზე ჩამოყალიბების საჭიროება და სხვ.

საქართველოში მცირე მეწარმეობის განვითარების რამდენიმე თავისებურება გამოვლინდა. XX საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევარში საბჭოთა კავშირში მიღებულმა კანონებმა, რომლებიც შეეხებოდა მცირე მეწარმეობის (კოოპერატივების) განვითარებას, იჯარის პრინციპების გამოყენებას და ა.შ. ხელი შეუწყო სახელმწიფო საწარმოების ბაზაზე მცირე ბიზნესის სწრაფ განვითარებას. ამიტომ იგი განსაკუთრებულ პირობებში აღმოჩნდა (იაფი ნედლეული, მასალები, შრომის საშუალებები, შეღავათიანი სატრანსპორტო ტარიფები, იაფი კრედიტები, საგადასახადო მექანიზმების გავლენიდან ფაქტობრივად გამოსვლა, ფაქტორთა ერთობლიობით ჩამოყალიბდა და გზა გაუხსნა კრიმინალური ეკონომიკის შექმნას). ნიშანდობლივია, რომ მცირე მეწარმეობამ, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოსგან სათანადო მხარდაჭერაც არ ჰქონდა, ეკონომიკის სტიქიურად განვითარების წინააღმდეგობრივ პროცესში შეძლო სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება, აჩვენა, რომ ღრმა კრიზისის პირობებში იგი ხელს შეუწყობს დასაქმებას, გარდაქმნების პროცესში ადამიანების ჩართვას, რყეების დროს ახალ გარემოსთან ადაპტირებას და სხვ.

მიუხედავად მცირე მეწარმეობის განსაკუთრებული როლის გაცნობიერებისა, საქართველოში (სხვადასხვა პირობებში მიღებული სამთავრობო გადაწყვეტილებები) იგი ობიექტურად არსებული პირობების შესაბამისად არ ვითარდება. ეს მაშინ, როცა მისი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფუნქცია საშუალო ფენის ჩამოყალიბება, ასევე კონკურენციული ფუნქცია _ ბაზარზე კონკურენციაში მონაწილეობა, დასაქმების ფუნქცია _ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და სხვ. სახელმწიფოს მიერ დეკლარირებულია და თავის დროზე შემოთავაზებული სლოგანის „საქართველო სიღარიბის გარეშე“ განხორციელების მთავარ პირობად იყო აღიარებული.

ზემოთ დასახელებულ ფუნქციებს საკუთარი ადგილი აქვთ მოსახლეობის განუსაზღვრელ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების (სოციალური პრობლემა), შეზღუდული რესურსების (ზრდის შემაფერხებელი ფაქტორი) გამოყენებაში, ეკონომიკური ზრდის აუცილებლობის გაცნობიერებაში (სოციალური პრობლემების გადაწყვეტის ფაქტორი), თანამედროვე ცოდნაზე დამყარებული შრომის ორგანიზაციის (ცოდნა, როგორც განვითარების ფაქტორი) დამკვიდრებაში, საბოლოოდ კი ეკონომიკის ეფექტიანობის ამაღლებაში.

როგორ მიმდინარეობს საშუალო ფენის ფორმირების პროცესი?

2015 წელს საქართველოს ბიზნეს სექტორში წარმოებულ იქნა 29.993 მლნ ლარის პროდუქცია. აქედან, მცირე საწარმოებზე მოდიოდა 2962,6 მლნ (10%), საშუალოზე 2923,8 მლნ (10%). დასაქმების მიხედვით მცირე საწარმოებზე მოდიოდა (27%), საშუალოზე _ 6%. ყურადღებას იპყრობს საწარმოების ზომის მიხედვით ყოველთვიური ანაზღაურების მონაცემებიც. იგი შეადგენს მცირე საწარმოში _ 443 ლარს, საშუალოში _ 650 ლარს, მსხვილში 1130,8 ლარს, მთლიანად ბიზნეს სექტორში 896,8 ლარს. როგორც ჩანს, მცირე საწარმოში ანაზღაურება ბიზნესსფეროში ანაზღაურების მხოლოდ 49% შეადგენდა.

რიგი თავისებურებებით ხასიათდება ეკონომიკის ცალკეულ დარგებში მცირე მეწარმეობის როლი და ადგილი. მაგალითად, სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში განმსაზღვრელია წვრილი საოჯახო მეურნეობები. მათი 77,5%-ს მხოლოდ ერთ ჰექტრამდე მიწის ფართობი გააჩნია. მეურნეობების 80%-ზე მეტი პროდუქციას აწარმოებს მხოლოდ საკუთარ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისთვის.

2015 წელს სამრეწველო პროდუქციის წარმოებაში მცირე საწარმოებზე მოდიოდა 7%, საშუალოზე _ 7%, დასაქმებაში _ 20 და 12%. შრომის ანაზღაურების მაჩვენებელი მთლიანად დარგში 853,4 ლარი იყო, აქედან მცირე ბიზნესში _ 370 ლარი (36%), საშუალოში _ 556,8 ლარი. შესაბამისად, მშენებლობაში ეს მაჩვენებელი პროდუქციაში 7% იყო, დასაქმებაში _ 24%, ანაზღაურებაში _ 597,3 ლარი (დარგის მაჩვენებლის 50%). შედარებით მაღალია მცირე ბიზნესის როლი მომსახურების სფეროში. მაგალითად, 2015 წელს ამ სფეროს მცირე საწარმოებში მუშაობდა დასაქმებულთა 34%, საშუალოში _ 13%. დიდი განსხვავებაა ანაზღაურების მაჩვენებლებშიც. მაგალითად, დარგში საშუალო თვიური ანაზღაურება 2015 წელს შეადგენდა 783,9 ლარს, მათ შორის, მცირე საწარმოებში 296,6 ლარს (38%).

როგორც ჩანს, მცირე და საშუალო ბიზნესი ნელა ვითარდება. მიზეზი ბევრია. ყველაზე არსებითია ის, რომ სწორად არ არის გაცნობიერებული მცირე მეწარმეობის ფორმირების თავისებურებანი. კერძოდ, მიჩნეულია, რომ საკმარისია მაკროეკონომიკური მიდგომებით შეიქმნას ხელსაყრელი პირობები და მეწარმეობის საბაზრო ფორმები ავტომატურად აღმოცენდებიან. გაბატონებულია აზრი იმის შესახებ, რომ თითოეულმა მეწარმემ თვითონ იპოვოს ბაზარი და გადაწყვიტოს პროდუქციის (მომსახურების) რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები. პრაქტიკამ ისიც აჩვენა, რომ შესაბამის საკანონმდებლო ბაზასთან ერთად აუცილებელია ბაზრის სწორად არჩევაში დამწყებ მეწარმეს დავეხმაროთ, ასევე დაცულ იქნას ბაზარზე მისი ინტერესები. ამიტომაა საჭირო დიფერენცირებული მიდგომა. თანამედროვე პირობებში ამოსავალი უნდა იყოს დასაქმებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი პირობების შექმნა.

ბოლო პერიოდში ფართოდ გავრცელდა წვრილი საწარმოები, რომლებშიც მომუშავენიც „თვითდასაქმებულებად“ იწოდებიან. მათი რაოდენობა 2015 წელს 1,4-ჯერ სჭარბობდა ქვეყნის ბიზნესში დაქირავებით მომუშავეთა რაოდენობას. ასეთი საწარმოები არაკორპორაციული საწარმოებია, რომლებშიც მუშაობენ მათი მფლობელები, ოჯახის წევრები, მოსწავლეები, რომლებიც ხელფასს არ იღებენ, ასევე დაქირავებულნიც. ასეთი ტიპის საწარმოები განვითარებული ქვეყნების ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. სხვადასხვა ქვეყანაში გამოიყენება მათი მხარდაჭერის სხვადასხვანაირი მექანიზმი. საბოლოოდ, ეკონომიკის განვითარების კვალობაზე თვითდასაქმებულთა რაოდენობა უნდა შემცირდეს, რა თქმა უნდა, დაქირავებულთა ზრდის ხარჯზე. ერთ-ერთ საინტერესო ფორმად საქართველოში დამკვიდრდა ე.წ. „შინ მუშაობის“ პრაქტიკა. გასული საუკუნის 80-იან წლებში აშშ-ში, იაპონიაში, იტალიაში „შინ მუშაობდა“ მთელი სამუშაო ძალის 11%-ზე მეტი, ინგლისში _ 7%. უკანასკნელ წლებში, შინ მუშაობის ფორმაში საქართველოში ჩაებნენ მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები, ინჟინრები, მეცნიერები, პროგრამისტები, რედაქტორები, მთარგმნელები და სხვ. როგორც ჩანს, მომავალში უფრო გაფართოვდება „შინ მუშაობის“ სფერო. განსაკუთრებით მიმზიდველია ეს სფერო ქალების დასაქმებისთვის. გასული საუკუნის ბოლოს ასეთი ფორმით დასაქმებულთა შორის ქალი იყო გერმანიაში, ჰოლანდიაში, იტალიაში _ 80-95%, ინგლისში _ 70%, იაპონიაში _ 91%. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ფორმა უფრო ეფექტიანია მცირეწლოვანი შვილების დედების, ინვალიდების, პენსიონერების დასაქმებაში. მთელ რიგ ქვეყნებში მუნიციპალიტეტების მიხედვით იქმნება ე.წ. მოქალაქეთა საბჭოები, რომლებიც ეხმარებიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილების შექმნაში. საქართველოში „შინ მუშაობის“ გაფართოების დიდი პერსპექტივებია საკურორტო და ტურიზმის, სოფლის მეურნეობაში.

როგორც ანალიზი გვიჩვენებს, მცირე მეწარმეობის განვითარებას აფერხებს მათი ორგანიზაციის დაბალი დონე (დაბალი კვალიფიკაციის კადრები, მიზნობრივი პროგრამების უქონლობა, ინფორმაციული სისტემების არ არსებობა დ სხვ.).


საქართველოში გარდაქმნების ანალიზი ცხადყოფს, რომ მცირემეწარმეობის განვითარების ტრადიციულ ფორმებთან ერთად მიზანშეწონილია სხვა უფრო მოქნილი ფორმების გამოყენება. ერთ-ერთ მისაღებ ფორმად მიმაჩნია მსხვილი და მცირე საწარმოების ინტეგრაციული ერთიანობა.
 
მიუხედავად იმისა, რომ ისინი ფორმირების სხვადასხვა პრინციპებს ეყრდნობიან, მათი მიზნებიც, საქმიანობაც, მასშტაბი განსხვავებული მიდგომის საფუძველზე ყალიბდება, მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნულად ჩანს ასე, ეს ორი სტრუქტურა ერთმანეთს ავსებს. თუ მსხვილი საწარმო არის თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის ცანტრალური „მზიდი კონსტრუქცია“, მცირე ბიზნესი ხელს უწყობს კონკურენტული გარემოს შექმნას, უზრუნველყოფს მოქნილობას და ინდივიდუალიზაციის პროცესის გაღრმავებას. ამიტომ მათი ურთიერთგანპირობებულობის ხარისხით ყალიბდება სრულიად ახალი თვისებრიობა _ ინტეგრაციული კავშირები იძენს მთლიანობითი სისტემის ხასიათს.

მსოფლიო პრაქტიკაში დომინირებს აზრი იმის შესახებ, რომ მცირე საწარმოს პრობლემა მის ზომაში კი არ არის, არამედ ეკონომიკური პროცესებიდან მის იზოლირებაშია. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს ფორმა (მსხვილი და მცირე საწარმოების ინტეგრაცია) განხილულ იქნას სახელმწიფო მხარდაჭერის პოზიციიდან.

ასევე პერსპექტიულია ფრანჩაიზინგის სისტემის გამოყენება (როცა მსხვილი საწარმო უფლებას აძლევს პარტნიორს გაყიდოს საქონელი მისი სახელით). გამოიყენება ასევე სხვა ფორმებიც. ასეთი ურთიერთობისას რამდენიმე უპირატესობა იპყრობს ყურადღებას. მაგალითად, ბაზარზე გასვლის გარანტია, ინფორმაციული უზრუნველყოფა, მაღალი ხარისხის სტანდარტებით მუშაობის გამოცდილება და ა.შ.

არსებითია ის, რომ მცირე საწარმოსთვის მსხვილი სტრუქტურა ასრულებს „ქოლგის“ ფუნქციას, რაც კონკურენციის გლობალიზაციის რთულ პროცესში მცირე საწარმოების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნების ერთ-ერთი ხელსაყრელი ფაქტორია. მსხვილი და მცირე საწარმოების ურთიერთობათა მრავალმხრივი ფორმების გამოყენებისას, აუცილებელია ინტეგრაციული პროცესი განხილულ იქნას კომპლექსურად, სისტემური მიდგომის საფუძველზე.

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზეა მნიშვნელოვნად დამოკიდებული საშულო ფენის ჩამოყალიბება. რეფორმატორთა იმედი, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზაციით, ავტომატურად შეიქმნებოდა საზოგადოების მასტაბილიზებელი ფენა, რბილად რომ ვთქვათ ილუზია აღმოჩნდა.

როგორც ჩანს, საშუალო ფენის ფორმირების პროცესი წინააღმდეგობრივია. საკმარისი არ აღმოჩნდა მისი შექმნის მხოლოდ აუცილებლობის გაცნობიერება, არც საკანონმდებლო ორგანიზაციულ-ეკონომიკური ზოგადი ღონისძიებების ცალმხრივად განხორციელება. შეცდომა იყო თავად ფორმირებად საბაზრო სუბიექტებზე საშუალო ფენის ფორმირების ამოცანის გადაკისრება. რაც ინერციით მსოფლიო გამოცდილებაზე დაყრდნობით იყო მოტივირებული. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ტრადიციულად საშუალო ფენა ასრულებს ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრების სტაბილიზატორის როლს, საჭიროა პირველ რიგში მისი მატერიალური და ორგანიზაციული საფუძვლების შექმნა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საშუალო ფენა თავისი შემადგენლობით არაერთგვაროვანია და უშუალოდ დამოკიდებულია  ეკონომიკის განვითარების დონეზე. ტრადიციულად ეს ფენა მოიცავს წვრილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, ფერმერებს, მასწავლებლებს, ექიმებს, მხატვრებს, არტისტებს, ბანკირებს, მეცნიერებს, სასულიერო პირებს, ადვოკატებს და სხვ. საშუალო ფენის როლსა და ადგილს განსაზღვრავს საკუთრება, მისი მაღალი ეფექტიანობით გამოყენების პოტენციალი (მოტივაცია, ცოდნა, მეწარმეობრივი უნარი). მისი ეკონომიკური ბაზაა მცირე და საშუალო ბიზნესი, პროფესიული ორიენტაცია, რომელიც მაღალ ანაზღაურებადია (ექიმის, მეცნიერის, ადვოკატის, მასწავლებლის და ა.შ. ფუნქციები). გამოცდილება გვიჩვენებს, რომ როცა საშუალო ფენა სუსტია, საზოგადოებაში არასტაბილურობის რისკი იზრდება. საშუალო ფენა ის „ფილტრია“, რომელიც არეგულირებს მდიდარი და ღარიბ ფენებს შორის წარმოქმნილ წინააღმდეგობებს და ორივე ფენისთვის ორიენტირსაც წარმოადგენს. ღარიბები ლოგიკურად უნდა მიისწრაფოდნენ საშუალო ფენაში გადასასვლელად, ხოლო საშუალო ფენის წარმომადგენლები მდიდართა (ელიტა) ჯგუფში მოსახვედრად. საშუალო ფენის ასეთი როლი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს თანამედროვე პირობებში, როცა საქართველოში სოციალური პოლარიზაციის ფონზე საზოგადოებაში ჩამოყალიბებული წინააღმდეგობა „ახალი მდიდრებისა“ და „ახალი ღარიბების“ პოლიტიკური დაპირისპირების სიბრტყეზე გადადის. ეს საშიში მოვლენაა, რომელიც თუ არ შეჩერდა ქართული ფენომენის ღრღნის პროცესს უფრო გააღრმავებს და საზოგადოების დესტაბილიზაციას გააძლიერებს.

აქვე უნდა ითქვას, რომ ამ დიდ რისკს საზოგადოებაში, ანგარიშს არ უწევენ. სამწუხაროდ, ეს რეალობა სოციალური აფეთქების რეალურ წყაროს წარმოადგენს. ამასთან იგი ინტერნციონალური ხასიათისაა და ზოგადსაკაცობრიო სოციალურ პრობლემათა რიგში განიხილება. ხაზგასმით უნდა ითქვას ისიც, რომ ეს ორი კატეგორია („ახალი მდიდრები“ და „ახალი ღარიბები“) მხოლოდ პირობითად განსხვავებული ცნებები არ არის _ ორი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული მენტალიტეტია, ფასეულობათა აღიარებაა, მათ სხვადასხვა სამომხმარებლო ბაზარი აქვთ, ფასწარმოქმნის მექანიზმის გავლენაც სხვადასხვანაირია. ამიტომ, საზოგადოებრივი ქცევის სხვადასხვა ნორმებით ცხოვრობენ. ეს განსაკუთრებული ტიპის სოციალურ-პოლიტიკური მოვლენაა, რომელიც ქვეყნის განვითარების პროცესებზე პირდაპირი ზემოქმედებით ყოველმხრივ ხელს უშლის საზოგადოების კონსოლიდაციას, საბოლოოდ სოციალურ წონასწორობას. ეს მოვლენა ქვეყანაში აღმოცენდა ეროვნული ეკონომიკის გაჩანაგების ფონზე. ამასთან, „ახალი ღარიბების“ დიდი ნაწილი, როგორც ითქვა, განათლებული ადამიანები არიან (ასეთ მოვლენას ისტორიული ანალოგი არა აქვს). საქართველოს მომავალი ამ პრობლემის გონივრულად გადაწყვეტაზეა დამოკიდებული.

სიღარიბის დაძლევის, საშუალო ფენის ფორმირების, „ახალ მდიდრებსა და „ახალ ღარიბებს“ შორის დაპირისპირების შერბილების ამოცანების გადაწყვეტა, როგორც ითქვა, დაკავშირებულია თანამედროვეობის 5 პრობლემის _ შიმშილის (სიღარიბის), უმუშევრობის, უწიგნურობის, ავადმყოფობის, უთანასწორობის გადაწყვეტასთან. ეს კი მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიღწეული იქნება სოციალურად ორიენტირებული ეკონომიკური სისტემის მაღალი ეფექტიანობა (სხვა გზა ინტეგრირებული პრობლემის გადაწყვეტისა ბუნებაში არ არსებობს). ამისთვის საჭიროა: შეიქმნას მცირე მეწარმეობის დაფინანსება დაკრედიტების გრძელვადიანი სისტემა, კრედიტები გაიცეს მიზნობრივად, მაგალითად, სიმძლავრეთა გასაფართოებლად, ახალი საწარმოს შესაქმნელად, მსხვილ საწარმოებში კაპიტალის დაფინანსებაში (აქციების შესყიდვით) მონაწილეობისთვის (ეს ფორმა ყოველმხრივ მხარდასაჭერია).

ასოციაციების, სხვა ტიპის ორგანიზაციების, მაგალითად ბანკების გარანტად ყოფნა საკრედიტო ორგანიზაციის წინაშე, ახალი საწარმოების გარკვეული ვადით გადასახადებისგან განთავისუფლება, საჭიროებისას სუბსიდიების მიცემის პრაქტიკა. სახელმწიფო ბიუჯეტში მიზნობრივად სახსრების გამოყოფა, გონივრული პროტექციონიზმის, როგორც დროებითი ღონისძიების, გამოყენება და სხვ. ფორმები უნდა იქნას ადგილობრივი პირობების მიხედვით გამოყენებული.

რთულ პროცესში ტრიადა: მცირე (საშუალო) ბიზნესი _ მსხვილი ბიზნესი _ სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა უნდა წარმოვიდგინოთ ერთ მთლიანობით სისტემად, რომლის კონკრეტული ფორმები ეროვნული თავისებურებითა და მეურნეობრიობის ტრადიციების გათვალისწინებით უნდა ჩამოყალიბდეს.

 


მიწის რესურსები _ მართვის გარეშე დარჩენილი
ეროვნული სიმდიდრე

 


ქვეყანაში ერთ-ერთ რთული პრობლემაა მიწის რესურსების მართვა. 1990-2016 წლებში მიწის რესურსების გამოყენების (მართვის) თვალსაზრისით, საქართველოში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. მთავარი მათ შორის იყო მიწაზე კერძო საკუთრების აღიარება. ადრე, მიწა, როგორც ბუნებრივი რესურსი, სახელმწიფოს საკუთრებაში იყო _ კოლმეურნეობებს, საბჭოთა მეურნეობებს, ასევე საწარმოებს და მოქალაქეებს  (კომლებს) მუდმივ სარგებლობაში ჰქონდათ გადაცემული, ხოლო კომლებს, რომლებსაც მიწა ჰქონდათ, მასზე გაშენებული მრავალწლიანი ნარგავები და პირუტყვი პირად საკუთრებაში ეთვლებოდათ.

1985 წელს საქართველოში მიწის საერთო ფართობი შეადგენდა 7272,6 ათას ჰექტარს (აქედან რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ იყო 323,6 ათასი ჰა (დაღესტნის ტერიტორიაზე). საქართველოს ტერიტორიის 400 ჰექტარს რუსეთის ფედერაცია იყენებდა (აქედან, 100 ჰექტარი იყო სასოფლო-სამეურნეო მიწა).

იმ პერიოდში, სულ რესპუბლიკის საზღვრებში მიწის საერთო ფართობი შეადგენდა 6949,4 ათას ჰექტარს. აქედან, სასოფლო-სამეურნეო სავარგული იყო 2785,3 ათასი ჰა (40%), სახნავი 686,2 ჰა (9,88%), მრავალწლოვანი ნარგავები 272,3 ათასი ჰა (3,92%), სათიბი 173,3 ათასი ჰა (2,49%), საძოვარი 1950 (23,74%).

20 წლის შემდეგ, 2005 წელს საქართველოში მიწის საერთო ფართობმა შეადგინა 7628,7 ათასი ჰა, ანუ 679 ათასი ჰა-ზე მეტი (ტერიტორიული წყლების ფართობის ჩათვლით). სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფართობი შეადგენდა 3026,3 ჰა (მათ შორის, სახანვი 802,1, მრავალწლიანი ნარგავები 264 ათასი ჰა. სათიბი 143,5ს, საძოვარი 1796,6 ათას ჰექტარს). ეს მონაცემები გვიჩვენებს, რომ 1985-2005 წლებში მიწის სახელმწიფო ფონდის სტრუქტურა მნიშვნელოვნად შეიცვალა (დაღესტანს დაუბრუნდა 323,6 ათასი ჰა). სახნავის ფართობი გაიზარდა 115 ათასი ჰექტრით, საძოვარი _ 146,6 ათასი ჰექტრით. მკვეთრად შემცირდა ხეხილის, ვენახის, ჩაის ფართობები. წყლის ფონდი გაიზარდა 758,2 ათასი ჰექტრით, ტერიტორიული წყლების ფართობი (678,5 ათასი ჰექტარი) მიეკუთვნა სახელმწიფო მიწის ფონდს. დაცული ტერიტორიის საერთო ფართობმა შეადგინა 300,7 ათასი ჰა (2014 წელს შეადგინა 600,7 ათასი ჰექტარი).

განვლილ პერიოდში თვისებრივად შეიცვალა მიწათმფლობელობის წესი (პრინციპი). საბჭოთა პერიოდში მოსახლეობას მუდმივ სარგებლობაში ჰქონდა გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა 193,6 ათასი ჰა. სახელმწიფო საკუთრების მიწების პრივატიზაციის შედეგად 2005 წლის 1 იანვრისთვის მიწათმფლობელთა რაოდენობა ქვეყანაში შეადგენდა 1,8 მლნ-ზე მეტს. მათ საკუთრებაში მიღებული ჰქონდათ 951,2 ათასი ჰა მიწის ფართობი. აქედან, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების იყო 936,6 ათასი ჰა (98,7%). ამავე პერიოდში კერძო საკუთრებაში გადავიდა 14,6 ათასი ჰექტარი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობიც.

ამრიგად, 2005 წლის 1 იანვრისთვის კერძო საკუთრებაში იყო მიწის საერთო ფართობის 12,4% (სახელმწიფო საკუთრებაში 87,6%), სასოფლო-სამეურნეო სავრაგულის _ 25,3%, სახნავის _ 55%, ხეხილის _ 95%, ვენახის _ 96%, ჩაის _ 20%, ციტრუსების _ 57%, დაფნის _ 88% და სხვ.

ამავე პერიოდში სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი 6679,2 ათასი ჰექტარი მიწის ფართობიდან სახნავზე მოდიოდა 45%. ხეხილის ბაღებზე _ 3,3%, ვენახზე _ 2,6%, ციტრუსებზე _ 11,9%, ჩაიზე _ 43,8% და ა.შ.

მიწის პრივატიზაციის ჩატარებისას დაშვებულ იქნა უხეში შეცდომები, რამაც გამოიწვია მიწის სავარგულების დანაწევრება (ფრაგმენტაცია). 2004 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის მიხედვით, ქვეყანაში 2-3 ნაკვეთი აქვს მიწათმოსარგებლეთა _ 48,8%-ს, 4 ან 5 ნაკვეთი _ 13%-ს, 5-დან 9 ნაკვეთამდე _ 3,9%-ს. განსხვავებული მაჩვენებლები აქვთ რეგიონებს. მაგალითად, გურიაში მეურნეობათა _ 19,5%-ის, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში _ 26,8%-ის, შიდა ქართლში _ 24%-ის მიწის ფართობი შედგება 6-დან 9 ნაკვეთამდე. ახალქალაქში ეს მაჩვენებელი 27,8%-ია, ახალციხეში _ 25,7%, წალკაში _ 25,9%.

აღსანიშნავია, რომ მეურნეობების საშუალო ფართობი შეადგენს (2014 წლის აღწერის მიხედვით) _ 1,4 ჰექტარს. ნაკვეთების საშუალო რაოდენობა _ 2,33 ჰა. ერთი ნაკვეთის საშუალო ზომა _ 0,5 ჰექტარია. ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო მიწების მნიშვნელოვანი ნაწილი (დაახლოებით 35-40%) დეგრადირებულია. მთავარი მიზეზი ფართოდ გავრცელებული წყლისა და ქარისმიერი ეროზიაა. უკანასკნელი 25 წლის მანძილზე საქართველოში  შეწყდა მიწის დაცვის ღონისძიებების განხორციელება. ტყის, ბუჩქნარების, ქარსაფარი ზოლების მასობრივ განადგურებას, საძოვრების უსისტემო გამოყენებას, ბუნებრივია, თან ახლდა ეკოლოგიური მდგომარეობის მკვეთრად გაუარესება. ქვეყანაში არ ხორციელდება მიწის ნაყოფიერების მონიტორინგი. ქიმიური საშუალებები გამოიყენება სტიქიურად. ინტენსიურად მიმდინარეობს მეორადი დაჭაობების, ასევე მეორადი დამლაშების პროცესიც. უარესდება ნიადაგის ნაყოფიერების მთავარი მაჩვენებელი _ ჰუმუსის ბალანსი.

ნიშანდობლივია ისიც, რომ ქვეყანაში 2005 წლიდან მიწის ბალანსი არ დგება. მიწის სავარგულების აღრიცხვა მოუგვარებელია. 2014 წელს სასოფლო-სამეურნეო აღწერა, რომელიც შეეხო საოჯახო და სასოფლო-სამეურნეო საწარმოებს, არ იძლევა სრულ სურათს სახელმწიფოს მიწის ფონდში მიმდინარე ცვლილებებზე. ქვეყანას ჯერ კიდევ არ აქვს მიწის კოდექსი და კადასტრი.

2014 წელს სასოფლო-სამეურნეო აღწერის მიხედვით, 2005 წელთან შედარებით კერძო სექტორში შემცირდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, მათ შორის, სახნავი _ 95 ათასი ჰექტრით, ვენახები _ 4,5 ათასი ჰექტრით, ციტრუსები _ 1,3 ათასით, ჩაის ფართობი 7 ათასი ჰექტრით. ამავე პერიოდში კერძო სექტორში გაიზარდა სათიბებისა და საძოვრების ფართობი თითქმის 33 ათასი ჰექტრით.

აღწერის მასალების მიხედვით, შეუძლებელია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფართობის, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მთლიან ფართობში მომხდარი ცვლილებების ანალიზი და შეფასება. მოუგვარებელია, განსაკუთრებით, სოფლად საკუთრებაში გადაცემული მიწის ფართობების რეგისტრაცია. სახელმწიფოს მიწის ფონდის მართვის სისტემა არაეფექტიანია. 1999 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილი სახელმწიფოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც არეგულირებდა ქვეყანაში მიწის რესურსების გამოყენებას, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოსულმა ხელისუფლებამ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით უსაფუძვლოდ გააუქმა. გაუქმდა ამავე დაპარტამენტის ორგანიზაციულ სტრუქტურაში არსებული მიწათმოწყობის სახელმწიფო საპროექტო-საძიებო და კვლევითი ინსტიტუტიც _ „საქსახმიწპროექტი“. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები გადანაწილდა იუსტიციის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებზე. სამწუხაროდ, ფუნქციების გადანაწილებისას გამორჩათ მთავარი _ ვინ შეადგინოს მიწის გამოყენების ყოველწლიური ბალანსი (როგორც აღინიშნა იგი არ დგება). სტიქიურად მიმდინარეობს შესაბამისი პროფილის სპეციალისტთა მომზადებაც. სამინისტროები მათზე დაკისრებულ ფუნქციებსაც სრულად ვერ ასრულებენ. მათი საქმიანობა სათანადოდ არ არის კოორდინირებული.

ამრიგად, მიწის, როგორც ეროვნული სიმდიდრის მიმართ ასეთი დამოკიდებულება საბოლოოდ ეროვნული უსაფრთხოების მაღალ რისკებს განაპირობებს.

იმისთვის, რომ რაციონალურად გამოვიყენოთ მიწის რესურსები (მისი მრავალმხრივი ფუნქციებით) რიგი პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და ორგანიზაციულ-ტექნოლოგიური ღონისძიებების განხორციელებაა საჭირო.

მიწის რესურსების გამოყენებასა და დაცვაზე უნდა განხორციელდეს სახელმწიფო მონიტორინგი. სასოფლო-სამეურნეო მიწების (საკუთრების ფორმის მიუხედავად) სხვა დანიშნულებით გამოყენებას (როგორც გამონაკლისი) საფუძვლად უნდა დაედოს შესაბამისი სახელმწიფო ინსტანციის გადაწყვეტილება. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მიწების ფართობების აუცილებელი მარაგი. უცხოელ მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებზე მიწა არ უნდა გაიყიდოს. მათ შეიძლება მიწები გადაეცეთ საიჯარო ურთიერთობათა საფუძველზე. ამის მიხედვით უნდა შეიქმნას საკანონმდებლო ბაზა. პროგრამებით და რეგიონების თავისებურებათა გათვალისწინებით, უნდა განხორციელდეს მიწის სავარგულების (საკუთრების ფორმის მიუხედავად) დაცვისა და ეფექტიანად გამოყენების ღონისძიებანი. მხედველობაში გვაქვს ეროზირებული, დამლაშებული, დაჭაობებული და სხვა მიწების ნაყოფიერების ამაღლება. აუცილებელია დამუშავდეს მიწის კოდექსი და კადასტრი, რომლებიც დაედება საფუძვლად თანამედროვე პირობებში საადგილმამული ურთიერთობების რეგულირებას, მიწის რესურსის დაცვას, მიწის ბაზრის განვითარებას.

მიწის რაციონალურად გამოყენების მიზნით აუცილებელია ქვეყნის ბუნებრივ-საწარმოო თავისებურებების _ ნიადაგების მრავალფეროვნების გათვალისწინება, ზონებისა და მიკროზონების გამოყოფა და ლოკალური უნიკალური ფართობების შესწავლა მათი შემდგომში მიზნობრივად გამოყენებისთვის.

იმის გათვალისწინებით, მიწის სავარგულების მეცნიერული შესწავლა დიდი ხნის მანძილზე შეჩერებული იყო (ახლაც ცალკეული სტრუქტურების სპონტანურ თემად მოიაზრება და ინერციით, თანაც ცალმხრივად მიმდინარეობს), აუცილებელია ნიადაგის შემსწავლელი ძლიერი სამეცნიერო ცენტრის ფორმირება, რომელიც უზრუნველყოფს მეცნიერულ მომსახურებას ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სრულყოფილი კლასიფიკაცია, მიწების ბონიტირება, ეკონომიკური შეფასება, კატეგორიების განსაზღვრა. უნდა განახლდეს ნიადაგმცოდნეების, აგროქიმიკოსების, მიწათმომწყობების და სხვა სპეციალისტების მომზადება. სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შედეგები უნდა დაედოს საფუძვლად გადაწყვეტილებებს მიწის რესურსების გამოყენებაში, პროგნოზირებას, პროგრამირებას, მიწის ეკონომიკურ შეფასებას.

მიწის რაციონალურად გამოყენებისა და მისი სახელმწიფოებრივი ინტერესების შესაბამისად, ორგანიზაციულ-სამართლებრივი რეგულირების უზრუნველყოფის მიზნით, მიზანშეწონილია ქვეყანაში შეიქმნას მიწის მართვის ერთიანი სახელმწიფო სამსახური. იგი შეიძლება იყოს მიწის მართვის კომიტეტი, სააგენტო, დეპარტამენტი ან სხვა ორგანიზაციული ფორმა. ასევე რეგიონებში უნდა შეიქმნას შესაბამისი სტრუქტურები, ე.ი. ქვეყანაში უნდა ფუნქციონირებდეს ერთიანი ორგანიზაციულ-მმართველობითი სისტემა, რომლის უფლება-მოვალეობები ადეკვატურად უპასუხებს საქართველოში მიწის რეფორმების განხორციელებით ჩამოყალიბებულ ახალ გამოწვევებს. პრობლემის სიმწვავისა და მასშტაბურობის გათვალისწინებით მიწის ფონდის მართვის სისტემა მიზანშეწონილია ფუნქციონირებდეს ავტონომიურად და ექვემდებარებოდეს პრემიერ-მინისტრს ან პარლამენტს.

როგორც უკვე ითქვა, მიწის პრივატიზაციის შედეგად, მწვავედ დადგა მიწის კონსოლიდაციის პრობლემა, რომლის გადაწყვეტა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ამდენად, იგი სისტემურ მიდგომას მოითხოვს. გასათვალისწინებელია, რომ მიწის რესურსების ეფექტიანობის ამაღლებას ხელს უშლის წვრილ ოჯახურ მეურნეობებში რესურსების კონცენტრაცია. 2014 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის მიხედვით, ოჯახურ მეურნეობებს (სასოფლო-სამეურნეო საწარმოებს) გადაცემული ჰქონდათ 842 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი. მათ შორის, სახნავი 377,4 ათასი ჰა, მრავალწლიანი ნარგავები 109,6 ათასი ჰა, სათიბ-საძოვრები 300 ათასი ჰა.

2014 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის მიხედვით, საოჯახო მეურნეობების მხოლოდ 22% იყო ბაზარზე ორიენტირებული.

ცნობილია, რომ ოჯახური მეურნეობების სუსტი მხარეა მათი იზოლირებულობა და არასაკმარისი რესურსები (მათ შორის მცირე ფართობი), ამიტომ უფრო მიზანშეწონილია ყოველმხრივ გაძლიერდეს მათი ინტეგრაცია მსხვილ მეურნეობებთან. კოოპერატივების განვითარებას დიდი პერსპექტივა აქვს. ამასთან ანგარიშგასაწევია ის თავისებურება, რომელიც საოჯახო (საკომლო) მეურნეობებს აქვთ საქართველოში: საოჯახო (კომლი) მეურნეობა ტრადიციულად არა მხოლოდ ეკონომიკურ ურთიერთობებში ერთ-ერთი მთავარი სუბიექტია, არამედ, ეროვნული სოციალურ-ისტორიული ფენომენიცაა. იგი ყოველთვის სიცოცხლისუნარიანი იყო. ეს დადასტურდა ბოლო წლების კრიზისულ სიტუაციებშიც. სახელმწიფომ ყოველმხრივ მხარი უნდა დაუჭიროს საოჯახო მეურნეობის კოოპერატივებში ინტეგრირებას. კოოპერატივების ვერტიკალური ინტეგრაცია მაღალეფექტიანია და ხელს უწყობს პროდუქციის წარმოების, გადამუშავების, ტრანსპორტირების, რეალიზაციის, მეცნიერული უზრუნველყოფის და სხვა სტადიების ერთიანი მთლიანობითი პროცესების რეგულირებას. ამრიგად, საოჯახო მეურნეობის კოოპერატივებში ინტეგრირება _ წარმოების ინტენსიფიკაციის სტრატეგიულად სწორი მიმართულებაა. მაგრამ ეს არ არის საკმარისი მთლიანად მიწის რესურსების (რომლებიც სახელმწიფო საკუთრებაშია) ეფექტიანად გამოყენებისთვის.

კოოპერაციის განვითარებასთან ერთად საჭიროა სხვა ალტერნატიული ფორმების გამოყენებაც, ჩემი აზრით, შეიძლება შეიქმნას სახელმწიფო კორპორაცია, რომელსაც გადაეცემა, ამჟამად ფორმალურად სახელმწიფო ბალანსზე არსებული მიწების ფართობები, მას უნდა ჰქონდეს ფინანსური რესურსები, რომ შეიძინოს მიწის ფართობი, განახორციელოს მისი გამასივება, გასარწყავება, ამოშრობა და შემდგომ მიზანშეწონილობის მიხედვით გაასხვისოს ან იჯარით გასცეს. კორპორაცია ოჯახურ მეურნეობებთან და სასოფლო-სამეურნეო საწარმოებთან ერთად (ნებაყოფლობით) ხელს შეუწყობს მიწის ერთობლივად დამუშავებას, ნედლეულის გადამუშავებას, პროდუქციის რეალიზაციას, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას და სხვ.

სამეურნეო საქმიანობის ასეთი ფორმა მიზანშეწონილია გამოყენებულ იქნას საერთო სახელმწიფოებრივი ამოცანების გადასაწყვეტად. კორპორაციაზე გადაცემული მიწის ფართობების დიდი ნაწილი, ბუნებრივია, განთავსებული იქნება ქვეყნის საზღვრებთან (საქართველოს მხოლოდ თურქეთთან აქვს საზღვარი მოწესრიგებული), რაც განსაკუთრებულ პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ დატვირთვას აძლევს მას.

ასეთი ტიპის კორპორაცია ხელს შეუწყობს ბუნებრივ-საწარმოო თავისებურებებით გამორჩეული ზონების ათვისებას. მაგალითად, შირაქის, კოლხეთის, სამხრეთ საქართველოს, საერთოდ ქვეყნის სასაზღვრო ზოლების პოტენციალის რაციონალურ (მიზნობრივ) გამოყენებას. მიწის კონსოლიდაცია თვითმიზანი არ არის, იგი სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის ამაღლების პირობაა. ეს კი ყველაზე რაციონალურად შესაძლებელია მიღწეულ იქნას კორპორაციის საზღვრებში.

მიწა არა მხოლოდ უნივერსალური ბუნებრივი რესურსია, არამედ წარმოების ფაქტორიცაა. მიწა შრომის შედეგად არ იქმნება, მისი რაოდენობა შეზღუდულია და შემცირების, ასევე ბუნებრივი და ანთროპოგენური გავლენითაც გამოფიტვის ტენდენცია გააჩნია. მიწის გამოყენების ერთ-ერთი თავისებურება ვლინდება საკუთრების ფორმით. ამ ბუნებრივ რესურსზე სახელმწიფო, მუნიციპალური, კერძო, შერეული საკუთრების გამოყენება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში მრავალწყობიანობის (მრავალსუბიექტიანობის) საფუძველია, რაც თანამედროვე საბაზრო სისტემის მნიშვნელოვანი მახასიათებელია (პლურალიზმი). მიწას სხვადასხვა ხარისხი აქვს (საქართველოში ნიადაგის ყველა ტიპია გავრცელებული). ამასთან, მიწა, როგორც ბუნებრივი რესურსი და წარმოების ფაქტორი, ერთდროულად ორი ტიპის ობიექტური კანონის: ბუნებრივ-ბიოლოგიურის და სოციალურ-ეკონომიკურის მოქმედებას განიცდის. მაგალითად, ბუნებრივ-კლიმატურ პირობებზე, მათ შორის, ნიადაგის თავისებურებებზეა არსებითად დამოკიდებული წარმოების მასშტაბი, სეზონურობა.

 

წარმოების კონცენტრაცია დამოკიდებულია მიწის ფართობების ზომაზე, ხოლო სპეციალიზაცია განისაზღვრება ბუნებრივი პირობებით, ნიადაგის მიხედვით განისაზღვრება წარმოების სეზონური ხასიათი (სამუშაო დრო და საბოლოო პროდუქტის მიღების დრო ერთმანეთს არ ემთხვევა), რაც შრომის ორგანიზაციაში მობილიზაციის ელემენტის გაძლიერებას მოითხოვს. მაგალითად, მარცვლის წარმოებისა და მოსავლის მიღების დრო რამდენიმე თვით განსხვავდება.

მიწის რესურსების გამოყენების თვალსაზრისით, საქართველოში განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ტერიტორიის სიმაღლეების მიხედვით განაწილება (ვერტიკალური ზონალობა).

ნიადაგის თავისებურებები ობიექტურად იწვევს სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების ურთიერთშეთანაწყობის აუცილებლობას, რაც განაპირობებს სპეციალიზაციის გაფართოებას, ქმნის პროდუქციის დივერსიფიკაციის ეკონომიკურ წინამძღვრებს, ხელს უწყობს მიწის სავარგულის საერთო ეფექტიანობის ამაღლებას. აღსანიშნავია, რომ მიწის ფონდი მუდმივად განიცდის ორი ურთიერთსაწინააღმდეგო პროცესის გავლენას _ ახალი მიწების ათვისების ობიექტური აუცილებლობა და ეროზიით, გაუდაბნოებით, სამრეწველო და საქალაქო მშენებლობის განვითარება, წიაღისეულის მოპოვება და სხვ. მეორე პროცესი უფრო სწრაფად მიმდინარეობს და ქმნის მწვავე პრობლემებსაც. მთელ მსოფლიოში, მით უფრო საქართველოში, სურსათის ექსტენსიური წარმოების პირობები მნიშვნელოვნად შეზღუდულია.

დარჩა ინტენსიური გზა, რაც უშუალოდ უკავშირდება ეკოლოგიურ  უსაფრთხოებას და საჭიროებს ქვეყნის ბუნებრივ-საწარმოო თავისებურებების სრულად გათვალისწინებას. ასეთ ვითარებაში ლოგიკურად დგას მიწის წესურსების რაციონალური გამოყენების სტრატეგიული ამოცანა.

საყოველთაო აღიარებით, მიწა ეროვნული სიმდიდრეა. მისი რაციონალური გამოყენება (დაცვა) ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამიტომ, მიწის ეფექტიანობის ამაღლება ზოგადსაკაცობრიოსთან ერთად ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პრობლემაცაა.

მიწა ქართულ ფენომენში განსაკუთრებული როლითაა წარმოდგენილი: „ტყუილად კი არ ეძახიან მას „დედაო“, ის გვაწოვებს ჩვენს ძუძუსა, იმას დავხარით დღე-და-ღამ, ჩვენი ჭირიც და ლხინიც ის არის“ (ილია).

ამიტომაა, რომ ქართული მენტალიტეტი ვერ ჰგუობს მიწის უცხოელზე გასხვისების საბაზრო პრინციპებს. მიწა, რა თქმა უნდა, როგორც სპეციფიკური საქონელი ყიდვა-გაყიდვის საგანია. ყველა ქვეყანა ინდივიდუალურად წყვეტს მიწის განსხვისებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამჯერად, ვიდრე მიწის რესურსების მართვის საკითხები გადაწყვეტილიც არ გვაქვს, არც ვიცით რომელი კატეგორიის მიწები რამდენი გვაქვს, როცა მეზობელ სამ ქვეყანასთან, სახელმწიფო საზღვრები დადგენილიც არ არის. უცხოელებზე მიწის გასხვისების საკითხი საერთოდ არ უნდა განიხილებოდეს!


ნოდარ ჭითანავა
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი