ჩვენ... ფარისევლები და მშიშრები!

ჩვენ... ფარისევლები და მშიშრები!

 ხშირად მიფიქრია: რისი ეშინია ყველაზე მეტად ურწმუნო ადამიანს?!

 

ადრე ცალსახად მეგონა, რომ ურწმუნო ადამიანს ყველაზე მეტად სიკვდილის ეშინია! თუმცა, როცა ბოლომდე ჩავუღრმავდი, მივხვდი, რომ არსებობს სხვა განცდაც, რომელსაც პირველი თუ არა, განსაკუთრებული ადგილი მაინც უჭირავს ჩვენს ცნობიერებასა და შეგრძნებაში, მაგრამ ამაზე საუბარს ყოველთვის გავურბივართ!

 

ვიდრე, ამ “სხვა განცდაზე“ ვისაუბრებდე, უპრიანია ვიკითხოთ: რატომ ეშინია ურწმუნო ადამიანს სიკვდილის?!

 

ვფიქრობ, ურწმუნო ადამიანს სიკვდილის იმიტომ კი არ ეშინია, რომ იქ, საშინელ სამსჯავროზე თავისი უღმერთო ცხოვრების წესის გამო ჯოჯოხეთის კუპრში  ამოყოფს თავს, არამედ, იმიტომ, რომ არ უნდა ამქვეყნიური ცხოვრება დაუმოკლდეს (არადა, ერთ დროს ყველა ხომ იმქვეყნად მივდივართ)!

 

სამწუხაროდ, ადამიანში იშვიათად იღვიძებს ქვეცნობიერი, რომელიც მუდამ გაახსენებს, რომ სული მარადიულია და იმქვეყნიური ხვედრი იმისდა მიხედვით გერგება, რა სულიერ საუნჯესაც ამ სამყაროში დააგროვებ...

 

დიახ, ადამიანთა უმრავლესობას სულის მარადიულობისა და ღვთის სამართლიანი სამსჯავროსი რომ სჯეროდეს, ისინი ამქვეყნიურ განცხრომას არ მიეცემოდნენ და უპირველესად, სწორედ სულის გადარჩენაზე იფიქრებდნენ (ადამის მოდგმა ამაზე ფიქრით თავს რომ იწუხებდეს, ამქვეყნიურ სამოთხეშიც იცხოვრებდა და იმქვეყნიურის  „საგზურიც“ გარანტირებული ექნებოდა). ამ შემთხვევაში არ იქნებოდა მუდმივი ომები, ურთიერთსიძულვილი და აგრესია, რომელმაც ლამიისაა წალეკოს პლანეტა!..

 

...და მაინც: რისი ეშინია სიკვდილის გარდა ყველაზე მეტად ურწმუნო ადამიანს?! თანდათან დავრწმუნდი, რომ ეს არის მისი უდიდებულესობა სიმართლე, რადგან, ის (სიმართლე) მუდმივ დისკომფორტს უქმნის მას და ხელს უშლის საკუთარი ქვენა გრძნობების დემონსტრირებაში.

 

დიახ, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ვიცრუოთ, ოღონდ, ჩვენს „რეპუტაციას“ ჩრდილი არ მიადგეს, ჩვენ ყოველთვის (ხშირად) თავს ვარიდებთ ერთმანეთს ვუთხრათ სიმართლე, რადგან, გვეშინია, რომ ამ სიმართლეს ისე არ მიიღებენ, როგორც უნდა მიიღონ და პრობლემებს შევიქმნით მათთან ურთიერთობაში - მათ კეთილგანწყობას დავკარგავთ და ხშირ შემთხვევაში, გადავიმტერებთ კიდეც!

 

ჩვენ ყოველდღე ვატყუებთ ერთმანეთს (მუდმივად ვთამაშობთ) _ ვფიქრობთ ერთს, ვამბობთ მეორეს, ვაკეთებთ მესამეს.

 

ამის საუკეთესო ნიმუშია ქართული სუფრა, სადაც სადღეგრძელოში ტაბუდადებულია, რომ ადამიანს უთხრა ის, რასაც იგი სინამდვილეში წარმოადგენს და რასაც ობიექტურად იმსახურებს. დაუწერელი კანონია: - აუცილებლად უნდა აქო და ადიდო, „ვარსკვლავი“ უნდა ჩამოუწყვიტო და არარაობისგან მისი არაჩვეულებრივი პორტრეტი უნდა გამოძერწო. ტრაგედია იმაშია, რომ არც იმას რცხვენია სიცრუის მოსმენის და არც შენ - ადამიანს არ დააბრალო ის, რაც სინამდვილეში არ არის!  

 

განსაკუთრებით ვცრუობთ და ფეხქვეშ გავეგებით, თუ ვინმესგან გამორჩენას ველოდებით. თვალში შევციცინებთ, რომ მათი კეთილგანწყობა მოვიპოვოთ, მაგრამ როცა ფეხი გადაუბრუნდებათ, პირველი ჩვენ ვეძგერებით და ისე დავკორტნით, როგორც ქორი, ან ძერა უმწეო წიწილებს!..

 

მუდმივად იმის შიშში ვართ, რომ სიმართლეს ცუდად გაიგებენ და აუტკივარი თავის ატკივებას ვერიდებით. ვერ ვაცნობიერებთ, რომ რაც არ უნდა მწარედ მოსასმენი იყოს, სიცრუეს ყოველთვის სიმართლის თქმა სჯობს!

 

საკუთარი ხასიათიდან გამომდინარე (ალბათ ეს ჩემი ჯვარია!), ხშირად ენა „გამირბის“ ხოლმე და იმას ვამბობ და ვწერ, რასაც ვფიქრობ. ვატყობ, რომ ამით ხილულ თუ უხილავ მტრებს ვიმრავლებ, მაგრამ უკვე ნაკლებად მადარდებს, ვის ეწყინება და ვის არა!

 

აქვე ლოგიკურად ისმება კითხვა: რა უპირატესობა აქვს ამ თვალსაზრისით ნიჭიერ, განათლებულ (ჩვენი გაგებით ინტელიგენტ) ადამიანს ჩვეულებრივი ადამიანებისგან განსხვავებით? არც არაფერი - თუ მისი ნიჭი და ინტელექტი შეზავებული არ არის რწმენასთან, ანუ, თუ ღვთის მოშიში არ არის, მას გაცილებით მეტი ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე, ჩვეულებრივ, გაუნათლებელ ადამიანს. ანუ, თავისი აზროვნების მასშტაბებიდან გამომდინარე, ის უფრო დიდი ფარისეველია!

 

 

როდის აგვეხილება „სულიერი თვალი“?!

 

სარკეში ხშირად ვიხედებით, მაგრამ, როგორც წესი, მხოლოდ საკუთარ ფიზიონომიას ვათვალიერებთ. ნაკლებად გვაინტერესებს, რა იმალება ჩვენი მზერის მიღმა. თუმცა, რომც დავინტერესდეთ, იქ დაბუდებულ სიცრუესა და თვალთმაქცობას მაინც ვერ შევამჩნევთ, რადგან, „სულიერი თვალი“ დაბრმავებული გვაქვს, რაც ხელს გვიშლის რეალური სახე დავინახოთ!

 

დიახ, „სულიერი თვალის“ ახელა რომ შეგვეძლოს, საკუთარ ფარისევლობას აშკარად დავინახავდით.

 

მართალია, ფარისევლები ყველა დროსა და ეპოქაში იყვნენ, მაგრამ, მათმა რიცხვმა, განსაკუთრებით,  საშიშ მასშტაბებს ჩვენს რეალობაში მიაღწია.

 

ჩვენ ვცრუობთ თითქმის ყველგან და ყოველთვის -  ვცრუობთ უტიფრად, მაგრამ გვეშინია ამის აღიარების - იმდენად სუსტნი და სულმდაბალნი ვართ, სახეზე სინანულის ნიშანწყალიც არ გვეტყობა!

 

ვცრუობთ (ყოველ შემთხვევაში, ბოლომდე არ ვიხსნებით!) მოძღვართან აღსარების დროსაც. აქაც ამპარტავნების ჭია გვღრღნის და ხელს გვიშლის ვაღიაროთ ის, რაც ნებსით თუ უნებლიედ შევცოდეთ _ თითქოსდა უფალმა არ იცოდეს, რა უზნეოები და უსუსურები ვართ, მაგრამ არ გვინდა გამოვტყდეთ - ვერ ვაცნობიერებთ, რომ მხოლოდ გულწრფელი მონანიებით, გულწრფელი აღსარებით შევძლებთ ცოდვებისგან განთავისუფლებას.

 

მე პირადად ძალიან მიჭირს აღსარებაში ბოლომდე გულწრფელი ვიყო - რაღაც შინაგანი ხმა ყოველთვის უკან მექაჩება. ასე მგონია, თუ ყველა  ჩემს სისუსტეს ვაღიარებ და ბოლომდე გავშიშვლდები, ამით უფრო საცოდავი გამოვჩნდები. არადა, სიამაყის ჭია მიღრღნის სულს - ვფიქრობ, სხვაზე (მავანზე) მეტი გავაკეთე, სხვაზე მეტად პირდაპირი და ობიექტური ვარ, სინამდვილეში, კი...

 

მიუხედავად იმისა, რომ 10 წელზე მეტია ეკლესიის მრევლი ვარ და სტიქაროსანიც გავხდი, შინაგანად ბევრად ვერ შევიცვალე. ერთი ეს არის, მოყვასისადმი სიყვარულისა და თანალმობის უნარი გამიორკეცდა. თუმცა, ეს მაინც არ არის საკმარისი, თავი დავიმშვიდო.

 

დიახ, ჯერ კიდევ იმ სიმაღლემდე ვერ ავედი, რომ დავრდომილისა და გაჭირვებულისთვის უკანასკნელი თეთრი არ დავინანო (ჯერჯერობით ჩემი მოწყალება რკინის კუპიურებს ვერ გაცდა). არადა, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, როცა „გავრისკე“ და ჯიბიდან უკანასკნელი ხურდა მოვიქექე, იმავე დღეს უფლისგან („გაეცი და მოგეცემა“) 100-ჯერ მეტი საჩუქარი მივიღე. მიუხედავად ამისა (როგორც უკვე ვთქვი), ისე ვერ „გავიზარდე“, რომ ასეთი „რისკები“ ყოველდღიურ წესად ვაქციო!

 

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: შეგვიძლია უფრო გულწრფელი ვიყოთ ჩვეულებრივ ადამიანებთან (მეგობრებთან „კეთილისმსურველებთან“), ვიდრე, საკუთარ მოძღვართან, რომელსაც უფლის სახელით ველაპარაკებით. არადა, იმდენად ეგოისტები ვართ ადამიანები, თანაგრძნობის ნაცვლად ხშირად მეგობრებთან ჩვენი „აღსარება“ ბუმერანგივით უკან გვიბრუნდება. ხანდახან რჩევებსაც ვითხოვთ ახლობელი ადამიანებისგან და სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად აღმოვაჩენთ, რომ მათი „რჩევა“ კეთილსასურველი არ ყოფილა და ჩვენი გულუბრყვილობით უფრო და უფრო ვამწვავებთ პრობლემებს...

 

ქვესათაურში დასმულ რიტორიკულ კითხვაზე კი: როდის აგვეხილება სულიერი თვალი, პასუხი ნამდვილად არა მაქვს, რადგან, „სულიერი თვალის“ ახელას სულიერებაში გაძლიერება სჭირდება, რომლის ნება, დღევანდელ საზოგადოებაში ჯერჯერობით ნამდვილად არ ჩანს!

 

აქედან გამომდინარე, არ ჩანს პასუხი კითხვაზეც: გვეშველება რამე?

 

არაფერიც არ გვეშველება, თუ ჩვენ სულიერ ტრანსფორმაციას არ განვიცდით და უფლისა და სამშობლოსადმი დამოკიდებულებას არ შევიცვლით - ხელისუფლებაში მოკალათებულ დღევანდელ ფარისევლებს სხვები ჩაანაცვლებენ და ასე გაგრძელდება, ვიდრე, სამყაროს აღსასრულამდე.

 

თუ გვინდა გვეშველოს, სულიერებაში დაბინძურებული ველი უნდა გასუფთავდეს და „მშველელი“ ჭეშმარიტად ქართული წიაღიდან უნდა აღმოცენდეს.

 

იყოს ნება უფლისა და ნება თითოეული ჩვენგანისა!

 

 

რატომ გვეშინია სიმართლის?

 

„ფარისეველი“ უცხოური სიტყვაა და ქართულად თვალთმაქცს, ცრუ, მატყუარა ადამიანს ნიშნავს. სიცრუე კი სიმართლის ანტონიმია.

 

მართალი ადამიანი სანთლით საძებნი გახდა დღევანდელ ეპოქაში. არა მარტო ერში, არამედ, ბერშიც ძალიან შეცოტავდა მართალი (სიმართლისთვის, უფლისთვის) შეწირული ადამიანების რიცხვი.

 

აქედან გამომდინარე, სიცრუე, ფარისევლობა, ცხოვრების ნორმად იქცა - ცრუობენ დაქირავებულებიც და დამქირავებლებიც (ხელისუფლებაც და ხალხიც). თანამედროვე პოლიტიკოსებს რომ თავი დავანებოთ, ფარისევლობის ჭია ეკლესიაშიც შეიჭრა, რაც კიდევ უფრო აბრკოლებს ურწმუნო ადამიანს. დიახ, იმდენად აითქვიფა ყველაფერი ერთმანეთში, რომ სიმართლეს პატარა ჭუჭრუტანაც არ დავუტოვეთ!

 

ექსპერიმენტი რომ ჩავატაროთ და სასწორის ერთ პინაზე სიკვდილის შიში რომ დავდოთ, ხოლო, მეორეზე, სიმართლის შიში, შეიძლება ამ უკანასკნელმა გადაწონოს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ სოფელში ურწმუნოების ზეიმია!

 

თეორიულად ვიცით, რომ რაც არ უნდა მწარედ მოსასმენი იყოს, სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ, მაგრამ, პრაქტიკულად ამას ვერ ვახერხებთ - ისევ და ისევ ჩვენი გულნამცეცობისა და სულიერი სიღატაკის გამო.

 

არაერთხელ მიცდია პირუთვნელად გამომეთქვა საკუთარი აზრი ამა თუ იმ პიროვნებისა თუ მოვლენის მიმართ, მაგრამ კისერიც ბევრჯერ წამიტეხია _ ზოგი ინტრიგნობას გაბრალებს, ზოგი მეცამეტე გოჭის იარლიყს მოგაწებებს, ზოგიც მტრად გადაგეკიდება. ამ ყველაფერს ადრე ძალიან განვიცდიდი. მითუმეტეს, როცა გარშემომყოფთა მხრიდან უნდობლობას და ყალბ ურთიერთობას ვგრძნობდი ხოლმე, მაგრამ, მერე და მერე, ეს  ბარიერი გადავლახე. დღევანდელი გადასახედიდან ვრწმუნდები, რომ სწორად ვიქცეოდი.

 

ერთ უბრალო მაგალითს მოვიყვან: საქართველოში ასე საგრძნობლად მომრავლებულ წიგნების პრეზენტაციებზე ავტორები ხშირად მთხოვენ გამოვთქვა საკუთარი აზრი მათ შემოქმედებაზე. არცთუ იშვიათად ვღალატობ „ტრადიციას“ და ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ მათ ნაღვაწზე - არც კრიტიკას ვაკლებ, რაც ავტორებზე მეტად დამსწრე საზოგადოებას არ სიამოვნებს.

 

ერთმა სტუდენტობისდროინდელმა მეგობარმა პოეტმა ხუმრობით „პოეტების რისხვა“ შემარქვა - ძალიან არ მსიამოვნებს ასეთი იარლიყი, მაგრამ არც ვაპროტესტებ. მირჩევნია, ვიღაცას არ მოვწონდე, ვიდრე, თეთრი შავად გავასაღო და მერე საკუთარი თავი შემძულდეს ასეთი მლიქვნელობის გამო.

 

დღეს სიმართლის მთქმელნი და მოდარაჯენი არავის უყვარს. ამა სოფელში დიდი გასაქანი ფარისევლებს, ანუ, ორპირებსა და მლიქვნელებს ეძლევა, რომლებიც თავს შესანიშნავად გრძნობენ. თუმცა, ყველაფერი ხომ აქ არ მთავრდება?!

 

აქვე ერთ გარემოებაზე უნდა გავამახვილო ყურადღება: კარგია სიმართლის თქმა, მაგრამ, გააჩნია როგორ იტყვი: ნიშნის მოგებით, თუ ტკივილითა და სიყვარულით - ურწმუნო მოყვასს კიდევ უფრო დააბრკოლებ, თუ დააფიქრებ.

 

მე პირადად ყოველთვის არ გამომდის ისე ვთქვა სიმართლე, რომ მავანისა და მავანის გაღიზიანება არ გამოვიწვიო. ყოფილა შემთხვევა, ჩემი განსხვავებული და პრინციპული პოზიციის გამო უმცირესობაში აღმოვჩენილვარ (შეიძლება ვიღაცა თანამიგრძნობდა კიდეც, მაგრამ ხმამაღლა ამის თქმას ვერ ბედავდა), რაც ჩემში გაღიზიანებას იწვევდა ხოლმე, მაგრამ მადლობა უფალს, ეს ბარიერი უკვე გადავლახე - ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ - არ მაინტერესებს, ვის მოეწონება და ვის არა!

 

P.S. ამას წინათ ჟურნალ „ქვაკუთხედის“ მთავარმა რედაქტორმა ქ-ნმა ხათუნა საგინაშვილმა ჩემს კომენტარზე „საკუთარ სახეს ვერ ვხედავთ“ ასე დააკომენტარა: „ვერ ვხედავთ, იმიტომ, რომ სუფთა სარკე არა გვაქვს“.

 

ვეთანხმები ქ-ნ ხათუნას, სარკე იმდენად დალაქავებული და დაბინძურებულია, ნამდვილი სახის დანახვა გვიჭირს, მაგრამ აქ უფრო მეტად სულიერი სიბრმავის პრობლემა გვაქვს, ვიდრე, ჩვეულებრივის!

 

რაც შეეხება სიკვდილისა და სიმართლის შიშს, ეს მხოლოდ ურწმუნოთა ხვედრია, თორემ, მორწმუნეს არც სიკვდილის და არც სიმართლის არ ეშინია - მას მხოლოდ ერთადერთი შიში აქვს: როგორ დაიცავს თავს ამქვეყნიური ცდუნებებისგან და როგორ წარსდგება უფლის სამსჯავროზე.

 

P.S. P.S. დღეს ვინმეს რომ უთხრა ფარისეველი ხარო, შეიძლება თავი გაგიტეხოს. არც ამის მეშინია. ა, ბატონო - თქვენი ხმალი და ჩემი კისერი!

 

 

ზაურ ნაჭყებია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: