მიხეილ ჯიბუტი: როგორ ჩავაქროთ თბილისის წინააღმდეგ „შეთქმულების“ კერა?

მიხეილ ჯიბუტი: როგორ ჩავაქროთ თბილისის წინააღმდეგ „შეთქმულების“ კერა?

ეს მესამე წერილია აღნიშნულ საკითხზე.

 

(წერილი პირველი- „შეთქმულება“ თბილისის წინააღმდეგ“

http://iverioni.com.ge/16402-mikheil-jibutishethqmuleba-thbilisis-tsinaaghmdeg.html

 

წერილი მეორე- “სად არის თბილისის წინააღმდეგ „შეთქმულების“ ნამდვილი მიზეზი?“

http://iverioni.com.ge/16403-mikheil-jibuti-sad-aris-thbilisis-tsinaaghmdeg-shethqmulebis-namdvili-mizezi.html)
ყველა წერილის სათაურში მეორდება სიტყვები - „შეთქმულება“ თბილისის წინააღმდეგ“.


თბილისზე აქ ლაპარაკია პირდაპირი და არა რაიმე გადატანითი მნიშვნელობით , როგორც მაგალითად,წინადადებაში „თბილისმა და ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საერთო პოზიცია“ და სხვა მსგავს შემთხვევაში. აქ საუბარია თბილისზე, როგორც თაობების მიერ შექმნილ ქალაქზე, სოციალურ სივრცეზე, როგორც სოციალურ, კულტურულ და ისტორიულ ფენომენზე, საქართველოში ურბანული კულტურის, ქალაქის ტიპის, ქალაქური შეგნების, ქალაქური სივრცითი ქცევის და ა.შ. გამსაზღვრელ ფენომენზე.

 

ამ თბილისის წინააღმდეგ „შეთქმულებაში“ ერთ მხარეს ვართ ყველანი „ჩვენ“-თბილისის სოციუმი და მეორე მხარეს -საკუთრივ თბილისი. „ჩვენ“, რომ წავალთ ყველანი და რომ მაინც დარჩება - იმ თბილისზეა საუბარი. თბილისის მიწათსარგებლობის გენგემის ისტორია ამ „შეთქმულების“ ერთი ეპიზოდია ,ერთი კერაა. მაგრამ მასში სრულად აისახა ამ „შეთქმულების“ ფიზიოლოგია და ანატომია, ამიტომ მისი ჩაქრობის საფუძველზე უნდა შემუშავდეს კონკრეტულად ე.წ. გენგეგმითა და საერთოდ თბილისის წინააღმდეგ „შეთქმულების“ ჩახშობის მოქმედების „პროტოკოლი“.
რამ შექმნა ეს კონკრეტული კერა?


აქ მიზეზთა მთელი ჯაჭვია:


2015 წლის 21 მაისი - საკონკურსო განცხადება: „საპროექტო მომსახურების - დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის (მგგ-მ.ჯ.) განახლების სახელმწიფო შესყიდვა.“


2015 წლის 13 სექტემბერს - ა(ა)იპ “სითი ინსტიტუტი საქართველო“ გამოცხადდა გამარჯვებულად.


2015 წლის 15 ოქტომბერი - თბილისის მერიამ გააფორმა ხელშეკრულება მგგ პროექტის შესრულებაზე „სითი ინსტიტუტ საქართველოსთან“ 2 800 000 ლარზე 18 თვის ვადით.


თუ რა და როგორ უნდა გაეკეთებინა ა(ა)იპ “სითი ინსტიტუტი საქართველო“-ს მოცემული ხელშეკრულებით - ეთხოვა დაეწერა იმავე ა(ა)იპ “სითი ინსტიტუტი საქართველო“-ს!!! თან ამისათვის ფული გადაუხადეს!!!


2015 წლის 13 ოქტომბერი ა(ა)იპ “სითი ინსტიტუტი საქართველო“-სთან გაფორმდა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების წინასაპროექტო მოსაზრების“ შესყიდვაზე ხელშეკრულება 50 000 ლარის ოდენობითა და 2015 წლის 31 დეკემბრამდე შესრულების ვადით.(www.barristers.ge/public/uploads/docs/Daskvna_-_Tbilisis_Generaluri_Gegmis_Samartlebrivi_Analizi_2017.pdf, გვ.15., ბოლო ნახვა 16.08.2015).


2017 წლის 3 თებერვალი - გამოიცა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის № 12 განკარგულება „თვითმმართველ ქალაქ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებაზე გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ“.


არც ესაა ორდინალური ამბავი: სახელმწიფო შესყიდვას მერია ახორციელებს და საკრებულო დავალებას იძლევა? საკრებულოს ფორმალურად არ უნდა ჰქონდეს საქმე პროექტებთან მათი მომზადების სტადიაზე - მას ხომ ამ პროექტების მიღება ევალება? როგორ უნდა გაუწიოს ოპონირება საკრებულომ მისი მონაწილეობით მომზადებულ საკითხებს?
2017 წლის 8 ივლისი - თბილისის არქიტექტურის სამსახურის საიტზე გამოქვეყნდა ცნობა იმის შესახებ, რომ „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფმა „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს, ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული მასალები (ხაზგასმა ჩემია-მ.ჯ. შემდგომში: „მასალები“) წარუდგინა“.


2017 წლის ივლის-აგვისტოს დასაწყისში დაიწყო საზოგადოებრივი აზრის ფორმირება სხვადასხვა ღონისძიებებითა და მასმედიით, თითქოს უკვე არსებობს „თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა“. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მერია ქმნიდა ნიადაგს აღნიშნული მასალების სახით ხელშეკრულების შესრულებულად ჩათვლასა და ფორსირებულად მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისათვის (რის შემდეგაც სრული პასუხისმგებლობა ამ „მასალებზე“ გადადის მერიაზე). რას წარმოადგენს სინამდვილეში ეს „მასალა“? ის წარმოდგენილიაციფრული სახით სამ დისკზე, წარწერებით ერთს - „ტექსტური ნაწილი“, დანარჩენ ორზე - „გრაფიკული მასალა“.„ტექსტური ნაწილი“ წარმოდგენილია 6 ტომად, 1000-ზე მეტ ელექტრონულ ფურცლად, რომელთაც აქვთ ერთი საერთო სათაური „ქალაქ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო მომსახურება.“


ავტორები თვითონ ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს ტომები არ არის „გეგმის პროექტი“, რომ წარმოადგენილია მხოლოდ „გეგმის საპროექტო მომსახურებას“!


ეს შეიძლებოდა მიგვეღო მტკიცებულებად და აღარ გაგვეგრძელებინა გარჩევა, მაგრამ ეს არ შეესაბამება ავტორებისადმი პერსონალურ პატივისცემას (ავტორის პიროვნებისადმი პირადი დამოკიდებულება და მისი ნაშრომისადმი დამოკიდებულება, მართალია თუ ერთმანეთს არ ემთხვევა რეალურ ცხოვრებაში გავლენას ახდენს, მაგრამ მაინც ორი სხვადასხვა რამეა, ყოველ შემთხვევაში ასე უნდა იყოს).

 

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით არის „შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ნებისმიერი საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვა“ (მუხლი 3.1.“ა“). იმავე კანონით „მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამუშაოს გარდა (მუხლი 3.1.“თ“).


ნათქვამიდან ჩანს, რომ შესყიდვის ობიექტია“ ქალაქ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტი“-ს შექმნისათვის გაწეული საქმიანობა, რომლის შედეგიც უნდა იყოს გეგმის პროექტი მატერიალური სახით. ამდენად, წარმოდგენილ ტომები „გენერალური გეგმის საპროექტო მომსახურება“-ს, ანუ პროექტის შექმნის პროცესს არ წარმოადგენენ (ეს შეუძლებელია ნაბეჭდი პროდუქცია წარმოადგენდეს პროცესს), არამედ ამ პროცესის შედეგს, მაგრამ რას? ეს რომ იყოს გეგმის პროექტი, მაშინ სათაურსაც ასე დააწერდნენ, როგორც ამას მოითხოვს „თვითმმართველ ქალაქ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებაზე გეგმარებითი დავალება“(დანართი 1).

 

დასკვნისათვის შევადარე ერთმანეთს: ერთი მხრივ, „თვითმმართველ ქალაქ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებაზე გეგმარებითი დავალება“ და „საკონკურსო განცხადება“ და მეორე მხრივ, წარმოდგენილი „მასალები“, რის საფუძველზეც გავაკეთე დასკვნა, რომ ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების შედეგს - ქ. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებულ პროექტს!!! რომ მასში არ არის „გეგმარებითი დავალების“ მიხედვით განსაზღვრული „მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტი“ ( გვ.22). ის რაც წარმოდგენილია არის სამუშაო, ნედლი მასალა მგგ პროექტისათვის. ამ მასალის მიმართება მგგ პროექტთან ისეთივეა, როგორც მორისა საწნახელთან, თიხისა ქოთანთან, ტვინისა ცოდნასთან.

 

დასკვნა ერთმნიშვნელოვანია: წარმოდგენილი სახით მასალის, ძირეული გადამუშავების გარეშე, რაიმე ნორმატიულ დოკუმენტად მიღება წარმოუდგენელია.

 

რაიმე ნორმატიული აქტის პროექტად წარმოდგენის საშუალებას არ იძლევა ეს მასალა ფორმალურადაც:

 

1. ტექსტში ერთ მთლიანი სახით არაა წარმოდგენილი, არამედ ესაა თემატურად დალაგებული მასალა, სადაც „ჩაწყობილია“ ზოგან ავტორების მითითებით, ზოგან მის გარეშე სტატიები (სტატიების ატრიბუტიკით: რეზიუმე, აბსტრაქტი, გამოყენებული ლიტერატურა), ზოგი მასალა ჩვეულებრივ ნაბეჭდია, ზოგი - დაქსეროქსებული ბუკლეტის სახითაა, ზოგი - დაქსეროქსებული დოკუმენტია, გვერდებს არ აქვს გამჭოლი ნუმერაცია და სხვ.


ეს როგორ უნდა ჩაითვალოს მისაღებ პროექტად?

 

2. ტექსტი სხვადასხვა ადგილას მითითებულია ავტორები. გაურკვეველია წარმოდგენილი მასალა კოლექტიური ნაშრომია, მასზე ავტორები ერთიან პასუხისმგებლობას აცხადებენ, თუ თითოეული მხოლოდ მის ნაწილზე აგებს პასუხს?

შეიძლება ნორმატიული დოკუმენტის პროექტის სხვადასხვა ნაწილს სხვადასხვა ავტორი ჰყავდეს?


3. ბევრი შემთხვევაა, როდესაც ერთი ავტორი არ ეთანხმება მეორეს. როგორ იქნება:

დოკუმენტში ორივე აისახება, თუ რომელი უნდა აისახოს ეს კენჭისყრით გადაწყდება?

 

4. ნაშრომში ავტორები თავს უფლებას აძლევენ იაზროვნონ, იფანტაზიონ...

 

მაგალითად ერთი ნაწილი მთავრდება „კოლოფონით“ (ტ.1, გვ.123),მეორე „ეპილოგით“ (ტ.4 გვ.83) დოკუმენტი კოლოფონებითა და ეპილოგებით იქნება მიღებული?

 

5. ბევრ მასალას აქვს ლოგოები. რადგანაც შემსრულებლები ჩამოთვლილი არაა, გაუგებარია ესრა მასალებია?

 

საერთოდ რამდენად ორიგინალურია ის მასალები რაც წარმოდგენილია?

 

6. უნდობლობას ბადებს ბევრი მომენტი.

 

მაგალითად, იოსებ არჩვაძის ნაშრომი სხვა პირზეა მიწერილი - რა არის ეს?

 

საკრებულო ამ ტექსტს დაამტკიცებს? დამახინჯებულია ავტორთა გვარები - ეს რაც ვიცით და ჩვენი სფეროა, რაც ჩვენ არ ვიცით, იქ რა ხდება?

 

ნორმატიულ დოკუმენტში იქნება ლიტერატურის ჩამონათვალი?

 

7. მასალაში უამრავი პასაჟებია ისტორიული, სხვა ქვეყნის გამოცდილება-პარიზი, ლონდონი...

როგორც დოკუმენტის პროექტის წინა სამუშაო ვერსია ეს კარგია, მაგრამ დოკუმენტში ხომ ვერ ასახავ ამას? ისე თბილისის ენციკლოპედიაში უფრო მეტი მასალაა, ხოლო გამოცდილების შესახებ „გუგლში“ მილიონობით ინფორმაცია იძებნება.

8.იშვიათადაა მასალებში მოსაზრება, რომელსაც ახლავს ფინანსური საჭიროებების მითითება, გათვლები კი, როგორც წესი არაა. ყველა ის სურვილები რაც ამ მასალებშია მოცემული რომ გადაიყვანო ფულში, დასჭირდება არა 100, არა 1000, არა 100 000 მილიონი აშშ დოლარი, არამედ ას მილიარდზე მეტი. და ეს ყველაფერი 2030 წლამდე? როდესაც იქვე ტექსტში წერია, რომ 2030 წლამდე მეტროს რაიმე განვითარება ეკონომიკური შესაძლებლობების გამო რეალური არაა, მაშინ სხვა რაა რეალური? ან რატომ? როდესაც 2030 წლამდე ნაგვის გადამამუშავებელ ქარხნის აშენებას ვერ ახერხებს ქალაქი ,მტკვარი რომ ანკარა გახდეს იმას შეძლებს? მასალებში აღნიშნულ საკითხს ყურადღება მიაქცია პროფესორმა სოსო არჩვაძემ. (იხ. ფინანსური დასაბუთების გარეშე მკვდრადშობილი დოკუმენტია! - http://iverioni.com.ge/16404-ioseb-archvadze-gegma-finansuri-dasabuthebis-gareshe-mkvdradshobili-dokumentia.html) - უნდა გავიგონოთ პროფესიონალის ნათქვამი.

 

წინადადებების წამოყენების დროს ფულთან სტერილური დამოკიდებულების მაგალითია მასალებში დასკვნის სახით გასაკეთებელ ღონისძიებათა ჩამონათვალში უმოკლეს დროში თბილისში დაშბაშის წყალის მიწოდების მითითება.


ასეთი მასალა ნორმატიული აქტის პროექტად გამოდგება?


9. მასალებისადმი უნდობლობას, სხვასთან ერთად ,ელემენტალური (გენგეგმაში მეორეხარისხოვანი არაფერი არ არის!) საკითხებიც იწვევს. გეგმა 15 წლიანიაო გვიმტკიცებენ ავტორები და უთითებენ, რომ ის 2030 წლამდეა განსაზღვრული. 2030-2017=13! 2017 წელსაც რომ მიიღო გამოდის 13 წელი! 13 წელი ასეთი ტიპის გეგმებისთვის არის ძალიან მცირე დრო. კითხვა შემდეგია: 15 წლიან გეგმის მიღებას აპირებს მერია, თუ 13 წლიანის? თუ 15 წლიანის, მაშინ ორი წელი სადაა?


10. მასალებში მოცემულია უკვე არსებული პროგრამების, სტრატეგიების ანალიზი მათი გენგეგმასთან შეთანაწყობის მიზნით, მაგრამ რა ნაწილებში კონკრეტულად გაუგებარია. ავტორები ზოგიერთ პოზიციას მხარს უჭერენ, ზოგიერთს - არა. მაგალითად, მასალებში მოცემულია ავტორის პოზიცია, რომ ის მხარს არ უჭერს გეგმაში როგორ დამტკიცდება?

 
11. კონცეფციისა და გეგმის მიმართება გაუგებარია მოცემული, არა მარტო იდეების პროექტსა და მათი განხორციელების ფინანსური პროგნოზის გამო, არამედ იმიტომაცრომ მათი შინაარსი არ შეესაბამება დამკვიდრებულ პრინციპებს.

საქართველოში მართალია სტრატეგიის შემუშავების კანონი არაა, მაგრამ არსებობს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის № 629 დადგენილებით დამტკიცებული „პოლიტიკის დაგეგმვის სახელმძღვანელო“, რომლითაც შეიძლება გავიგოთ, თუ მთავრობას ამ საკითხებთან რა მიდგომა აქვს. გეგმის სტრუქტურა მოიცავს კონცეფციას, დიაგნოსტიკას,მოქმედების გეგმას, ფინანსურ პროგნოზს და ა.შ. არ შეიძლება გეგმა არ იყოს ორიენტირებული შედეგებზე და ეს შედეგები არ იყოს გამოხატული ინდიკატორებში. https://matsne.gov.ge/ka/document/view/3526319


12. მასალები ვერც საერთოდ გეგმისადმი, როგორც ასეთისადმი და ვერც ნორმატიული აქტისადმი წაყენებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. საქართველოს კანონით „ნორმატიული აქტების შესახებ“. ნორმატიულ აქტს აქვს განსაზღვრული სტრუქტურა, რეკვიზიტები, გარკვეული თანდართული დოკუმენტები. ბუნებრივია ეს უნდა არსებობდეს თავდაპირველად პროექტის სახით.

 

ნათქვამის შემდეგ აღნიშნული მასალის მიღება წარმოდგენილი სახით, როგორც „თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტისა“. იქნება პოლიტიკური სიბეცე და იმის დასტური, რომ მართლა იმ 2 800 000 ლარში ყოფილა საქმე!

 

აღსანიშნავია, რომ სივრცობრივ-ტერიტორიული დაგეგმვის სისტემა მოიცავს საზოგადოებრივ-ეკონომიკური ცხოვრების ყველა სფეროს და მის შედგენას ჭირდება ყველა დარგის სპეციალისტი, რომელთა საქმიანობის კოორდინაციას უნდა უწევდეს დაგეგმვის, იდეალურ შემთხვევაში, ურბანული დაგეგმვის სპეციალისტები. არ შეიძლება ამ გეგმის შესრულების დაყვანა ერთჯერადად შექმნილ ექსპერტთა ჯგუფზე, რომელიც დაკვეთის შესრულების შემდეგ იშლება. გეგმის შემდგომ ეტაპებზე (მიღება, განხორციელება,კორექტირება) სპეციალისტები შეიძლება იყოს სხვა, რომელთაც გეგმის მომზადებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ასეთი ცვალებადობა საქმეს ვნებს. მემკვიდრეობის უზრუნველყოფა შეუძლიათ მხოლოდ ინსტიტუტებს, სხვათა შორის მათთვის დამახასიათებელი ინსტიტუციური მეხსიერების წყალობითაც. აუცილებელია თბილისის ტერიტორიულ-სივრცობრივი დაგეგმვის მრავალპროფილური ინსტიტუტის შექმნა, რომელიც უხელმძღვანელებს ქალაქმშენებლობის გეგმების შემუშავებასა და შესრულების მიმდინარეობის ანალიზს, მოამზადებს წინადადებებს ყოველწლიური გეგმებისა და საჭიროების შემთხვევაში კორექტირებისათვის. შეიძლება შეიქმნას საქართველოს ტერიტორიულ-სივრცობრივი დაგეგმვის ინსტიტუტი და იქ იყოს თბილისის განყოფილება. მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო თანხები არ იქნება იმაზე მეტი რაც დღეს საექსპერტო მომსახურებაზე იხარჯება და გაცილებით ნაკლები იქნება კონტექსტიდან და დინამიკიდან ამოვარდნილი ერთჯერადი რჩევებით მიღებულ უარყოფითი შედეგებსა და მათ გამოსასწორებელ ხარჯებზე.

 

მაგალითებისათვის შორს წასვლა არაა საჭირო.

 

ზემოთ აღწერილი ისტორიიდან: კონკურსის ჩატარებაში კონსულტაციებისათვის 400 000 აშშ დოლარი!

 

ან კიდევ ცხელი ამბავი:

ქალაქის მერმა ამ დღეებში განაცხადა, რომ „წინ არაფერი უდგას იმას, რომ პეკინის ქუჩა გაცალმხრივდეს“ (http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/447815-davith-narmania-tsin-araferi-udgas-imas-rom-pekinis-qucha-gacalmkhrivdes.html?ar=A). მაგრამ ეს ხომ ნიშნავს იმასაც, რომ სააკაძის მოედანზე ეხლახან ჩატარებული რეკონსტრუქცია გათვლილი პეკინის ქუჩაზე ორმხრივ მოძრაობაზე, ითხოვს გადაკეთებას ახალ სიტუაციასთან ადაპტირების მიზნით. ერთი წელიც არაა სააკაძის მოედნის რეკონსტრუქციიდან, რომელზეც 407 825 ლარი დაიხარჯა, რომლის რეკომენდაციაში მერიამ გერმანული საერთაშორისო ორგანიზაციას (A+S Consult GmbH Forschung und Entwicklung)

 

40 000 ევრო (109 545 ლარი) გადაუხადა. (http://factcheck.ge/article/gaamarthla-thu-ara-shuqnishnebma-saakadzis-moedanze/).

 

თუ ზემოთხსენებული სტაცინალური ინსტიტუტი არ შეიქმნა, არსებული სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება. ექსპერტების დაქირავება, დაკვეთის მიცემა და შესრულებული სამუშაოს შესრულების შეფასება მხოლოდ ერთი-ორი საჯარო მოხელის მეშვეობით, მათი კომპეტენციის უმაღლესი დონის შემთხვევაშიც, უმრავლეს შემთხვევაში უშედეგო იქნება.

 

ვინ უნდა ჩაიბაროს მიღება-ჩაბარების აქტით წარმოდგენილი მასალა?

 

თუ არქიტექტურის სამსახურმა, მაშინ უნდა ითქვას, რომ არქიტექტურის სამსახურს ობიექტურად არ აქვს იმის კომპეტენცია, რომ შეაფასოს შინაარსობრივად წარმოდგენილი მასალის შესაბამისობა საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გაცემულ „გეგმარებით დავალებასთან“. არქიტექტურის გარდა აქაა დემოგრაფიული, ეკონომიკური, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურული და სხვა საკითხები. ამიტომ აუცილებელია კომპეტენტურ ექსპერტთა ჯგუფის მოწვევა შესაბამისობის დასადგენად.


ერთ კაცს ეს არ შეუძლია. ბუნებრივია მეც არ ვაცხადებ ამაზე პრეტენზიას. მე მაქვს ჩემი პროფესიული ნიშა და იქ შემიძლია ვილაპარაკო შინაარსზე. მთელი ჩემი დასკვნები ეფუძნება იმ ფორმალურ საკითხებს, რომელსაც ჭირდება არა სპეციალიზაცია, არამედ კვლევების გამოცდილება და შედარებითი ანალიზი.

 

დავალება-შესრულების შედარებითი ანალიზის სამუშაო მაინც ჩასატარებელი იქნება როდესაც აუდიტორული შემოწმების დროს განიხილება საბიუჯეტო ხარჯების ეფექტიანობის საკითხი, ოღონდ ჩაბარებამდე ხარვეზები გამოსწორებადია, ხოლო ჩაბარების შემდეგ - დასჯადი. მიღება-ჩაბარების აქტის შემდეგ პასუხისმგებლობა მთლიანად მერიაზე გადადის.

 

გამოსავალი ერთია: მერიამ უნდა განაცხადოს, რომ არქიტექტურის სამსახურში წარმოდგენილია ყველა სამუშაო მასალა „თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის“ შესადგენად და უახლოეს მომავალში (უნდა განსაზღვროს) წარმოდგენილი იქნება ეს პროექტი. მას შეუძლია ტექნიკურ გაუგებრობად ჩათვალოს ის, რომ ივლის-აგვისტოში საჯარო განხილვებს საინფორმაციო საშუალებებით უწოდებდნენ „თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის „ განხილვას. რომ სინამდვილეში ეს იყო ამ გეგმისათვის მომზადებული სხვადასხვა პოზიციების წარდგენა. ამ გაუგებრობამ გამოიწვია პროფესორ მიხეილ ჯიბუტის მიერ... მოძებნონ სიტყვები: „ცრუ განგაში“, „აჟიოტაჟი“...

 

მეც, საქმის გაწაღმართების ხათრით ვიტყვი: ეს როგორ დამემართა, მაპატიეთ ხალხო, რომ შეგაწუხეთ მეთქი...

 

ამის შემდეგ მერიამ უნდა გააგრძელოს შესყიდვის ვადა და გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფმა ამ ვადაში წარმოადგინოს „თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტი“.

 

მანამდე კი, როგორც კი ჩემი სამუშაო გრაფიკი ამის საშუალებას მომცემს, დავუბრუნდები ამ საკითხს, მისთვის მხარდაჭერის მიზნით. უპირველეს ყოვლისა, შევეხები გენგეგმის მეორე - გრაფიკულ ნაწილს (კანონმდებლობით დადგენილია, რომ მიწათსარგებლობის გენგეგმა შედგება ორი-ტექსტუალური და გრაფიკული- ნაწილებისაგან). ისე ამ ეტაპზე, საკითხის პირველადი შესწავლის შემდეგ შემიძლია წინასწარი შეფასება გავაკეთო: ის რაც ტექსტუალურ ნაწილზე ითქვა, მონაგონია რუკებთან დაკავშირებულ ამბებთან, მაგრამ მერიამ „ხომ თქვა“/ხომ უნდა თქვას, რომ ეს რუკებიც „სამუშაო ვარიანტიაო“ და არ მინდა კიდევ განგაში (პირობითად: „ცრუ“) „ავტეხო“. მით უმეტეს რომ დღეს ფერისცვალების ბრწყინვალე დღესასწაულია.

 

გილოცავთ ყველას! სწორი მიმართულებით ყველაფრის შეცვლის საშუალება კიდევ ერთხელ გვაქვს მოცემული.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: