Iverioni
«    ოქტომბერი 2017    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
ოქტომბერი 2017 (7)
სექტემბერი 2017 (4)
აგვისტო 2017 (7)
ივლისი 2017 (8)
ივნისი 2017 (9)
მაისი 2017 (4)
13-06-2017, 11:55
ნანახია: 635

მამუკა გიორგაძე: კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ჩადებული ნაღმები მალე აფეთქდება

საქართველოს საკონსტიტუციო კომისიამ გამოაქვეყნა კონსტიტუციის პროექტის სამუშაო ვერსია. კომისიამ, რომელიც ძირითადად „ქართული ოცნების“ წევრებითა და ხელისუფლებისადმი ლოიალური „ესპერტებით“ იყო დაკომპლექტებული, მხოლოდ 4 თვე იმუშავა და ოფიციალურად გამოცხადებულ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების ნაცვლად კონსტიტუციის ახალი რედაქცია შემოგვთავაზა.


საქართველოს სახელმწიფოსთვის ეს რიგით მეოთხე საკონსტიტუციო პროცესია. რამდენი ხელისუფლებაც გვყავდა ზუსტად იმდენი. ყოველი ხელისუფლება (გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი) საკუთარი პოლიტიკური გემოვნებისა და კონიუქტურული აუცილებლობის მიხედვით ცვლიდა და „ირგებდა“ ქვეყნის მთავარ დოკუმენტს.


ნიშანდობლივია რომ ყოველი კონსტიტუციის ტექსტზე მომუშავე „პროფესიონალ კონსტიტუციონალისტთა“ ძირითადი ნაწილიც უცვლელია. კონსტიტუციის „განხილვაც“ ერთი და იგივე ფორმატში ხდება უკვე მრავალი ათეული წელია. როგორც ადრე, საბჭოთა პერიოდში (მშრომელებთან, მწველავებთან, მეტალურგებთან და ა.შ), ისე დღესაც ე.წ განხილვებში ძირითადად საბიუჯეტო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადმინისტრაციული რესურსია ჩართული. თითო-ოროლა თავისუფალი პიროვნება, რომელიც საკუთარი ნება-სურვილით მონაწილეობს ამ პროცესში ამინდს ვერ ქმნის, ძირითადი მასა მხარს უჭერს ხელისუფლების „მშრომელებზე ზრუნვის“ მორიგ გამოხატულებას.


სხვათაშორის, კონსტიტუციის შექმნაში სახალხო ჩართულობის ბოლო პრეცენდენტი სულ ახლახან ისლანდიაში მოხდა, როდესაც ცხრაასზე მეტმა ადამიანმა თავისი ინიციატივით ძირითადი თეზისები წარმოადგინა, განხილვაში ჩართული იყო საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელი, ყველა პოლიტიკური პარტია. ეს თეზისები შეაჯერა 150-მდე პროფესიონალმა იურისტმა და კონსტიტუციონალისტმა, საერთო დოკუმენტი გაკეთდა და შემდეგ, ეს დოკუმენტი საერთო სახალხო განხილვით შეაჯერეს და მერე დაამტკიცეს.


პროექტის ტექსტი, სინამდვილეში, უცნობია მოსახლეობის უმრავლესობისთვის. ხალხი გამოთიშულია სახელმწიფოებრივ საქმეებში მონაწილეობისგან. კონსტიტუციით გარანტირებული რეფერენდუმი (მუხლი 3.) პრაქტიკულ ცხოვრებაში აუხდენელი ოცნებაა! არადა, კონსტიტუციის პრეამბულა ცალსახად ამტკიცებს: „ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვაცხადებთ ურყევ ნებას, რომ საქართველო იქნება“... ანუ, პრეამბულის მიხედვით ეს ერის დოკუმენტი უნდა იყოს და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ მიღებული. კონსტიტუციაში ქართველი ხალხის ნება უნდა ჩანდეს და არა რომელიმე პარტიის.


კონსტიტუცია ფუძემდებლურ სამართლებრივ დოკუმენტია, რომელიც განსაზღვრავს იმ წესრიგის საფუძვლებს, რომელზეც დგას სახელმწიფოს, როგორც ორგანული სოციალური სისტემის ინდივიდუალობა და მთლიანობა. იგი უნდა ასახავდეს ხელისუფლების ორგანიზებისა და საზოგადოების მართვის, სამართლისა და სამართლებრივი სისტემის მოწყობის ზოგად წესებს, ასევე იმ სულიერ და ზნეობრივ ფასეულობებსა და ნორმებს, რომელზეც დგას ჩვენი საზოგადოება - რომლებიც უზრუნველყოფენ მოქალაქეების ცხოვრების ერთიანობას, არეგულირებენ და იცავენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და მის უნიკალობას. ამ მხრივ, სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საყოველთაო-სახალხო განხილვაზე გამოტანილი საქართველოს კონსტიტუციის პროექტი ვერ აკმაყოფილებს ამ სახის დოკუმენტისადმი წაყენებულ პირობებს.


უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის პროექტი არ წარმოადგენს პოლიტიკურ-სამართლებრივი კონსესუსის პროდუქტს. კერძოდ, მასში შეუთანხმებელია, თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფო საქართველო და როგორ ვაპირებთ ქართული სახელმწიფოს მშენებლობას. კომისიამ და ქვეყნის პოლიტიკურმა ლიდერებმა თავი აარიდეს სახელმწიფოს განვითარებისთვის ამ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხeბზე საუბარს. ამ მხრივ, თვალშისაცემია თუნდაც საკითხი, თუ ვინ დაადგინა სახელმწიფო-პოლიტიკური მოწყობის ფორმა? (საპრეზიდენტო, საპარლამენტო, მონარქია თუ სხვა). სახელმწიფო მოწყობა ხალხისთვის არავის არ უკითხავს.


დამაჯერებელი არგუმენტების გარეშეა დარჩენილი ლეგიტიმური კითხვები, კერძოდ:


- რა აუცილებლობა და რა მიზეზ-ფაქტორი განსაზღვრავს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღებას ?!, ანუ: - რა სახელმწიფოებრივ, პოლიტიკურ თუ სამართლებრივ მიზანს ისახავს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღება. რა ამოცანების გადაწყვეტას ემსახურება ფაქტობრივად ახალი კონსტიტუციის მიღება (პოლიტიკური სტაბილურობა, სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობა, ქვეყნის უსაფრთხოება, საგარეო ურთიერთობათა პრობლემების ახლებური რეგულირება, სამართლერბრივი და სოციალურ- ეკონომიკური სფეროს მოწესრიგება და/ან სხვა)?


მართალია, პრეამბულა გვაუწყებს, რომ „ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას, მაგრამ რას ნიშნავს ეს ჩანაწერი, ტექსტში აუხსნელია. გაურკვეველია რა მიბმა გვაქვს 1918-21 წლების საქართველოსთან. ვერ ჩამოვყალიბდით მრავალათასწლოვანი სახელმწიფოებრიობის მქონე ქვეყანა ვართ თუ საბჭოთა იმპერიის დაშლის შედეგად წარმოქმნილი სუბიექტი!


მოქმედი კონსტიტუციისა და შემოთავაზებული პროექტის მუხლების ნუმერაცია ისეა აღრეული, რომ აშკარად შეგნებულად გაკეთებულის შთაბეჭდილებას სტოვებს. პროექტის მუხლების დასახელება და შინაარსი კი ერთმანეთს არ შეესაბამება.


განსაკუთრებით შეშფოთებას იწვევს მუხლი 19-ის (საკუთრების უფლება) პუნქტი 4: რომლის თანახმად მიწაზე, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე, საკუთრების უფლებას აწესრიგებს ორგანული კანონი. საკონსტიტუციო სასამართლომ (კონსტიტუციის დანაშაულებრივი ინტერპრეტაციით) დააკმაყოფილა დანიელი და ავსტრიელი მოქალაქის სარჩელი და არაკონსტიტუციურად სცნო უცხოელებზე მიწის მიყიდვის შეზღუდვა. ორგანული კანონი ვერ შეაჩერებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.


ამიტომ, კონსტიტუციაში შესაბამისი ჩანაწერის გაკეთების გარეშე განუკითხავად მოხდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებსა და საერთაშორისო თუ ადგილობრივ საფინანსო ორგანიზაციებზე გასხვისება (ამ თემაზე დეტალურად არ შევჩერდები, მისი უწმიდესობის მკაფიო პოზიცია ცნობილია და ჩვენც მრავალი პუბლიკაცია გვაქვს გამოქვეყნებული).


დავამატებ, რომ საქართველოს კანონმდებლობა თემატური კოდექსების (სამოქალაქო კოდექსი, საგადასახადო კოდექსი, საარჩევნო კოდექსი და ა.შ., მხოლოდ მიწასთან დაკავშირებით ხდება შეუძლებელი ყველა საკანონმდებლო აქტის ერთ, მიწის კოდექსში მოქცევა, რათა აცილებული იქნას სხვადასხვა ცალკე კანონებში გაბნეული ნორმებით მანიპულირება.


ყველაზე კარგი ჩანაწერიც კი ბოლომდე ვერ მოაგვარებს პრობლემას, თუ არ აიკრძალა, ან აუცილებელ მინიმუმამდე არ დავიდა, ორმაგი მოქალაქეობის დაკანონება (მუხლი 32) წინააღმდეგ შემთხვევაში კანონმდებლობაში დარჩება ისეთი ხვრელები, რომლითაც შესაძლებელი გახდება ქართული სახელმწიფოსთვის ამ დამღუპველი პროცესის გაგრძელება (არსებობს პრეცენდენტი: ერთ დღეში 35 000 თურქეთის მოქალაქეს გამონაკლისი სახით მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა). საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ მიწის შეძენა პრობლემა აღარ იქნება!

 

ორმაგი მოქალაქეობის დაშვება უცხოეთში მყოფ თანამემამულეებზე ზრუნვის მოტივით ისეთივე საფრთხის შემცველია, როგორიც სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის განუკითხავი გასხვისება იმ არგუმენტით, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქე ქართველი ჩვენგან ყურადღებას საჭიროებს!


ცალსახად უნდა ითქვას, რომ უცხოეთში მყოფ თანამემამულეთა უმეტესობის მდგომარეობის შემსუბუქებას ამით ვერ მოვახერხებთ. ისინი გაჭირვებამ გაიყვანა საქართველოდან, არალეგალურ მდგომარეობაში არიან, მათთვის საქართველოს მოქალაქეობა არავის ჩამოურთმევია და ჩაწერილნი არიან კიდეც ამომრჩეველთა სიაშიც.


მუხლი 32. პუნქტი 2. საგანგაშოა - ორმაგი მოქალაქეობის დაშვება ზოგადი ფორმით გამოიწვევს დემოგრაფიული ვითარების შეცვლას. ტერიტორიებოკუპირებულ ქვეყანაში საშიშია იმ მოქალაქეთა რიცხვის ზრდა, რომლებიც სხვა, უფრო დიდი ან დაინტერესებული სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებით არიან დატვირთული. ორმაგი მოქალაქეების, მით უმეტეს, საქართველოს გარეთ მცხოვრებთა პოლიტიკური ინტერესი და მათი მონაწილეობა საქართველოს არჩევნებში - საქართველოს სახელმწიფო ორგანოთა სისუსტის ფონზე, სავალალო შედეგის მომტანი გახდება. საქართველოს პასპორტით ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა მოქალაქეობის მსურველთა თუ ჩვენი ჩინოვნიკების მხრიდან მრავალი ცდუნების საფუძველი გახდება (მწარე გამოცდილება გვაქვს).


იმ სიტუაციაში, როდესაც მიგრაციის პრობლემა კეთილდღეობაში მყოფ სახელმწიფოებსაც კი ურთულესი რისკების წინაშე აყენებს, ადვილი წარმოსადგენია რა შედეგების მომტანი შეიძლება გახდეს ის საქართველოსთვის. ძირითადი ნაკადი სავარაუდოდ იქნება მეზობელი რეგიონების მძიმე მდგომარეობაში მყოფი ჭარბმოსახლეობიანი, კულტურულად მკვეთრად განსხვავებული ქვეყნებიდან (დღევანდელი სტატისტიკა მეტყველებს, რომ ეკონომიურად განვითარებული ქვეყნებიდან შესაძლებელია აქ ერთეულები კი არ ჩამოვიდნენ საცხოვრებლად).


მოქმედი ნორმა (მუხლი 12 პუნქტი 2: „საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, გარდა დადგენილი გამონაკლისი შემთხვევის“) შესაძლებელს ხდის ჩვენი თანამემამულეების პრობლემების ინდივიდუალურად მოგვარებას და, ამავდროულად, უსაფრთხოების გარემოსაც იცავს რყევებისგან.


ძალიან საინტერესოა იმ ორი მუხლის ურთიერთმიმართება, რომლებმაც საზოგადოებაში უახლოეს წარსულში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.


მუხლი 30. ქორწინების უფლება პუნქტი 1: „ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.“ თვით ოჯახის დაფინიცია კი განმარტებული არ არის.


მუხლი 11. თანასწორობის უფლება პუქტი 2-ის შესახებ განმარტებითი ბარათი გვამცნობს: „კონსტიტუციას დაემატა ნორმა გენდერული თანასწორობის შესახებ, რომელიც ძირითადი უფლების რანგში, ხელშესახები ფორმით ადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას, იზრუნოს არსებითი თანასწორობის უზრუნველყოფასა და გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრაზე“ (ადამიანის სიცოცხლისა და შრომის დაცვას ასეთი გარანტიები არ აქვს).


საინტერესო ცვლილება შევიდა მე-8 მუხლში სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა. ამ მუხლის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ: „მე-8 მუხლი კონსტიტუციის ახალ რედაქციაში წარმოდგენილია უცვლელი შინაარსით, რამდენიმე ტექნიკური სახის ცვლილებით“.


ტექნიკურ ცვლილებაში იგულისხმება - მოქმედი ტექსტიდან (მუხლი 9) „...კონსტიტუციური შეთანხმება სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს“ ამოღებულია შემდგომი ბოლო ფრაზა: „კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში“. გაუგებარია, კიდევ სხვა რომელ საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს უნდა შეესაბამებოდეს შეთანხმება და რატომ გაფართოვდა ნორმების არეალი.


ტერიტორიული მოწყობის საფუძვლების (მუხლი 7) მუხლის ჩამონათვალში ყველაფერი წერია ტერიტორიული მოწყობის გარდა (საუბარია, რა განეკუთვნება ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციას და, რომ თვითმმართველობა არსებობს). ხოლო ამავე მუხლის 2 და 3 პუნტქები გვეუბნება:


მუხლი 7-ის პუნქტი 2: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები და მათი განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციური კანონებით, რომლებიც კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“. რომელ კანონებზეა საუბარი და როდის უნდა მივიღოთ ეს კანონები, როდესაც ორივე სუბიექტს აქვს მოქმედი კონსტიტუცია?!


აქვე აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციაში არ არის მოხსენიებული, მაგრამ კანონმდებლობაში, (მაგალითად ბიუჯეტის შესახებ კანონში) სამხრეთ ოსეთს ეგრეთ წოდებულიც კი არ აქვს მიწერილი!


დროა, საქართველოს კონსტიტუციით განისაზღვროს აჭარისა და აფხაზეთის სტატუსი, განვითარების გარანტიები და მათი მიმართება საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან.


მუხლი 7-ის პუნქტი 3 გვპირდება - „საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა გადაისინჯება კონსტიტუციური კანონით უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპის საფუძველზე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ“.


რა უნდა გადაისინჯოს, როცა ოფიციალურად არაფერი არ გვაქვს. ე.ი. ირიბად დაკანონდა არაოფიციალურად არსებული ე.წ. სამხარეო მოწყობა და არაკონსტიტუციური გუბერნიები თავისი გუბერნატორებით. კონსტიტუციისა და სახალხო მსჯელობის გვერდის ავლით ხდება რეგიონალიზმისა და ფედერალიზმის დამკვიდრების მცდელობა (მსგავსი მცდელობა ადრეც იყო თვითმმართველობის კოდექსის მიღების დროს და ის ქართული საზოგადოებისა და, განსაკუთრებით, მისი უწმიდესობის ჩარევის შემდგომ იქნა აღკვეთილი).


ამ ეჭვებს აღრმავებს მუხლი 76-ის პუნქტი 3: „...თვითმმართველ ერთეულს ორგანული კანონით დადგენილი წესით უფლება აქვს გაწევრიანდეს თვითმმართველ ერთეულთა გაერთიანებებში“. რა იგულისხმება ამ „გაერთიანებების“ ქვეშ - ორი ან მეტი თვითმმართველობის ერთ თვითმმართველობად თუ რეგიონულ სტრუქტურად - უცნობია. საერთოდ, გაურკვეველია რა სახის „გაერთიანებებზეა“ საუბარი?!


კონსტიტუციაში თვითმმრთველობის თავისუფალი და დამოუკიდებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფის გარანტიები არ არის ჩადებული, სოფელს არა აქვს სტატუსი და სათემო ქონება.


მთლიანად კონსტიტუციის პროექტი ზოგად დეკლარაციულ ხასიათს ატარებს, საუბარია სახელმწიფოს კეთილ სურვილებზე და არა მოქალაქეთა მიმართ პასუხისმგებლობაზე. ძირითადად გამოყენებულია არაფრისმთქმელი ტერმინები, კერძოდ: „ზრუნავს“ და არა ვალდებულებითი „უზრუნველყოფს“. მაგალითად:


მუხლი 5. სოციალური სახელმწიფო, მუხლი 6. ეკონომიკური თავისუფლება, მუხლი 26. შრომის თავისუფლება, პროფესიული კავშირების თავისუფლება, გაფიცვის უფლება და მეწარმეობის თავისუფლება და სხვა, რომელთა სახელწოდება ვერ ამართლებს მის შინაარსს.


ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი, თუ როგორ უნდა იყოს დაცული შრომა, რა გარანტიებია ჩადებული კონსტიტუციაში. არც ანაზღაურების პირობებზეა რაიმე მითითებული, არც შრომით ინსპექციასა და პროფკავშირების როლზე. უმუშევრობაზე, შემწეობაზე, დასვენების უფლებაზე. არ უზრუნველვყოფთ მოსახლეობის დასაქმებას, სოციალურ დაცვას, სამუშაო პირობებს, საარსებო მინიმუმს, უფასო სამედიცინო დახმარებას, საერთოდ იგნორირებულია სახელმწიფოს მხრიდან სოციალური ფუნქციის განხორციელება.


შევადაროთ მოქმედი კონსტიტუციის მუხლებს:


- მუხლი 30 2: სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. 3: შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ საერთაშორისო შეთანხმებათა საფუძველზე სახელმწიფო იცავს საქართველოს მოქალაქეთა შრომით უფლებებს საზღვარგარეთ. 4: შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვნისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით.


- მუხლი 32: სახელმწიფო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის პირობები და უმუშევრის სტატუსი განისაზღვრება კანონით.


- მუხლი 37 1: ...კანონით დადგენილი წესით განსაზღვრულ პირობებში უზრუნველყოფილია უფასო სამედიცინო დახმარება.


მართალია, მოქმედი კონსტიტუციის ნორმები მისი რეალიზაციის გარანტად ვერ იქცა, მაგრამ ამ დებულებების ამოღება პროექტიდან კიდევ უფრო დაუცველს გახდის მოსახლეობას.


არც ძველ და არც ახალ ვარიანტში არ ჩანს საკუთრეების უფლების მყარი დაცვის მექანიზმები და საკრედიტო ურთიერთობებში ისეთი მკაცრი რეგულაციები, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ისედაც გაჭირვებაში მყოფი მოსახლეობის ინტერესები.


გარკვეულ დაზუსტებას საჭიროებს ადამიანის თავისუფლებათა ხელშეუვალობა. მაგალითად, პირის დაკავება (მოქმედი კონსტიტუციის მე-18 მუხლი), როდესაც სასამართლოს ნებართვის გარეშე ხდება პირის დაკვება და ჩხრეკა, ამას შესაბამისი „კანონით საგანგებოდ უფლებამოსილი პირის მიერ“ ჩატარებული აქტი სჭირდება. პროექტის მე-13 მუხლით კი იგივე ქმედება „კანონით უფლებამოსილი პირის მიერ“ შეიძლება განხორციელდეს. ანუ, ახლა ყველა პოლიციელს აქვს უფლება ადამიანი დააკავოს და გაჩხრიკოს. ხვალ ნებისმიერ პოლიციელს ექნება უფლება დააკავოს ნებისმიერი ადამიანი. ძალიან მძიმე წარსული გვახსენებს თავს.


მკაფიო ჩანაწერს საჭიროებს, როგორც სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეზე ძალადობის აღკვეთის, ასევე, უკანონოდ მიყენებული ზარალის სრული ანაზღაურების მექანიზმები. თავისუფლების უკანონო აღკვეთა კონსტიტუცვიითა და სისხლის სამართლის კოდექით დასჯადი ქმედებაა, სახელმწიფოს სახელით გამოტანილ უკანონო გადაწყვეტილებაზე კი პასუხისმგებლობა მოხსნილია. პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული 200 პირის საქმის მოსამართლეები დღესაც „წარმატებულ“ სამოსამართლო კარიერას აგრძელებს. აგრეთვე, უიმედოდ ელის მრავალი მოქალაქე წინა წლებში სახელმწიფოს მხრიდან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას. ვითარებს ამძაფრებს ის, რომ პროექტიდან ამოღებულია მოქმედი ნორმა - მუხლი 42 პუნქტი „9. ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან“.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველა თავის თავის პატივისმცემელ და თავის მოქალაქეებზე მზრუნველ სახელმწიფოსგან განსხვავებით, საქართველოს სახელმწიფო უარს ამბობს თავისი მოქალაქის უპირობო დაცვაზე და თავისი მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემას საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ნორმებს უკავშირებს (მუხლი 32. პუნქტი 5). ასევე, ქართული სახელმწიფო უარს ამბობს დაიცვას სიმართლისთვის დევნილი ადამიანები (ამოღებულია მოქმედი მუხლი 47 პუნქტი 3. „დაუშვებელია სხვა სახელმწიფოს გადაეცეს შემოხიზნული პირი, რომელსაც დევნიან პოლიტიკური მრწამსისათვის, ან იმ ქმედობისათვის, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება“).

ამგვარად, ნათელია: კონსტიტუციის პროექტი ზღუდავს მოქალაქის შესაძლებლობას დაიცვას თავი ძალადობისაგან სახელმწიფოს მხრიდან. ადგენს მიმართებას არაფრით არ შეზღუდულ სახელმწიფო ძალასა და არაფრით არ დაცულ მოქალაქეს შორის. ნათელია, სამწუხაროდ ისიც, რომ კონსტიტუციის „შემსწორებლები“ ბრმა სიჯიუტით უგულვებელყოფენ და ეწინააღმდეგებიან სწორედ იმას, რაშიც დასავლური დემოკრატიის თეორიისა და პრაქტიკის გაზიარება გვმართებს, და იმავდროულად ცდილობენ მისდიონ იმას, რასაც სახელმწიფოს, როგორც ეროვნული ნების, პარალიზაცია მოსდევს.


როცა მსგავსი კონსტიტუციური დებულებები გაიშლება სხვა, რანგით უფრო დაბალ კანონებში, რომელთა მიმართაც საზოგადოების ყურადღება მცირეა, მრავალ გაუგებრობას, აჟიოტაჟს და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელ ქმედებებს გამოიწვევს.


ცალკე უნდა გამოიყოს პროექტის ავტორთა მიმართება სახელმწიფო ენასთან. მუხლი 62 მე-4 პუნქტიდან ამოღებულია ჩანაწერი: „იმ რაიონებში, სადაც მოსახლეობა არ ფლობს სახელმწიფო ენას, უზრუნველყოფილია სახელმწიფო ენის შესწავლისა და სამართალწარმოებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა“. განმარტებითი ბარათი აცხადებს: „აღნიშნული ნორმის ადგილი არ არის სასამართლო ხელისუფლების მომწესრიგებელ თავში“. ვეთანხმებით, მაგრამ მსგავსი „ლოგიკური ჩანაწერებით“, „იმ რაიონებში, სადაც მოსახლეობა არ ფლობს სახელმწიფო ენას“, ათეულობით წელია აღარაფერი ავალდებულებს ხელისუფლებას სახელმწიფო დაწესებულებებში სახელმწიფო ენის დაცვის ქმედითი ღონისძიებების გატარებას. პირიქით, კონსტიტუციის პროექტის მუხლი 62. პუნქტი 4-ში დარჩენილი ნორმა - „სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. პირს, რომელმაც სახელმწიფო ენა არ იცის, მიეჩინება თარჯიმანი“ - ცალსახად მოითხოვს სახელმწიფოსგან უზრუნველყოს სამართალწარმოების დროს თარჯიმანი (მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის). ვითარებას ამძაფრებს ისიც, რომ დღემდე არ არის შექმნილა სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, რომელიც 2015 წლის 22 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული "სახელმწიფო ენის შესახებ" კანონის მიხედვით 2016 წლის 1 თებერვლამდე უნდა შექმნილიყო (ასეთ პირობებში, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რამდენად იქნება გათვალისწინებული სახელმწიფო ენის ცოდნა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების დროს).


ყოველგვარი არგუმენტირებული განხილვის გარეშე მოიხსნა სამხედრო სამსახურის გავლის მკაცრი ვალდებულება. მუხლი 70 სამხედრო ძალები პუნქტი 2: „საქართველოს დაცვა საქართველოს ყოველი მოქალაქის ვალია. სამხედრო სამსახურის გავლის წესს ადგენს კანონი“.


ძველი რედაქცია მუხლი 101 პუნქტი 2: „ქვეყნის დაცვა და სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის ვალია. სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმას ადგენს კანონი“.


„ვალდებულება“ არის კანონის მიერ შეუვალად დაკისრებული ქმედება, „ვალია“_ მორალური მოწოდება. ამ სხვაობის მიჩქმალვით კონსტიტუციის „შემსწორებლები“ ძირს უთხრიან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას იმ დროს, როდესაც ჩვენს გარშემო ყველა ზრდის მას.


გადაწყვეტილება საგანგაშოა, დაძაბულ და ფეთქებადსაშიშ რეგიონში მყოფი ტერიტორიებოკუპირებულ ქვეყნის ასეთი გადაწყვეტილება ძალიან ძვირი დაუჯდება ქართულ სახელმწიფოსა და მის მოსახლეობას.


გაანალიზებას საჭიროებს თავი მერვე. სახელმწიფოს თავდაცვა და უსაფრთხოება. მოქმედ რედაქციას თავი მეშვიდე სახელმწიფოს თავდაცვა, დაემატა სიტყვა „უსაფრთხოება“, თუმცა თავის შინაარსში ეს ცვლილება არ ასახულა, რაც დიდ გაკვირვებას იწვევს. მით უმეტეს, რომ საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის აგენტურის უვნებელყოფის კანონმდებლობის არ არსებობა ქვეყნის მდგრადობისა და სტაბილურობის მთავარი საფრთხეა.


მუხლი 70. სამხედრო ძალები პუნქტი 3 გაჩნდა ახალი ჩანაწერი: „...საქართველოს ჰყავს სამხედრო და სხვა შეიარაღებული ძალები“. ტერმინი „და სხვა შეიარაღებული ძალები“ - ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. არც განმარტებით ბარათშია ახსნილი.


პარლამენტის ფუნქციას აკნინებს და ჯანსაღ სამოქალაქო პროცესს საფრთხეს უქმნის პროექტის მუხლი 72 - „საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პრემიერ-მინისტრი და ეს გადაწყვეტილება არ საჭიროებს დამტკიცებას პარლამენტის მიერ“.


არ იცვლება ხელისუფლების ფორმირების ფუნდამენტური არსი მთლიანად მორგებული დღევანდელი ხელისუფლების კონკრეტულ ინტერესებზე და არა საქართველოს ისტორიულმასშტაბიან თუ მიმდინარე ამოცანათა გადაწყვეტაზე.


პროექტით წახალისებული ტენდენციები არ შეუწყობს ხელს პოლიტიკური ინფრასტრუქტურის, ძლიერი პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. ის ორიენტირებულია ძალაუფლების გამყარებისკენ, მტკიცდება კლანურ-მონოპოლისტური სისტემა (რომლისთვისაც ადამიანი პროცესებიდან გარიყული მომსახურე პერსონალია), კონკურენტული და დაბალანსებული პოლიტიკური ინფრასტრუქტურის (სადაც ადამიანი პროცესების წარმმართველი ხელისუფლების წყაროა) ნაცვლად.


დარღვეულია დემოკრატიის საფუძველი - საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის წონასწორობა და ბალანსი, ხელისუფლების დანაწილების პრინციპი. ჩვენთან ფაქტობრივად ერთ ადამიანზე, ერთ ვერტიკალურ სტრუქტურაზეა ყველაფერი აგებული. ეს არის საბჭოთა ბოლშევიზმი, ცნობილი სახელწოდებით _ „დემოკრატიული ცენტრალიზმი“.


აპრეზიდენტო მმართველობიდან გადავედით საპარლამენტო მმართველობაზე, ისიც გაუგებარია რატომ ასეთ ფორმაზე. მცირდება აღმასრულებელ ხელისუფლებაზე პარლამენტის ზედამხედველობის მექანიზმები. ძალაუფლება მთლიანად კონცენტრირდება პრემიერის ხელში. პრემიერ-მინისტრს პირდაპირი არჩევის წესით არ ირჩევენ, ირჩევენ კოლექტიურ ორგანოს პარლამენტს, პარლამენტი ნიშნავს პრემიერს. მივიღეთ სიტუაცია, როდესაც არ არის დაკონკრეტებული, ვინ რაზეა პასუხისმგებელი.


რას ნიშნავს ეს, გასაგები ხდება თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, პარტია „ქართული ოცნების“ ავტორიტეტის და გავლენის საფუძველი მათი კოლექტიური ან წევრთა ინდივიდუალური პოლიტიკური კაპიტალი და ავტორიტეტი კი არაა, არამედ, მთავარი პოლიტიკური მოთამაშის ბიძინა ივანიშვილის (რომელიც დღეს ოფიციალური პირი არ არის) პიროვნული აქტივი.


ცივილიზებულ სამყაროში (საითკენაც თითქოს მივისწრაფით) ის სახელმწიფოა წარმატებული, სადაც აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო, მედია და სამოქალაქო სექტორი აკონტროლებს ერთმანეთს, სადაც შემუშავებულია ის მექანიზმები, რომ თუ ვინმეს რაიმე, შეცდომა გაეპარა მაშინვე მოხდეს ამ შეცდომაზე რეაგირება და გამოსწორება.


კონსტიტუციის პროექტის ტექსტი საქმეში ჩახედულ ადამიანებს პირდაპირ ეუბნება, რომ არ განვითარდება პოლიტიკური ინფრასტრუქტურა, სახელმწიფო ინსტიტუტები, სასამართლო, თვითმმართველობა, სამოქალაქო სექტორი, კონკურენტული ბიზნესი... ხელისუფლების არც ერთ შტოს არ აქვს ის მექანიზმები, რომ გააწონასწოროს და დაამყაროს მდგრადი და სტაბილური ბალანსი ქვეყანაში.


ონსტიტუციის ავტორთა ძირითადი ენერგია დაიხარჯა „დახვეწილი იურიდიული ტექნიკის“ გამოყენებით ერთი სუბიექტის ხელში ძალაუფლების კონცენტრაციისა და ხელისუფლებაში დარჩენის გარანტიების უზრუნველყოფისთვის - თან ისე, რომ კონკრეტული პასუხისმგებლობა არავის დაეკისროს.


ძალაუფლბის მონოპოლიზებას ემსახურება პრეზიდენტის არჩევის წესში ცვლილება მუხლი 50-ის პუნქტი 1: საქართველოს პრეზიდენტს მოსახლეობისგან პირდაპირი არჩევის ნაცვლად, 5 წლის ვადით დებატების გარეშე ფარული კენჭისყრით აირჩევს ხელისუფლების წარმომადგენელთა 300-კაციანი საარჩევნო კოლეგია.


განმარტებით ბარათში ახსნილმა პარლამენტის არჩევის წესში (მუხლი 37). ამ ცვლილების მოტივაცია საქართველოს პოლიტიკური კლასის სახე სრულად წარმოაჩინა: „ქვეყნის წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, მოქმედმა შერეულმა პროპორციულ-მაჟორიტარულმა საარჩევნო სისტემამ გახადა შესაძლებელი საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება და ამ უმრავლესობის სუბიექტური პოლიტიკური მიზნებისათვის ბოროტად გამოყენება. იმისათვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში თავიდან იქნეს არიდებული ამგვარი საფრთხე, კონსტიტუციის ახალი რედაქცია ითვალისწინებს ისეთი საარჩევნო სისტემის შემოღებას, რომელიც გამორიცხავს ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ საკონსტიტუციო ან ზოგადად, ჭარბი უმრავლესობის მოპოვებას“.


ამიტომ განმარტავენ, რომ „პროპორციული სისტემით გაუნაწილებელ მანდატებს იღებს არჩევნებში გამარჯვებული პარტია. აღნიშნული ნორმა ემსახურება იმავე ლეგიტიმურ მიზანს, რა მიზნითაც დემოკრატიულ სისტემებში საარჩევნო ბარიერი წესდება - ესაა დემოკრატიული სისტემის სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფა“.


ამ მარქსიზმ-ლენინიზმის დიალექტიკური „რკინის ლოგიკის“ წინააღმდეგ არგუმენტის მოძებნა ჩვეულებრივი ადამიანის შესაძლებლობას სცილდება. აღნიშნული თეზისი იმავე კატეგორიიდანაა, როგორიც შემდეგი: როცა შენ გჭამენ, ბარბაროსობაა, ხოლო, როცა შენ ჭამ სხვას, პროგრესი და დემოკრატია.


ცივილიზებულ სამყაროში არჩევნების წესს ერთადერთი მიზანი აქვს: უზრუნველყოს ამომრჩეველთა ნების ზუსტი გამოხატვა. საზოგადოებაში არსებული განწყობებისა და პოლიტიკურ ძალთა არარეალისტური ასახვა პარლამენტის მანდატებად საშიშროების შემცველია, პროცესები დარბაზიდან ქუჩაში გადაინაცვლებს და, ემოციური ფონის გათვალისწინებით, დაპირისპირებისა და პოლიტიკური კრიზისის გამომწვევად იქცევა.


ამავე კატეგორიიდანაა საარჩევნო ბლოკის ინსტიტუტის გაუქმება. განმარტებით ბარათი გვაუწყებს: „ბლოკის ინსტიტუტი პოლიტიკურ პარტიებს აძლევს მანიპულირების შესაძლებლობას, რის საფუძველზეც ისინი ახერხებენ დამატებითი პრივილეგიების ხელოვნურად მოპოვებას...“, მაგრამ რჩება კვალიფიციური პარტიის სტატუსი, რომლითაც ციტატა განმარტებით ბარათიდან: „...სარგებლობს 20 პოლიტიკური პარტია, რომელთა უმეტესობა ვერ აკმაყოფილებს პარტიის ინსტიტუტისადმი წაყენებულ მინიმალურ მოთხოვნებს, მათი ნაწილი კი სულაც ფიქტიურია“.


კეთილშობილური მიზანია პარტიული ცხოვრების მოწესრიგება, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად ბლოკები უქმდება და კვალიფიციური პარტიის სტატუსი რჩება?! დეტალებში ჩაუხედავი ხალხისთვის უცნობია, რომ „კვალიფიციური პარტიების“ სტატუსი და მისგან გამომდინარე პრივილეგიები ერთ-ერთი მექანიზმია სატელიტი პარტიებით მანიპულაციისა და თვალსასეირო პოლიტიკური სპექტაკლების განსახორციელებლად. საკითხის მოგვარების მარტივი გადაწყვეტა იგნორირებულია - პარტიას და ბლოკს (მასში შემავალი სუბიექტების რაოდენობის მიუხედავად) კონკურენციის თანაბარი პირობები დაედგინოს.


განმარტებითი ბარათით ვგებულობთ, რომ პროექტის ავტორთა აზრით, საქართველოს პარლამენტის არჩევის ფუნდამენტური ცვლილება (თავი მესამე) ევროპული სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა.


ევროპულ კანონმდებლობაში არსებული ზოგიერთი, კონტექსტიდან ამოღებული, ელემენტით უნიჭო დემაგოგია და კონსტიტუციაში გაცხადებული „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის“ (მუხლი 78) სურვილის დეკლარირება, მოსახლეობაში არაპოპულარული ქმედებების დასავლეთზე (ვენეციის კომისია) გადაბრალებისა და საქართველოში ჯერ კიდევ შემორჩენილი საბჭოთა „დემოკრატიული ცენტრალიზმის“ გადაფარვის უსუსური მცდელობაა.


გაკვირვებას იწვევს კონსტიტუციიდან იმ ნორმის ამოღება, რომელიც პარლამენტის და სხვა კონსტიტუციური ორგანოს ადგილსამყოფელს ადგენს ან ჩანაწერი, რომ „პარლამენტი ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს, მათ შორის თითო მოადგილეს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებიდან“. მუხლი 40. როგორ უნდა განხორციელდეს ეს, როცა პროპორციული არჩევნები თავისთავად პარტიულ მანდატებს გულისხმობს და არა რეგიონებისას.


ზემოთ ჩამოყალიბებული და კიდევ სხვა შეუსაბამობა თუ გაურვევლობა მრავალია კონსტიტუციის წარმოდგენილ პროექტში. ეს უკანასკნელი საჭიროებს ფუნდამენტურ დამუშავებას და განხილვას საზოგადოების ფართო ჩართულობით, რათა მიღწეული იქნას საერთო სახალხო კონსესუსი.


სხვა შემთხვევაში ადამიანებში დაგროვილი უარყოფითი მუხტი და მათში არსებული არარეალიზებული ენერგია მოსახლეობის პოლარიზაციისა და საზოგადოებრივი დაპირისპირების საფუძველი გახდება. საქართველოს უახლესი წარსულის მწარე გამოცდილებით, პროცესების ესკალაციამ დღეს თუ არა ხვალ შესაძლებელია კვლავ რუსთაველის გამზირზე გაიყვანოს ხალხი.