პოლიციური სახელმწიფოს კონტურები, ანუ შეიძლება მალე „ბაბაიამაც“ აღარ გვიშველოს!

პოლიციური სახელმწიფოს კონტურები, ანუ შეიძლება მალე „ბაბაიამაც“ აღარ გვიშველოს!

როცა მოსალოდნელ დიქტატურაზე ვწერდი („გეშინოდეთ დიქტატურა მოდის, ანუ როგორ აპირებს „ქართული ოცნება "ხელისუფლების უზურპაციას".„ივერიონი"), ბევრმა ჩემი გაბედული პროგნოზი ლამის ბრალდებად ჩამითვალა და საკონსტიტუციო უმრავლესობის დამცველად მომევლინა.

თანდათან ვრწმუნდები, რომ, ბევრი სტატიას ბოლომდე არ კითხულობს და ისე ფილოსოფოსობს, ბევრი კი წინასწარ აკვიატებულ აზრებს აფრქვევს და არგუმენტებთან მწყრალადაა. არის ადამიანთა ჯგუფი, ვინც პირდაპირ მოვალეობად თვლის (ალბათ, უხდიან) ხელისუფლებას ცივი ნიავი არავინ მიაკაროს, თუნდაც მტკიცედ არგუმენტირებულ პოზიციასთან გვქონდეს საქმე.

„დიქტატურა" ქართულად „ძალადობას" ნიშნავს. შეიძლება ეს სიტყვა „კანონის დიქტატურით" შეიფუთოს, მაგრამ.... მთავარია, რამდენად სამართლებრივი საკანონმდებლო ბაზა გააჩნია ქვეყანას, რამდენადაა დაცული ადამიანის უფლებები და ყველასთვის სავალდებულოა თუ არა მისი შესრულება.

ჩვენს რეალობაში ზემოთჩამოთვლილი ყველა პირობა დარღვეულია. ყველა კანონი ხელისუფლების ინტერესებსაა მორგებული და ხალხი ყოველთვის კუთხეშია მიყენებული. კანონის ყველასთვის სავალდებულობაზე საუბარიც კი არასერიოზულია!

ზემოთხსენებულ სტატიაში სწორედ კანონის დიქტატურის დაკანონებაზე ვსაუბრობდი. მხედველობაში მქონდა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის შემოთავაზებული ფორმით მიღება ქვეყანას აშკარა დიქტატურისკენ მიაქანებს.

ამჯერად საკონსტიტუციო ცვლილებებს თავი დავანებოთ და ხელისუფლების ერთ „უწყინარ" ინიციატივაზე გავამახვილოთ ყურადღება-საქმე ეხება პოლიციის თვითნებობას, კერძოდ, ავტომანქანების გადაყვანას საჯარიმოზე, რომლის გამოსახსნელად 10-ჯერ მეტი თანხის გადახდა გიხდება, ვიდრე საჯარიმო განაკვეთია.

ჯერ ერთი, დედაქალაქში ვერ იქნა და ვერ მოწესრიგდა ავტომანქანების პარკირების პრობლემა - „სითი პარკმა" არა თუ შეარბილა პარკირებასთან დაკავშირებული პროლემები, არამედ, პირიქით ავტომანქანების მძღოლების „რისხვად" იქცა - „პარკირების გარეშე" გამოწერილ ათლარიან ჯარიმებს ვინ ჩივის, ისინი იმდენად გათავხედდნენ, რომ, როგორც კი დროს იხელთებენ, ავტომანქანა საჯარიმოზე გადაჰყავთ, რომლის დახსნა მძღოლს ხშირად 100 ლარამდე უჯდება.

მე ქალაქში წესრიგის დამყარების მომხრე ვარ, თუნდაც ავტომანქანების პარკირების თვალსაზრისით, მაგრამ, ადგილები იმდენი უნდა იყოს, რომ ქალაქში მოსიარულემ მანქანა დაუბრკოლებლად გააჩეროს (აბა თავზე ხომ არ დაისვამს?). ბუნებრივია, ამაზე არავინ ფიქრობს, მითუმეტეს, „სითი პარკი", რადგან, მას ჯარიმებიდან ალბათ ათჯერ მეტი შემოსდის, ვიდრე პარკირების წლიური გადასახადია. რას აკეთებს ამ შემთხვევაში ხელისუფლება? (ამ შემთხვევაში, ქალაქის მერია?) ალბათ წილში უზის და „სითი პარკს" - მძღოლების რისხვას ცივ ნიავს არ აკარებს.

როგორც ჩანს, ეს ფუნქცია უკვე პატრულმაც (112) შეითავსა - როცა მოეპრიანება, გამოიძახებს ევაკუატორებს და მარშით საჯარიმოსკენ, სადაც 10 ლარიანი ჯარიმა 91 ლარი გიჯდება (პირადად მე ასე მიანგარიშეს).

მე ბუნებით კანონმორჩილი ვარ, მაგრამ, თუ კანონი ცალმხრივია და ასევე ცალმხრივად არღვევს ჩემს უფლებებს, არ ვჩუმდები. ასე იყო ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც - მოვითხოვე გაეშიფრათ, რისგან შედგებოდა 91 ლარი, რომელიც მე უნდა გადამეხადა. პატრულის თანამშრომელმა ამიხსნა, რომ აქედან ჯარიმა მხოლოდ 10 ლარი იყო, რომელიც 30 დღეში უნდა გადამეხადა, დანარჩენი კი „მომსახურების" საფასური, რაც შემდეგნაირად გამოიყურება. ავტომანქანის გადაყვანა ერთ კილომეტრზე 3 ლარია, 14 კილომეტრზე, შესაბამისად 42 ლარი, (ვინ ეხვეწებათ?!) „ისე მომსახურების" -30 ლარი, 8 ლარი მანქანა საჯარიმოზე ერთი ღამე რომ იყო „დატყვევებული" და 1 ლარიც საბანკო გადასახადი. ესეც ჩვენი 81 ლარი.

ჩემს მწვავე რეაქციაზე, რას ნიშნავს 30 ლარი „ისე მომსახურების", საჯარიმოზე არსებული „ჯიხურის" თანამშრომელმა, რომელმაც შემახსენა, რომ მე შსს-ს შენობაში ვიმყოფებოდი, ცოტა არ იყოს, მჟავედ ამიხსნა - აბა ერთი კილომეტრი რომ იყოს გადასაყვანი მანქანა, 3 ლარად ხომ არ გადაიყვანსო! ქვას გახეთქავს, ისეთი არგუმენტია!

დათვი რომ მოგერევა, ბაბაია უნდა დაუძახოო, ისეა, ჩვენი საქმეც. მაგრამ, ვატყობ, უკვე ბაბაიას დაძახებაც არ გვიშველის. ამის საუკეთესო ნიმუში პოლიციის ზემოთხსენებული თვითნებობაა, რომელიც ფსიქოლოგიურთან ერთად ფინანსურ ტერორსაც გულისხმობს.

ჩვენ მიშას ვაბრალებდით პოლიციურ სახელმწიფოს აშენებსო და არ გამოვრიცხავ, საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ პოლიცია უფრო მეტად „გააქტიურდეს" და უკანონო კანონების აღსრულების მოთხოვნით ხალხს გაჩენის დღე აწყევლინოს. სამწუხაროდ, ჩემი პროგნოზები ძალიან ხშირად მართლდება!

კიდევ ვიმეორებ და პასუხს ვაგებ ჩემს სიტყვებზე: გამოფხიზლდით, დიქტატურა მოდის!!!

 

 

ზაურ ნაჭყებია

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: